სადედამთილომ შვილის შეყვარებულის მოწამვლა და გაუპატიურება დაგეგმა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

სამედიცინოს 17 წლის გენიოსი სტუდენტი, რომელმაც სიცოცხლე ტრაგიკულად დაამთავრა

 სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად გაგვიგია, რომ ვიღაცას სასიკვდილოდ ოჯახის წევრი გაუმეტებია. ერთი შეხედვით, ასეთი რამ წარმოუდგენელი და მიუღებელია, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო დროს, ხშირია ოჯახური კონფლიქტი, რომელიც მკვლელობით სრულდება. ადრე კი ასეთი რამ იშვიათი იყო და თუ ხდებოდა, ლამის მთელი საქართველო იგებდა და განსჯის თემა ხდებოდა, თუ, რა თქმა უნდა, საქმეში მაღალჩინოსანი არ იყო გარეული და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, საქმე არ მიჩუმათდებოდა ხოლმე.

1991 წელს, ვარკეთილში, ერთ-ერთი მოქალაქე დილით, ადრე აპირებდა სოფელში წასვლას. ამიტომ, გამთენიისას გაემართა ავტოფარეხისკენ, მანქანა რომ გამოეყვანა და წასულიყო, თუმცა სანამ დანიშნულების ადგილამდე მივიდოდა, იქვე, ერთი მიტოვებული ფარეხიდან ხმაური გაიგო, ვიღაც შიგნიდან თითქოს რკინის კარზე ქვას ურტყამდა. მიგდებული ავტოფარეხი მუდმივად ღია იყო, ახლა კი კარს გარედან მავთული ჰქონდა გადაჭერილი. კაცმა მავთული მოხსნა, კარი გამოაღო და საზარელი სურათი გადაეშალა - სისხლში ამოსვრილი გოგონა ნახევრად შიშველი ეგდო და მართალია, ხმას ვერ იღებდა, მაგრამ დახმარებას ხელით ითხოვდა. კაცმა ჯერ სასწრაფოში დარეკა, შემდეგ - მილიციაში და ათ წუთში, ორივე სამსახური ადგილზე იყო. სამედიცინო ინსტიტუტის 19 წლის სტუდენტი გაუპტიურებული იყო და ბასრი საგნით, სახეზე ნაიარევი ეტყობოდა.

„არ იყო ვარკეთილში მომხდარი დანაშაული ჩემი საქმე, მაგრამ რადგანაც გოგონას მამა საკმაოდ გავლენიანი ჩინოვნიკი გახლდათ, საქმე სამინისტროში გამოუშვეს და ჩემამდე მოიტანეს. შოკისგან გოგონა ისე იყო დამფრთხალი, ვერ საუბრობდა, მხოლოდ თავს აქნევდა თანხმობის ან უარყოფის ნიშნად და დაკითხვაზეც ბევრი ვერაფერი თქვა. რამდენიმე დღის წინ, სამედიცინოს შესასვლელთან, ვიღაც ბიჭი გამოელაპარაკა და უთხრა, საღამოს გავისეირნოთო, რაზეც უარი მიიღო, შემდეგ კი ზედ სახლის წინ, გოგონას პირზე ხელი ააფარეს, მანქანაში ჩატენეს, იმ ავტოფარეხში მიიყვანეს და იმ ბიჭთან ერთად, კიდევ ერთმა გააუპატიურა. შემდეგ დანა დაუსვეს და მიატოვეს. სულ ეს იყო, რაც გოგონასგან გავიგე“, - გვიყვება იმ ავბედით წლებში მომხდარ ერთ-ერთ პრეცენდენტულ საქმეს, ბატონი თენგიზი.

გამოძიების სამწუხაროდ, ის ბიჭი სხვამ ვერავინ გაიხსნა. მხოლოდ ის თქვეს, გოგონას შეყვარებული ჰყავდაო და არც მისი დასახელება გასჭირვებიათ, 17 წლის გენიოსი, რომელზეც მთელი ინსტიტუტის პროფესორები გიჟდებოდნენ. 17 წლის ასაკში კი სამედიცინოს სტუდენტი, მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების წყალობით გახდა - სკოლა ვადაზე ადრე დაამთავრა, უნივერსიტეტშიც გამოცდები კი არ ჩააბარა, გაგლიჯა და გაფხრიწა. პროფესორები ცდილობდნენ, ეს წარჩინებული სტუდენტი საკუთარ კათედრაზე „გადაეთრიათ“. ისიც თქვეს, იმ ბიჭს გოგო მამამისის გამო კი არა, ნამდვილი, წრფელი სიყვარულით უყვარს და არც სასიმამროს გავლენები სჭირდება, ისეთი თავი აქვს, საკუთარი მომავლის შექმნა არ გაუჭირდებაო.

