115 ახალი სტატია

თეატრალიზებული სერიული ძარცვის უცნობი დეტალები - როგორ გაიყვანა მზესუმზირის გამყიდველმა ქალმა გამოძიება კუზიანი მცხობელის ბანდაზე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დანაშაულის გახსნა ცალკე ხელოვნებაა. თუ მოწოდებით გამომძიებელი არ ხარ და არ გაქვს ინტუიცია, რომელიც მაძებარს სჭირდება, ძალიან ძნელია, ამ სისტემაში დარჩე და ზოგადად, კარგი გამომძიებლის სახელი გქონდეს. საქმის გასაღები, შეიძლება, იმდენად უმნიშვნელო დეტალებში იმალებოდეს, რომ ბევრმა, ალბათ, ყურადღებაც არ მიაქციოს. ჰოდა, კარგი მაძებრის მთავარი ღირსება სწორედ ისაა, რომ ყველა დეტალს ყურადღება მიაქციოს, არაფერი გამორჩეს და საქმე გახსნას.

 

1986 წელს, თბილისში, რამდენიმე თავხედური ძარცვა მოხდა. სწორედ რომ ძარცვა და არა - ყაჩაღობა, რადგან მძარცველები ბინის კარზე აკაკუნებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ საყოფაცხოვრებო მომსახურებიდან იყვნენ, კარის გაღების შემდეგ კი, სახლის პატრონს თავში მძიმე საგანს ურტყამდნენ, გონებას აკარგვინებდნენ და ამის შემდეგ, სახლს პირწმინდად ასუფთავებდნენ. არანაირი იარაღი ან სახლის მეპატრონეების დაბმა-დაუთოვება, რასაც ნახულობდნენ, მიჰქონდათ, რასაც ვერ ნახულობდნენ, არც ადარდებდათ. რაც მთავარია, სახლის მეპატრონეები, ყველა შემთხვევის დროს, შინ მარტონი იყვნენ და კარში დატანებულ საჭვრეტელში („გლაზოკში“) კარგად ათვალიერებდნენ მას, ვინც კარის წინ მარტო იდგა, თუმცა ყველა აღიარებდა, რომ კარის გაღების შემდეგ, სანამ თავში მძიმე კეტი მოხვდებოდა, სხვების სილუეტებსაც ხედავდა.

„რა თქმა უნდა, მოწმეები გვყავდა. გარდა იმ ბინების მეპატრონეებისა, რომლებიც გაძარცვეს, იყვნენ სხვებიც, რომლებიც უცხო მამაკაცებს ამჩნევდნენ და ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა - სამნი იყვნენ, ამ სამიდან ერთ-ერთი კი კუზიანი იყო და ჯოხით ძლივს გადაადგილდებოდაო. შესაბამისად, საეჭვოდ არავინ მიიჩნევდა, როგორ შეიძლებოდა, კუზიანს ვინმე გაეძარცვა. სამაგიეროდ, გაძარცვულები ჰყვებოდნენ, რომ კარზე, სწორედ ის კუზიანი აკაკუნებდა. კუზი ისეთი დამახასიათებელი ნიშანია, დამნაშავის პოვნა არ უნდა გაგვძნელებოდა, მაგრამ რას ვიფიქრებიდით, რომ გამოძიება თვეების განმავლობაში გაიწელებოდა და დამნაშავეები პატარა ბავშვებივით დაგვცინებდნენ“, - იხსენებს ერთ-ერთ რეზონანსულ საქმეს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

მძარცველები კვირაში ერთხელ მაინც ჩადიოდნენ ახალ დანაშაულს და სამართალდამცავები ვერაფერს ახერხებდნენ. ისინი მთელი თბილისს მოედვნენ, ერთ კვირას თუ დიღომში იყვნენ, მეორე კვირას - გლდანსა და ვარკეთილში მიდიოდნენ, მერე - საბურთალოზე, მერე - „ნახალოვკაში“ და ეს საქმეს უფრო ართულებდა. კონკრეტულ უბანში, მილიცია ვერავის ნახულობდა, მთელი თბილისი კი დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვდა.

