მეგობრის შურისძიება - როგორ დაიგეგმა ბაშვის გატაცება

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური 

კრიმინალური შემთხვევა, რომლის შემდეგაც სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი დაემატა

 რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, 80-იანი წლების მიწურულამდე, საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსში არ იყო მუხლი, რომელიც იმ ადამიანთა დასჯას ითვალისწინებდა, რომლებიც გამოსასყიდის მიღების მიზნით, ვინმეს გაიტაცებდნენ ანუ საბჭოთა კავშირში ვერ წარმოედგინათ, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო. 1984 წელს, გამოსასყიდის მიღების მიზნით, პირველი გატაცება მოხდა, ორი წლის შემდეგ კი, კოდექსში შესაბამისი მუხლი გაჩნდა. ეს ოფიციალურად, თორემ არაოფიციალურად ამბობდნენ, რომ გატაცებები ხდებოდა და გამტაცებლები გამოსასყიდსაც იღებდნენ და ასეთ ქვეყნებად აზერბაიჯანი, საქართველო, ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკა სახელდებოდა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ 1984 წელს, როცა ვოლგოგრადში, მეოთხე კლასის მოსწავლე, ივანე გასპაროვი გაიტაცეს, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა, მოსკოვის მითითებით, ქართველი, აზერბაიჯანელი და ოსი კოლეგები დაიხმარეს. „საქართველოდან სამნი წავედით, ისინი, რომლებსაც, ასე თუ ისე, შეხება გვქონდა გატაცებასთან.

მართალია, ოფიციალურად არსად ეწერა, რომ საქართველოში ვინმეს გატაცება გამოსასყიდის მიღებით დასრულდა, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა, რომ ჩვენთან გატაცებები ხდებოდა და გამტაცებლები ე.წ. კანონიერი ქურდების მეშვეობით, გამოსასყიდსაც იღებდნენ“, - იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. ვოლგოგრადის მილიცია ფეხზე იდგა. ვანია სკოლაში მიდიოდა თანაკლასელებთან ერთად და ზედ სკოლის კართან, ვიღაცამ მანქანიდან სახელით დაუძახა, ბავშვი გაიქცა და მანქანასთან გაჩერდა. შემდეგ თანაკლასელებს არაფერი დაუნახავთ - სკოლისკენ გადაუხვიეს. ის, რომ მანქანაში მყოფი ბავშვს იცნობდა, ცხადი იყო, მაგრამ ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ ვანია ავტომობილში თავად არ ჩაჯდა და ძალით ჩასვეს, რადგან იმ ადგილზე ბავშვის სათვალე ეგდო. მას მხედველობის პრობლემა ჰქონდა და სათვალეს ატარებდა. დაიწყო მამის, გენადი გასპაროვის გარემოცვის შესწავლა. ის ვოლგოგრადში საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყო თავისი ადამიანობით, ურთიერთობით, მეგობრობით. მას ფული არ უჭირდა, მაგრამ იმდენი ნამდვილად არ ჰქონდა, რომ ამ მიზნით, შვილი მოეტაცებინათ. საღამოს ტელეფონის ზარიც გაისმა და გამტაცებლები 150 ათას მანეთს ითხოვდნენ, რაც მაშინ ძალიან, ძალიან დიდი ფული იყო. ერთოთახიანი ბინა ვოლგოგრადში, 6-7 ათასი მანეთი ღირდა ანუ დაახლოებით, 25 ბინის ფასს ითხოვდნენ. ფულის მოსაგროვებლად გასპაროვების ოჯახს 3 დღე მისცეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ სამართალდამცავებს ბავშვის მოსაძებნად, 48 საათზე მეტი ჰქონდათ. „მთავარი, რასაც მამას და დედას არ ვეუბნებოდით, ის იყო, რომ დარწმუნებულები ვიყავით, გამტაცებლები ბავშვს ყველა ვარიანტში მოკლავდნენ. მან ხომ, მინიმუმ, ერთი გამტაცებელი იცნო და ცოცხლად ასეთი მოწმის დატოვება არ შეიძლებოდა. ამიტომ, მაქსიმუმს ვაკეთებდით, რომ ბავშვი გვეპოვა, ფეხზე დადგა არა მარტო აგენტურული ქსელი, არამედ, მთელი ქალაქი.

