რა სტატუსით ნახულობს ლიზა იასკო მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს - რატომ არის ექსპრეზიდენტი პრივილეგირებული ტუსაღი და იყვნენ თუ არა „ნაცების“ დროს პრივილეგირებული პატიმრები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი არა მარტო ქართული, არამედ, უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშია. განსაკუთრებული პატიმრის სტატუსი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მოქმედმა პრეზიდენტმაც კი მიანიჭა, როცა თქვა, მიშას განსაკუთრებით უნდა მოეპყრანო. ამასვე ითხოვენ დასავლელი პარტნიორებიც, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის აზრი ორადაა გაყოფილი - მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი განსაკუთრებულ მოპყრობას იმსახურებს, დანარჩენებს კი ეს აღიზიანებთ. და მაინც, ვინ არიან განსაკუთრებული პატიმრები და იყო თუ არა განსაკუთრებული მოპყრობა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, რომელიმე პატიმრის მიმართ? გაგიკვირდებათ და, იყო. შევეცდებით აგიხსნათ, ვის და რატომ ეპყრობოდა პატივით წინა ხელისუფლების დროს ციხის ის რეჟიმი, რომელიც საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი გახლდათ.

 გლდანის ციხის დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე დღემდე იძებნება. მის სახელთანაა დაკავშირებული არა მარტო პატიმრების წამება, არამედ, რამდენიმე გახმაურებული გარდაცვალებაც. მუხაძე პირადად ესწრებოდა პატიმრების წამებას, პირადად ხელმძღვანელობდა კარანტინის დაშლას და სწორედ მისი მითითების შემდეგ ხდებოდა ადამიანებზე შურისძიება ანუ მუხაძეს ჰქონდა დავალება, სწორედ მან იცოდა, ვისთვის ბევრი უნდა მოერტყათ, ვისთვის - ცოტა და ვის საერთოდ არ უნდა შეხებოდნენ. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ გლდანის ციხეში, მუხაძის დირექტორობის დროს, მისი ალალი ძმაც იჯდა. ჰო, მისი ძმა, რომელიც იმავე მუხაძის მითითებით დააკავეს და მისივე თხოვნით, სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მუხაძის ძმასთან ერთად დააკავეს და იგივე სასჯელი მისცეს კიდევ ერთი ცნობილი პიროვნების ძმას. ეს პიროვნება ახლა ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ახლადარჩეული მერია და „ოცნების“ გუნდის წევრად ითვლება, თუმცა მაშინ ნაციონალებს უჭერდა მხარს. ორივე დაკავებული ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი იყო და იმის გამო, რომ ოჯახებმა ვვერაფერი მოუხერხეს, მიიღეს გადაწყვეტილება, დაეკავებინათ და „ლომკა“ და წამალი ერთნაირად, სწორედ გლდანის ციხეში გადაეგდოთ. რა თქმა უნდა, მათთვის ხელი არავის დაუდია და ნებისმიერ დროს, ყოველგვარი გაფორმებისა და ჩხრეკის გარეშე, მათთან შესვლა ოჯახის წევრებს შეეძლოთ და შედიოდნენ კიდეც. მათთვის გარედან მოჰქონდათ საკვები (რაც გლდანის ციხეში ოფიციალურად აკრძალულია) და ყველა დღესასწაულზე განსაკუთრებული სუფრა იშლებოდა.

ხელს არ აკარებდნენ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც დაკავების შემდეგ, მზად იყვნენ საპროცესო გარიგებისთვის. ისინი უზარმაზარ თანხას იხდიდნენ, როგორც ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე კონკრეტული ჩინოვნიკების ანგარიშებზე და ამიტომ, მათთვის ცემა-ტყეპა უცხო ხილი იყო. ასეთი პატიმრებისთვის გლდანის ციხის ხელმძღვანელობას E კორპუსი ჰქონდა შერჩეული, კორპუსი, რომელიც ადმინისტრაციის წინ მდებარეობდა და ამრიგად, ორივე მხარე მშვიდად იყო. იმ ბიზნესმენებისგან სარგებელს რიგითი ოფიცრებიც ნახულობდნენ, „ჯიგრულად“ სთხოვდნენ, რომ რაღაცები სჭირდებოდათ და დაკავებულებიც „ჯიგრულად“ ეხმარებოდნენ. მაგალითად, ერთი ტონა ხორბალი, ან სიმინდი, ან ცოლის დაბადების დღისთვის რომელიმე რესტორანში სუფრის გაწყობა. ჰო, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და სამაგიეროდ, ბიზნესმენებმაც იცოდნენ, რომ წიხლებით არავინ შედგებოდა.