რაღა თქმა უნდა, მილიციას ახალგაზრდის მისამართის დადგენა არ გასჭირვებია, თუმცა მასთან ვიზიტი მეორე დღისთვის გადადეს.

„იმ შეყვარებულს სერიოზულ მოწმედ ვერ აღვიქვამდი. რა უნდა ეთქვა 17 წლის ბიჭს, რომელიც არც ფაქტს შეესწრო, არც არაფერი იცოდა და მხოლოდ გოგოზე იყო შეყვარებული? მეორე დღესაც ვერ მივედი მასთან, მესამე დღეს, მისი არსებობა გადამავიწყდა, რადგან მოგეხსენებათ, რა დრო იდგა და ყოველდღიურად ან მკვლელობა მემატებოდა, ან ყაჩაღობა, ან ვინმეს დაუთოვება. ამავდროულად, დაზარალებული გოგოს გამოკითხვა ახლიდან მსურდა, რადგან მაშინ საუბარი არ შეეძლო, თან შოკმა გადაუარა და ვიფიქრე, ეგებ, რამე დეტალი გაიხსენა-მეთქი. მივედი საავადმყოფოში და სამართალდამცავების არმია დამხვდა. თურმე, იმ დღეს, ვიღაც ბიჭს სასწრაფოში დაურეკავს, მოვიწამლეთ, გვიშველეთო. სასწრაფომ სამი საათით დააგვიანა, ადგილზე რომ მივიდა, ოჯახის დიასახლისი უკვე გარდაცვლილი იყო, მისი ორი შვილი კი - უმძიმეს მდგომარეობაში. მაშინ უკვე გაზით მოწამვლა ცნობილი გახლდათ და ეგ ვიფიქრე, მაგრამ ნაცნობმა სამართალდამცავმა ამიხსნა, საკვებით მოიწამლნენო. არ იყო ჩემი საქმე, გოგონასთან შევედი, მაგრამ პალატაში არ დამხვდა. მოვიკითხე და, ახლადმოყვანილ მოწამლულებს გაჰყვა, ერთ-ერთი, მგონი, შეყვარებულიაო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

რაღა თქმა უნდა, მოწამვლის საქმემ გამოძიება ზედმეტად დააინტერესა. გაჩნდა ვერსია, რომ ვიღაც ჯერ გოგოს გაუსწორდა, მერე კი - მის შეყვარებულს. სახლში ყველა საკვებზე სინჯი აიღეს, თუმცა გოგოს შეყვარებული აზრზე მოვიდა და წაილუღლუღა, დღეს მეზობელმა კიტრი შემოგვაწოდა, მაგას დედაჩემის ვალი ჰქონდა - 1 000 მანეთი, ალბათ, კიტრით მოგვწამლაო. მეზობლის ვინაობა წუთებში დაადგინეს და ისიც გაიგეს, რომ მცხეთაში პატარა აგარაკი ჰქონდა. სამართალდამცავები იქ გაეშურნენ, ექსპერტები კიტრის ანალიზს შეუდგნენ, თუმცა... აგარაკზე მისულებს ქალი ბოსტანში უგონო მდგომარეობაში დახვდათ - ისიც მოწამვლის ნიშნებით.

„აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა, ქალმა მოწამლული კიტრი მოიტანა და შემდეგ თავადაც მოიწამლა? 1 000 მანეთის გულისთვის, სამი ადამიანი გაიმეტა? საბედნიეროდ, ქალი აზრზე მალე მოვიდა და როცა გაიგო, რაში ვდებით ბრალს, ისევ გაითიშა. ამ დროს ექსპერტებმა დასკვნა დადეს, მოწამლულია ძეხვი - „დოქტორსკიო“. გავიგე, ოჯახი რით მოიწამლა, მაგრამ ამ ქალს იმ ძეხვთან რა შეხება ჰქონდა? საბედნიეროდ, აზრზე ისევ მალე მოიყვანეს და მანაც ლუღლუღით თქვა, რა მოწამვლა, მეზობელთან საუცხოო დამოკიდებულება მქონდა, მე კიტრი მივეცი, იმან ძეხვის ნაჭერი მომიჭრა, სოფელში რომ ჩავედი, წავიხემსე, ბოსტანში გავედი სამუშაოდ, მერე აღარაფერი მახსოვსო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