„მძარცველებს, ძირითადად, ფული და ოქრო მიჰქონდათ, რასაც ბაზარზე ვერ ვაკონტროლებდით. ისეთი არავინ გაუქურდავთ, ვისაც ფულის ნომრები ექნებოდა ამოწერილი, ოქრო კი, სავარაუდოდ, „ჯართის“ სახით ბარდებოდა ანუ ამტვრევდნენ და გადამყიდველებთან ისე მიჰქონდათ. საქმე ძალიან ჭკვიან არამზადებთან გვქონდა და რაც მთავარია, დამნაშავეების კარტოთეკაში, სამი კუზიანი ირიცხებოდა. აქედან ორი სასჯელს იხდიდა, ერთი კი ბაზარში იდგა და ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობდა. მას მაინც დავუწყეთ თვალთვალი, მაგრამ როცა ახალი ძარცვა მოხდა, ის ბაზარში იყო, ახალი კუზიანი კი არაერთმა მოწმემ შემთხვევის ადგილზე ნახა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ერთ-ერთი ძარცვის დროს, სახლის მეპატრონემ მოქნეული კეტი აიცილა და კუზიანს ხელში სწვდა. სანამ მას მეგობრები მიეშველებოდნენ, ხელის ერთი მოძრაობით, კუზიანმა მეპატრონის ხელი ყელიდან მოიცილა, შემდეგ კი იმავე ხელით, სამი თითი ჯოხივით გადაუმტვრია. დაზარალებული ვიღაც კი არ იყო, სამბოს ინსტრუქტორი გახლდათ, შესაბამისად, ფიზიკურად საუცხოოდ იყო მომზადებული, მაგრამ მისმა მომზადებამ არ გაჭრა.

„ეს ნამდვილი შოკი იყო. იმ ინსტრუქტორთან ჩვენც დავდიოდით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გვაბურთავებდა და ახლა ეს კაცი ამბობდა, ხელი მარტივად გამაშვებინა და თითების უძლიერესი მოძრაობით, სამი თითი დამიფშვნაო. გამოდიოდა, რომ ის კუზიანი ვიღაც არ იყო. ერთი შეხედვით, ფიზიკური ნაკლის მიუხედავად, საოცარი ძალა ჰქონდა და ეს ძალა სწორედ თითებში იმალებოდა. აღწერით არავინ ამბობდა, რომ დამნაშავე ფიზიკურად დიდი ან დაკუნთული იყო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა ძიება სხვა მიმართულებით განაგრძეს. მათ ახლა ის აინტერესებდათ, რომელი პროფესიის ადამიანებს ჰქონდათ ძლიერი თითები. რამდენიმე ვარიანტი განიხილეს - მასაჟისტი, სპორტსმენი, პიანისტი და გობელენის მქსოველიც კი, მაგრამ კუზი არავის ჰქონდა. დანაშაულის ჯაჭვი კი გრძელდებოდა. ფოტორობოტმა გამოძიებას არაფერი მისცა, გარდა იმისა, რომ ისინი მიხვდნენ, კუზიანი გრიმს იყენებდა, რადგან მას ხან ულვაში ჰქონდა, ხან - წვერი, ხან სუფთად გაპარსული იყო, ხან სათვალე ეკეთა და სწორედ ამ გარდასახვამ მიიყვანა გამოძიება დასკვნამდე - შესაძლოა, კუზიც ხელოვნური იყო და საქმე სრულიად ჯანმრთელ ადამიანთან ჰქონდათ. ამ მოსაზრებამ სამართალდამცავები კი აღაფრთოვანა, მაგრამ მალე მიხვდნენ, ეს აღმოჩენა ბევრს ვერაფერს შეცვლიდა - დამნაშავეთა თითქმის ასპროცენტიანი შემადგენლობა, კუზის გარეშე იყო.

მორიგი ძარცვის დროს, თავდამსხმელებს სახლში მოხუცი ქალი დახვდათ. მას კეტი არ ჩაარტყეს, როგორც ჩანს, მსხვერპლს ერიდებოდნენ, უბრალოდ, ხელი კრეს, ოთახში შეაგდეს, გაკოჭეს და პირში ხელთათმანი ჩაუტენეს, აი, ისეთი, რუსები „ვარიშკებს“ რომ ეძახიან, მხოლოდ ცერა თითის ჩასაყოფი რომ აქვს და დანარჩენი მთლიანია. სახლი პირწმინდად გაასუფთავეს, ხელთათმანი კი ექსპერტიზაზე წაიღეს. როგორც ექსპერტებმა თქვეს, ხელთათმანი არ იყო ქარხნული, სახლში ნაქსოვი გახლდათ და ისიც ითქვა, ასეთებს მზესუმზირის გამყიდველი ქალები ჰყიდიან ხოლმე, მანეთი ღირსო.

