60 ახალი სტატია

საშინელი შურისძიება - რატომ გაიმეტა მოსაკლავად ახალგაზრდა მამაკაცმა 10 და 14 წლის ბავშვები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 „დედასთან ღამე კაცები მოდიოდნენ და ყველაფერს ვხედავდი“

პანდემიის გამო, დღეს კარგ მდგომარეობაში არც ბავშვები არიან. მართალია, ჯერჯერობით, ვირუსი არასრულწლოვნებს ნაკლებად ერჩის, მაგრამ ფაქტია - ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები, მოზარდების ფსიქიკაზე კარგად ნამდვილად არ აისახება. საერთოდ, ბავშვებისთვის კარგი გარემოს შექმნა აუცილებელია და რამდენიც უნდა ლანძღონ, კომუნისტები მაქსიმალურად ცდილობდნენ, პატარებს უზრუნველი ბავშვობა ჰქონოდათ.

„იშვიათად ხდებოდა, რომ თბილისიდან მკვლელობის გამოსაძიებლად რეგიონებში გავსულიყავით. საქმე ის გახლდათ, რომ რეგიონებში მაშინ განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლების ყოფნა საჭირო არ იყო - არ ხდებოდა ასეთი დანაშაულები და ადგილებზეც ძალიან გამოცდილი კადრები იყვნენ. ამის მიუხედავად, მოხდა ისეთი რამ, რაც ერთი შეხედვით, გაუგონარი ჩანდა - ტყეში და-ძმას იარაღიდან ესროლეს. ბავშვები არასრულწლოვნები იყვნენ, უფრო კონკრეტულად კი, გოგო 14 წლის გახლდათ, ბიჭი - 10-ის. საქმეს გრიფით საიდუმლო მაშინვე დაედო, რადგან საბჭოთა კავშირში ბავშვებს არ კლავდნენ“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. ექსპერტიზის დასკვნით, გასროლა სანადირო თოფით განხორციელდა. და-ძმა, ტყის გავლით, მეორე სოფელში, ბებიასთან მიდიოდა და გასროლაც ამ დროს გაისმა. პირველი ტყვია ბიჭს მოხვდა და უსულოდ დაეცა, გოგონა გაიქცა და მეორე ტყვია, დაახლოებით, 10 მეტრში დაეწია. წაქცეულს, მკვლელმა სახეში, დამიზნებით ესროლა, მაგრამ გოგონა გადარჩა, თუმცა ერთი თვალი სამუდამოდ დაკარგა და სახეც საშინლად დაუმახინჯდა. ექიმები პირობას დებდნენ, გოგონა საუბარს, მაქსიმუმ, ერთ კვირაში მოახერხებსო, თუმცა გამოძიებას საქმის გახსნა ცხელ კვალზე სურდა. გასროლა სანადირო თოფით იყო განხორციელებული, ბიჭს ჟაკანი პირდაპირ თავში მოხვდა და ადგილზე მოკლა, გოგოს შემთხვევაში კი ორივე გასროლა საფანტით განხორციელდა. ვარაუდი, რომ მკვლელს გოგონას მოკვლა არ სურდა, სისულელე იყო, რამეთუ გარანტია არ ჰქონდა, ლამის ერთი მეტრიდან, თავში ნასროლი ტყვიის შემდეგ თუ გადარჩებოდა. „ადგილობრივმა გამომძიებლებმა გაიხსენეს, რომ დაახლოებით, ორი წლის წინ, იმავე ტყეში მამაკაცი მოკლეს. მაშინაც გასროლა სანადირო თოფიდან განხორციელდა და ჩათვალეს, რომ ვიღაცას შემთხვევით გაუვარდა და მკვვლელობა გაუხსნელი დარჩა.