გასპაროვებთან სრულიად უცხო ადამიანები მიდიოდნენ და ფულს უტოვებდნენ, ვისაც რამდენი შეეძლო. ვიღაცებს ძვირფასეულობაც მოჰქონდათ. ასე შეგროვდა, დაახლოებით, 50 ათასი მანეთი ანუ მოთხოვნილი თანხის მესამედი“, - იხსენებს ბატონი თენგიზი. ადგილობრივ „კანონიერ ქურდებთან“ ურთიერთობა ქართველ ოპერმუშაკებს დაევალათ. კრიმინალური სამყააროს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ძებნაში მონაწილეობას მათი ხალხიც მიიღებდა და ისიც თქვეს, რომ ბავშვის გატაცებასთან მათ შეხება არ ჰქონდათ. როგორც შემდეგ გაირკვა, ისინი არ ტყუოდნენ. ორდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, ოჯახის უფროსს ისტერიკა დაემართა და მთელი აგრესია სამართალდამცავებზე ამოანთხია, აქაოდა, უხეიროდ მუშაობთ, არ შეგიძლიათ დამნაშავე დააკავოთო და ოპერები ბინიდან გაყარა. სამართალდამცავებმა იქაურობა დატოვეს, მაგრამ რაღა თქმა უნდა, გარეთ ორი ოპერატიული მანქანა და ათამდე ოპერმუშაკი დარჩა. ფულის გადაცემის დრო ახლოვდებოდა და გასპაროვს გადაწყვეტილი ჰქონდა, გამტაცებლებისთვის 50 ათასი მანეთი წაეღო და შვილის დაბრუნება ეთხოვა. ის სახლიდან გამოვიდა, საკუთარ „მოსკვიჩში“ ჩაჯდა და გეზი ქალაქის გასასვლელისკენ აიღო. სამართალდამცავები ორი მანქანით გაჰყვნენ და ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, რათა გასპაროვს ეჭვი არ აეღო და რაც მთავარია, არ შეენიშნათ გამტაცებლებს იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფროსს ისინიც უთვალთვალებდნენ. ქალაქიდან გასვლის შემდეგ, გატაცებულის მამამ გზიდან გადაუხვია და ტყეში შევიდა.

სამართალდამცავებმა ავტომობილი ტყის პირზე გააჩერეს და ფეხით მიჰყვნენ. დაახლოებით, 300 მეტრის გავლის შემდეგ, გასპაროვმა ფულით სავსე ჩანთა ერთ-ერთ ხეზე ჩამოკიდა და ხმამაღლა დაიწყო საუბარი, ის უჩინარ გამტაცებელს უხსნიდა, რომ მეტი ვერ მოაგროვა და შვილის დაბრუნებას სთხოვდა. შემდეგ ტერიტორია დატოვა, სამართალდამცავები კი დარჩნენ. მათდა სამწუხაროდ, სიბნელეში ვერც კი გაიგეს, როგორ მივიდა გამტაცებელთაგან ერთ-ერთი ხესთან, როგორ უხმაუროდ ჩამოხსნა ჩანთა და როგორ წავიდა.

