კახეთში 83 წლის ქალი გაუპატიურების დროს მოკლეს - 20 წლის სერიული მანიაკის აღსარება

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 ბოლო წლებში უცნაურ დანაშაულებს მივეჩვიეთ. არასრულწლოვანთა გაუპატიურება და მკვლელობა, ახალგაზრდებს შორის გარჩევები და ისევ მკვლელობა, ნაცემი არასრულწლოვნების წყალში გადაგდება და სასიკვდილოდ გამეტება... ისე ჩანს, თითქოს სახე დავკარგეთ, თითქოს ადამიანების გარდაცვალებამ ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო და სტატისტიკად იქცა. მივეჩვიეთ სოციალურ ქსელში დატირებას და მომხდარიდან რამდენიმე საათში, სხვა თემებზე ღლიცინს, თუმცა სასტიკი დანაშაულები ადრეც ხდებოდა, მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა არავინ საუბრობდა და მაშინ, როცა არც ინტერნეტი იყო, არც - მობილური ტელეფონი და არც - ამდენი ტელევიზია, სისასტიკე იოლად იჩქმალებოდა.

 80-იანი წლების დასაწყისში, აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში, თბილისთან ძალიან ახლოს, უცნაური დანაშაული მოხდა. საკუთარ სახლში, 83 წლის ქალი მოკლეს, თუმცა მკვლელობაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ ქალი გაუპატიურებული იყო. ექსპერტების დასკვნით, ქალი გაუპატიურების პროცესში მოკლეს, რაც უფრო მეტ გაკვირვებას იწვევდა. პირველი ის, რომ 83 წლის ქალის გაუპატიურება თავისთავად ანომალია იყო და მეორე - გაუპატიურების პროცესში მკვლელობა დამნაშავის ფსიქიკურ გადახრაზე მიუთითებდა. გვამს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მხოლოდ ერთ, მარცხენა მხარეს ჰქონდა ანუ როცა მკვლელი აუპატიურებდა, თან მარჯვენა ხელით გულის არეში აყენებდა ჭრილობებს.

„საქმეს საიდუმლო გრიფი მაშინვე დაედო, რადგან ოფიციალურად, სსრკ-ში, მაანიაკები არ გვყავდა. ეს მკვლელობა კი პირდაპირ მიუთითებდა, რომ საქმე არანორმალურთან გვქონდა, მაგრამ სისტემის წინააღმდეგ ხომ ვერ წავიდოდით? ამიტომაც, საიდუმლო გრიფი არ გამიპროტესტებია და ისე შევუდექი გამოძიებას“, -იხსენებს ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლოებით მოცულ მკვლელობას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

პირველ რიგში, სამართალდამცავებმა კარტოთეკა გადაქექეს და იმ პირებით დაინტერესდნენ, რომლებსაც ნასამართლეობა, სწორედ ასაკოვან ქალებზე ძალადობის გამო ჰქონდათ. მათგან თავისუფლებაზე ორი იყო და ორივეს ალიბი გადაამოწმეს. გამოძიებისთვის სამწუხაროდ, ორივეს მყარი ალიბი აღმოაჩნდა და ძიება სხვა მიმართულებით უნდა წასულიყო. ჰოდა, სწორედ მაშინ, როცა მილიციის თანამშრომლები აგენტურული ქსელის იმედად იყვნენ, მეორე დანაშაული მოხდა - ისევ მოხუცი ქალი, ისევ ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები, მაგრამ ამჯერად, თავდამსხმელის გარდა, ყველას გაუმართლა - ქალი გადარჩა და მეორე დღეს ჩვენების მიცემაც შეძლო. მისი თქმით, თავდამსხმელი ძალიან ახალგაზრდა, მაქსიმუმ, 20 წლის იქნებოდა და როცა აუპატიურებდა, ბოლო ხმაზე უყვიროდა მოხუცს, იმოძრავე, იმოძრავეო და გვერდში დანის წვერს ურჭობდა. დანის ჩხვლეტით მიყენებული ტკივილის გამო, ქალი იკლაკნებოდა, მაგრამ ყვირილს ვერ ახერხებდა, რადგან მოძალადეს მეორე ხელი პირზე ჰქონდა დაფარებული. შემდეგ, სტრესისა და ტკივილის გამო, ქალი გაითიშა და როცა აზრზე მოვიდა, მარცხენა ფერდიდან სისხლი სდიოდა, თავდამსხმელი კი არსად ჩანდა.

