ორი პატიმრის გაუჩინარების დაუჯერებელი ამბავი

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორ აღმოჩნდნენ კრიმინალები ქორწილში - გამოძიების დეტალები

ალბათ, აღარც კი გახსოვთ, ბოლოს როდის მოხდა, რომ საქართველოში ბადრაგს პატიმარი გაექცა. საბედნიეროდ, პენიტენციური დაწესებულებები ისეა აშენებული, გაქცევა წარმოუდგენელია, სასამართლოში ტრანსპორტირებისას კი პატიმარს ძალიან უნდა გაუმართლოს, შეიარაღებულ ბადრაგს ხელიდან რომ დაუსხლტეს და ასეულობით სათვალთვალო კამერების ფონზე, მიმალვა შეძლოს. ადრე კი ასე არ იყო. არც სენსორული მავთულები არსებობდა, არც - სათვალთვალო კამერები, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების აბსოლუტური უმრავლესობაც, ლამის ნახევარი საუკუნის აშენებული გახლდათ და სიძველის გამო, კედლების გათხრა თუ განგრევა პრობლემას არ წარმოადგენდა. 15 რესპუბლიკის ერთ იმპერიაში ყოფნის დროს, არცთუ იშვიათი იყო შემთხვევა, როცა ერთი რესპუბლიკიდან მეორეში, პატიმრების ეტაპირება ხდებოდა. ეს რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული, ყველაზე ხშირად კი იმის გამო, რომ მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს ციმბირისკენ ერეკებოდნენ და ისინი სასჯელს უმკაცრეს პირობებში იხდიდნენ. თუმცა იყო სხვა შემთხვევებიც, როცა პატიმარის ექსტრადიცია აუცილებელი იმის გამო ხდებოდა, რომ დანაშაული, სწორედ კონკრეტულ რესპუბლიკაში ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ სხვა სახელმწიფოს აფარებდა თავს და ერთიანი საძიებო სისტემის მეშვეობით, იქ აკავებდნენ.

 

„1984 წლის გაზაფხული იდგა. ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების საქმე ახალი მომხდარი იყო და შესაბამისად, აეროფლოტი უმკაცრეს კონტროლზე იყო აყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში ყველამ ვიცოდით, რომ პატიმართა ექსტრადიცია, დროებით მაინც, თვითმფრინავით არ უნდა მოგვეხდინა და ამიტომ, პატიმრები, რომელთა სხვა რესპუბლიკებში გადაყვანა იყო საჭირო, მატარებლით მიგვყავდა. ეს მარტივიც იყო და უსაფრთხოც - დიდ, სამგზავრო მატარებელს ჩაბმული ვაგონი, შუაში გისოსებით გადატიხრული, ერთ მხარეს - პატიმრები, მეორე მხარეს - ბადრაგი და, პრაქტიკულად, 24-საათიანი მეთვალყურეობა“, - გვიყვება პატიმრების თავხედური გაქცევის შესახებ, პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

