115 ახალი სტატია

23 წლის ბიჭმა იმერეთში, 90 წელს მიტანებული სამი ქალი გააუპატიურა - რა ჩვენება მისცა გამოძიებას მოძალადემ და რა მოხდა ციხის საკანში

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იმის მიუხედავად, რომ დღევანდელ რეალობაში, ვნებების დაკმაყოფილების პრობლემა არავის უნდა ჰქონდეს, მაინც არის შემთხვევა, როცა მამაკაცები ქალებზე ძალადობენ და აუპატიურებენ. ისე, ერთია, როცა ძალადობენ ახალგაზრდა ქალზე და მეორეა, როცა ძალადობის მსხვერპლი 80 წელს გადაცილებული ბებოა.

 „თბილისში, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი რომ გქვია და ძირითადად, მკვლელობებთან გაქვს შეხება, არ ელოდები, სხვა რამეზე რომ მოგაცდენენ. ამიტომ, კი არ გავოცდი, გავოგნდი, როცა მითხრეს, ზემო იმერეთში უნდა წახვიდე, გაუპატიურების საქმე უნდა გამოიძიოო. ვერ მივხვდი, გაუპატიურებაში განსაკუთრებული რა იყო და მე რატომ უნდა მოვეცდინე, მაგრამ საქმე რომ გადმომცეს, ჩემდაუნებურად სიმწრით გამეცინა - გაუპატიურებული 81 წლის ქალი იყო და მოძალადემ მას ორჯერ დანაც დაარტყა, ოღონდ აშკარა იყო, მოკვლას არ უპირებდა, დანა ნეკნების მხარეს ჰქონდა დარტყმული, მსუბუქად ნაჩხვლეტი, რაც ტკივილს უფრო მიაყენებდა“, - იხსენებს ერთ-ერთ პრეცედენტულ საქმეს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

დაზარალებული, სირცხვილით, ალბათ, ხმასაც არ ამოიღებდა, მაგრამ სწორედ ნაჩხვლეტი ჭრილობების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა კი წესისამებრ, მილიციაში დარეკეს. ქალი ქვრივი იყო, შვილები და შვილიშვილები ქალაქში ცხოვრობდნენ, მოძალადე კი სახლში მას შემდეგ შეუშვა, რაც უთხრა, რომ გაზის ბალონს მიჰყიდდა იაფად - მაშინ გაზის ბალონები სოფლებში ძალიან  პოპულარული იყო და სპეციალური მანქანებით დაჰქონდათ. მოხუცმაც, ალბათ, იფიქრა, ახალ ბალონს შევიძენო და... მისი თქმით, მოძალადე ახალგაზრდა, მაქსიმუმ, 25 წლის იქნებოდა, თავიდან წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ჯან-ღონით სავსე კაცთან, მოხუცი რას გახდებოდა? ერთი ის ვერ გაიგო, დანა რატომ დაარტყა, გული მიმდიოდა და აზრზე დანის ჩხვლეტამ მომიყვანაო.

სამართალდამცავები თან გაბრაზდნენ, თან შეწუხდნენ, თან აღარ იცოდნენ, რა ექნათ. სოფელი ფეხზე დადგა, ჩვენიანი მაგას არ იზამდა, თანაც ჩვენი თანასოფლელი რომ ყოფილიყო, დაზარალებული ხომ იცნობდაო?! ამიტომ, დამნაშავე ან ახლო-მახლო სოფლებში, ან რაიონულ ცენტრში უნდა ეძებნათ. რაიონში ტექნიკუმიც იყო და არ გამორიცხავდნენ, მოძალადე სწორედ იმ ტექნიკუმის სტუდენტი ყოფილიყო. სანამ სამართალდამცავები ბჭობდნენ, გვერდით სოფელში იგივე მოხდა, მაგრამ ამჯერად, 89 წლის ქალზე იძალადეს. სცენარი იგივე, ტექსტი იგივე, მაგრამ...