გამოძიება ჩიხში შევიდა. მეორე დღეს, მოწამლული შეყვარებულის ძმა ისე გარდაიცვალა, გონზე არ მოსულა. გოგოს დაკითხვამ ახალი არაფერი მისცა და მილიციამ გადაწყვიტა, სხვა გზით წასულიყო. მოწამლულების სახლიდან საოჯახო ალბომი მოიტანეს და გოგონას წინ დაუდეს, დაათვალიერე, ეგებ, ვინმე ისეთი იცნო, ვინც შენზე იძალადაო. პარალელურად, გოგოს სახლიდან მოიტანეს ალბომი და ბიჭს დაუდეს წინ, ვინმე ისეთი ხომ არ არის, ვისთანაც კონფლიქტი შეიძლება გქონდაო. გოგონამ ალბომის თვალიერება დაიწყო და პირველივე სურათზე გონება დაკარგა. სამართალდამცავებმა სურათს დახედეს და ზედ ოთხი ადამიანი იყო გამოსახული - მისი შეყვარებული, ძმა და მშობლები. ბიჭებს მამა ხუთი წლის გარდაცვლილი ჰყავდათ, გამოდის, გოგომ შეყვარებულის ძმა იცნო.

„ბევრს სამართალდამცავი უწყება რიგითი კანტორა ჰგონია. არადა, იქ ხალხი მუშაობს. როგორც კი ძმაზე ავიღეთ ეჭვი, შევისწავლეთ მისი სამეგობრო წრე, გამოვარჩიეთ სამი ისეთი, რომლებთან ერთადაც, მას გოგოს გაუპატიურება შეეძლო და ინფორმატორების მეშვეობით ჩავაწვეთეთ, რომ დღე-დღეზე, მათ აყვანას ვაპირებდით. ორს რეაქცია არ ჰქონდა, მესამემ კი ბარგი შეკრა და სოფლისკენ გაუტია, მაგრამ ვაგზალზე დავაკავეთ. სწორედ მან მოგვცა ჩვენება.

„ჩემმა ძმაკაცმა მითხრა, ძმამ სწავლას მოუკლო, ვიღაც თხა შეუყვარდა და მაგან ძველებურად რომ არ გაქაჩოს, ყველა იმედი და ოცნება აუსრულებელი დამრჩებაო. გოგო მოვიტაცეთ, გავაუპატიურეთ და მერე სახეზე დანა დავუსვით, აქაოდა, გაუპატიურებლს და თან მახინჯს, ცოლად აღარ მოიყვანსო. მე მეტი არაფერი ვიცი, არც - მოწამვლა, არც - სხვა რამ“, - ეს არის დაკავებულის აღიარებითი ჩვენება. შესაბამისად, შეყვარებულის ჯერი დადგა.

„ღამით ბევრი სამუშაო მქონდა, ამიტომ არ მეძინა. დედაჩემის და ჩემი ძმის ჩურჩული გავიგონე. დედაც კი აზრზე იყო, რას აპირებდა ჩემი ძმა. თურმე, მთელი მომავალი ცხოვრება ჩემზე ჰქონიათ აწყობილი და ამ ეტაპზე, ჩემი სიყვარული მათ გეგმებში არანაირად არ შედიოდა. გოგოს გაუპატიურება და დასახიჩრება დედაჩემის იდეა იყო, ძმამ კი შეასრულა. ქიმია საქართველოში, ალბათ, ყველაზე კარგად ვიცი, შხამის მომზადება არ გამჭირვებია და ძეხვში გავურიე. სასიკვდილო დოზა იყო, ამიტომ სადილზე ძეხვს არ მივეკარე და როცა სასწრაფოში დავრეკე, მაშინ მივიღე მცირე დოზა. ექიმებმა დააგვიანეს, საწამლავი მთელ სხეულში გამიჯდა და ვიცი, ვერ გადავრჩები“, - განაცხადა ბიჭმა, რომელიც სავარაუდოდ, უდიდესი ექიმი ან მეცინერი უნდა გამხდარიყო, მაგრამ საბოლოოდ, ცივსისხლიან მკვლელად იქცა.

მან სასამართლომდე ვერ მიაღწია - აღიარებიდან, სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. საქმის ერთადერთ, ცოცხლად დარჩენილ დამნაშავეს, სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ ის იზოლატორში მკვდარი იპოვეს (ამბობენ, გოგოს მამამ შეუსრულაო). გოგონა კი... პლასტიკური ქირურგიის შემდეგ, სახეზე ძველი იარებიდან არაფერი ეტყობა, გათხოვდა, შვილებიც ჰყავს და დღეს, წარმატებული ექიმიცაა.