გლდანის ციხის ხელმძღვანელობა ერიდებოდა ისეთი პატიმრების ცემას, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებულნი და რომლებთანაც უცხო ქვეყნის ელჩები, ან უცხო ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დადიოდნენ.

აი, ადგილობრივ არასამთავრობოებსა და სახალხო დამცველის აპარატის წევრებს საერთოდ არ ითვალისწინებდნენ. იყო არაერთი შემთხვევა, როცა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა პატიმრების ყოფა გააპროტესტა და მასაც გვარიანად წაუთაქეს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდებოდა, როცა სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში გახდა. ომბუდსმენად მისი დანიშვნის შემდეგ, მისი წარმომადგენლები, უბრალოდ, გლდანის ციხის ოფიცრების ხელქვეითები გახდნენ და საკმარისი იყო, რომელიმე მათგანისთვის წერილი გადაგეცა, რომელიც წესით, მას ომბუდსმენისთვის უნდა მიეტანა, მუხაძის კაბინეტში მიჰქონდა და შემდეგ ამ წერილის ავტორებს საკუთარი ნაწერის შეჭმა უწევდათ. ის, რაც არცთუ დიდი ხნის წინ ვნახეთ, როგორ აჭმევს მუხაძე ერთ-ერთ პატიმარს მის მიერვე დაწერილ ჩვენებას, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი იყო და პატიმრებს მათ მიერ დაწერილ ჩვენებებს, რომელიც მუხაძეს არ მოსწონდა, ან არ აწყობდა, ძალით აჭმევდნენ.

ცემა-ტყეპასა და კარანტინის ჯოჯოხეთს არ გადიოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ეს განსაკუთრებულად ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ეხებოდათ. იყო შემთხვევა, როცა ცოლის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოში შვეიცარიის მოქალაქე დააკავეს და რადგან დანაშაული შვეიცარიაში ჰქონდა ჩადენილი, მისი ექსტრადიციაც მოხდა. ჰოდა, შვეიცარიაში ჩასულმა წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, ქართული ციხე შვეიცარიისას ბევრად სჯობსო და იქ მოპყრობაც უკეთესი გახლავთო. ხომ ხვდებით, რა სცენარი დაუდგეს და რა ანახეს იმ კაცს, რომ ქართული ჯოჯოხეთიდან შვეიცარიის ციხეში წასულს, აქაურობა მოენატრა.

რაც შეეხება მნახველებს, როგორც გლდანის ციხეში, ისე ზოგადად, სასჯელაღსრულების ნებისმიერ დაწესებულებაში, პატიმრის ნახვისა და საუბრის უფლება (დაჯავშნული ფანჯრიდან, ტელეფონის მეშვეობით) მხოლოდ ოჯახის წევრებს ჰქონდათ და ეს მკაცრად იყო გაწერილი. ოჯახის წევრებად ითვლებოდნენ მშობლები, დედ-მამიშვილები, შვილები, მეუღლე და... მეტი არავინ. არც ბებია და ბაბუა, არც - ბიძა და მამიდა, ბიძაშვილ-მამიდაშვილებზე ხომ ზედმეტია საუბარი. პატიმრებთან შესვლა ნებისმიერ დროს შეეძლოთ უცხო ქვეყნების ელჩებს, დეპუტატებს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს, ადვოკატს, გამომძიებელსა და პროკურორს, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ადვოკატებს უბრალოდ, არ უშვებდნენ. ასევე, არცთუ იშვიათად იყო, როცა არ უშვებდნენ უცხო ქვეყნის ელჩებს, რომლებსაც ეუბნებოდნენ, რომ პატიმარი შიმშილობს და იზოლაციაშია. ამ დროს კი პატიმარი კი არ შიმშილობდა, უბრალოდ, ნაცემი იყო და ყველაფერი სახეზე ეტყობოდა.

