დავით კვაჭაძე, ლეგენდარული მოკრივე და მშვენიერების მოტრფიალე ფოტოხელოვანი - ექსკლუზიური ინტერვიუ თბილისის საპატიო მოქალაქესთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დავით კვაჭაძეს 2021 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. დღეს ბატონ დავითს, თანამედროვენი და ახალგაზრდობა იცნობს, როგორც  შესანიშნავ ფოტოხელოვანს. იგი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და ბევრმა არ იცის, რომ ამ საოცრად მშვენიერი ფოტოების ავტორი უძლიერესი მოკრივეა, პირველი ქართველი სპორტსმენი, ვინც ევროპის ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედლი მოიპოვა. ასევე გახლდათ   საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1976, 1977, 1980), პირველმა იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე (1977) და პირველმა ჩამოიტანა ჰალედან ოქროს მედალი. 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადაზე იასპარეზა, რითაც ქართველ მოკრივეთაგან ოლიმპიურ თამაშებზე პირველმა მოსინჯა ძალები. დავით კვაჭაძემ უამრავ სპორტსმენს გაუკვალა გზა დიდი სპორტისკენ და ბევრ მათგანს მისცა საშუალება, დაენახა, რომ შრომის შედეგად ყველაფერი შესაძლებელია, რომ ჩვენს პატარა ქვეყანასაც ჰყავს საამაყო შვილები.

სპორტის დამსახურებული ოსტატის ცხოვრებას უამრავი წლის შემდეგ ისეთივე საინტერესო და მღელვარე გაგრძელება აქვს, როგორიც დასაწყისი. დავით კვაჭაძე ამჟამად ფოტოგრაფია და, 15-წლიანი აქტიური სპორტის შემდეგ, რადიკალურად განსხვავებულ პროფესია, ფოტოგრაფიაც, არანაკლებ შეიყვარა, მისი არაერთი გამოფენა მოეწყო სხვადასხვა ქვეყნებში და საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოიპოვა... „ვერსია“ დავით კვაჭაძეს ესაუბრა: 

როდესაც კრივში ჩემი მოღვაწეობა დაიწყო, არ ვფიქრობდი, რომ რაიმე წარმატებას მივაღწევდი, როგორც ბავშვმა, სპორტის სიყვარულით ვარჯიში დავიწყე. დროთა განმავლობაში შემიყვარდა, ძალიან საინტერესო სპორტი აღმოჩნდა. იმ პერიოდში ჩემი უფროსი ძმა ვარჯიშობდა, ერთი ოთახი გვქონდა, სადაც ვცხოვრობდით, მაგიდას გავწევდით ხოლმე და ილეთებს მასწავლიდა. ჩვენი საცხოვრებელი უბანი მუშათა რაიონი იყო ორთაჭალაში, იქ ბევრს უყვარდა სპორტი და ზოგჯერ უბნის ბიჭებს ხელთათმანები გამოჰქონდათ კრივისთვის, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ეს არ იყო რეალურ კრივთან ახლოს, მაგრამ ამ ყოველივემ სპორტთან უფრო დამაახლოვა.

სანამ კრივის შესწავლას დავიწყებდი, ფეხბურთზე დავდიოდი, თუმცა ყოველთვის კრივისკენ მიწევდა გული. ფეხბურთი, დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, მივატოვე და ჩუმად კრივის სექციაში ჩავეწერე. სკოლის დასრულების შემდეგ ჯარში წავედი, თუმცა იქაც არ შემიწყვეტია ვარჯიში. იმ პერიოდში იმდენად დავინტერესდი კრივით, რომ ბრძოლის ჩემებური სტილი შევქმენი, ნაკლებად აგრესიული მანერა მქონდა.

მოგვიანებითროდესაც სამხედრო სამსახური დავასრულე, ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩავაბარე, სადაც სერიოზულად ვვარჯიშობდი და აქედან დაიწყო ჩემი პირველი წარმატება.

1977 წელს ის ადამიანი ვიყავი, ვინც ჩემპიონის სტატუსი ევროპის მასშტაბით მოიპოვა, იმ პერიოდში საქართველოს ევროპის პირველობის მონაწილე არ ჰყოლია. პირველი მოკრივე ვიყავი და იმედის მომცემი პიროვნება აღმოვჩნდი ბევრი სპორტსმენისა და მწვრთნელისთვის. ყველას იმედი მიეცა, რომ ჩვენც შეგვეძლო დიდი მასშტაბის შეჯიბრებებში გამარჯვება. ამის შემდეგ გაცილებით სერიოზულად მოჰკიდეს ხელი სპორტს და წარმატებებსაც მიაღწიეს დროთა განმავლობაში.“

1978 წელს დავით კვაჭაძემ თბილისში საკავშირო ჩემპიონატის ფინალური ორთაბრძოლა დათმო ანატოლი კლიმანოვთან და დიდ სპორტთან განშორება გადაწყვიტა:

„იმის მიუხედავად, რომ 15 წელი აქტიურ სპორტში ჩაბმული მოკრივე ვიყავი, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი მხატვარი იყო და მათთან ურთიერთობა მომწონდა.

