ვინ არის ქალი, რომელმაც ორი „მზის შვილი“ სასიკვდილოდ გაიმეტა - გრიფით „საიდუმლო“ საქმის შოკისმომგვრელი დეტალები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, რუსეთის დედაქალაქში მოხდა და საიდუმლო გრიფი იმის გამო დაედო, რომ საქმის ფიგურანტები „მზის შვილები“ ანუ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები იყვნენ. საბჭოთა კავშირი კი არ აღიარებდა, რომ კომუნიზმის დიად ქვეყანაში, ასეთი ბავშვები იბადებოდნენ. უფრო მეტიც, როცა ასეთი ბავშვი დაიბადებოდა, საქმეში მილიციისა და უშიშროების თანამშრომლებთან ერთად, პარტიული ჩინოვნიკებიც ერეოდნენ და მშობლებს ურჩევდნენ, შვილზე უარი ეთქვათ და ახალშობილი სპეციალურ ინტერნატში გადაჰყავდათ, რადგან არავის ენახა ის, ვისაც, უბრალოდ, ერთი ქრომოსომით მეტი ჰქონდა. ეს საქმე გახსნის შემდეგ, როგორც მილიციის უმაღლესი სკოლის, ისე ძლევამოსილი „კა გე ბე“-ს  სასწავლო პროგრამაში შევიდა. ყველაფერი კი, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივად დაიწყო.

 

ზაფხულის ერთ დღეს, მოსკოვში მდებარე კორპუსიდან ბიჭი გადმოვარდა. ეზოში მყოფებმა სასწრაფო და მილიცია ერთდროულად გამოიძახეს, თუმცა ბიჭს ცოცხალს ვერ მოუსწრეს - ადგილზე გარდაიცვალა. საინტერესო ის გახლდათ, რომ ვერცერთმა მეზობელმა ბიჭი ვერ იცნო, ჩვენს კორპუსში არ ცხოვრობსო. სამაგიეროდ, გამოჩნდა ორი მოწმე, რომლებმაც დაინახეს, როგორ იდგა ბიჭი კორპუსის სახურავის კიდესთან და, დაახლოებით, სამ წუთში, შემთხვევაც მოხდა. ვინაიდან ბიჭი ვერავინ იცნო, მორგში გადაასვენეს და მშვიდად დაელოდნენ, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, იმავე საღამოს მოაკითხავდნენ, მაგრამ არც იმ დღეს და არც მეორე დღეს, არავინ გამოჩენილა. ახალგაზრდა ბიჭი რომ არავინ მოძებნა, სამართალდამცავები დაიბნენ. შეტყობინება ახლომდებარე სოფლებსა და ქალაქებში გაგზავნეს, მაგრამ ამაოდ - დაკარგული ბიჭის შესახებ განცხადება მილიციის ერთ განყოფილებაშიც არ იდო.

მესამე დღეს, შვებულებიდან განყოფილების უფროსი, გვარად კარავაევი დაბრუნდა, მომხდარს გაეცნო, შემდეგ გარდაცვლილი ბიჭის სურათი დაათვალიერა და განაცხადა, ეს თავს არ მოიკლავდაო. თანამშრომლებმა გაოცებით შეხედეს, როგორ შეიძლებოდა ფოტოთი იმის მიხვედრა, მოიკლავდა თუ არა ადამიანი თავს და კარავაევმაც ახსნა.

„ამ ბიჭს დაუნის სინდრომი ჰქონდა. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები კეთილები არიან, ირგვლივ ყველა და ყველაფერი უყვართ, სიცოცხლე უყვართ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ოდესმე, რომელიმე მათგანს თავი მოეკლა. ამიტომ, ის ვიღაცამ გადმოაგდო, რადგან დაუნის სინდრომის მქონეებს სუსტი კუნთები აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კორპუსის სახურავზე ბიჭი დამოუკიდებლად ვერ ავიდოდა“, -განაცხადა კარავაევმა.

მაძებრებმა ლამის მთელი მოსკოვი გადააბრუნეს, მოიკითხეს ყველა ინტერნატი და სპეცდაწესებულება, სადაც „მზის შვილები“ ცხოვრობდნენ, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს, დაკარგულ ბიჭს არავინ ეძებდა. ჰოდა, სწორედ მაშინ, როცა ხელების ჩამოშვებას აპირებდნენ, უცნაური შემთხვევა მოხდა - იმავე კორპუსის ეზოში, ქალი აივნის წინ გაშენებულ ყვავილებს უვლიდა, როცა ზემოდან... გოგონა დაეცა. გოგონაც, დაახლოებით, იმ ასაკის იყო, რამდენისაც პირველ ჯერზე გადმოვარდნილი ბიჭი და რაც მთავარია, გოგო გადარჩა, რადგან ქალმა ვარდნა შეაფერხა - ბალიშის როლი ითამაშა, თუმცა თავად ძალიან დაშავდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი და  ფეხმოტეხილი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, გოგონა კი იქვე, ხის ძირას იჯდა და იღიმოდა. მასთან პირველად კარავაევი მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა და საავადმყოფოშიც გაჰყვა, რადგან ექიმებს მაინც უნდა შეემოწმებინათ.