საქართველოში „გასტროლიორმა“ დამნაშავეებმა რამდენიმე ისეთი სახლი გაქურდეს, სადაც ზუსტად იცოდნენ, რომ დიდი ფული ინახებოდა. რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა მათზე აქტიური ნადირობა გამოაცხადეს, ყველა „მედვეჟატნიკი“ გადაამოწმეს, მაგრამ სახეირო ვერაფერი ნახეს. სამაგიეროდ, მილიციის მუდმივი რეიდებითა და შემოწმებებით შეწუხებულმა ერთ-ერთმა გავლენიანმა კრიმინალმა საქმის მიმცემზე მიუთითა და საქმის გახსნაც უკვე დროის ამბავი იყო. ე.წ. ნაკოლშიკი მალე დააკავეს, სახლიდან ფულიც ამოუღეს და ისიც უთხრეს, თუ „პადელნიკებს“ არ ჩაუშვებ, ყველაფერს მარტო შენ „შეგტენით“, ერთ-ერთი სახლის მეპატრონეს ფულის კუპიურებიდან ნომრები ჰქონდა ჩაწერილი და შენს სახლში ნაპოვნს ემთხვევაო. გაგიკვირდებათ და, ადრე, არაერთი ადამიანი იწერდა კუპიურის ნომრებს, მისი დაკარგვის შემთხვევაში კი სამართალდამცავებს აწვდიდა და შემდეგ ძიება უფრო მარტივდებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ახლა რომ იგივეს აკეთებდეს ვინმე, რა საინტერესო იქნებოდა?! მაშინ კი ამას მასიური ხასიათი ჰქონდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, დაკავებული მილიციის ფანდს წამოეგო და „პადელნიკები“ დაასახელა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ისინი არა საქართველოს, არამედ, რუსეთის მოქალაქეები იყვნენ და საქმის მიმცემის დაკავებამდე ოთხი დღით ადრე, ჩვენი ქვეყანა დატოვეს. მათზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა - რამდენჯერმე ნასამართლევი პირების ადგილსამყოფელის დადგენა რთული საქმე იყო, რადგან მათ კარგად იცოდნენ, როგორ უნდა დამალულიყვნენ და, მით უმეტეს, ახლა, როცა საქართველოდან, დაახლოებით, 140 ათასი მანეთი წაიღეს, რაც მაშინდელი საზომებით, ლამის მეოთხედი მილიონი დოლარი იყო.

ექვსთვიანი ძებნის შემდეგ, ძებნილები სრულიად შემთხვევით, მოსკოვთან ახლოს მდებარე სადგურის მილიციელმა იცნო. მას ჩვევად ჰქონდა, ძებნილი პირების სურათები სახლშიც ჰქონდა გაკრული, სახეები კარგად რომ დამახსოვრებოდა და აგერ, ორივე ძებნილი ამოიცნო. ისინი მშვიდად ჩამოვიდნენ მატარებლიდან და იქვე, პატარა დასახლებაში, ერთ-ერთ სახლში შევიდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სახლის პატრონი ერთი გალოთებული მოხუცი იყო, ბიჭები თვეში ქირად, 4 ბოთლ არაყს ანუ კვირაში ერთ ბოთლს უხდიდნენ და თანაც, საკუთარი სუფრიდანაც აძლევდნენ ხოლმე საჭმელს. იმავე საღამოს, სახლს ალყა ჯარისკაცებმა შემოარტყეს. ეს ეფექტური იყო, როცა საქმე მკვლელებს ან ყაჩაღებს არ ეხებოდათ. მათ კარგად იცოდნენ, რომ არავინ უნდა მოეკლათ, ქურდობის გამო კი, მაქსიმუმ, შვიდ წელს მისცემდნენ. ამიტომ, როცა დამნაშავეებმა ფანჯარაში გაიხედეს და დაინახეს, რომ სახლის გარშემო ავტომატით შეიარაღებული ორასამდე სამხედრო იდგა, უყოყმანოდ დანებდნენ.

ცნობისათვის: ასეთი სპეცოპერაციების დროს, სამხედროებს ავტომატში ცარიელ მჭიდებს უდებდნენ, რადგან რომელიმე მათგანს შიშით არ გაესროლა. მთავარი გათვლა ფსიქოლოგიაზე იყო და ეს ყოველთვის თუ არა, ასიდან 99 შემთხვევაში ამართლებდა.

დაკავებულების საქართველოში ექსტრადიცია გადაწყდა და ისინი მატარებლის სპეციალური ვაგონით წამოიყვანეს. ოთხი სამხედრო, ორი ოპერმუშაკი და ორი ეჭვმიტანილი - სულ ეს იყო იმ ვაგონის შემადგენლობა. პატიმრებს ორსართულიან საწოლზე ეძინათ, ერთს - მაღლა, მეორეს - დაბლა, გისოსის მეორე მხარეს კი სამართალდამცავები იყვნენ წამოწოლილები და ასე, მთელი დღისა და ღამის განმავლობაში, ერთმანეთს უყურებდნენ. პატიმრებს იქვე ჰქონდათ „პარაშა“, საკვებს გისოსებიდან აწვდიდნენ და ისინი ვერც კი იოცნებებდნენ, თბილისამდე კარი რომ გაეღოთ.

