თბილისის გარეუბანში მამაკაცს სასქესო ასო მოაჭრეს - როგორ იძია მოძალადე მეგობარმა შური მეგობარზე და რატომ მოიკლა თავი გაუპატიურებულმა ქალმა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 შიდსი მე-20 საუკუნის შავ ჭირად მოინათლა, თუმცა შიდსის პრობლემა დღესაც მწვავედ დგას. განსაკუთრებით, აფრიკისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ეს ვირუსი დღემდე უკონტროლოდ ვრცელდება. სხვათა შორის, მაშინ, როცა ამ ვირუსზე ღიად დაიწყეს საუბარი, საბჭოთა კავშირში თქვეს, რომ აღნიშნული დაავადება მხოლოდ კაპიტალისტური ქვეყნებისთვის იყო დამახასიათებელი, დიად საბჭოეთში კი სექსიც არ იყო და დაავადება როგორ გავრცელდებოდა?! ჩვენი ისტორიაც საქართველოში, შიდსის ერთ-ერთ პირველ შემთხვევაზეა, რომელიც საგულდაგულოდ მიჩქმალეს, თუმცა ფაქტია - ვირუსი ჩვენთან მაშინაც იყო და ახლაც იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალური მონაცემებითაა ცნობილი.

 1988 წლის მიწურულს, თბილისის გარეუბანში, მოქალაქეებმა მამაკაცის განწირული ყვირილი გაიგონეს. იმის მიუხედავად, რომ თოვლი იდო და შესაბამისად, შუქის ანარეკლზე ქუჩები განათებული გახლდათ, გარეთ გასვლა ვერავინ გაბედა, თუმცა განყოფილებაში 11-მა მოქალაქემ დარეკა. სამართალდამცავები ადგილზე, დაახლოებით, 15 წუთში მივიდნენ და ნათლად დაინახეს სისხლის კვალი, რომელიც ზოლად მიჰყვებოდა კორპუსს. დაზარალებული მამაკაცი არსად ჩანდა, თუმცა მილიციის თანამშრომლებმა უფრო მნიშვნელოვანი „სამხილი“ იპოვეს - თოვლში მამაკაცის მოჭრილი სასქესო ორგანო ეგდო. ასეთი რამ ნანახი არავის ჰქონდა და რაღა თქმა უნდა, მაშინვე საავადმყოფოებში დარეკეს - ყველა დარწმუნებული იყო, ასეთი ჭრილობით დაზარალებული აუცილებლად ექიმს მიაკითხავდა და შემდეგ საქმეც გაიხსნებოდა, მაგრამ სამედიცინო დახმარებისთვის ასეთი დაზიანებით არც იმ საღამოს მიმართა ვინმემ, არც - მეორე და მესამე დღეს. სამართალდამცავები ხელებს შლიდნენ, გამორიცხული იყო, სახლის პირობებში, ვინმეს ასეთი ჭრილობისთვის ემკურნალა. რჩებოდა ერთადერთი ვარიანტი - მამაკაცი, რომელსაც ორგანო მოაჭრეს, მოკლეს და სადმე გადააგდეს, ან დამარხეს.

მომხდარიდან მეოთხე დღეს, იმავე კორპუსის მაცხოვრებლებმა დარეკეს, საღამოობით, ერთ-ერთი ბინიდან ისეთი კვნესის ხმა ისმის, ან ვიღაც თავისით კვდება, ან კლავენო. სამართალდამცავები ინფორმაციას ყურადღებით მოეკიდნენ, ბინის კარზე დააკაკუნეს და როცა ფანჯრის გაღების ხმა გაიგეს, ერთმანეთს გადახედეს - მეექვსე სართულიდან გაქცევა შეუძლებლად ჩანდა, თუმცა მას, ვინც ფანჯარა გააღო, გაქცევა არც უცდია, მეექვსედან გადახტა და გაყინულ ასფალტს დაენარცხა. რა თქმა უნდა, ადგილზევე გარდაიცვალა და ისიც დადგინდა, ვის ეკუთვნოდა რამდენიმე დღის წინ ნაპოვნი „ნივთმტკიცება“ - ფანჯრიდან გადამხტარ მამაკაცს სასქესო ორგანო ჰქონდა მოჭრილი.

