სპეცოპერაცია „თხევადი ოქრო“, რომლის დეტალებსაც, „კა-გე-ბე“-ს მსგავსად, რუსეთის დღევანდელი უშიშროებაც მალავს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

საბჭოთა გენიოსი, რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს

ეცნიერების მხრივ, საბჭოთა კავშირი მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე იყო. 15 რესპუბლიკას შორის კი, მოსახლეობის პროცენტულობის მიხედვით, ყველაზე მეტი პროფესორი, აკადემიკოსი თუ მეცნიერი საქართველოს ჰყავდა. საბჭოთა კავშირში იბადებოდნენ ნამდვილი გენიოსები, რომლებსაც თუ სრულად სახელმწიფოსთვის არ იღწვოდნენ, უბრალოდ, აქრობდნენ, აპატიმრებდნენ, კლავდნენ. ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, საშინელი ფინალი აქვს. მას დიდი ხნის განმავლობაში გრიფი - „საიდუმლო“ ედო და დღესაც კი ამ საქმის ყველა დეტალი გაუხმაურებელია. ისტორია, ერთი შეხედვით, ძალიან ბანალურად, ჩვენს დედაქალაქში დაიწყო.

სამართალდამცავები ტიპური „ხრუშჩოვკის“ მაცხოვრებლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ერთოთახიან ბინაში, პენსიონერი მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა გარდაცვლილი რბილად ნათქვამია - მოხუცი ქალის ნაწამები სხეულის ნახვისას ბევრის შემსწრე ექსპერტებიც კი დაიბნენ. მეზობლების დაკითხვის შემდეგ გაირკვა - დილით მისი სახლიდან მეზობელი გამოვიდა, კაცი, რომელსაც ნაგვის ორი ცელოფანი ეჭირა. ეს მეზობელი მილიციისთვის კარგად ნაცნობი იყო - ყაჩაღობასა და მკვლელობის მცდელობაზე სამჯერ ნასამართლევი რეციდივისტი. მას შინ ააკითხეს და ისიც მშვიდად მოჰყვა, როგორ აპირებდა ნაგვის გადაყრას, როგორ სთხოვა მეზობელმა, ჩემი ნაგავიც გაიყოლეო, უკან დაბრუნებულს კი ჩაის დალევა შესთავაზა, რაზეც დათანხმდა. ჩაის შემდეგ, შინ აბრუნდა და მეტი არაფერი იცოდა. სამართალდამცავებმა ბინა გაჩხრიკეს და ნიკოლოზ მეორისდროინდელი ოქროს მონეტა - „იმპერიალი“ იპოვეს. მასზე, როგორც ეჭვმიტანილის, ისე მოკლული მასწავლებლის თითის ანაბეჭდები იყო. ამის შემდეგ რეციდივისტმა ნამდვილი ისტორია მოჰყვა.

პრინციპში, ყველაფერი სიმართლე იყო, გარდა ერთისა - როცა ჩაის სვამდნენ, ქალმა ლამაზი ჭიქები გადმოიღო, საიდანაც ეს მონეტა გადმოვარდა. გაქნილმა დამნაშავემ იფიქრა, რომ მოხუც პენსიონერს კიდევ ექნებოდა მონეტები და მისი დაყაჩაღება გადაწყვიტა, თუმცა წამების დროს შემოაკვდა და ამ ერთი მონეტისა და დაახლოებით, 80 მანეთის გარდა, ვერფერი იპოვა. ამ საქმისთვის წერტილის დასმა შეიძლებოდა, თუმცა ექსპერტებმა ნაპოვნი მონეტის შესწავლა დაიწყეს, რომ გაერკვიათ, კონკრეტულად რომელი წლის იყო და მუზეუმისთვის გადაეცათ. „მონეტა, მაქსიმუმ, ერთი თვის წინ არის დამზადებული. ის შეიცავს უმაღლესი სინჯის ოქროს 75%-ს, დანარჩენი კი შედარებით დაბალი სინჯია. მონეტა ყალბია, თუმცა უმაღლეს დონეზეა შესრულებული“, - ასეთი იყო ექსპერტების დასკვნა. როცა ოქროს გაყალბების ფაქტები ვლინდებოდა, საქმეში აუცილებლად ერთვებოდნენ უშიშროების კომიტეტის წევრები. ასე იყო ამჯერადაც.