საშიში არაფერი იყო, ტვინის მცირე შერყევა და მსუბუქი დაჟეჟილობა. ექიმებმა საავადმყოფოში მისი დატოვება გადაწყვიტეს, თუმცა კარავაევმა მაინც მოასწრო და რამდენიმე კითხვა ფრთხილად დაუსვა. გოგონამ თქვა, ჩემი მეგობარი გაფრინდა და მეც მასთან ერთად გაფრენა მინდოდაო. როცა მას გარდაცვლილი ბიჭის სურათი ანახეს, გოგონამ თავი დააქნია, სწორედ ეს არის ჩემი მეგობარიო. ერთი და იგივე კორპუსიდან ორი ბავშვი გადმოვარდა, თანაც ორივე დაუნის სინდრომის მქონე. ეს შემთხვევით რომ არ მომხდარა, ფაქტია. სამართალდამცავებმა მთელი კორპუსის გაჩხრეკა გადაწყვიტეს, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს. მხოლოდ ის გაარკვიეს, რომ იმავე კორპუსში ცხოვრობდა ქალი, რომელსაც შინ აუტიზმით დაავადებული გოგონა ჰყავდა. როგორც დედამ თქვა, გოგონას დაბადებისთანავე, ქმარმა მიატოვა, არ ისურვა ავადმყოფფი ბავშვის გაზრდა, დედამ კი შვილი არ მიატოვა. გოგონა მთელი დღეები სკამზე იჯდა და ერთ წერტილს უყურებდა. ის არც საუბრობდა, რეაქცია არაფერზე ჰქონდა, უბრალოდ, ერთ წერტილზე ჰქონდა მზერა გაჩერებული.

რაც მთავარია, კორპუსის ყველა მცხოვრები ერთ ხმაში ამტკიცებდა, რომ მათ კორპუსში არცერთი გადმოვარდნილი ბავშვი არ ცხოვრობდა. ისე გამოდიოდა, რომ ისინი ვიღაცამ იქ სპეციალურად მიიყვანა, რათა შემდეგ სახურავიდან გადმოეგდო, მაგრამ ვინ და რაც მთავარია, რატომ? ამ კითხვაზე პასუხს სამართალდამცავები გადარჩენილი გოგონასგან ელოდნენ. მათ სურდათ, მისთვის არა მარტო ავბედით კორპუსში მცხოვრები ყველა ადამიანის ფოტო ენახებინათ, არამედ, გვერდით კორპუსებში მაცხოვრებლებისაც. ცხადი იყო, დიდ მანძილზე, დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან ერთად, შეუმჩნევლად ვერავინ გადაადგილდებოდა, თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი რამ - საავადმყოფოში მისულ სამართალდამცავებს გოგონას პალატა ცარიელი დახვდათ. არავინ იცოდა, სად გაქრა მოზარდი, ვინმემ მოიპარა, თუ თავისით წავიდა. გამომძიებლები მიხვდნენ, საქმე ჭკვიან დამნაშავესთან ჰქონდათ და ამიტომ, კორპუსის ყველა ბინა ახლიდან გაჩხრიკეს. პარალელურად, ოპერმუშაკები კორპუსის მცხოვრებთა ბიოგრაფიებს სწავლობდნენ და საინტერესო დეტალიც აღმოაჩინეს - ქალი, რომელსაც შინ აუტიზმით დაავადებული შვილი ჰყავდა, წლების წინ, იმ ინტერნატში მუშაობდა, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ცხოვრობდნენ. ამიტომ, მისი სახლი განსაკუთრებულად გაჩხრიკეს და ბიჭის ტანისამოსიც ნახეს. არადა, ქალს ერთადერთი, აუტიზმით დაავადებული გოგო ჰყავდა და წესით, ბიჭის ტანსაცმელი არ უნდა ჰქონოდა.

