„ჩაიხადა, ჩაჯდა“ ანუ როგორ აწამებდნენ „ნაცების“ დროს პატიმრებს სასამართლოში გადაყვანისას - რატომ გააპროტესტა სააკაშვილმა პროცესის გვიან დაწყება

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 „სასამართლო დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე, სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით. ეტყობა, თქვენ ბევრი დრო გაქვთ, მე არ მაქვს ბევრი დრო“, - ეს არის ფრაზა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 2 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე წარმოსთქვა. რაღა თქმა უნდა, მას მხარი ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც აუბეს, აქაოდა, რა ამბავია, სასამართლოზე სამი საათით ადრე მოყვანაო და... უნამუსოები ხართ, ბატონებო! სინდის და ნამუს გარეცხილები და ახლავე დაგისაბუთებთ, რატომ. მოგიყვებით, წინა ხელისუფლების დროს, როგორ მიჰყავდათ პატიმრები სასამართლოში, ხოლო სასამართლოდან - ციხეში და საერთოდ, რას მოიცავდა ეს პროცედურა. ეს იცის ყველა პატიმარმა და ეს იცოდა ყველა, აბსოლუტურად ყველა მაღალჩინოსანმა ნაციონალმა. რატომ იცოდა? - იმიტომ, რომ თუ შემთხვევით, მათი ნაცნობები ისხდნენ, ისინი ამ ჯოჯოხეთს არ გადიოდნენ და სასამართლოში ჩვეულებრივი „ნივით“ მიჰყავდათ, დანარჩენები კი...

 

არ არსებობს პატიმარი, რომელიც ნაციონალების დროს, გლდანის ციხეში მოხვდა და რომელმაც ყველაფერი ეს ასი პროცენტით, ვიმეორებ, ასი პროცენტით არ დაადასტუროს! მაშ ასე, სააკაშვილმა გააპროტესტა სასამართლოში სამი საათით ადრე მიყვანა და ახლა გიამბობთ, რა ხდებოდა მაშინ, როცა ის საქართველოს პრეზიდენტი იყო.

საღამოს, ციხის შემოვლის დროს, იმ პატიმრებს, რომლებსაც მეორე დღეს სასამართლო ჰქონდათ, ზედამხედველები აფრთხილებდნენ, რომ მზად ყოფილიყვნენ და ღამის სამ საათზე, საკნიდან გაიყვანდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ საათი არცერთ კამერაში არ იყო, სასამართლოზე წასასვლელი პატიმარი იძლებული იყო, არ დაეძინა და დალოდებოდა შუაღამის 03.00 საათს. რაც მთავარია, იმ დროს კარს პირდაპირ აღებდნენ ანუ ჩაცმული უნდა ყოფილიყავი. მძინარე და ჩაუცმელ პატიმარს, უბრალოდ, სცემდნენ. საკნებიდან გაყვანილ პატიმრებს აყენებდნენ ეზოში და მნიშვნელობა არ ჰქონდა ამინდს, წვიმდა თუ ქარი იყო, თოვდა თუ ყინავდა. პატიმრები იდგნენ და ელოდნენ, სანამ ყველა წასაყვანს არ გამოიყვანდნენ საკნებიდან. ეს პროცესი, დაახლოებით, ერთი საათი გრძელდებოდა და თუ წვიმა იყო, სასამართლოზე წასაყვანი პატიმრები თავიდან ბოლომდე სველდებოდნენ.

ეზოდან პატიმრები „ფუქსებში“ ჩაჰყავდათ და 12 კვადრატულმეტრიან ოთახში აყენებდნენ 30-30 კაცს. იქ პატიმრები დილის 07.00 საათამდე იმყოფებოდნენ და რაც მთავარია, „ფუქსებში“ აკრძალული იყო სიგარეტის მოწევა ანუ სასამართლოზე წამსვლელ პატიმარს არ უნდა ჰქონოდა სიგარეტი და... ცხვირსახოციც კი. ვისაც სიგარეტს უპოვნიდნენ, სცემდნენ. დილის 07.00 საათზე, შიდა ბადრაგს პატიმრები გაჰყავდა გარე ბადრაგთან და იქ იწყებოდა პროცედურა „ჩაიხადა, ჩაჯდა“ ანუ ამოწმებდნენ, რომელიმე პატიმარს უკანა ტანში ხომ არ ჰქონდა რაიმე ნივთი დამალული.