დაზარალებული გარდაიცვალა, შესაბამისად, არ შეეძლო მოეყოლა, რა მოხდა, მაგრამ სამართალდამცავები იმას ვერ ხვდებოდნენ, რატომ არ მიმართა ექიმებს და რატომ გადახტა ფანჯრიდან, როცა მილიციის თანამშრომლებმა მიაკითხეს?!

დაიწყო მისი გარემოცვის შესწავლა. გაირკვა, რომ გარდაცვლილი ცოლს რამდენიმე წლის წინ დაშორდა, თუმცა ცოლის მხრიდან შურისძიებაზე საუბარი ზედმეტი იყო - კაცი ალიმენტსაც პატიოსნად იხდიდა და ყოფილ მეუღლესთან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონდა. პარალელურად, ის უფულობას არ უჩიოდა, რადგან არცთუ იშვიათად, საერთაშორისო მივლინებაში დადიოდა, ძირითადად, აფრიკის ქვენებში, სადაც საბჭოთა კავშირი განათლებისა და განვითარების შეტანას ცდილობდა. მას ბევრი მეგობარი ჰყავდა და როგორც მეზობლები ამბობდნენ, თავის დროზე, ბევრი მეგობარი ქალიც. სწორედ ეს გახდა ცოლთან დაშორების მიზეზი, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მის სახლში ქალებმა სიარულს კი არ მოუკლეს, არამედ, საერთოდ გაქრნენ და ზოგადად, ყოველთვის გულღია და მხიარული კაცი, ბოლო ორი წლის მანძილზე ჩაიკეტა და მეზობლებსაც კი იშვიათად, ცალყბად ესალმებოდა.

ამასობაში, ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა - გარდაცვლილ მამაკაცს სისხლში უცნაური სხეულები ჰქონდა, ქართული მედიცინისთვის თითქოს უცნობი, მაგრამ მაშინვე ითქვა, რომ ეს, სავარაუდოდ, შიდსი იყო. ნიმუშები კვლევისთვის მაინც გადააგზავნეს მოსკოვში და იქაც დაადასტურეს, რომ მამაკაცს შიდსი ჰქონდა.

სავარაუდოდ, მან ვირუსი აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოიტანა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მეგობრებში აფრიკელ ქალებთან სასიყვარულო თავგადასავლებზე ხშირად ჰყვებოდა, ვერსია რეალობასთან ახლოს იყო.

გაჩნდა ეჭვი, რომ მამაკაცმა ვირუსი ვინმეს აჰკიდა და სწორედ ამ „ვინმემ“ იძია შური, მაგრამ ვინ?

გარდაცვლილის უახლოეს მეგობრად მისივე კოლეგა ითვლებოდა, მამაკაცი, რომელსაც ცოლ-შვილი ჰყავდა და მაშინაც კი, როცა ის შინ ჩაიკეტა, მეგობარს არ მიუტოვებია და ხშირად აკითხავდა. სამართალდამცავებმა მეგობრის დაკითხვა გადაწყვიტეს, თუმცა მეზოიბლებმა უთხრეს, სამ თვეზე მეტია, ცოლ-შვილი საავადმყოფოში ჰყავს და ახლაც იქ იქნებაო. მილიციის თანამშრომლები საავადმყოფოში წავიდნენ და სრული ქაოსი დახვდათ - ექიმები აქეთ-იქით დარბოდნენ და ზოგს სისხლის გადასხმის სისტემა ეჭირა ხელში, ზოგს - მარლა და ბამბა. გაირკვა, რომელიღაც პაციენტს ვენები გადაეჭრა და ექიმები მის გადასარჩენად იბრძოდნენ. პაციენტი, ვინც თვითმკვლელობა სცადა, იმ კაცის მეუღლე აღმოჩნდა, რომლის დაკითხვაც მილიციის თანამშრომლებს სურდათ. მამაკაცი მოსაცდელში, სკამზე იჯდა და გულში პატარა გოგონას იხუტებდა, როცა ექიმი მიუახლოვდა და ჩუმად უთხრა - ვერ ვუშველეთ, გარდაიცვალა.