საქმე უშიშროების კომიტეტმა წაიღო და პენსიონერის წარსულის შესწავლა დაიწყეს. ქალს მთელი ცხოვრება მოსკოვში, ერთ-ერთი სკოლის ქიმიის მასწავლებლად ჰქონდა ნამუშევარი, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი საქართველოში წამოვიდა, რადგან დედა ქართველი ჰყავდა და ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში გაყიდული ბინის მთელი თანხა საპენსიო ბარათზე ედო. თავს ბევრის უფლებას არ აძლევდა, ერთი მეზობელიც ვერ იხსენებდა, რომ გარდაცვლილს თავი ან დელიკატური საკვებით, ან განსაკუთრებული ტანისამოსით გაენებივრებინა. დაიწყეს იმ მოსწავლეთა ძებნა, რომლებმაც ამ ქალის ხელში გაიარეს და რომლებსაც ქიმიური ცდების შედეგად, შეეძლოთ ოქრო მიეღოთ. ასეთი არავინ აღმოჩნდა.

იყვნენ კარგი მოსწავლეები, მაგრამ ქიმიურ საამქროებთან შეხება არცერთს ჰქონდა და რაც მთავარია, უშიშროების ექსპერტები ამტკიცებდნენ, ლაბორატორიის გარეშე, ამ ოქროს მიღება შეუძლებელიაო. როგორც საქართველოში, ისე რუსეთში, შავ ბაზარზე „იმპერიალების“ ძებნა დაიწყეს. უშიშროება ყალბ მონეტებს ეძებდა, რათა კვალზე გასულიყო. 11 ასეთი მონეტა ორ კვირაში მოიძებნა, თუმცა კვალს კარგავდნენ - ვიღაცას ბანქოში ჰქონდა მოგებული, ვიღაცას კი, პირდაპირ, ქუჩაში ჰქონდა ნაყიდი. არადა, უშიშროების კომიტეტის წევრებს რაც არ ეშლებოდათ, ეს დაკითხვა იყო და ამიტომ, დაკავებულთა ჩვენებებში ეჭვი არ ეპარებოდათ. „დეტალური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ოქრო ე.წ. თხევადი ოქროსგან იყო მიღებული. ჯერჯერობით, მეცნიერება ამ მეთოდს არ იცნობს, წარმოუდგენელიც კი გვგგონია თხევადი ოქროსგან ასეთი მაღალი ხარისხის მეტალის მიღება, მაგრამ ფაქტია, თხევადი ოქრო არცთუ მცირე დოზითაა გამოყენებული“, - ეს დასკვნაც უშიშროების ექსპერტებისაა. რა არის თხევადი ოქრო? - მას ფაიფურის მწარმოებელი ქარხნები იყენებდნენ და ახლაც იყენებენ. თხევადი ოქროთი ხატავენ თეფშებს, ჭიქებს, ლარნაკებს... რაც უფრო მაღალი ხარისხისაა ფაიფური, მით მაღალი ხარისხისაა თხევადი ოქროც. ქარხნებში მას თითქმის უკონტროლოდ იყენებდნენ, რადგან ყველამ იცოდა - მისგან მყარი ოქროს მიღება გამორიცხული იყო. უშიშროების კომიტეტმა თხევად ოქროზე კონტროლი დააწესა ანუ დაინტერესდა, იყო თუ არ შემთხვევები, როცა ვინმეს თხევადი ოქრო რეგულარულად მიჰქონდა.