13-ჯერ გახლდით სასამართლოზე გლდანის ციხიდან და ამ ხნის განმავლობაში, ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე პატიმრისთვის უკანა ტანში რამე ენახოთ, არც სხვებისგან გამიგია, ოდესმე, რამე აღმოეჩინოთ, მაგრამ ეს იყო შეურაცხყოფის, დამცირების ერთ-ერთი ფორმა და ხომ ხვდებით, რა დაემართებოდათ, მაგალთად, 60-70 წლის ადამიანებს, როცა მათ ამის გაკეთებას აიძულებდნენ. არცთუ იშვიათად, „ჩაიხადა, ჩაჯდა“ კონკრეტული პატიმრისთვის უსაშველოდ გრძელდებოდა და მას, ჩახდილს, ათჯერ და ოცჯერ აბუქნინებდნენ. პროტესტი ცემით ისჯებოდა.

ამის შემდეგ, პატიმრები აჰყავდათ ე.წ. ვარონკებში. პატიმრების გადასაყვანი თანამედროვე მანქანები სააკაშვილმა ამაყად წარუდგინა საზოგადოებას, თუმცა ის კი არ უთქვამს, რომ თითო „კუზაოში“, 8 პატიმრის ნაცვლად, 24 კაცს ტენიდნენ და სუნთქვა თითქმის შეუძლებელი იყო. მარტივად განსაზღვრეთ, რა მოუვიდოდა 24 ადამიანს, რომლებსაც ჰაერი მანქანის ჭერზე დამაგრებული „პოლ დიუმ“  მილიდან შესდიოდათ და ამ დროს, გარეთ 35 გრადუსი სიცხე იყო? მზე თუნუქს ახურებდა და იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდა. ზაფხულში, სასამართლოზე მიყვანილი პატიმრები, თავიდან ბოლომდე გაოფლიანებულები, სველები ჩამოდიოდნენ მანქანებიდან და ვინმეს გული რომ შეწუხებოდა, მანქანას არ აჩერებდნენ, კანონით აკრძალულიაო. მაქსიმუმ, რვის ნახევარზე, „ვარონკების“ კოლონა სასამართლოსკენ მიდიოდა და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ადგილზე 40 წუთში იყო, ძირითადად კი, ნახევარ საათს ანდომებდნენ ანუ ცხრის ნახევარზე, ყველა პატიმარი, რომელსაც სასამართლო ჰქონდა, გლდანის ციხიდან დიღომში, საქალაქო სასამართლოს სარდაფში იმყოფებოდა.

ჰო, იქ იდგნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, რომლებსაც ევალებოდათ კონტროლი, ყველა პატიმარს მიეღო „პაიოკი“ ანუ ცელოფანში ჩადებული პურის 4 ნაჭერი, 2 ცალი სოსისი, ნახევრად უმი ბრინჯი და 200-გრამიანი წვენი. სასამართლოზე მიყვანილ თითო პატიმარს ოფიციალურად ერგებოდა ერთი კოლოფი სიგარეტი, მაგრამ იქაურ „ფუქსებში“ განაწილებულ პატიმრებს, მაქსიმუმ, 10 ღერ „ასტრას“ აძლევდნენ ანუ წარმოიდგინეთ, 30-40 პატიმარი და 10 ღერი სიგარეტი. ყველაზე მთავარი, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ პატიმარს როდის ეწყებოდა სასამართლო - დილის 11-ზე, თუ საღამოს 6-ზე, გლდანის ციხის ბადრაგი მხოლოდ ერთ რეისს ახორციელებდა სასამართლოში და მათ, ვისაც საღამოს ჰქონდა პროცესი, 8-9 საათი მოცდა უწევდა უშუალოდ დიღმის სასამართლოს სარდაფში, თორემ ის, რომ ღამის სამ საათზე იყო ყველა პატიმარი წამოყრილი, ცალკე თემაა.