კაცმა ქვითინი მორთო, გოგონა მკერდზე უფრო მიიხუტა, თუმცა შვილთან განშორება რომ მოუწევდა, სამართალდამცავებმა უკვე იცოდნენ. ცხადი გახლდათ, ამ ორ გარდაცვალებას შორის კავშირი იყო და ამ კავშირის შესახებ, სწორედ მამაკაცს უნდა მოეყოლა. მას გამომძიებლების დანახვა არ გაჰკვირვებია, ჩუმად უთხრა, ბავშვს დედაჩემს დავუტოვებ და მერე სადაც გნებავთ, წამოგყვებითო. ოპერმუშაკები დათანხმდნენ, თუმცა მამა-შვილი მილიციის „ვილისში“ ჩასვეს და დანიშნულების ადგილზე ისე მიიყვანეს. კაცმა ბავშვი კიდევ ერთხელ მიიხუტა, დედამისს დაუბარა, შვილს მიმიხედეო და სამართალდამცავებს მორჩილად გაჰყვა.

„ის ნაძირალა ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთად გავიზარდეთ, ერთად ვსწავლობდით, მუშაობაც ერთად დავიწყეთ. მისი ბავშვის ნათლია ვარ. რა თქმა უნდა, ოჯახებით ვმეგობრობდით და ჭირიც და ლხინიც ერთი გვქონდა. მისი ოჯახის დანგრევა ძალიან განვიცადე, მაგრამ არ გამკვირვებია, რადგან საყვარლებს ხშირად იცვლიდა. ცოლი მუდმივად ეუბნებოდა, წავალო და მართლაც, წავიდა. მერე, მეგობარი ცუდად გახდა, აქაურ საავადმყოფოში ვერაფერი გაუგეს, მოსკოვში წავიდა, იქიდან კი სრულიად შეცვლილი დაბრუნდა, ჩაიკეტა და აღარავის ეკონტაქტებოდა. მაინც არ მიმიტოვებია. ასე გრძელდებოდა წელიწადზე მეტი. მერე ჩემი ცოლი გახდა ცუდად, საავადმყოფოში მივიყვანე და ვერაფერი გაუგეს, თუმცა ეჭვი გამოთქვეს, რომ ეს შიდსის ვირუსი იყო. გამიკვირდა, საიდან უნდა შეხვედროდა შიდსი და რაც მთავარია, მის ერთგულებაში დარწმუნებული ვიყავი. შეგვამოწმეს მე და ბავშვიც, თუმცა ჩვენ არაფერი გვჭირდა. რამდენიმე დღის წინ, ცოლმა ექთანს წერილი გამოატანა. მეუღლე მწერდა, რომ დაახლოებით, ერთი წლის წინ, როცა იმ ნაძირალასთან ერთად, ჩემს სახლში ვქეიფობდით და ნასვამს დამეძინა, მან ჩემი მეუღლე გააუპატიურა. მერე კი მოინანა და ორივემ გადაწყვიტა, რომ ეს „გაუგებრობა“ არ უნდა გახმაურებულიყო. თვალთ დამიბნელდა და მეგობართან წავედი, მხოლოდ იმის გარკვევა მინდოდა, მართლა გააუპატიურა, თუ ყველაფერი ნებით მოხდა. მან დამიდასტურა, რომ ნასვამი იყო, ვერ მოზომა და ჩემს ცოლზე იძალადა. ჩხუბი დავიწყეთ, ის ეზოში გავარდა, მე გავეკიდე და სასქესო ორგანო მოვაჭერი. არ მეგონა, თუ საავადმყოფოში ან მილიციაში არ წავიდოდა, მაგრამ თქვა, დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არ დამრჩა და სახლში მოვკვდებიო. ცოლსაც განაჩენი გამოტანილი ჰქონდა - ვირუსს ვერ გადაურჩებოდა და ტკივილებისა და ტანჯვის თავიდან ასაცილებლად, ვენები გადაიჭრა“, - დაასრულა კაცმა მოყოლა.

სასამართლომ მკვლელობაში ეჭვმიტანილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მან ციხიდან გამოსვლა ვერ შეძლო - მალევე ფილტვები დაუზიანდა, ტუბერკულოზი შეხვდა და ამ დაავადებამ იმსხვერპლა.