60 ახალი სტატია

თბილისში ცნობილი გინეკოლოგი მოკლეს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

ვინ არის ქალი, რომელმაც ექიმის მკვლელობა დაგეგმა

ნებისმიერი ოჯახისთვის შვილის დაბადება განსაკუთრებული მოვლენაა. მუდმივი ჭიდაობაა ქართველ მამაკაცებს შორის, რომ ერთს ბიჭი ჰყავს, მეორეს - გოგონები და ბიჭის მოლოდინშია... სამწუხაროდ, იშვიათია შემთხვევა, როცა მამაკაცი მესამე, მეოთხე და მეხუთე შვილს იმის გამო აჩენინებს მეუღლეს, რომ გოგონა უნდა, პირიქით კი ხშირად ხდება - ბიჭის „ძებნაში“, ოჯახებში 3, 4, 5 და მეტი გოგონა არცთუ იშვიათია. „1979 წელს, თბილისის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის გინეკოლოგი კაცი ავტომანქანამ გაიტანა. ის საღამოს შინ მიდიოდა, დაღმართზე, მძღოლის გარეშე დაგორებულმა სატვირთომ დაარტყა და ადგილზე მოკლა, მაგრამ ექსპერტები ამბობდნენ, ეს უბედური შემთხვევა არ იყოო. მათ მოსაზრებას ერთი გარემოება ამყარებდა: ავტომობილი იმ ადგილიდან რომ დაგორებულიყო, სადაც იდგა, სულ სხვა მხარეს უნდა წასულიყო და ექიმს არ დაჯახებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცამ შეგნებულად მოუხვია იმ მონაკვეთზე და იმ ვიღაცას ისე ჰქონდა საჭე გაწმენდილი, რომ ნამდვილი მძღოლის ანაბეჭდებიც კი წაშლილი იყო“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. რაღა თქმა უნდა, გამომძიებლები გინეკოლოგის სამსახურით დაინტერესდნენ. სამწუხაროდ, მაშინ ბავშვების შეცვლის ანუ იმის თქმის შემთხვევა, რომ ახალშობილი გარდაიცვალა, არცთუ იაშვიათი იყო. რეალურად კი, ახალშობილებს ყიდდნენ... მოკლედ, გაჩნდა ეჭვი, რომ ამგვარი რამ მოხდა, სხვაგვარად, 50 წელს გადაცილებული კაცი, წესით, არც სასიყვარულო ისტორიაში უნდა გახვეულიყო და არც კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გამხდარიყო. რა თქმა უნდა, სამშობიარო სახლის ყველა თანამშრომელმა პირში წყალი ჩაიგუბა. ასეთ დროს, გამომძიებლები, როგორც წესი, ყველაზე დაბალ რგოლთან მიდიან, რადგან ამ რგოლს სათქმელიც ბევრი აქვს და არც არაფრის ეშინია იმიტომ, რომ „დიდ საქმეებში“ არავინ ახედებს. „ორი კვირის წინ, აქ ჩხუბი მოხდა. გინეკოლოგი არაფერ შუაშია, ერთმა ქალმა შავი ბავშვი გააჩინა, ზანგი (მაშინ ტერმინი ფერადკანიანი არ გამოიყენებოდა). ქმარმა სკანდალი მოაწყო, ცოლს აგინა და უთხრა, რომ განქორწინებაზე შეიტანდა საბუთებს“, - თქვა სანიტარმა. საქართველოში, 70-იანების მიწურულს, ფერადკანიანი ბავშვის გაჩენას, დაახლოებით, ატომური ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. მაშინ ბავშვის გაჩენა კი არა, ზოგადად, ფერადკანიანი ადამიანის ხილვა იყო უდიდესი მოვლენა, ამიტომ სამართალდამცავებს არ გასჭირვებიათ არც ოჯახის ნახვა, არც იმ ფერადკანიანის ვინაობის დადგენა, ვინც შეიძლებოდა, ბავშვის პოტენციური მამა ყოფილიყო. მაშინ საქართველოში ოფიციალურად ორი (?!) ფერადკანიანი იმყოფებოდა, ერთი საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელი იყო, მეორე - აფრიკული მისიის წარმომადგენელი. ეჭვი საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელზე მიიტანეს. პარალელურად, ნახეს ის ქალი, რომელმაც ფერადკანიანი ბავშვი გააჩინა და გამომძიებლებს ერთი გაოცება კიდევ ელოდათ - კარი ქმარმა გაუღო, იმან, რომელმაც სკანდალი მოაწყო და განქორწინებით იმუქრებოდა. „რა თქმა უნდა, შოკში ვიყავი. მე და ჩემს მეუღლეს საბავშვო ბაღიდან გვიყვარს ერთმანეთი და მოულოდნელად ასეთი დარტყმა. მერე, ცივ გონებაზე რომ გავაანალიზე ყველაფერი და ამას ერთი კვირა მოვუნდი, ცოლთან მივედი და ბავშვი კიდევ ერთხელ ვნახე. ცოლმა მითხრა, ეს ბავშვი არც შენია და არც - ჩემი, ასე მგონია, შეგვიცვალეს და მოდი, ანალიზები გავაკეთოთო. მივედით გინეკოლოგთან, რომელიც რაღაც ჰორმონებსა და სისულეელებზე გვესაუბრა და შეეტყო, რომ რაღაცას მალავდა. ანალიზები ჩავაბარეთ. პასუხს ველოდებით და გვჯერა, ეს ჩვენი შვილი არაა“, - განაცხადა წყვილმა. სამართალდამცავები საფრანგეთის მოქალაქის სანახავად წავიდნენ, ადვილად მიაგნეს და მან არ დამალა, რომ კავშირი ჰქონდა ქართველ ქალთან, თუმცა სურათზე ვერ ამოიცნო ის ქალი, რომელსაც ბავშვი გაატანეს. სამაგიეროდ, ზუსტად იცოდა, სად ცხოვრობდა და გამომძიებლებიც ახლა ამ ქალს დაადგნენ. მან აღიარა „უპატიებელი შეცდომა“, რომ კავშირი დაამყაარა უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, რომ შეუყვარდა და არ იცოდა, თუ ბავშვი ფერადკანიანი იქნებოდა. როცა ბავშვი დაინახა, მიხვდა, ვერსად გამოაჩენდა, მასზე უარი თქვა და სამშობიარო დატოვა. ბავშვის შემდგომი ბედი მან არ იცოდა. „ხელთ ორი რამ გვქონდა. პირველი - ზუსტად ვიცოდით, ვინ იყო ფერადკანიანი ბავშვის დედა და მამა. მეორე - ვიცოდით ის, რომ ბავშვის შეცვლა გინეკოლოგის გარეშე ვერ მოხერხდებოდა და მისი მოკვლაც სწორედ ამ ისტორიას უკავშირდებოდა, მაგრამ არ ვიცოდით მთავარი - სად იყო ბავშვი, რომელიც იმ ქალმა გააჩინა, მაგრამ ფერადკანიანი ბავშვი გაატანეს“, - გვიყვება ბატონი თენგიზი. მედპერსონალის დაკითხვამ შედეგი ვერ გამოიღო. არავინ არაფერი იცოდა. ის ექთანი, რომელიც მშობიარობას ესწრებოდა, ამბობდა, რომ ქალმა ჩვეულებრივი, თეთრი ბიჭუნა გააჩინა, რა მოხდა შემდეგ, წარმოდგენა არ ჰქონდა. როცა გინეკოლოგის სიკვიდლის შესახებ გაიგო, შეეშინდა და გაჩუმება ამჯობინა, ამიტომ გადაწყდა, კიდევ ერთხელ დაეკითხათ ის ოჯახი, რომელსაც ფერადკანიანი ბავშვი გაატანეს და გაერკვიათ, ჰყავდა თუ არა მტერი. წყვილმა მხრები აიჩეჩა, ხელს ვერავის დავადებთ, ისეთი არავინ გვახსენდება, ასე გავემეტებინეთო. მათ უკვე იცოდნენ, რომ ბავშვი შეუცვალეს, თუმცა სანამ შესაბამისი სამსახური შავკანიან ბავშვს ბავშვთა სახლში გადაიყვანდა, საკუთარივით უვლიდნენ და არაფერს აკლებდნენ. „გამოძიება ჩიხში შევიდა, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც რაღაც იცოდა, მკვდარი იყო, ამიტომ ვეძებდით ძაფის ბოლოს, რომელიც ამ აბლაბუდას გახსნიდა, მაგრამ არც ეს ძაფის ბოლო ჩანდა. ამიტომ, ზედმეტი ყურადღებით მოვეკიდეთ იმ ინფორმაციას, რომელიც ორიოდე დღის შემდეგ, დაკარგული ბავშვის მამამ მოგვაწოდა. მისი თქმით, მეზობლის ქალი, რომელიც შინაბერა გახლდათ, მაგრამ კარგ ადგილზე მუშაობდა და ბევრი ფული ჰქონდა, მოსვენებას არ აძლევდა და ცდილობდა, როგორმე ლოგინში შეეთრია. ბავშვის დაბადებამდე სამი დღით ადრე, ამ ქალმა მეზობლურად სთხოვა, ნათურა გადამეწვა, იქნებ შემიცვალოო და როცა კაცი ავიდა, ქალი ლამის შიშველი დახვდა და იერიშზე გადავიდა, თუმცა კაცისგან უარი მიიღო და სწორედ მაშინ უთხრა, ამ საქციელს განანებო. მეზობლის ქალის დასაკითხად მარტო წავედი“, - იხსენებს ბატონი თენგიზი. გამომძიებელს ქალი სამსახურში არ დახვდა, შვებულება აიღო და სამი კვვირაა, არ გამოჩენილაო, ამიტომ შინ მიაკითხეს. ქალმა კარი გააღო და გამომძიებელი შეიპატიჟა. როცა მოისმინა, რისთვის იყო სამართალდამცავი, სიცილი დაიწყო, იმ შტერს რაღაცები ელანდება, მეტი საქმე არ მქონდა, მაგაზე მეოცნება და მენადირა, კაცი თუ მომინდება, რიგს დავაყენებო. „პრაქტიკულად, უიმედოდ მოვდიოდი, ჩემს წინ იჯდა საკუთარ შესაძლებლობებში თავდაჯერებული ქალი, რომელსაც ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი და რეალურად, ბრალს ვერ წავუყენებდი. რატომღღაც, ინსტიქტურად ფეხს ვითრევდი, არ მინდოდა წამოსვლა, თითქოს ველოდი, რომ ნერვები უმტყუნებდა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, წამოვდექი, კართან მივედი და აქ მოხდა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი - საძინებელი ოთახიდან ბავშვის ტირილის ხმა გავიგე. ქალი ადგილზე გაშეშდა, მერე საძინებლისკენ გაიქცა და ბოლო ხმაზე ყვიროდა, ბავშვს არ გაგატანთო. რა თქმა უნდა, ფეხდაფეხ მივყევი და ქალი მხოლოდ მას შემდეგ დაწყნარდა, რაც ხელბორკილით გამათბობელზე მივაბი. 20 წუთში, ბინა, სადაც ბავშვი ნახეს, ფუტკრის სკას დაემსგავსა. სამართალდამცავების გარდა, მოვიდნენ ბავშვის მშობლები და ბავშვს გულში იხუტებდნენ. მართალია, ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ხელთ არ გვქონდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდით, რომ ბავშვი მშობლებს დაუბრუნდა. მე კი ყველაზე მეტად ამ ქალის დაკითხვა მაინტერესებდა. ეს მხოლოდ მესამე დღეს გახდა შესაძლებელი, რადგან მანამდე ქალს ნერვული შეტევა ჰქონდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი. „ეს იდიოტი დანახვისთანავე შემიყვარდა. რა არ ვცადე, როგორ არ მოვინდომე, მაგრამ ცოლზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. ბოლოს, შევეგუე, რომ ჩემი ქმარი არ გახდებოდა და საყვარლობაზეც დავთანხმდი. სწორედ ამიტომ მივანიშნე, ლამის შიშველი დავხვდი, იმან კიდევ ხელი მკრა. შემდეგ გავიგე, სად აპირებდა მის მეუღლე მშობიარობას, გინეკოლოგს ფული გადავუხადე, ვუთხარი, ბავშვი შეუცვალე-მეთქი. იმ დღეს მხოლოდ ის ზანგი ბავშვი გაჩნდა და სხვა გზა არ ჰქონდა, შეუცვალა, ამათი შვილი კი მე წამოვიყვანე. სინამდვილეში, მინდოდა, უბრალოდ, ბავშვი შეეცვალათ, სხვისი შვილი გაეზარდათ და წლების შემდეგ ვეტყოდი მწარე სიმართლეს, შურს ვიძიებდი. მერე, როცა ეს ბავშვი უპატრონოდ დარჩა, რადგან იმ მეორეზე დედამ უარი თქვა, წამოვიყვანე, ვიშვილე და ესეც შურისძიება იქნებოდა, მე გავზრდიდი ბავშვს, ყოველ დღე დაინახავდნენ და არ ეცოდინებოდათ, რომ მათი შვილი იყო. მერე გინეკოლოგმა მითხრა, ანალიზებს აბარებენ და მე ვერ გავჩუმდებიო, ამიტომ ვნახე ერთი კაცი, რომელმაც ეს პრობლემა მოაგვარა, ყველაფერი უბედურ შემთხვევას უნდა დამსგავსებოდა, მაგრამ არ გამოვიდა“, - ეს არის ამონარიდი დაკავებულის ჩვენებიდან. სამართალდამცავებმა გინეკოლოგის მკვლელი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი რეციდივისტი მალე დააკავეს და განზრახ მკვლელობისთვის, მას 15 წელი, ხოლო ქალს - 8 წელი მიუსაჯეს. რაც შეეხება ფერადკანიან ბავშვს, როგორც საბჭოთა კავშირის „სირცხვილს“, მამას უფლება მისცეს, ის საფრანგეთში წაეყვანა. მას ქალის წაყვანაც სურდა და წინააღმდეგი არც დედა გახლდათ, მაგრამ ქალბატონს საბჭოთა კავშირის დატოვების უფლება არ მისცეს.

ავტორი - ბათო ჯაფარიძე