„სამინისტროში ლამის გაგიჟდნენ, ჯერ 83 წლის ბებო, ახლა 79 წლის მოხუცი... ყველა ხვდებოდა, რომ საქმე ფსიქიკურად არანორმალურ ადამიანთან გვქონდა. გადავატრიალეთ ფსიქიატრიული საავადმყოფოები და ვერაფერს მივაგენით. დამნაშავე თითქოს ცამ ჩაყლაპა. ასე გავიდა ჯერ 6 თვე, მერე ერთი წელი, მერე კიდევ ერთი წელი... აღარც დანაშაული მომხდარა და აღარც მიახლოებით, მსგავსი შემთხვევა. გვეგონა, ეს კოშმარი დასრულდა, დამნაშავე ან შემთხვევით მოკვდა, ან სხვა დანაშაულზე დავაკავეთ და არ ვიცოდით. მოკლედ, მაქსიმალურად შევეცადეთ, ეს ამბავი დაგვევიწყებინა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ორი წლის შემდეგ, იმავე რაიონში, ტყეში მაყვლის საკრეფად წასულ ქალს ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა, წააქცია, ცალი ხელი პირზე ააფარა, მეორეთი ფერდში დანით ჩხვლეტდა და... ამ დროს, 80 წელს მიტანებულმა ქალმა იმდენი მოახერხა, რომ ხელი გაითავისუფლა, იქვე მოზრდილ ქვას მისწვდა და თავდამსხმელს თავში ძალუმად ჩაარტყა ჯერ ერთხელ, მერე - მეორედ, მესამედ და... თავდამსხმელი გაიქცა, ქალმა იქვე, მოძალადის მიერ დაგდებული დანა აიღო და მილიციაში მივიდა. სამართალდამცავები მიხვდნენ - ეს მათ მიერ ძებნილი და მოუხელთებელი პირი იყო, თუმცა ახლა გამომძიებლებს ორი სამხილი ჰქონდათ - პირველი და ყველაზე მთავარი - დანა, რომელზეც თითის ანაბეჭდები იყო შერჩენილი და დრო - პირველ და მესამე დანაშაულებს შორის. ეს ნიშნავდა, რომ ძალოვნები ამ პერიოდში დაკავებულებისა და შემდეგ გათავისუფლებულების კარტოთეკას გადახედავდნენ და მიხვდებოდნენ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დამნაშავე. ამასთან, დანაც ძალიან საინტერესო ნივთი იყო - არმატურის ნაჭერზე დანის პირი იყო დადუღებული. ეს ახლაა, რომ შესაძლოა, ნებისმიერ ადამიანს შინ შესადუღებელი აპარატი ჰქონდეს, მაშინ კი ისინი მხოლოდ საამქროებში იყო და ისიც ერთეულებში. ამიტომ, გამომძიებლებმა დანა სწორედ იმ საამქროებში წაიღეს, სადაც შესადუღებელი აპარატი ჰქონდათ და ერთ-ერთი შემდუღებელი გამოტყდა - დაახლოებით, 2-3 წლის წინ გავაკეთე, პატარა ბიჭმა მთხოვა, სათევზაოდ დავდივარ და მჭირდება ხოლმეო.

სამართალდამცავთა სამწუხაროდ, შემდუღებელმა ვერც ბიჭის აღწერილობა გაიხსენა, ვერც - სახელი და ამოცნობაც გამიჭირდებაო, აღნიშნა. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ორი წლის წინ, მკვლელობა და დაჭრა სწორედ აღნიშნული დანით იყო განხორციელებული. უფრო დასანანი კი ის იყო, რომ დანის ტარსა და პირზე არსებული ანაბეჭდები კარტოთეკაში არსებული არცერთი კრიმინალისას არ დაემთხვა ანუ მოძალადის ორწლიანი გაუჩინარების მიზეზი არ იყო ციხეში ჯდომა, ის სხვა მიზეზით გაქრა.