„ამ ქალსაც დანა ჰქონდა დარტყმული, თუმცა სამჯერ და ჩანდა, რომ მოკვლა არც ამ შემთხვევაში სურდა, თუმცა სამი ჭრილობა, ლამის 90 წელს მიტანებული ქალისთვის, საკმაოდ მძიმე იყო და ამიტომ, ოპერაცია ჩაუტარდა. დაკითხვა მეორე დღეს მოვახერხეთ და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა, როცა ქალმა პირდაპირ თქვა, ჩვენმა თანასოფლელმა გამაუპატიურაო და მოძალადის სახელი და გვარი დაასახელა. მის მიერ დასახელებული პირი კოლმეურნეობაში მაშინ დავაკავეთ, როცა ტრაქტორიდან თივას ტვირთავდა. სახეზე გაოცება კი შეეტყო, ჩვენ რომ დაგვინახა, მაგრამ მოწმე გვყავდა და თან როგორი - დაზარალებული დაბეჯითებით ამბობდა, სწორედ მან იძალადა ჩემზეო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

როცა დაკავებულს ბრალი ოფიციალურად გააცნეს, ჯერ ხუმრობა ეგონა, მერე აყვირდა, მერე ატირდა, ბოლოს იკითხა, როდის მოხდაო და როცა უთხრეს, ერთი დღით ადრეო, შვებით ამოისუნთქა. იმ დღეს, მისი დის დაბადების დღე იყო, რაიონში გახლდათ, სუფრაზე თამადობდა და სოფელში მხოლოდ დილით დაბრუნდა. ამის მოწმე სუფრაზე მყოფი ოცამდე კაცი იყო და რაც მთავარია, ყველა ადასტურებდა, ერთი წამითაც კი არ გასულა არსად, ბოლომდე მოილხინაო. გაუპატიურება კი დღის საათებში ანუ სწორედ მაშინ მოხდა, როცა ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 40 კილომეტრში, ყანწებს ცლიდა. მაშ, რა მოხდა? რატომ თქვა დაზარალებულმა, რომ მეზობელმა გააუატიურა? მას რკინის ალიბი ჰქონდა და გამოძიებას საქმე სასამართლოსთვის რომ გადაეცა, ბრალდება მარცხისთვის ასი პროცენტით განწირული იყო. რამდენიც უნდა ემტკიცებინა ქალს, ამ კაცმა გამაუპატიურაო, ეჭვმიტანილს ათეულობით მოწმე ჰყავდა და რაც მთავარია, მათ შორის - ორი სამართალდამცავი.

„მოვიკითხე სოფელში, რამე უთანხმოება ხომ არ ჰქონდა იმ ქალს ამ კაცთან-მეთქი და ყველამ იუარა, არაფერი, გადასარევი ბიჭია, მთელ სოფელში მაგაზე ცუდს არავინ გეტყვითო. მოხუცის კიდევ ერთხელ დაკითხვამ ყველაფერი ნათელი გახადა. მას თვალებზე სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ნახევარ მეტრზე ვერ არჩევდა, რამდენ თითს ვაჩვენებდი და მივხვდი, მეზობელი თავდამსხმელში აერია, ან უბრალოდ, მიამსგავსა. მოკლედ, ისევ ხელცარიელი დავრჩი და რაც მთავარია, თბილისიდან უკვე უმაღლესი თანამდებობის პირები რეკავდნენ, სანამ რეგიონში პანიკა ატყდება, საქმე გახსენიო. უკვე აღარც მეღიმებოდა, გაცოფებული ვიყავი იმაზე, ვინც მოხუცებს ასეთ დღეში აგდებდა და ლამის გული გამისკდა, როცა მითხრეს, საავადმყოფოში მორიგი მსხვერპლი მიიყვანეს, 91 წლის ქალზე იძალადესო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

მესამე შემთხვევა საინტერესო გახლდათ. ძალა შინაბერაზე იხმარეს, თუმცა მისთვის დანა არ დაურტყამთ. თავამსხმელი მასაც გაზის ბალონის გამყიდველად გაეცნო, მერე კი ურთიერთობის სანაცვლოდ ფული, კონკრეტულად, ხუთი მანეთი შესთავაზა. მოხუცს ჯერ ყველაფერი უკბილო ხუმრობა ეგონა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ბიჭი არ ხუმრობდა, მაგრამ დაყვირება ვეღარ მოასწრო. გამომძიებლებს ზუსტად აღუწერა მოძალადის სახე, ჩაცმულობა და ისიც უთხრა, რაიონში მყავს სადღაც ნანახი, ოღონდ ვერ ვიხსენებ, სადო. მერე გაირკვა, მოხუცი რაიონში მხოლოდ ერთ მაღაზიაში დადიოდა, სადაც პერიოდულად, ბამბაზიის ხალათსა და კალოშებს ყიდულობდა, პროდუქტს კი სოფლის მაღაზიაში იძენდა. იმ მაღაზიის მახლობლად, სწორედ აღნიშნული ტექნიკუმი გახლდათ და სამართალდამცავებმაც ივარაუდეს, უეჭველად, იქაური სტუდენტიაო. გამოძიებამ ყველას პირადი საქმე გამოითხოვა და ორ ქალბატონს სტუდენტი ბიჭების სურათები დაუდო წინ. მესამე დაზარალებულისთვის სურათის ჩვენებას აზრი არ ჰქონდა, ხელი მეზობელს დაადო და აქაც ვინმესთვის რომ დაედო, მილიცია ისევ ცრუ კვალზე წავიდოდა.

