შურისძიება ყოფილ საყვარლებზე - ორი პატიმარი, რომლებიც ციხიდან სასჯელის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე გაიქცნენ

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

„სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი“ - ეს ფრაზა საოცარი ფილმიდან „შეერეკილები“, ალბათ, ყველამ იცით. სიყვარულის გამო, ქალებიცა და კაცებიც ხშირად ისეთ რამეს სჩადიან, რასაც ახსნა არ აქვს. უფრო ზუსტად კი, ყველაფერ ამას სიყვარულის სახელით ხსნიან, მაგრამ როცა საქმე კრიმინალს ეხება, სისხლის სამართლის კოდექსი სიყვარულს არ ითვალისწინებს და ყველას ერთნაირად სჯის.

 

თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიიყვანეს ქალი, რომელსაც ყელზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა, თანაც არტერიასთან იმდენად ახლოს, რომ ქალს აშკარად გაუმართლა, სასიკვდილოდ რომ არ დაიჭრა. როგორც თავად ამბობდა, ჭრილობა შემთხვევით, მაკრატლით მიიყენა, მაგრამ ექიმებმა მილიციაში მაინც დარეკეს. ექსპერტმა ჭრილობის დანახვისთანავე თქვა, ასე თავად ვერ მიიყენებდა ჭრილობას, სხვანაირი ჭრილი აქვს და რაც მთავარია, მაკრატლით კი არა, დანით არის მიყენებულიო. ქალი მკაცრად დაკითხეს და მანაც ტირილით თქვა, ჩემმა სიყვარულმა თამაშის დროს მომაყენა, გთხოვთ, არ დაიჭიროთო.

60 წელს მიტანებული ქალის სიყვარული კი 22 წლის და უკვე ნასამართლევი ბიჭი აღმოჩნდა, რომელიც მას ოქროულს სთხოვდა, „თავანის“ ჩასაბარებლად.

ეჭვმიტანილი ქალის სახლშივე დააკავეს, გაასამართლეს და სამი წლით ციხეში გაისტუმრეს. ამ ისტორიაში წერტილის დასმა შეიძლებოდა, თუმცა...

„ამ ამბიდან ორ წელზე მეტი იყო გასული. მაშინ გადაწყვიტეს, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა პატიმრებსაც უნდა მიეღოთ და ისინი, რომლებიც თანახმა იყვნენ, რომლებსაც მსუბუქი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი ან ცოტა დრო იყო დარჩენილი სასჯელის მოსახდელად, ქალაქში გამოჰყავდათ, ქუჩებსა და სკვერებს ასუფთავებინებდნენ. ერთი შეხედვით, ყველაფერი ეს, ლამაზად და სასარგებლოდ ჩანდა, ქუჩაში გამოსულ პაატიმრებს ოჯახის წევრები ნახულობდნენ, ეფერებოდნენ, ისინიც პირობას დებდნენ, გამოვსწორდებით, ცოტა დარჩა და დაგველოდეთო. ასე მარტივად ჩანდა ყველაფერი, მაგრამ მერე და მერე ყურადღება მოდუნდა და სამ პატიმარს ერთ ბადრაგს უტოვებდნენ ხოლმე. ჰოდა, ერთხელაც, ამ სამიდან ორი პატიმარი გაიქცა. მათ ბადრაგი გაკოჭეს და წვიდნენ. ერთ-ერთს სამი თვე ჰქონდა დარჩენილი, მეორეს - ოთხი და მაინც გაიქცნენ. ლოგიკაში, რა თქმა უნდა, მათი საქციელი არ ჯდებოდა, მაგრამ რა უნდა გვექნა? - ძებნა გამოვაცხადეთ და ანალოგიური ღონისძიებებიც დროებით შეწყდა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

გაქცეულებიდან ერთ-ერთი, სწორედ ის ბიჭი იყო, რომელმაც ორი წლის წინ, ქალი დაჭრა. ამიტომ, ოპერმუშაკები, პირველ რიგში, სწორედ ამ ქალის სახლთან მივიდნენ, რადგან ციხეში ყოფნის მიუხედავად, მათ ურთიერთობა არ შეუწყვეტიათ, უფრო სწორედ, ის ქალი წერდა წერილებს. გაჩხრიკეს მათი საკანიც, დაკითხეს თანასაკნელები და ერთი საინტერესო დეტალიც გაირკვა - ბიჭი ქალის მიწერილ წერილებს არც კი კითხულობდა, უბრალოდ, უჯრაში ყრიდა. სამართალდამცავებმა წერილები ამოიღეს და ყველგან, პრაქტიკულად, ერთი და იგივე ეწერა, როგორ უყვარდა ქალს, როგორ ელოდა, ბოდიშებს უხდიდა, რომ მის გამო, ციხეში მოხვდა, რომ ექიმთან არ უნდა წასულიყო და ჭრილობა თავად უნდა დაემუშავებინა და ნაკერებიც თავადვე დაედო. საინტერესო ის იყო, რომ მეორე გაქცეულიც ციხეში ქალის გამო იყო მოხვედრილი. მას გოგო უყვარდა, გოგო სხვაზე გათხოვდა და ქორწილში ამან ჩხუბი ატეხა - სიძეს თავში შამპანურის ბოთლი ჩაარტყა, ბოთლის ნატეხი გოგოს დაუსვა სახეზე და ამის გამო, გაასამართლეს.