ეს ორი საქმე გავაერთიანეთ და ახლო-მახლო სამ სოფელში, ვისაც ოფიციალურად თოფი ჰქონდა გაფორმებული, ყველა დავიბარეთ, აბსოლუტურად ყველა, რადგან გვაინტერესებდა, ვის ჰქონდა თოფი, ვისზე შეიძლებოდა ეჭვის მიტანა და რაც მთავარია, გვქონდა ქაღალდის ნაფლეთები, რომლითაც ტყვიები დატენეს. ექსპერტიზის დასკვნით, ეს გაზეთ „სოფლის ცხოვრების“ ნაგლეჯები იყო და მერე გვინდოდა, თოფის საეჭვო მფლობელების ტყვიებიც შეგვემოწმებინა. „სოფლის ცხოვრება“ ყველა ოჯახს ჰქონდა გამოწერილი და ეს შედეგს ვერ მოგვცემდა“, -იხსენებს ბატონი თენგიზი. თოფები ყველამ მოიტანა, მაგრამ გამომძიებლებმა ხელები უიმედოდ გაშალეს - ერთიც არ იყო ისეთი, რომელზეც ეჭვის მიტანა შეიძლებოდა და ვინც ბავშვებს მოსაკლავად გაიმეტებდა. სამაგიეროდ, სოფელში იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც არარეგისტრირებული თოფები ჰქონდათ და ახლა მათი შემოწმება დაიწყეს. აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღიარა, რომ გაუფორმებელი თოფი ჰქონდა, სამალავიდან გამოიტანა და გაფორმების პირობაც დადო. სამი სოფლის მხოლოდ ორმა მაცხოვრებელმა უარყო, რომ თოფი ჰქონდა. ერთი ასაკიანი ბაბუ იყო, რომელიც ამტკიცებდა, მქონდა, მაგრამ ტყეში დამრჩა და დავკარგეო. მეორე კი 20 წლის ბიჭი იყო. ამ შემთხვევაში, სამართალდამცავებს ეჭვის ნაკლები საფუძველი ჰქონდათ. ბიჭის მამა სასჯელს იხდიდა და მეზობლების მტკიცებით, თოფიც სწორედ მამის ხელში ჰქონდათ ნანახი და არა - შვილის.

სავარაუდო იყო, რომ ოჯახმა არ იცოდა, სად მალავდა კაცი თოფს, ამიტომ მოხუცის დამუშავება დაიწყეს, მისი სახლიც გაჩხრიკეს, თუმცა ამაოდ. „ძიება ჩიხში შევიდა, ყველა ვერსიამ ჩაილურის წყალი დალია და ისე გამოდიოდა, რომ ძველ მკვლელობას ვინ ჩივის, ახალიც არ იხსნებოდა. საშველი მხოლოდ გოგოს გამოჯანმრთელება იყო. დიდი ალბათობით, მან დაინახა ადამიანი, ვინც ერთი მეტრიდან ესროლა და მისი ამოცნობაც უნდა შეძლებოდა. გოგონამ საუბარი ათი დღის შემდეგ შეძლო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი. გამომძიებელთა სამწუხაროდ, გოგომ ვერაფერი თქვა. ამტკიცებდა, მკვლელი თავზე რომ დამადგა, თვალებში მზე მანათებდა, მხოლოდ სილუეტს ვხედავდი, თავზე ქუდი ეფარა, ახალგაზრდა იქნებოდა, ასაკოვანს არ ჰგავდაო. მისი მონაყოლი მოხუცის მონაწილეობას გამორიცხავდა, რადგან მას ლამის მუხლამდე წვერი ჰქონდა, გოგონა კი ამტკიცებდა, წვერიანი არ იყო, ახალგაზრდასავით გამოიყურებოდაო. თბილისელი გამომძიებლები დედაქალაქში ხელცარიელები დაბრუნდნენ და საგანგებო თათბირზე, საქმის ვითარება კოლეგებს გააცნეს. შეაჯამეს ყველა დეტალი იმის იმედად, რომ შესაძლოა, რაღაც გამორჩათ ან ვერ მიხვდნენ. ახსენეს ორი წლის წინ მომხდარი მკვლელობაც და ისიც თქვეს, მართალია, დარწმუნებულები ვართ, მაშინაც არ იყო შემთხვევითი მკვლელობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერავინ ხსნიდა, რატომ არ ჩანდა მკვლელი ორი წლის განმავლობაში. ერთ-ერთი გამომძიებლის აზრით, შესაძლოა, დამნაშავე მალევე დაიჭირეს და ახლა გამოვიდა, თუმცა არც ეს ვერსია გამართლდა - მართლაც, რამდენიმე დაკავებული იყო, მაგრამ ნაწილი სასჯელს ისევ იხდიდა, ნაწილის დაკავება დროს არ ემთხვეოდა, ერთადერთ სავარაუდო ეჭვმიტანილს კი ძალიან მყარი ალიბი ჰქონდა - სხვა ქალაქში, სამხედრო პოლკოვნიკის სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა და პოლკოვნიკი მთელი დღე თავზე ადგა.