გაირკვა, რომ ერთ-ერთი ქარხნის თანამშრომელ ქალს, კვირაში ერთხელ, 2-2 ბოთლი თხევადი ოქრო გაჰქონდა და როგორც ამბობდა, მისი სიმყარის გამო, სოფლის სახლში... ღობეს ღებავდა. ეს იმთავითვე ტყუილი იყო, რადგან თხევადი ოქროს შემადგენლობა ისეთია, რომ მყარად მხოლოდ ფაიფურის ნივთებზე ჩერდება და ამასთან, სიმყარისთვის, მას აუცილებლად ემატება რამდენიმე დანამატი, რაც ხელმისაწვდომი მხოლოდ ქარხანაში იყო. ერთ-ერთი გატანის დროს, ქალი პირდაპირ ქარხნის გასასვლელში დააკავეს და უშიშროების კომიტეტში წაიყვანეს. არ დაუმალავს, რომ თითო ბოთლს 300 მანეთად (იმ დროისთვის ინჟინრის ორი თვის ხელფასზე მეტი) მეზობელზე, ვინმე რავილ ნევმიატოვზე ჰყიდდა და ამას თითქმის ერთი წლის განმავლობაში აკეთებდა. ვინ იყო რავილ ნევმიატოვი? - ის ერთ-ერთ საწარმოში რიგით ლაბორანტად მუშაობდა. თანამშრომლები ამბობდნენ, რომ მას ფინანსურად ძალიან უჭირდა, ხელფასიდან ხელფასამდე 5 და 10 მანეთს ხშირად სესხულობდა, ცოლი და ორი შვილი ჰყავდა და მათი რჩენა უჭირდა. მეგობრობით კი მხოლოდ იური ნიჩაევთან, პროფესიით მხატვართან მეგობრობდა. აი, ნიჩაევის გვარმა სამართალდამცავები დააინტერესა - თაღლითობისთვის ორჯერ ნასამართლევი იური მარტო ცხოვრობდა, არ მუშაობდა, თუმცა მეზობლების თქმით, არ შიმშილობდა და მართალია, ბევრი ფული არ ჰქონდა, მაგრამ გაჭირვებულიც არ ეთქმოდა. უშიშროებამ ნიჩაევი და ნევმიატოვი ერთდროულად აიყვანა და ორივეს ბინაში ჩხრეკა ერთდროულად ჩატარდა. ნიჩაევის სახლში 20 მონეტა აღმოჩნდა, ნევმიატოვის ბინაში კი მცირე ლაბორატორიაც... „ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 1320 ოქროს მონეტა, 7 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობა, 3 კილოგრამამდე ოქროს „ჯართი“, - ეს არის ამონარიდი ჩხრეკის ორდერიდან. იმ დროისთვის ნიჩაევი 34 წლის იყო, ნევმიატოვი - 32-ის. ამ უკანასკნელმა თქვა, რომ 8 წელი ცდილობდა თხევადი ოქროდან მყარი მეტალი მიეღო და ამას მიაღწია კიდეც. თხევად ოქროს მეზობლისგან ყიდულობდა, მონეტების დასამზადებელი დანადგარი ნიჩაევმა დახატა და შექმნა. მას ხატვის საოცარი უნარი ჰქონდა და მონეტების გარდა, ზედმიწევნით იმეორებდა იმ ნაკეთობების ყალიბებსაც, რომლებიც საიუველირო მაღაზიებში ქარხნის შტამითა და ბეჭდით იყიდებოდა. უშიშროების ექსპერტებს თხევადი ოქროსგან მყარი ოქროს მიღების პროცესი ნევმიატოვმა აჩვენა და ვიდეოფირზე გადაღების შესაძლებლობაც მისცა. პროცესი 14 საათს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა. ეს იყო გენიოსის უდიდესი შეცდომა, რადგან უშიშროებას ის, უბრალოდ, აღარ სჭირდებოდა, თუმცა მის ქმედებაში არ იყო მუხლი, რომელიც დახვრეტის შესაძლებლობას მისცემდა. რას აკეთებდა ნევმიატოვი? - ყიდულობდა მოპარულ თხევად ოქროს და ამზადებდა ოქროს ნაკეთობებს. უშიშროებამ საჭირო კვალიფიკაცია მაინც იპოვა - ოქროს ნაკეთობების დიდი ოდენობით დამზადება, სახელმწიფოსთვის დიდი ოდენობით ოქროს მოპარვა... სასამართლო, რომელიც დახურულ რეჟიმში ჩატარდა, სულ რაღაც 3 დღეს გაგრძელდა. იური ნიჩაევსა და რავილ ნევმიატოვს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯეს. საინტერესოა, რომ დღესაც, თხევადი ოქროსგან მყარი ოქროს მიღება ოფიციალურად არ შეიძლება ანუ ამბობენ, რომ ვერცერთი მეცნიერი ამ პროცესს ვერ ახორციელებს. ამავდროულად, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ აღნიშნულ პროცესს წარმატებით გაართვა თავი რავილ ნევმიატოვმა. საინტერესოა, რომ მისთვის ნობელის პრემიის გადაცემაც სურდათ (სიკვდილის შემდეგ), თუმცა ამჯერად, უკვე რუსულმა უშიშროებამ განაცხადა, რომ თხევადი ოქროდან მყარი ოქროს მიღების დოკუმენტაცია ერთ-ერთი ხანძრის დროს დაიწვა და აღარ არსებობს. არადა, ინტერნეტში რამდენიმეწამიანი კადრები იძებნება, სადაც ნევმიატოვი სწორედ მაშინ არის გადაღებული, როცა უშიშროების ექსპერტებს პროცესს უხსნის და თხევადი ოქროდან მყარ მეტალს იღებს.

ავტორი - ბათო ჯაფარიძე