მას შემდეგ, რაც გრძელვადიანი პაემნები შემოიღეს, პატიმრების დიდი ნაწილი ცდილობდა მეგობარი გოგონას შეყვანას, მაგრამ ადმინისტრაციის პასუხი უკმაცრესი იყო - ან ქორწინების მოწმობა, ან არანაირი გოგონა. ამიტომ, მაშინ არაერთმა პატიმარმა სასწრაფო წესით იქორწინა და ექვს თვეში ერთხელ (გრძელვადიანი პაემანი სწორედ ამ პერიოდში იყო შესაძლებელი), მცირე ნირვანას იწყობდა. ეს მხოლოდ „ზონაზე“, ციხეში ესეც გამორიცხული იყო. შესაბამისად, გაუგებარია, რა სტატუსით შედის მიხეილ სააკაშვილის სანახავად ლიზა იასკო. შესაძლოა, ვინმე შეგვედაოს, უკრაინის დუმის დეპუტატიაო, მაგრამ ქართულ კანონმდებლობაში არ წერია, რომ უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრს უფლება აქვს, საქართველოში, პატიმრის სანახავად დაუბრკოლებლად შევიდეს. გამოდის, ამ მიმართულებით, პენიტენციალური სამსახური, უბრალოდ, თვალს ხუჭავს, მაგრამ ცუდია, როცა ეს ერთი პატიმრის გამო ხდება, რადგან ასეთი ქმედება სხვებს ძალიან აღიზიანებს.

ზოგადად, კონკრეტული პატიმრების პრივლეგია დანარჩენებს აღიზიანებს და ეს გაღიზიანება იმდენად დიდია, ხშირად, თავისუფლებაზე გრძელდება. ასე, მაგალითად, ზონის „მაყურებელი“, რომელიც იმავე ზონის დირექტორის ნათლული იყო და რეალურად, პატიმრის კი არა, ადმინისტრაციის ინტერესებს იცავდა, „სვაბოდაზე“ მისგან უსამართლოდ დაჩაგრულმა პატიმრებმა ნახეს და ყური მოაჭრეს. შურისძიება განხორციელდა სხვა პატიმრებზეც, რომლებმაც პრივილეგია სხვების დასაჩაგრად გამოიყენეს, ხოლო ისინი, რომლებიც უბრალოდ, პრივილეგირებულები იყვნენ და სხვებს არაფერს უშავებდნენ, თავისუფლებაზეც არავინ არაფერი მოიკითხეს. ეგ კი არა და, ანზორ ქოქოლაძემ („ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი), ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე პატიმარი დაასაქმა და ორ მათგანს უნივერსიტეტში სწავლის საფასურიც გადაუხადა.

ასეა თუ ისე, სააკაშვილი რჩება ყველაზე პრივილეგირებულ პატიმრად, რადგან მას ექიმები თავისუფლებიდან ეხმარებიან (ესეც, პრაქტიკულად, უპრეცედენტოა), მასთან შედიან ადამიანები, რომლებსაც ამის უფლება არ აქვთ. წესითა და რიგით, პირველი სარეაბილიტაციო ეტაპის გასვლის შემდეგ, ის ციხის საავადმყოფოში უნდა დააბრუნონ, მაგრამ როგორც გვეუბნებიან, რამდენიმე თვე, სწორედ გორის ჰოსპიტალში იქნება, თუმცა ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოუწევს ციხეში დაბრუნება და იქიდან გამოსვლის მხოლოდ ორი გზა არსებობს - სასჯელის სრულად მოხდა ან პრეზიდენტის შეწყალება, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, არა და არასდროსო.