„დაკავებულებს დიდუბეში უნდა დავხვედროდით, ვაგონი უნდა ჩაგვეხსნა და მშვიდად გადმოგვეყვანა პატიმრები, მაგრამ მცხეთიდან დაგვირეკეს, პატიმრები გაქრნენო. სანამ ადგილამდე ჩავიდოდი, ათასი ვერსია დავუშვი, როგორ შეიძლებოდა იმ ვაგონიდან გაქცევა და ვერაფერს მივხვდი. გამორიცხული იყო, ბადრაგს კარი გაეღო, რადგან ეს პირდაპირ ციხეს ნიშნავდა. ბინის ქურდებისთვის კიდევ, საციხედ თავს არავინ გაიხდიდა, მით უმეტეს, დაკავებისას, მათ მთელი ფული ადგილზე ჰქონდათ და ის მილიციამ ამოიღო ანუ გამცილებლებს ვერც ფულით მოხიბლავდნენ, თანაც მხოლოდ ერთი კაცი ხომ არ უნდა „დაეკერათ“, ექვსთან უნდა ეპოვათ საერთო ენა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ადგილზე მისულ ქართველ სამართალდამცავებს საოცარი სურათი გადაეშალათ. პატიმრების ორსართულიანი საწოლის ქვედა სართულზე, თავის პარალელურად, ვაგონში ხვრელი იყო გაკეთებული. პატიმრები სწორედ ამ ხვრელიდან გაძვრნენ, მაგრამ როგორ მოხდა, ისე ამოთალეს, დაახლოებით, ათი სანტიმეტრის სისქის ხე, რომ ბადრაგმა ვერაფერი გაიგო? არა, რაც მართალია, მართალია - ნათალი რაღაც ძალიან ბასრი მეტალით იყო, მაგრამ მაინც ნათელი გახლდათ - პატიმრებმა ვაგონი ღამით დატოვეს ანუ მაშინ, როცა ბადრაგს არხეინად ეძინა, თუმცა  გამომძიებლებმა ივარაუდეს, რომ გაქცეულები მატარებლიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩახტებოდნენ უსაფრთხოდ, თუ ის ძალიან ნელა ივლიდა ან საერთოდ გაჩერდებოდა. ზუსტად იმ ადგილზე, რამდენიმე მილი გადიოდა და სწრაფი სიარულის დროს, უსაფრთხოდ ჩასვლა შეუძლებელი იქნებოდა. სასწრაფო წესით დაკითხეს მემანქანე და მან ის ადგილი დაასახელა, სადაც, წესისამებრ, სვლას ანელებდა - მცხეთამდე, სამ კილომეტრში.

საქმეში ვერტმფრენი ჩაერთო, სამართალდამცავებთან ერთად, ტყე-ღრეს შეიარაღებული ჯარისკაცებიც მოედვნენ, რომლებსაც თოფებში ერთადერთი ტყვია ჩაუდეს და ისიც იმიტომ, გაქცეულების აღმოჩენის შემთხვევაში, ჰაერში რომ გაესროლათ და ამით ნიშანი მიეცათ დანარჩენებისთვის. დღემ ისე ჩაიარა, რომ არავის გაუსვრია ანუ გაქცეულები ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. ამაოდ დაღალეს ძაღლებიც, მათი კვალი ვერ აიღეს.

„აღარ ვიცოდი, სად უნდა გვეძებნა, თბილისისკენ თუ შიდა ქართლისკენ. ვერ ვხვდებოდით, საით შეიძლებოდა წასულიყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც რეალურად, საქართველოს არცერთი ქალაქი არ იცოდნენ ანუ ისინიც შემთხვევის იმედად იქნებოდნენ და ალალ-ბედზე იმოქმედებდნენ. გადავამწომეთ ყველა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი, ტაქსები, მაგრამ საინტერესოს ვერაფერს მივაკვლიეთ. მეორე დღეს კი უკვე მთელი შემადგენლობა მხეთაში ვიყავით. ერთი ქალი განყოფილებაში მივიდა და ადგილობრივ სამართალდამცავებს ქოქოლა მიაყარა, რას მიკეთებთ მთელი ღამე, საკუთარი სახლის ეზოდან, თოკზე გაფენილი სარეცხი მომპარეს, ქმარი დღეს, დილით, სამსახურში ვერ წავიდაო. მივხვდით, ტანსაცმელს ვინც მოიპარავდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ძალოვნებმა მთელი მცხეთა გადაატრიალეს, თუმცა ვერავინ ნახეს. გაქცეულებს დამალვა აშკარად კარგად ეხერხებოდათ. ძალოვნები უკან ყურებჩამოყრილი ბრუნდებოდნენ, როცა მცხეთის შესასვლელთან, საქორწილო ესკორტი შეხვდათ. მანქანებმა სიგნალით ჩაუარეს სამართალდამცავებს და...

„ბატონო თენგიზ, მანქანა მოვაბრუნოთ, ქორწილში წავიდეთ, მეუბნება ჩემი მოადგილე. კინაღამ ხელი შემოვარტყი, ისე გავბრაზდი, მაგრამ ის აგრძელებს - ამ უცხო ხალხს, უფულოს და უყველაფროს, ჭამა ხომ უნდა? გარისკეს და ტანსაცმელი მოიპარეს, საჭმლის მოპარვას ვერ გარისკავენ, სახლში უნდა შეძვრნენ ვინმესთან. ამიტომ, მაგათთვის ქორწილი საუკეთესო გამოსავალია. მივლენ, ხალხში გაერევიან, უცებ არ მიხვდეს მასპინძელი ან მაყარი, ვინ არიან და ვისთან არიან. გაძღებიან და წავლენ თავიანთ გზაზე მშვიდად. ისე დამისაბუთა მოადგილემ გაქცეულების გეგმები, თითქოს თავის შედგენილი იყო“, - ღიმილით გვიყვება ბატონი თენგიზი.

მართლაც, გზიდან ორი მანქანა მიბრუნდა და მასპინძელს საქმის ვითარება აუხსნეს. მანაც სიხარულით მიიწვია დაუპატიჟებელი სტუმრები და მაშინ, როცა ქურწილი გახურდა, როცა ნასვამი მამაკაცები ერთმანეთის ხვევნა-კოცნაზე გადავიდნენ, სეფის ბოლოში, კალთა აიწია და ორი კაცი შემოძვრა. ისინი უხმოდ მიუსხდნენ მაგიდას და გამგელებული ეცნენ საჭმელს. დაახლოებით, ხუთ წუთში, ორივეს ხელბორკილი ედო და თბილისისკენ მიმავალი მილიციის მანქანაში ისხდნენ.

რაღა თქმა უნდა, მათ ბინის ქურდობები აღიარეს, 7-7 წელიც მიიღეს, ხოლო რაც შეეხება ამოჭრილ ფიცარს...

„უჟანგავი მეტალისგან დამზადებული დანა „ზონიდან“ გამოვიყოლეთ. ვიცოდით, ხეირიანად არ გაგვჩხრეკდნენ, რადგან ვაგონიდან გაქცევა წარმოუდგენელი იყო და ჩვენც ამით ვისარგებლეთ, მონაცვლეობით ვჭრიდით ფიცარს, ბადრაგისთვის კი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რატომ ვიწექით რიგ-რიგობით, ზედა და ქვედა საწოლზე“,-ესეც დაკავებულების აღიარებიდანაა.