გამთენიისას ალყაშემორტყმული ხე მშვიდად იდგა, ჩანთა კი არსად იყო. იმავე დილით, გასპაროვების ოჯახში ზარი გაისმა და გამტაცებლებმა დარჩენილი ასი ათასის შესაგროვებლად, 24 საათი მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიჭის თავის გაგზავნით იმუქრებოდნენ და პირობას დებდნენ, რომ ტანს ვერ იპოვიდნენ. „იმ შემოგარენს საერთოდ არ ვიცნობდით, ამიტომ მეორე დღეს, ადგილი დავათვალიერეთ, კვალის პოვნის იმედად, ტყის სიღრმეში შევედით და, დაახლოებით, ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ, რომელიღაც სოფელში ამოვყავით თავი. იქაური უბნის რწმუნებული მოვნახეთ და ვკითხეთ, რამე საეჭვო ხომ არ ჰქონდა შემჩნეული ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. მან კეფა მოიქექა და საეჭვო შემთხვევებიდან მხოლოდ ის გაიხსენა, რომ ერთ-ერთ მიტოვებულ სახლთან, სამი დღის წინ ანუ ზუსტად გატაცების დღეს, ავტომობილი და რამდენიმე მამაკაცი დაინახა, თუმცა მას შემდეგ, არც კაცები გამოჩენილან, არც - ავტომობილი და სახლიც ისევ ისე მიტოვებული იყო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი. სხვა შანსი არ იყო და სამართალდამცავებმა მითითებულ სახლს, დაახლოებით, 300 მეტრიდან ჭოგრიტით დაუწყეს თვალთვალი. ოთხსაათიანი თვალთვალის შემდეგ, ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა, რომელიც ჭოგრიტში იმზირებოდა, დაბეჯითებით თქვა, სახლში ვიღაც არის, ფარდა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაინძრაო. დაიგეგმა ოპერაცია, შებინდებისას ოცამდე პოლიციელი სახლს მიუახლოვდა და... „პირველი მე შევედი, აქაოდა, ასეთ საქმეებში გამოცდილი ხარო. ვერ გეტყვით, ეს ინსტიქტი იყო თუ სხვა რამ, მაგრამ ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა, გვერდით გავხტი და ჩემზე მოქნეულმა დანამ მხოლოდ მკლავი გამისერა. სახლში სამნი იყვნენ და რაღა თქმა უნდა, სამივე გავკოჭეთ, სარდაფში კი, ძველ ლეიბზე ვანია გასპაროვს ეძინა“,-გვიყვება ბატონი თენგიზი. რაც მთავარია, დაკავებულთა შორის არ იყო მთავარი - ამ ოპერაციის დამგეგმავი პირი, რომელიც ვანიამ იცნო და მანქანას თამამადაც ამიტომ მიუახლოვდა. ეს გახლდათ ვინმე არტიომ რუბანოვი, გატაცებული ბავშვის ოჯახის უახლოესი მეგობარი. „მე და არტიომი ერთ კურსზე ვსწავლობდით, მთელ დღეებს ერთად ვატარებდით, შემდეგ კი ის ჩხუბის გამო დააკავეს და ერთი წლით ციხეში გაუშვეს. ციხიდან გამოსული არავინ გაიკარა, ორი თვე ჩემთან იცხოვრა, შემდეგ კი მუშაობა დავაწყებინე, თუმცა ისევ ჩხუბის გამო, ციხეში მოხვდა და ამჯერად, სამი წელი მისცეს. იქიდან გათავისუფლებულს მუშაობის დაწყების შანსი, პრაქტიკულად, არ ჰქონდა, თუმცა მეგობრების დახმარებით, ტაქსის მძღოლად მოვაწყვე და ამოისუნთქა, ცოლი მოიყვანა, ბინა იყიდა. ახლა უკვე ოჯახებით ვმეგობრობდით და სანამ არ იტყვის, რა მოხდა, რის გამო გააკეთა ის, რაც გააკეთა, ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი შვილის გატაცების ორგანიზატორი ის იყო“, - განაცხადა გენადი გასპაროვმა. რუბანოვი ოთხი დღის შემდეგ დააკავეს. მან დაკითხვაზე განაცხადა, რომ თავის მეობარზე ნიჭიერი იყო, მასზე ბევრად მეტის მიღწევა შეეძლო, მაგრამ, უბრალოდ, შურდა. ამიტომ გადაწყვიტა ბავშვის გატაცება, ამიტომ მოითხოვა არარეალური თანხა, რომ მერე გენადი გასპაროვს მთელი ცხოვრება ვალები ეხადა და ფული ეთხოვა რუბანოვისთვისაც, ტაქსისტს კარგი შემოსავალი ჰქონდა და საკუთარ ეგოს დაიკმაყოფილებდა, როცა მეგობარი ფულის სათხოვნელად მივიდოდა. ვინაიდან, საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსში გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანის გატაცების მუხლი არ იყო, დაკავებულები თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით გაასამართლეს და 8-8 წელი მიუსაჯეს. 1985 წელს კი კოდექსში შესაბამისი მუხლი გაჩნდა და ბევრად მკაცრი ზომებიც ჩაიწერა. 1984 წელს მომხდარი დანაშაული კი ოფიციალურად შევიდა საბჭოთა კავშირის კრიმინალისტიკის ისტორიაში, როგორც გამოსასყიდის მიღების მიზნით, ადამიანის გატაცების გახსნილი საქმე.

ავტორი - ბათო ჯაფარიძე