„ფუქსებში“, სადაც პატიმრები იყვნენ, კედელზე დიდი ასოებით ეწერა - „ქურდების დედაც“... როცა პატიმრები შეჰყავდათ, აკითხებდნენ ამ წარწერას და აფრთხილებდნენ, თუ ვინმე წაშლიდა, არ იკითხავდნენ, ვინ და რატომ, უბრალოდ, „ფუქსებში“ მყოფ ყველა პატიმარს სასტიკად სცემდნენ. ერთადერთხელ იყო წარწერის წაშლის მცდელობა, რის შემდეგაც 30 პატიმარი ისე სცემეს, რომ შვიდი მათგანი უკან, გლდანში წაიყვანეს, რადგან სასამართლოზე, იმ მდგომარეობაში, უბრალოდ, ვერ გამოაჩენდნენ, ადვოკატს კი უთხრეს, რომ პატიმარმა პროცესზე წამოსვლაზე უარი თავად განაცხადა.

დიღმის სასამართლოს სარდაფში არსებულ „ფუქსებში“ არ იყო... საპირფარეშო ანუ თუ ტუალეტი გინდოდა, უნდა დაგეძახა ოფიცრისთვის, რომელიც ჯერ საჯაროდ და სახალხოდ გაგინებდა, მერე იტყოდა, რომ დაახლოებით, ნახევარ საათში წაგიყვანდა და ეს ნახევარი საათი, შეიძლება, ერთი საათიც გაგრძელებულიყო. საპირფარეშოში წასვლა და მოსვლა დანარჩენი ოფიცრების გინებისა და პანჩურების ფონზე ხდებოდა.

უკან პატიმრების დაბრუნება იგივე გზით ხდებოდა ანუ ის პატიმარი, რომელსაც პროცესი დილის 11-ზე ჰქონდა, იძულებული იყო, დალოდებოდა მას, რომელსაც პროცესი საღამოს 5-ზე ან 6-ზე ჰქონდა ჩანიშნული და დალოდებოდა იმ „ფუქსებში“, რომლებიც ზემოთ აღვწერეთ.

უკანა გზა ისევ ჯოჯოხეთურ სივიწროვეში, ამის შემდეგ, გლდანის ციხის „ფუქსებში“ გატარებული კიდევ ერთი საათით გრძელდებოდა. თუ რომელიმე პატიმარი გაბედავდა და სასამართლოზე პროკურორს, ან მოსამართლეს სიტყვას შეუბრუნებდა, გლდანის ციხეში სასტიკად და დაუნდობლად ცემა არ ასცდებოდა, რათა მომდევნო სასამართლოზე, პატიმარი თვინიერი ყოფილიყო და ჩუმად მჯდარიყო.

საკანში დაბრუნებულ პატიმარს არ ხვდებოდა იმ დღის „პაიოკი“ ანუ საჭმელი, რადგან მასზე გათვლილ საკვებს, რაც ზემოთ გითხარით, დიღმის სასამართლოს სარდაფში იღებდა. შესაბამისად, მას თანასაკნელები უნახავდნენ საკვებს, სხვაგვარად, იმ დღეს შიმშილისთვის იყო განწირული...

წეღან ვახსენე, რომ ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებმა ყველაფერი ეს, ძალიან კარგად იცოდნენ და ახლობელი პატიმრები „ნივით“ გადაჰყავდათ - ჩასვამდნენ „ნივის“ უკანა სავარძელზე პატიმარს, აქეთ-იქიდან ბადრაგი და წავიდა. გზაში, ხაჭაპურისთვის გაჩერებაც „მოსული პონტი“ იყო და უკანა გზაზე, ოჯახის წევრები მწვადს თუ შეაწოდებდნენ და ბადრაგიც გამოძღებოდა - ეგეც.

ჰოდა, ახლა რომ ამბობთ რა წესია, სამი საათით ადრე რომ მიიყვანეთ ეს კაციო, დარწმუნებული ვარ, „ჩაიხადა, ჩაჯდა“ არ ჰქონია, არც დედის გინებით გამოჰყავთ და შეჰყავთ საკანში. ჰოდა, ეს მაინც შეირგეთ, რა!

 

P.S. ორი შემთხვევა იყო, როცა გლდანის ციხიდან სასამართლომდე გადაყვანის დროს, პატიმარი გარდაიცვალა და ორივე შემთხვევაში - გულით!