„ხომ შეიძლება, დაპატიმრებული კი არა, ჯარშია და სავალდებულო სამსახურს იხდის“, - თქვა ერთ-ერთმა გამომძიებელმა და დანარჩენებმა ერთმანეთს გადახედეს. ეს რაღაც ახალი იყო და თბილისელი მაძებრები კვლავ სოფელში დაბრუნდნენ. ისეთი, ვისაც ჯარი უწევდა, სამ სოფელში, სულ 11 ბიჭი იყო. 11-ში გახლდათ ისიც, ვისი მამაც სასჯელს იხდიდა და რომელმაც თქვა, წარმოდგენა არ მაქვს, მამაჩემს თოფი თუ ჰქონდაო. რაღა თქმა უნდა, მთავარი ეჭვმიტანილი სწორედ ის გახდა და გამომძიებლებს სახლის ჩხრეკის ორდერის მოპოვება არ გასჭირვებიათ. ჩხრეკის შედეგად, თოფიც იპოვეს და ტყვიებიც. რაც მთავარია, ექსპერტიზამ დაასკვნა - ამ თოფიდან არცთუ დიდი ხნის წინ ისროლეს. ყველასთვის მოულოდნელად, ბიჭმა დანაშაული ძალიან მშვიდად და ცინიკურად აღიარა. „რაც თავი მახსოვს, მამაჩემი მუდმივად ციხეშია. მე და ჩემს დას დედა გვზრდის. სახლში ერთადერთი ოთახი იყო, სადაც ყოფნა შეიძლებოდა და ამიტომ, ყველას იქ გვეძინა. დედასთან ღამით კაცები მოდიოდნენ და მას ეგონა, რომ მეძინა, სინამდვილეში, ყველაფერი არათუ მესმოდა, არამედ, ვხედავდი კიდეც. შემდეგ, როცა წამოვიზარდე, ეს კაცები ორაზროვანი ღიმილით მიყურებდნენ ხოლმე, მომიკითხავდნენ, როგორ ხარო, დედა როგორ არისო, მამა როდის გამოვაო... სამყარო შემძულდა. თოფი შემთხვევით ვნახე და ტყეში სასროლად წავიღე. იქ დავინახე ერთ-ერთი კაცი, რომელიც დედას სტუმრობდა ხოლმე და დაუფიქრებლად ვესროლე. შემდეგ თოფი საგულდაგულოდ დავმალე, მეგონა, ადვილად მიპოვნიდნენ სამართალდამცავები, მაგრამ ვერ მომაგნეს. ორ თვეში, ჯარში წავედი, მერე დავბრუნდი და ყველაფერი ძველებურად დამხვდა. მივხვდი, სანადირო თოფიდან გასროლის გამოძიება ძნელი იქნებოდა. ამიტომ, ტყეში წავედი და მორიგი მსხვერპლის ლოდინი დავიწყე. ახლა ნადირობის სეზონი არ არის, ამიტომ არავინ დადიოდა. იმ ორმა ბავშვმა გამოიარა, მაგათი მამაც დადიოდა დედაჩემთან და გადავწყვიტე, შური მეძია. მეგონა, ორივე მოვკალი, მაგრამ გამიხარდა, გოგო რომ გადარჩა, ასეთ მახინჯს რომ შეხედავდა მამა, უფრო დაიტანჯებოდა. ჩემზე არავინ ფიქრობდა, არასდროს არავინ ფიქრობდა. დარწმუნებული ვარ, მათ იცოდნენ, რომ მეღვიძა და მაინც არ მერიდებოდნენ“, - ეს არის ამონარიდი ბიჭის ჩვენებიდან.

ახალგაზრდული ასაკის გამო, სასამართლომ დახვრეტის განაჩენი არ გამოიტანა, მაგრამ მკვლელს 15 წელი მისცა. ორი წელი დაუმატა მამას, რადგან იარაღი ისე შეინახა, რომ შვილმა მიაგნო. ამასთან, თოფი გაუფორმებელი იყო. „არ ვიცი, გათავისუფლების შემდეგ, ის ბიჭი რა გზას დაადგა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გათავისუფლდა, რადგან იქაურმა მაძებრებმა მითხრეს, სოფელში გამოჩნდა ორი დღით და მერე გაქრაო“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.

ავტორი - ბათო ჯაფარიძე