„შვილმა გამიმეტა“ - როგორ მოაკვლევინა ქალიშვილმა დედა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

სამი ქალისა და ერთი საყვარლის სისხლიანი „ბანდა“ - სისხლიანი სასიყვარულო დრამა

 „მურკა“ - ქალი, რომელსაც მეგობარ მამაკაცად კრიმინალი ჰყავს. მეწყვილის კრიმინალური წარსულისა თუ აწმყოს შესახებ ქალმა იცის, მაგრამ არ აპროტესტებს. შეიძლება, უბრალოდ, ეშინია და იმიტომ არ აპროტესტებს, მაგრამ ძირითად შემთხვევაში, ქალებს „კრიმინალური რომანტიკა“ და თავგადასავლები ხიბლავთ. არცთუ იშვიათად ყოფილა, რომ ქალი გისოსებს მიღმა მხოლოდ იმიტომ მოხვედრილა, დეტალებში იცოდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და მისი დაფარვის გამო პასუხი აგებინეს. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ კრიმინალთა აბსოლუტურ უმრავლესობას სჭირდება ჩადენილი საქმის შესახებ ვინმეს მოუყვეს. ასეთი „ვინმე“, ხშირად, სწორედ „მურკაა“ - არაოფიციალური ცოლი და არც ისაა უცხო, კონკრეტულ პირს რამდენიმე ასეთი „ცოლი“ ჰყავდეს.

 „80-იანების შუაწელი იყო. დანაშაული ნელ-ნელა მატულობდა, ქვეყანაც თითქოს რაღაცისთვის ემზადებოდა, მთელ საბჭოეთში რაღაც ახლის მოლოდინი იყო. ამიტომ, არ გამკვირვებია, როცა დარეკეს, ყაჩაღობა მოხდა, ასაკოვანი ქალი დანით აჩეხესო. შემთხვევის ადგილზე გავედი და საბედნიეროდ, ქალი ცოცხალი აღმოჩნდა, თუმცა კომაში. ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმებმაც ხელები გაშალეს, ან გადარჩება, ან არაო. ექსპერტმა კი ერთმნიშვნელოვანი დასკვნა დადო, დანით მიყენებული ჭრილობები იმდენად ღრმაა, ამას მხოლოდ კაცი თუ შეძლებდაო. წესით, ძიება მე არ უნდა დამეწყო, რადგან ქალი გადარჩა ანუ მკვლელობა არ მოხდა, მაგრამ ამ ამბიდან მეორე დღეს, იმავე უბანში, უკვე ასაკოვანი მამაკაცი მოკლეს დანით. ხელწერა იგივე იყო, ორი საქმე გაერთიანდა და მე გადმომეცა“, - გვიყვება პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

მეორე გარდაცვლილი ომის ვეტერანი გახლდათ და როგორც პირველ შემთხვევაში, მისი სახლიდან ძვირფასეულობა იყო წაღებული, თუმცა მამაკაცის შვილები ამბობდნენ, რომ მამას, პრაქტიკულად, არაფერი გააჩნდა, პენსიის ფულსაც კი იზოგავდა და შვილიშვილებს ჩუქნიდა. გამქრალი იყო ორდენებიც, თუმცა მათ დიდი ღირებულება არ ჰქონდა.

სამაგიეროდ, ქალის ერთადერთი შვილი ამბობდა, რომ დედის სახლიდან დიდძალი ოქროულობა დაიკარგა და მათ შორის, უიშვიათესი ბრილიანტის ბეჭედი, რომლის ღირებულებაც ბაზარზე 15 ათას მანეთზე ნაკლები არ იქნებოდა. გოგონას ფოტოც აღმოაჩნდა, სადაც ის ბეჭედი დედას ხელზე ეკეთა და ამიტომ, სამართალდამცავებმა გადამყიდველები და იატაკქვეშა იუველირები მკაცრად გააფრთხილეს - ბეჭდის გამოჩენის შემთხვევაში, მილიციაში დაერეკათ.

დრო გადიოდა, არც ბეჭედი ჩანდა და არც - დამნაშავის კვალი. სამაგიეროდ, კიდევ ერთი ქალი დაჭრეს და ექსპერტი თავს დებდა, დანა და დარტყმის სიძლიერე იგივეა, რაც წინა ორ შემთხვევაში იყოო. გარდა იმისა, რომ ქალი დაჭრილი იყო, მას მარჯვენა ხელის არათითი ჰქონდა მოჭრილი და როგორც თავად თქვა, თავდამსხმელმა ბეჭედი რომ ვერ მოხსნა, იმიტომ მოაჭრა. თავდამსხმელის აღწერა კი ვერ შეძლო, უკნიდან დამესხა თავს, ჩხვლეტა და აუტანელი ტკივილი ვიგრძენი, მერე აღარაფერი მახსოვსო.

„საეჭვო არაფერი ჩანდა, მაგრამ იმ ქალის დედამ შემოირტყა თავში ხელი, იაფფასიანი ბიჟუტერია ეკეთა, მაგის გულისთვის თითი როგორ მოაჭრეს ჩემს შვილსო. გაჩნდა ვერსია, რომ თავდამსხმელი ძვირფას მეტალში ვერ ერკვეოდა, რადგან თუნდაც ვეტერანის სახლიდან წაღებული ორდენები ღირებულებას არ წარმოადგენდა“, - გვიამბობს ბატონი თენგიზი.

ერთადერთ იმედად პირველად დაჭრილი მოხუცი რჩებოდა, რომელიც კვლავ კომაში იყო. საქმე ის გახლდათ, რომ ქალი ძალიან ფრთხილობდა და კარს უცხოს არ უღებდა. არადა, კარი გატეხილი არ იყო ანუ თავდამსხმელი შინ თავად შეუშვა და შესაბამისად, დასახელებაც შეეძლო, მაგრამ კომიდან ვერ გამოდიოდა, თანაც მისი სახლი არც არეული გახლდათ ანუ თავდამსხმელმა ზუსტად იცოდა, სად ინახებოდა ოქროული და ამიტომ, არც უძებნია - დააკაკუნა, შევიდა, ეგონა, რომ მოკლა, ძვირფასეულობა აიღო და წავიდა.

ამ დროს, ერთ-ერთმა იუველირმა მილიციაში დარეკა და განაცხადა, რომ მასთან ბრილიანტის ბეჭედი მიიტანეს, რომელიც ძალიან ჰგავდა სურათზე ნანახს. იუველირი „დათანხმდა“, ბეჭედში შვიდი ათასი მანეთი გადაეხადა, თუმცა მოიმიზეზა, ამხელა ფული თან არ მაქვსო და მეორე დღისთვის დაიბარა. მართალია, გამყიდველი დაეთანხმა, მაგრამ იუველირი სკვერში, ხალხმრავალ ადგილზე დაიბარა ანუ ის ძალიან ფრთხილობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გამოცდილი კრიმინალი იყო. სკვერის ტერიტორია საიმედოდ გადაკეტეს და გასასვლელი მხოლოდ ერთ მხარეს დატოვეს. მილიციის თანამშრომლებს ეშინოდათ, რომ ეჭვმიტანილი სროლას ატეხდა და რიგითი მოქალაქეები დაზარალდებოდნენ. დატოვებული გასასვლელის ბოლოს კი ექვსი შეიარაღებული თანამშრომელი ამაგრებდა.

„როგორც კი იუველირი ბეჭედს დაინახავდა, პერანგის ბოლო ღილი უნდა გაეხსნა და ეს იქნებოდა ნიშანი, რომ ბეჭედი ადგილზე იყო. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, იუველირმა ღილი შეიხსნა და ეჭვმიტანილისკენ დავიძარით. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, შორიდანვე ჩანდა მისი აღნაგობა. მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა და იმ გასასვლელისკენ გაიქცა, რომელიც თავისუფალი ეჩვენა. იმედიანად ვიყავი, რადგან იქ გამოცდილი ხალხი ელოდა, მაგრამ როგორც კი ისინი შენიშნა, იარაღი ამოიღო, სამჯერ გაისროლა - სამივე მიზანში და თვალის დახამხამებაში დაგვეკარგა. საბედნიეროდ, თანამშრომლები გადარჩნენ“, - ამბობს ბატონი თენგიზი.

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ვერც იუველირმა და ვერც თანამშრომლებმა ვერ მოახერხეს ფოტო-რობოტის შექმნა. სამართალდამცავებს მისი დათვალიერების დრო არ ჰქონდათ, იუველირი კი ისე იყო შეშინებული, ხან ერთს ამბობდა, ხან - მეორეს. ისიც კი თქვა, სამსახურში გამსვლელი აღარ ვარ, სანამ მაგას არ დაიჭერთო და აკი, არც გადიოდა.

ჩავარდნილი ოპერაცია კატასტროფას ნიშნავდა, რადგან სავარაუდო დამნაშავე აუცილებლად შეეცდებოდა საგულდაგულოდ დამალვას და ქვეყნიდან გასვლასაც კი. კიდევ ერთი კვირა ისე გავიდა, ახალი არაფერი მომხდარა. სწორედ მაშინ, როცა გამოძიება ვარაუდობდა, რომ დამნაშავე ხელიდან გაექცა, დაჭრილი ქალი აზრზე მოვიდა, ერთადერთი ფრაზა თქვა და... გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ეს ერთი ფრაზა სავსებით საკმარისი იყო.

„ჩემმა შვილმა გამიმეტა“, - ეს იყო ის სიტყვები, რომლებიც მოხუცმა სიკვდილის წინ წარმოსთქვა. რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავები შვილს მაშინვე არ ეცნენ, პირიქით, დედის გარდაცვალება მიუსამძიმრეს და უთხრეს, სამწუხაროდ, აზრზე მოუსვლელად გარდაიცვალა, დამნაშავის ვინაობა ვერ დაგვისახელაო. ახალი ეჭვმიტანილის თვალთვალი დაიწყო. ქალი გათხოვილი არ გახლდათ, თუმცა შეძლებული მშობლების წყალობით, სამ-ოთახიან ბინაში ცხოვრობდა. ეჭვი, რომ ბინაში მარტო არ იყო, პირველივე დღეს გაჩნდა, რადგან შინ დატვირთული მივიდა. ოპერაცია მეორე დღისთვის დაიგეგმა, მაგრამ...