მოკლედ, ოპერმუშაკები ორივე სახლთან მორიგეობდნენ, პარალელურად, სხვაგანაც ეძებნდნენ, მაგრამ გაქცეულები თითქოს ცამ ჩაყლაპა, ვერაფერი გაიგეს. არადა, ასეთ დროს, ცხელ კვალზე თუ არ დააკავებ, შემდეგ უკვე ძნელია ძებნა, რადგან ისინი, მინიმუმ, ორი თვე რომელიმე ბინაში მშვიდად იცხოვრებდნენ და შემდეგ დაიწყებდნენ მოძრაობას, როცა სამართალდამცავები ყურადღებას მოადუნებდნენ.

გაქცევიდან მესამე დღეს, მილიციის განყოფილებაში ტაქსის მძღოლი მივიდა და თქვა, რომ ორმა პიროვნებამ წაყვანა სთხოვა, შემდეგ ის დანის მუქარით მანქანიდან გადაიყვანეს, ხელები შეუკრეს და დუშეთისკენ მიმავალ გზაზე დატოვეს. მისი აღწერით მილიცია მიხვდა, რომ საქმე სწორედ ორ გაქცეულთან ჰქონდა. გადაამოწმეს მათი კავშირები და გაარკვიეს, რომ დუშეთში ნათესავებ-ნაცნობები არცერთს ჰყავდა, ყოველ შემთხვევაში, ისეთი, ვისთანაც მივიდოდნენ და გაჩერდებოდნენ, არც თანასაკნელები ჰყოლიათ დუშელები. მაშინ, რა უნდოდათ დუშეთში?

მანქანა მალე იპოვეს, რომელშიც ბენზინი აღარ იყო და გზის პირას ეგდო. გაქცეულებს არც თითის ანაბეჭდების წაშლა უცდიათ, რაც სამართალდამცავებს მოეწონათ. ისინი მიხვდნენ, რომ გაქცეულებმა იცოდნენ, მძღოლი რომ მიახვედრებდა, ვისთან ჰქონდათ საქმე და რაც მთავარია, არ ეცადნენ მის მოკვლას,  თუმცა ეს იყო ერთადერთი გამოჩენა გაქცევის შემდეგ და მომდევნო სამი თვის განმავლობაში, მათ შესახებ მილიციამ ვერაფერი გაიგო.

გამოითქვა ვარაუდი, რომ გაქცეულებმა ქვეყანაც დატოვეს და სხვა რესპუბლიკაში გადავიდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი ცნობა არ არსებობდა. ქალების სახლიდან ოპერმუშაკებიც მოიხსნენ, რადგან არაფერი მიანიშნებდა, რომ ისინი ქალებზე შურისძიებას აპირებდნენ.

როგორც ჩანს, თავის გადარჩენა სურდათ, მაგრამ...

„ერთ რამეს ზუსტად ვხვდებოდი - ორივე გაქცეული ამ ნაბიჯზე კონკრეტული მიზეზით წავიდა, რადგან 3 და 4 თვე არ არის ის „სროკი“, გაქცევაზე რომ იფიქრო. მიზეზს ვერ ვხვდებოდი, მაგრამ რაღაც რომ ჰქონდათ ჩაფიქრებული და ამ რაღაცას განახორციელებდნენ, ვიცოდი“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