„ფსიქოლოგებმა მისი პორტრეტი შექმნეს და აგვიხსნეს, რომ დამნაშავე ორი წელი ვერ გაჩერდებოდა, ამისთვის მას ფსიქიკური მდგრადობა არ ეყოფოდა. შესაბამისად, ის ან სხვაგან სჩადიოდა დანაშაულს, ან ისეთი გარემო ჰქონდა, სადაც ამას, უბრალოდ, ვერ ახერხებდა. ასეთი გარემო კი მხოლოდ ციხე იყო და ციხეში სავარაუდო ეჭვმიტანილი ნაჯდომი არ იყო. კარტოთეკები კიდევ ერთხელ გადავქექეთ და არა მარტო საქართველოს, არამედ, საკავშირო მასშტაბით გამოვითხოვეთ ანალოგიური დანაშაულების სტატისტიკა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

საკავშირო მასშტაბით, მსგავსი დანაშაული სულ ორი იყო - ერთი რუსეთში, მეორე - ყირგიზეთში, თუმცა ორივე შემთხვევაში, დამნაშავეები დააკავეს და ისინი სასჯელს იხდიდნენ. გამოდიოდა, რომ ქართველი მანიაკი იმ საქმეებთან კავშირში არ იყო და სწორედ აქ გაეხსნა ერთ-ერთ ოპერმუშაკს გონება. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველები თავდამსხმელის ასაკს 20 წლის ფარგლებში ასახელებდნენ, გაჩნდა ვერსია, რომ მოძალადე, უბრალოდ, ჯარში გაიწვიეს. ჯარი, საბჭოთა კავშირის დროს, ციხეს არაფრით ჩამოუვარდებოდა - დახურული და მკაცრი სისტემა, კონტროლი ყოველ წუთს და გარნიზონიდან გასვლის უდიდესი პრობლემა. დაიწყეს ჯარში მყოფი ახალგაზრდების შემოწმება და ეჭვი ერთ-ერთ მათგანზე მიიტანეს. არა იმიტომ, რომ კრიმინალური წარსული ჰქონდა, ან იმიტომ, რომ ცუდად ხასიათდებოდა, უბრალოდ, დროში ზუსტად ემთხვეოდა ყველაფერი. მისი ფოტო აჩვენეს შემდუღებელს, რომელმაც ვერც „ჰო“ თქვა და ვერც - „არა“. სამაგიეროდ, გადარჩენილმა ქალმა დაბეჯითებით განაცხადა, ეს იყოო. გამოძიებას დანაზე ანაბეჭდის გარდა, სხვა სამხილიც ჰქონდა - პირველად გაუპატიურებული და მოკლული ქალის სხეულიდან აღებული სპერმის ნიმუში. ამიტომ, ეჭვმიტანილი დააკავეს და ყველაფერი დაემთხვა. ახლა მთავარი ის იყო, რა აიძულებდა ამ ახალგაზრდას მოხუცებთან დაემყარებინა კონტაქტი.

„ჩემებს, ჩემს გარდა, შვილი არ ჰყავდათ. ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით და როცა სოფელში ბებიას სახლი დაეწვა, ისიც ჩვენთან გადმოსახლდა. მშობლები იძულებულნი გახდნენ, ერთოთახიაანი ბინა უბრალო ფარდით გადაეტიხრათ, ერთ მხარეს მე და ბებიას გვეძინა დიდ ტახტზე, მეორე მხარეს - მშობლებს. მე, 16-17 წლის ბიჭი, პერიოდულად ვისმენდი ხმებს მეორე მხრიდან, როცა ჩემი მშობლები ცდილობდნენ, მაქსიმალურად მშვიდად ეკეთებინათ ის, რასაც, როგორც წესი, თანაცხოვრების დროს, ქალი და კაცი აკეთებენ, მაგრამ თუ მამა ნასვამი იყო და ეს არცთუ იშვიათად ხდებოდა, არავინ არაფერს ერიდებოდა. ბებიას ვეცოდებოდი და გულში მიკრავდა, ცდილობდა, ყველაფერი ეს არ გამეგონა და მთელი სხეულით მეხუტებოდა, ხელისგულებს ყურებზე მაფარებდა. მაშინ, იმ ასაკში, ერთი სული მქონდა ბებიასთვის ტანსაცმელი შემომეხია, მაგრამ ვიცოდი, ამას არავინ მაპატიებდა და ვერც ვერავინ გაიგებდა. მერე, როცა პირველად წავედი ქალთან, მივხვდი, ახალგაზრდა გოგო, უბრალოდ, გულს მირევდა, მე ბებიაჩემის ასაკის ქალი მინდოდა, მაგრამ ვინ დამთანხმდებოდა? ასე მოხდა პირველი გაუპატიურება და მკვლელობა, მერე - მეორე და ვეღარ გავჩერდი. მეგონა, ჯარი დამავიწყებდა, მაგრამ არაფერი მეშველა“, - დაახლოებით, ამ აზრის გამოტანა შეიძლებოდა დაკავებულის აღსარებიდან.

საბჭოთა სასამართლომ ასაკის გამო (?!), ახალგაზრდას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.