„ოპერმუშაკებთან ერთად, მეც ვმორიგეობდი. კიდევ ერთი შეცდომა არა მარტო კარიერის დასრულებას მიქადდა, არამედ, იმასაც ნიშნავდა, რომ ცივსისხლიან დამნაშავეს ვეღარ დავიჭერდით. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენია, რა დამემართებოდა, როცა იმავე სადარბაზოში შევიდა ქალი, რომელსაც მანამდე თავს დაესხნენ და თითი მოაჭრეს. ის არათუ იმ სადარბაზოში მივიდა, არამედ, ჩვენი ობიექტის ბინაზე დააკაკუნა და შევიდა. ღამით მათ მესამე ქალიც დაემატათ, დილით კი ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა - ქალბატონები სამსახურებში წავიდნენ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

გადაწყდა, დამნაშავე მაშინ უნდა აეყვანათ, როცა დიასახლისი შინ დაბრუნდებოდა და კარს გააღებდა. ოპერმუშაკები მასთან ერთად უნდა შევარდნილიყვნენ ბინაში და მოულოდნელობის ეფექტით ეხელმძღვანელათ, თუმცა ამის საჭიროება აღარ იყო. ნაშუადღევს, ეჭვმიტანილი მშვიდად გამოვიდა გარეთ და მაღაზიისკენ აიღო გეზი. ორმა ოპერმუშაკმა შეამჩნია ქამართან გამობერილი უბე ანუ ის კვლავ შეიარაღებული იყო, ამიტომ ბევრი არ უფიქრიათ - იქვე, ეზოში, მცირე მიწის შემოღობვისთვის დარჭობილი რკინის მილი ამოაძრეს, როცა ეჭვმიტანილი უკან ბრუნდებოდა, მიეპარნენ და მთელი ძალით კეფაში ჩასცხეს. მამაკაცი უგონოდ დაეცა და სანამ აზრზე მოვიდოდა, ხელებსა და ფეხებზე ბორკილები ედო, იარაღს კი ხელში ოპერმუშაკი ათამაშებდა.

როგორც მისი მონაყოლიდან გაირკვა, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ (43 წლის კაცს ციხეში 21 წელი ჰქონდა გატარებული), ის ქალი გაიცნო, ვისთანაც ცხოვრობდა. შემდეგ სხვა გაიცნო, მერე - კიდევ ერთი და საბოლოოდ, გადაწყვიტა, სამივესთან ეცხოვრა. როგორ მოახერხა, რომ ისინი ამაზე დაიყოლია, არავინ იცის, მაგრამ ოთხეული თავს შესანიშნავად გრძნობდა. ქალებმა იცოდნენ, რას წარმოადგენდა მათი რჩეული, მაგრამ მაინც ბედნიერები იყვნენ. სწორედ დიასახლისმა შესთავაზა დედის გაქურდვა, აქაოდა, იქ იმდენი ოქროა, კარგა ხანს გვეყოფაო და კარზეც თავად დააკაკუნა. რა თქმა უნდა, დედამ კარი გააღო და როგორც აღმოჩნდა, შვილის ნაცვლად, ბინაში სიკვდილმა შეაბიჯა. რაც შეეხება თითის მოჭრას, სიმთვრალეში ბრილიანტის ბეჭედი კაცმა სწორედ იმ ქალს აჩუქა, შემდეგ დაბრუნება სთხოვა. ქალმა დაბრუნება არ ისურვა და სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა - დანით დაჭრეს, თითიც მოაჭრეს, მაგრამ მილიციას შიშით, არაფერი თქვა. ომის ვეტერანის სიკვდილი კი სრულიად შემთხვევითი იყო. ვეტერანი ვიღაცას ეუბნებოდა, ძაღლის ბედი მაქვს, ტყვია არ მეკარება, სიკვდილი ვერას დამაკლებსო და ნასვამმა კრიმინალმაც სახლამდე მიაცილა, მერე შინ შეჰყვა და... გასართობად მოკლა, ორდენები კი ყოველი შემთხვევისთვის წაიღო.

სასამართლო თითქმის ვერ შედგა. დაკავებული დარწმუნებული იყო, რომ უმაღლეს ზომას მიუსჯიდნენ და თქვა კიდეც, ამ სიამოვნებას არ მოგანიჭებთო. მან სასამართლომდე, საკანში თავი ჩამოიხრჩო. დიასახლისს დედის მკვლელობაში თანამონაწილეობა დაუმტკიცეს და 10 წელი მისცეს, კიდევ ორი ქალბატონი კი პირობითი სასჯელით გადარჩა.

 

ავტორი - ბათო ჯაფარიძე