მალე, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დანაშაული მოხდა: მცხეთაში, ერთ-ერთ სასადილოში, მილიციის ნასვამი სერჟანტი ორმა ახალგაზრდამ გალახა, შემდეგ კი ქუდი და მილიციის პიჯაკი გახადეს და გაიქცნენ. პიჯაკის ჯიბეში მილიციის მოწმობაც იდო და მაშინ მისი დაკარგვა ტაბელური იარაღის დაკარგვის ტოლფასი იყო. მებუფეტე ამტკიცებდა, წინასწარი განზრახვა არ ყოფილა, ის ბიჭები მორიდებულად ისხდნენ, თავისთვის ჭამდნენ, ეს აუშარდა, გინდა თუ არა მეცნობით და საიდანო?! მთვრალმა სერჟანტმა ვერ გაიხსენა, საიდან ეცნობოდა ახალგაზრდები, მაგრამ მეორე დღეს, როცა სამსახურში მივიდა, აყვირდა - ესენი იყვნენო და ხელი ძებნილების დაფისკენ გაიშვირა. მან თავდამსხმელებში სწორედ ის ორი გაქცეული ამოიცნო. მებუფეტე ახლიდან დაკითხეს და გაიხსენა, რომ ბიჭები იმავე სასადილოში, დაახლოებით, ორი კვირის წინაც იყვნენ, მაშინაც უხმოდ და მოკრძალებულად ჭამეს და წავიდნენ. სამართალდამცავებმა მცხეთისა და მიმდებარე სოფლების ფრთხილი ჩხრეკა დაიწყეს, მებუფეტე გააფრთხილეს, თუ კიდევ მოვლენ, მაშინვე დარეკეო, მაგრამ შედეგი ვერც ამან გამოიღო.

კიდევ ორი თვე ისე  გავიდა, გაქცეულების კვალს ვერ მიაგნეს, მაგრამ ისინი თავად გამოჩდნენ - ჯერ გოგოს დახვდნენ ქუჩაში და სახეში მჟავა შეასხეს, შემდეგ კი იმ ქალთან მივიდნენ, შვილიშვილის ტოლ ბიჭს სიყვარულს რომ ეფიცებოდა, გაძარცვეს და სასტიკად სცემეს. მისი ბინიდან ოქროული და შავი დღისთვის გადანახული 700 მანეთი წაიღეს. ეს უკვე სერიოზული დანაშაული იყო, მაგრამ ორივე შემთხვევა ისე მოკლე დროში და იმდენად პროფესიონალურ დონეზე მოხდა, რომ სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე საქმის გახსნა ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, საქართველოს მთელი მილიცია ფეხზე დადგა და გაქცეულების ძებნამ ინტენსიური ხასიათი მიიღო.

„ვხვდებოდი, რომ მათ ჰქონდათ ბინა, სადაც თავს მშვიდად გრძნობდნენ. ამიტომ, მცხეთისა და დუშეთის შემოგარენში, ყველა სოფლის უბნის ინსპექტორი გამოვკითხეთ, ვინმე უცხო ხომ არ გამოჩნდა მათთან, ან ვინმე მიტოვებულ სახლში ხომ არ დასახლდა, მაგრამ უარი მივიღეთ. ტერიტორია ვერტმფრენითაც დავათვალიერეთ, ხომ არ ჰქონდათ გაქცეულებს ტყეში რამე ხუხულა და საეჭვო მხოლოდ მეტყევის სახლი ვნახეთ. იქამდეც მივედით და მივხვდით, გაქცეულების ბუნაგს მივაგენით, თუმცა ალბათ, ვერტმფრენმა დააფრთხო და ისინი იქ აღარ დაგვხვდნენ. სამაგიეროდ, კონსერვის ქილები და მათი ანაბეჭდები აშკარად მიუთითებდა, რომ ამ ხნის განმავლობაში, სწორედ აქ იმალებოდნენ“, - გვიყება ბატონი თენგიზი.

რადგან გაქცეულებს მშვიდი ბინა აღარ ჰქონდათ, ახალი თავშესაფრის ძებნა დაიწყეს და მალევე დააკავეს. ქალაქის გარუბანში გასაქირავებელი მყუდრო ბინების მეპატრონეთა აბსოლუტური უმრავლესობა სამართალდამცავებთან იყო შეკრული და ყველა საეჭვო პირზე ინფორმაციას აწვდიდა. ჰოდა, სწორედ ასეთი ინფორმაციის საფუძველზე მოხდა მათი აყვანა. დაკითხვისას კი გაირკვა, რომ მთელი „სროკის“ განმავლობაში, ორივე მათგანს ქალების სიძულვილი აწუხებდა, ისინი ციხეში მოხვედრას სწორედ ქალებს აბრალებდნენ და შურისძიებისთვის ემზადებოდნენ. სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ დარჩენილი მცირე ვადაც ვერ მოიცადეს, გაიქცნენ, მანამდე კი ყველაფერი დაგეგმეს და განახორციელეს კიდეც.

სასამართლომ გაქცევისა და ჩადენილი დანაშაულების გათვალისწინებით, მათ 10-10 წელი არ დაამადლა.