დედაქალაქის მასშტაბით, ოპერმუშაკებმა მზესუმზირის გამყიდველ ქალებს ჩამოუარეს, ანალოგიურ ხელთათმანს ეძებდნენ და მესამე დღეს, ერთ-ერთ ბებოსთან მიაგნეს. მან არ დამალა, რომ თავად ქსოვდა და ყიდდა, მყიდველი კი ძალიან ბევრი ჰყავდა და კონკრეტულად ის ნაქსოვი, დაახლოებით, ათი ეგზემპლარი ჰქონდა, შემდეგ, ძაფი გაუთავდა და სხვა ფერზე გადავიდა.

„ადილი მისახვედრი იყო - ის, ვინც ხელთათმანი ბინაში დატოვა, მზესუმზირის გამყიდველ ქალთან ახლოს ცხოვრობდა. შემთხვევით ასეთ რამეს ვერ იყიდი, გამოვიდა სახლიდან, დაინახა, იყიდა, მაგრამ ბავშვისთვის და არა - საქმისთვის, უბრალოდ, ჯიბეში ჩარჩა და გამოიყენა. დავიწყეთ ახლო-მახლო კორპუსებში მცხოვრები ადამიანების შესწავლა და ჩვენი ყურადღება, ადრე ქურდობაზე ნასამართლევმა კაცმა მიიპყრო. მას ორი შვილი ჰყავდა, არსად მუშაობდა და რაც მთავარია, ფინანსურად ნამდვილად არ უჭირდა. მეზობლებმა გვითხრეს, განსაკუთრებით ბოლო დროს ამოისუნთქა, არაფერს იკლებსო. მასზე თვალთვალი დავაწესეთ და ორ დღეში, ერთ-ერთ სასადილოში, ორ უცნობ ადამიანთან ერთად დავაფიქსირეთ. თვალთვალი მათზეც დავაწესეთ, ერთი უმუშევარი იყო, მეორე - პურის საცხობში მცხობელად მუშაობდა. კიდევ ორი დღე გავიდა და მეგობრები ისევ შეიკრიბნენ. მიახლოებითაც ვერ წარმოიდგენ, ისე გაგვიხარდა, როცა მცხობელი შეხვედრაზე, ჯოხითა და კუზით მივიდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავები მძარცველებს მორიგი მსხვერპლის ბინამდე მიჰყვნენ, ბინაში შესვლა აცალეს და მაშინ დააკავეს, როცა ნაძარცვი გამოიტანეს. ძლიერი თითების მეპატრონე, სწორედ ის კუზიანი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ცომთან ურთიერთობამ თითები საოცრად გაუმაგრა. გამომძიებლებს დაკითხვაზე ბევრი არ უწვალიათ, ბანდის მეთაური სწორედ ის მცხობელი იყო და კუზიც მან მოიფიქრა, მცდარ კვალზე რომ წასულიყვნენ მაძებრები. სწორედ მან დააყენა პირობა, მითხარით, სად დავუშვი შეცდომა და ყველაფერს ვაღიარებო.

როცა ხელთათმანის ამბავი უთხრეს, ჩაფიქრდა, მერე გაიცინა და თქვა, როცა პირში ჩაუტენა „პადელნიკმა“, მაშინვე მინდოდა გამოღება, სახლში ჭინჭების მეტი რა იყო, მაგრამ ქალი ისე აბრიალებდა თვალებს, ვიფიქრე, აუცილებლად იყვირებს-მეთქი. ბინის ჩხრეკისას მეორე ხელთათმანიც იპოვეს, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა - დაკავებულები ჩვენების მიცემაზე უარს არ ამბობდნენ.

თითოეულს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

„როცა მცხობელი ციხიდან გამოვიდა, საქართველოში სხვა რეალობა დახვდა. ჩემდა გასაოცრად, მან პურის პატარა საცხობი გააკეთა, ჭირდა მაშინ პური და გვარიანი თანხაც იშოვა. როგორც ჩანს, ამ სფეროს კარგად მოერგო და დღეს თბილისში რამდენიმე საცხობი აქვს. კრიმინალთან შეხება აღარ ჰქონია, მისი ორი პადელნიკიდან კი, როგორც ვიცი, ერთი დღესაც ციხეშია, ხოოო მეორე, გამოსვლიდან მალევე, საქმის გარჩევის დროს მოკლეს“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.