1994-1995 წლებშიოჯახთან ერთად პეტერბურგში ვცხოვრობდი, იქლესგაფტისსახელობის სპორტის აკადემიაში სამსახური შემომთავაზეს კრივის კათედრაზე, რასაც დავთანხმდი. იმ პერიოდში ვიყიდე ფოტოაპარატი, რომლითაც უამრავ ფოტოს ვიღებდი, გარკვეული დროის შემდეგ პეტერბურგში ჩემი სახელობის გამოფენაც მოეწყო, სადაც  მირჩიეს, რომ განცხადება დამეწერა და მხატვართა კავშირის წევრი გავმხდარიყავი. ასევე გამოფენები მქონდა საფრანგეთში, გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიასა და ბელგიაში. როგორც სპორტში შეყვარებული ვიყავი კრივზე, ასევე შემიყვარდა ფოტოხელოვნებაც.

როდესაც საქართველოში დავბრუნდით, თბილისშიც მოვაწყვე რამდენიმე გამოფენა და სამი წლის წინ საქართველოს მხატვართა კავშირის წევრად ამირჩიეს. ფოტოგრაფია არ მისწავლია, დამოუკიდებელი ფოტოგრაფი ვარ. ერთხელ ქუჩაში სეირნობის დროს ყვითელი ფოთოლი დავინახე, რომელიც ბუჩქზე ეგდო, იმ წუთას ფერადი ფირი არ მქონდა, მის შესაძენად ფოტომაღაზიამდე რამდენიმე კილომეტრი ფეხით გავიარე, შემდეგ კი ასევე ფეხით მომიწია უკან დაბრუნება, თან ვნერვიულობდი, რომ მისთვის არავის დაებიჯებინა, ან არ ჩამოვარდნილიყო ბუჩქიდან. უკან მიბრუნებულს უცვლელად რომ დამხვდავერ აღგიწერთ, როგორ გამიხარდა.

სამწუხაროდ, ამ დრომდე ჩემი ავტორობით ალბომი არ არის გამოსული, მხოლოდ ერთი კატალოგი მაქვს. 2 წლის წინ გამოფენა მქონდა და ერთ-ერთი მეგობარი დამეხმარა კატალოგის რამდენიმე ნიმუშის შექმნაში, დაუკავშირდა კულტურის სამინისტროს და ბევრი ადამიანი შეაწუხა ჩემს დასახმარებლად, მცირე რაოდენობით დაიბეჭდა და მხოლოდ ჩემი ახლობლების გახარება შევძელი ამ საჩუქრით.

დამწყებ ფოტოგრაფებს მინდა, ვურჩიო, რომ უყვარდეთ ფოტოხელოვნება, ფოტოგრაფია, ადამიანები, სამყარო, ბუნება... სიყვარულით უნდა აკეთონ არჩეული საქმე და, ვფიქრობ, კარგ ფოტოგრაფს მხატვრებიც უნდა უყვარდეს, იმიტომ რომ ფოტოხელოვნება და მხატვრობა ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან.“

2021 წელს  დავით კვაჭაძეს, 13 თბილისელთან ერთად, საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა. როგორც ბატონი დავითი აცხადებს, თითოეული ადამიანი საკუთარი დამოკიდებულებით ქვეყნისა და ქალაქის საპატიო მოქალაქე უნდა იყოს, ეს წოდება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და დიდი პატივია, რა თქმა უნდა, გამიხარდა. 1977 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, შეჯიბრზე ვიყავი და იქ ამირჩიეს ნიუ-ორლეანის საპატიო მოქალაქედ და ამის შემდეგ საკუთარ ქვეყანაში თბილისში რომ ამირჩიეს, ეს ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა.

თბილისში რამდენიმე წლის წინ  ჩემი სახელობის კლუბი გავხსენით, სადაც მე და ჩემი ძმა რამდენიმე მოწვეულ მწვრთნელთან ერთად მოზარდებს სპორტს უფასოდ ვასწავლიდით, რა თქმა უნდა, ეს ბავშვებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო. ასევე გვქონდა რამდენიმე კლუბი და სხვადასხვა სპორტის სახეობაში ვავარჯიშებდით ბავშვებს, ყოველთვის ვცდილობდი ბევრი კარგი რამ გამეკეთებინა ჩემი ქალაქისთვის. თუ სპორტში მოღვაწეობის რაიმე დამსახურება და ჯილდო მიმიღია ეს ყველაფერი ხალხის სიყვარულის და პატივისცემის დამსახურებაა, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ჯილდო.“ 

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი