რა ჩვენება მისცა გარდაცვლილის საცოლემ გამოძიებას
სამწუხაროდ, საქართველო არ არის გამონაკლისი იმ ქვეყნებს შორის, სადაც ნარკოტიკების პრობლემა ძალიან აქტიურად დგას. უფრო სამწუხარო კი ის გახლავთ, რომ ნარკოტიკებმა 90-იანებში ერთი თაობა შეიწირა, იმავე 90-იანებში, იგივე თაობა ომმა წაიყვანა და იმავე 90-იანებში, იგივე თაობა სამოქალაქო ომმა გაანადგურა. ვერ გეტყვით, სხვაგან თუ იყო პრეცენდენტი, რომ ნარკომანობა „კაი ტიპობად“ ითვლებოდა და ადამიანები ამას არც მალავდნენ... ესეც 90-იანებში იყო... ყველაფერ აქედან გაკვეთილი ვერ მივიღეთ, მაგრამ იმდენი მოვახერხეთ, რომ ნარკოტიკები მსუბუქად და მძიმედ დავყავით, კანონიც შევარბილეთ და ახლა, „მარიხუანას“ მოზარდები ცხვირ-პირში აბოლებენ ერთმანეთს. ზოგადად, მსუბუქ ნარკოტიკზე ნახევარი საქართველო „ზის“. აფხაზეთის ომის ერთი ვეტერანი ყვებოდა, როცა ვიბრძოდით, რუსები იარაღს ჩვენ და აფხაზებს ერთნაირად გვაძლევდნენ, ერთმანეთი რომ გვეხოცა და წამლებიც რუსეთიდან შემოდიოდაო. ჰოდა, რუსეთიდან შემოტანილ წამლებში გამაყუჩებელი საშუალება მხოლოდ მორფინი იყო და ეს იმიტომ, რომ ჯარისკაცები ნარკოდამოკიდებული გამხდარიყვნენ. აფხაზეთის ომის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული მეომრები დარჩნენ ნარკოტიკის გარეშე, მაგრამ იარაღით ხელში და სწორედ მერე დაიწყო, რაც დაიწყო. საბედნიეროდ, ეს ყველას არ ეხება, ბევრმა მოახერხა რეაბილიტაცია, მაგრამ უფრო მეტმა „ლომკის“ მოხსნის გულისთვის, არაერთი დანაშაული ჩაიდინა.
ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, რამდენიმე წლის წინ მოხდა. ლისის ტბასთან გაჩერებულმა ავტომობილმა ერთ-ერთი დამსვენებლის ყურადღება იმიტომ მიიპყრო, რომ სანაპიროზე ორ საათზე მეტხანს იმყოფებოდა, ჩანდა, რომ მოშორებით მდგარ მანქანაში ვიღაცები ისხდნენ, მაგრამ სიცხის მიუხედავად, გარეთ არ გადმოდიოდნენ. დამსვენებელი ავტომობილს მიუახლოვდა და 112-ში დარეკა. სასწრაფო დახმარების მანქანას საპატრულო პოლიციამ მიასწრო, თუმცა ექიმებიც მალე გამოჩდნენ და დიაგნოზიც იქვე დასვეს - მანქანაში მჯდომი ბიჭი გარდაცვლილი იყო, გოგონა - ცოცხალი. გოგონას წვეთოვანი იქვე დაუდგეს, ჟანგბადის ბალიში გაუკეთეს და უკვე საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე თვალიც გაახილა, თუმცა მალე ისევ გაითიშა. ცხადი იყო, ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზა მიიღეს, მაგრამ ადგილის დათვალიერების შემდეგ, სამართალდამცავებმა „მარიხუანას“ ნამწვი ნახეს. რაღა თქმა უნდა, ის ექსპერტიზაზე წაიღეს, ავტომობილი კი პოლიციის სადგომზე გადაიყვანეს.
სამართალდამცავებმა გარდაცვლილი ბიჭის ვინაობაც გაარკვიეს და გოგონასიც, რომელიც საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა. ისინი შეყვარებულები იყვნენ და ორ კვირაში ქორწილი უნდა ჰქონოდათ, თუმცა... მშობლები თმას იგლეჯდნენ და სახეს იხოკავდნენ, ვერცერთს წარმოედგინა, რომ მათი შვილები ნარკოტიკს მოიხმარდნენ და მერე რა, რომ ამ შემთხვევაში, საქმე თითქოს უწყინარ „მარიხუანასთან“ ჰქონდათ. ექსპერტიზის დასკვნა მალე მოვიდა - „მარიხუანას“ ფოთლებზე რაღაც ქიმიური ნაერთი იყო გადასხმული, რომელმაც გულის გაჩერება გამოიწვია. გოგო ცოცხალი ერთადერთი მიზეზით შეიძლებოდა ყოფილიყო - სავარაუდოდ, ცოტა მოწია. ახლა, მთავარი იყო იმის გარკვევა, სად და ვისგან შეიძინეს მარიხუანა ახალგაზრდებმა და ამისათვის გოგოს ჩვენება აუცილებელი გახლდათ. მანამ, სანამ გოგო აზრზე მოვიდოდა, პოლიციამ მათი ტელეფონების ლოკაცია შეამოწმა ანუ სად იყვნენ და როდის... ისინი მანქანიდან მხოლოდ ერთხელ, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში, საბავშვო მოედანთან გადმოვიდნენ, რაც იქაურებმაც დაადასტურეს და წყვილი იმიტომ დაამახსოვრდათ, რომ დასასვენებელი სკამის ქვეშ, რაღაცას ეძებდნენ. სავარაუდოდ, იპოვეს, რადგან მალე წავიდენ, თუმცა ერთი, ყველაზე დაკვირვებული ქალბატონი ამბობდა, ბიჭმა ქაღალდის ფურცელი აიღო, იქვე გაშალა და წაიკითხა, ნივთი არ წაუღიაო, თუმცა პოლიციამ ჩათვალა, რომ „მარიხუანა“, სწორედ ქაღალდში იყო გახვეული. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ წყვილმა „მარიხუანა“ ინტერნეტით შეიძინა და „ბარიგამ“, სავარაუდოდ, ლოკაცია ჩაუგდო, მაგრამ ლოკაცია არც ბიჭის და არც გოგოს ტელეფონში არ იყო. მეორე დღეს გოგონა აზრზე მოვიდა, თუმცა სამართალდამცავებთან საუბარს მანამ არ აპირებდა, სანამ არ უთხრეს, რომ მისი საქმრო გარდაცვლილი იყო.
„ჩემი საქმროს მეგობარია, მან გვითხრა, როგორ უნდა გვეყიდა „მარიხუანა“. მალე ქორწილი უნდა გვქონოდა, მერე ოჯახი, ბავშვი და ამიტომ, ნარკოტიკს ვეღარასდროს გავეკარებოდით. ბოლო გართობა უნდა ყოფილიყო უწყინარი „მარიხუანით“. ჩემს საქმროს უნდოდა, თორემ მე გასინჯულიც არასდროს მქონია. ინტერნეტით მოვიძიეთ, საბავშვო მოედანზე, სკამის ქვეშ წერილი დაგვხვდა, სადაც „მარიხუანას“ ადგილსამყოფელი იყო მითითებული: ლისის ტბა, კონკრეტული ხე, მის მოპირდაპირე მხარეს ქვა და ქვის ქვეშ - „მარიხუანა“. ფული ინტერნეტით გადავიხადეთ, მერე მოვწიეთ. უფრო სწორედ, ჩემმა საქმრომ სამჯერ მოქაჩა, მე მხოლოდ ერთხელ და მეტი არაფერი მახსოვს“, - ტირილით ყვებოდა გოგო.
გარდაცვლილის მეგობარი მალე დააკავეს და დაკითხვაზე წაიყვანეს. მან ძალიან მშვიდად აკრიფა ინტერნეტ-მისამართი და მისწერა, რომ „მარიხუანას“ შეძენა სურდა. პასუხი რამდენიმე წამში დაუბრუნეს და უთხრეს, რამდენი იყო გადასახდელი და სად უნდა ენახა წერილი. სამართალდამცავები მითითებულ მისამართზე გაეშურნენ, ისევ საბავშვო სკვერი, ისევ სკამი და... წერილი ნახეს, თუმცა მის დამდებს ვერ მიასწრეს. დაახლოებით, ორ საათში ექსპერტიზამ თქვა, რომ წერილზე მიმაგრებული წებოვანი ლენტის მდგომარეობით თუ იმსჯელებდნენ, ის სკამის ქვეშ, ყველაზე ცოტა, 48 საათის წინ დაამაგრეს. შსს-მ ლამის განგაში გამოაცხადა, დედაქალაქში ყველა სკვერი და სკამი დაათვალიერეს და ანალოგიური 4 წერილი იპოვეს, თუმცა მითითებულ მისამართებზე „მარიხუანა“ არ იყო. გამოდიოდა, რომ „ბარიგა“ წერილს ადრე ტოვებდა, მერე კი, როცა კლიენტი გამოჩნდებოდა, ნარკოტიკი ადგილამდე მიჰქონდა. სანამ მყიდველი წერილს ნახულობდა, „ბარიგა“ ნარკოტიკის დადებას ასწრებდა. პოლიციას ხელთ ოთხი წერილი ჰქონდა, ოთხივე მისამართზე ოპერატიული ჯგუფი გაიგზავნა და გამყიდველს ინტერნეტით მისწერეს, რომ „მარიხუანას“ შეძენა სურდათ. მან ოთხი წერილიდან ერთ-ერთი დაასახელა და მოიწერა, რომ წერილში ნარკოტიკის ლოკაცია იქნებოდა მითითებული. წერილში, რომელიც „ბარიგამ“ მყიდველს შესთავაზა, ლოკაციად წყნეთისკენ მიმავალი გზა იყო მითითებული, გზაზე კი კონკრეტული მოსახვევი და კონკრეტული ნაძვის ხის ძირი. ოპერჯგუფი ადგილზე უკვე ჩასაფრებული იყო.
დაახლოებით, 10 წუთში, ხესთან სკუტერით ახალგაზრდა გოგონა გამოჩნდა, გამოვიდა, ვითომც არაფერიო, ხესთან მივიდა, იქვე დადებული ქვა ასწია, შიგნით რაღაც შეაგდო და ის იყო, სკუტერზე უნდა დამჯდარიყო, ორივე მხრიდან საპატრულო ეკიპაჟის მანქანებით ჩაუხერგეს გზა. გოგონა გაოცებისგან გაშეშდა, გაქცევა არც უცდია. ქვის ქვეშიდან „მარიხუანა“ გამოიღეს.
„მე არ ვიცი, ვინ არის დილერი. მე კურიერი ვარ, თვეში ან ორ თვეში ერთხელ, მეც წერილით ვიღებ ინფორმაციას, სად არის დამალული დიდი ოდენობით „მარიხუანა“. მერე სახლში მიმაქვს და როცა მირეკავს, სკუტერით ვტოვებ. მთავარი პირობაა, რომ დარეკვიდან 10 წუთში, ადგილზე ვიყო და ამას ყოველთვის ვახერხებ. საკვები დამაქვს და შეკვეთაც რომ მქონდეს, „მარიხუანა“ მაინც მიმაქვს“, - განაცხადა გოგონამ.
მის სახლში, გასაყიდად გამზადებული „მარიხუანას“ 7 შეკვრა აღმოაჩნეს. ძალოვნებს კოვზი ისევ ნაცარში ჩაუვარდათ და როგორც გოგონამ უთხრა, სავარაუდოდ, დილერს მისი მსგავსი, კიდევ რამდენიმე კურიერი ჰყავდა თბილისის სხვადასხვა უბანში, რადგან გოგონა, ძირითადად, საკუთარი სახლისა და სამსახურის გარშემო ტრიალებდა ანუ ადგილამდე ათ წუთში თუ არა, 15 წუთში აუცილებლად მივიდოდა. ნარკოტიკების მთავარმა გამსაღებელმა თავისი საქმე ძალიან კარგად იცოდა, ამიტომ პოლიციას რაღაც ისეთი უნდა მოეფიქრებინა, რასაც ის არ ელოდა. ორი დღის შემდეგ, ერთ-ერთმა გამომძიებელმა საინტერესო იდეა წამოაყენა - გოგონას დილერისთვის უნდა მიეწერა, რომ ის და მისი მეგობრები დიდ წვეულებას მართავდნენ, სადაც დაახლოებით, ასამდე ახალგაზრდა იქნებოდა და „მარიხუანა“ დიდი რაოდენობით იქნებოდა საჭირო. დაახლოებით, 12 ათასი ლარის „მარიხუანა“ შეუკვეთეს, როცა დილერმა წერილი დატოვა, ლოკაცია უკვე იცოდნენ და გოგონამ ისევ მისწერა, რომ სკუტერი გაუფუჭდა და ადგილამდე აგვიანდებოდა. „მარიხუანა“ ისევ ლისის ტბის მიმდებარედ იყო დატოვებული და იქ დასუფთავების სამსახურის ფორმაში გამოწყობილი პოლიციის ოცამდე თანამშრომელი გაემართა. იყო ვარაუდი, რომ დილერი ძვირადღირებულ საქონელს არ მიატოვებდა და თვალთვალს დაუწყებდა. როცა ტერიტორიაზე „დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები“ გამოჩდნენ და ნაგვის მოგროვება დაიწყეს, ლოკაციის ადგილთან ნელ-ნელა კრავდნენ წრეს. ამ დროს, იქვე მდგომი მანქანიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა, აჩქარებული ნაბიჯით წავიდა ნარკოტიკისკენ, შეკვრა აიღო და უკან გამობრუნება დააპირა, მაგრამ „მეეზოვეებმა“ იარაღი მიუშვირეს. დილერი მიხვდა, რომ გაება...
ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქე არ იყო, თუმცა „მარიხუანას“ გაყიდვა რომ დაეწყო, ქართული შეისწავლა, ველურ „მარიხუანას“ თბილისის შემოგარენში, მტკვრისა და არხის პირებზე გლეჯდა, ახმობდა, შემდეგ რაღაც ქიმიურ ხსნარს ასხამდა და ყიდდა. როგორც ჩანს, დოზები აერია და ახალგაზრდა ბიჭის სიკვდილიც ამან გამოიწვია, თორემ ჩვეულებრივ შემთხვევაში, ქიმიური ნაერთი მწეველს უბრალოდ აბრუებდა. სასამართლომ მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რატომ არა უვადო პატიმრობა? იმიტომ, რომ „მარიხუანა“, თურმე, მსუბუქი ნარკოტიკია...
ბათო ჯაფარიძე