„იმის მიუხედავად, რომ თავდამსხმელის სახე ორივეს ახსოვდა, სურათზე ვერავინ ამოიცნეს. ეს ნამდვილი კრახი იყო. შევეცადე, საქმე ცოტა გამეიოლებინა და სურათები ქალებს სახლში გავატანე, მშვიდად დაათვალიერეთ-მეთქი, თუმცა ვერც ამან გამოიღო შედეგი. ვეძებდით ფიზიკურად არცთუ სუსტ, ულვაშიან ბიჭს, რომელსაც გრძელი ბაკენბარდები ჰქონდა, მაგრამ მაშინ ულვაშები და ბაკენბარდები, ლამის მთელ საქართველოს ჰქონდა. ის იყო, ხელი ჩავიქნიე, როცა გონებაში გაანათა - ეგებ, სურათის გადაღების დროს, მოძალადეს არც ულვაში ჰქონდა და არც - ბაკენბარდები? ამიტომ, ყველა ფოტოს, რომელზეც უულვაშო ახალგაზრდები იყვნენ, მხატვარმა ულვაშებიც გაუკეთა და ბაკენბარდებიც მიახატა. ქალებმა ახლიდან, ცალ-ცალკე დაათვალიერეს სურათები და ერთმა დაბეჯითებით ამოიცნო თავდამსხმელი, მეორემ, მგონი, ეს უნდა იყოსო, მაგრამ ორივე ერთსა და იმავე სურათს ადებდა ხელს, რაც სერიოზულ საფუძველს იძლეოდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ეჭვმიტანილს თვალთვალი დაუწყეს და მესამე დღეს, მაშინ დააკავეს, როცა მორიგ მოხუცს მიაკითხა, სახლში შევიდა და გაუპატიურება დაუპირა. დაკავებული 23 წლის სტუდენტი აღმოჩნდა, რომელსაც 6 თვის მოყვანილი ცოლი ჰყავდა, გოგონა ორსულად იყო და რთული ორსულობის გამო, მშობლებთან გახლდათ. ყველაზე მეტად, სამართალდამცავებს ახალგაზრდის მოტივი აინტერესებდათ, მით უმეტეს, რომ ის ცუდად არც თანაკურსელებმა დაახასიათეს და არც -  მეგობრებმა.

„13 წლის ვიყავი, ჩვენთან სტუმრად დეიდა რომ ჩამოვიდა. დეიდა 60 წლამდე იყო და ერთხელ, სრულიად შემთხვევით დავინახე, აბაზანაში როგორ ბანაობდა. მას შემდეგ თვალთვალი დავიწყე, ვაკვირდებოდი და ვცდილობდი, მასთან ახლოს ვყოფილიყავი. ერთხელ, იმდენად არაბუნებრივად მივეხუტე, მომიშორა და მეორე დღეს, შინ გაემგზავრა. მას შემდეგ, ასაკოვანი ქალები მომწონდა. იმის მიუხედავად, რომ ქალებთან ურთიერთობაში პრობლემები არ მქონია, ცოლთანაც ნორმალური ურთიერთობა მქონდა, გული და გონება მაინც ასაკოვანი ქალებისკენ იწევდა. პირველ საქმეზე რომ წავედი, დანა ინსტიქტურად წავიყოლე, არ ვიცოდი, რა მოხდებოდა. მერე კი, გაუპატიურების დროს, ეს მოხუცები გაუნძრევლად რომ იწვნენ, დანა შევარჭვე და ამოძრავდნენ. მოკვლა არც მიფიქრია, მხოლოდ იმ მიზეზით ვარჭობდი დანას, რომ მათი მხრიდან რაიმე მეგრძნო“, - ეს იყო იმ ავადმყოფის აღიარება.

სასამართლო დახურული გახლდათ და რადგან ექსპერტიზამ ბრალდებული ფსიქიკურად ჯანმრთელად სცნო, მოსამართლემ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მარტივად მიუსაჯა, თუმცა ციხიდან „ზონაზე“ გადაყვანის შემდეგ, ორი კვირაც არ იყო გასული, საკანში ჩამომხრჩვალი რომ იპოვეს. ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობა კი გახლდათ, მაგრამ ამბობდნენ, მოძალადეს განაჩენი ქურდებმა გამოუტანესო.