სამართალდამცავებმა ქალი დააკავეს და კატეგორიულად მოსთხოვეს, გოგონას ადგილსამყოფელი ეთქვა. მან აღიარა, რომ „მზის შვილი“ ქალაქგარეთ გაიყვანა და ტყეში, ხეზე მიაბა. მილიციის თანამშრომლები ტყეში ქალთან ერთად წავიდნენ, მაგრამ იქ საოცარი სურათი დახვდათ - ტყე ალყაში ავტომატიან სამხედროებს ჰქონდათ მოქცეული, მის თავზე ვერტმფრენი ტრიალებდა და მილიციის სხვა თანამშრომლებიც იქ იყვნენ. როგორც გაირკვა, ციხიდან საშიში დამნაშავე იყო გაქცეული და მას ეძებდნენ. ქალმა კარავაევი და მისი ბიჭები იმ ადგილზე მიიყვანა, სადაც გოგო დააბა, მაგრამ იქ არავინ დახვდათ, გარდა გაჭრილი თოკისა. ძებნა გაგრძელდა და მიტოვებული შენობიდან გაქცეულის ყვირილიც გაისმა - აქ გოგონასთან ერთად ვარ, სამედიცინო დახმარება სჭირდება, მე ხელებაწეული გამოვალ და არ მესროლოთო. დამნაშავე, მართლაც მალე გამოჩნდა და ხელში აყვანილი გოგონა წვალებით მოჰყავდა. შემდეგ, დაკითხვაზე თქვა დაკავებულმა, ტყეში დაბმულ გოგონას შემთხვევით გადავაწყდი, ადამიანურად ავუშვი, მაგრამ არ მომცილდა, მუდმივად თან დამდევდა და მეხუტებოდა, ასეთი სითბო და სიყვარული არასოდეს მიგრძვნია, საოცარი ბავშვი იყოო.

გოგონას სამედიცინო შემოწმება მაინც ჩაუტარეს, ეჭვი ჰქონდათ, რომ დამნაშავეს შეიძლებოდა, მასზე ეძალადა და როცა ეს დაკავებულმა გაიგო, ყველაფერი დალეწა, ეგ როგორ მაკადრეთ, ნებას თუ მომცემთ, მაგ ბავშვს ვიშვილებო. ყველაზე საინტერესო კი დაკავებული ქალის ჩვენება გამოდგა.

„ჩემს გოგონას ვერაფერი მოვუხერხე, ის მთელი დღეები ერთ წერტილს უყურებდა. ამიტომ დავიწყე ინტერნატში მუშაობა, მეგონა, რომ რამე ახალს ვისწავლიდი, ან ჩემი შვილი იმ გარემოში ბევრად კონტაქტური გახდებოდა. მხოლოდ ამ გოგონამ და ბიჭმა გამოიჩნეს მისდამი ყურადღება, მთელი დღეები ეთამაშდებოდნენ და მანაც მოიხედა, რამდენჯერმე გაეთამაშა კიდეც. ეს ბავშვები არავის ახსოვდა, არავინ ითვლიდა, ამიტომ, იქაურ ექიმს გარდაცვალების ორი ცნობა მარტივად დავაწერინე და რვა წლის წინ, ბავშვები ჩუმად, სახლში მოვიყვანე. მათ ერთადერთი რამ ევალებოდათ - ჩემი შვილი უნდა გაერთოთ და ამას ახერხებდნენ კიდეც, თუმცა როცა გაიზარდნენ, მობეზრდათ და მხოლოდ ერთმანეთს ეთამაშებოდნენ. ამიტომ გადავწყვიტე მათი მოშორება, ჯერ ბიჭს ვუთხარი, კარლსონივით თუ გინდა იფრინო, უნდა გადმოხტე-მეთქი. სახურავზე ამომყვა, მაგრამ გადმოხტომა გადაიფიქრა, „პროპელერი“ არ მაქვსო. ამიტომ, ხელი ვკარი. შემდეგ გოგონას ჯერი დადგა, ვუთხარი, თუ შენს მეგობართან გინდა, უნდა გადახტე, ის ცაშია და მასთან გაფრინდები-მეთქი. ის თავისით გადმოხტა, მაგრამ გადარჩა. დანარჩენი კი თქვენც იცით“, - დაასრულა მოყოლა ქალმა.

სასამართლომ დაკავებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მისი შვილი კი შესაბამის ინტერნატში გადაიყვანა.

რაც შეეხება კარავაევს, მხოლოდ ამ საქმის შემდეგ გაიგეს კოლეგებმა, რომ მასაც „მზის შვილი“ ჰყავდა და სათუთად ზრდიდა. მან და მისმა მეუღლემ ბავშვი არ მიატოვეს და შინ წაიყვანეს, თუმცა საგანგებოდ მალავდნენ და მაშინ ასეთი ბავშვების გამოჩენას ყველა ერიდებოდა. საბედნიეროდ, დღეს ეს თბილი „მზის შვილები“ საზოგადოებაში ინტეგრაციას ახერხებენ და ძალიან, ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა ამ დიაგნოზის გამო, მშობლები მათზე უარს ამბობენ.