მკვლელობა სადარბაზოში - ლტოლვილი გოგო არყით მოწამლეს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვინ შეუკვეთა ახალგაზრდა ქალის მკვლელობა და როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავეზე

 აფხაზეთის ომის შემდეგ, თბილისში, ნაომარ ბიჭებთან ერთად, ათეულ ათასობით დევნილიც ჩამოვიდა. დედაქალაქი იყო ადგილი, სადაც ამ ადამიანებს გადარჩენის შანსი ჰქონდათ. მაშინ მთელ ქვეყანას უჭირდა, ეკონომიკა, პრაქტიკულად, არ არსებობდა, ზედმეტი იყო საუბარი სტაბილურ სამსახურზე და თუ ვინმე მუშაობდა, ხელფასს წელიწადში 3-4-ჯერ იღებდა. ყველაფერმა ამან, ისედაც მძიმე კირმინალური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა. სამართალდამცავებს 24-საათიან რეჟიმში უწევდათ მუშაობა და ვაი, რომ მაშინ ყველაზე ხშირად საკვებს იპარავდა ხალხი - მოსახლეობას, უბრალოდ, შიოდა და საარსებო წყარო არ ჰქონდა. გამონაკლისი არც მძიმე შემთხვევები იყო და როცა ერთ-ერთ სადარბაზოში გარდაცვლილი გოგონა ნახეს, ბევრს არ გაჰკვირვებია. მკვლელობა მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო.

 

„ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად გავედით. არყის საშინელი სუნი იდგა, ექსპერტმა გოგოს სახეზე დასუნა კიდეც და თქვა, ალკოჰოლი აქვს მიღებული, შეიძლება, არყით მოიწამლა, ინტოქსიკაციის ლაქებიც აქვს გვამსო. როგორც წესი, არავის არაფერი გაუგონია, მხოლოდ ის თქვეს, რომ გოგონა მეზობელ სადარბაზოში ცხოვრობდა, ლტოლვილი იყო და ბინას მეგობარ გოგოსთან ერთად ქირაობდაო. რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში, მისი მეგობრის მოძებნა და ბინის დათვალიერება გადავწყვიტეთ“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ვინც არ იცის, გეტყვით, რომ მაშინ ტელევიზიიდან ნეგატიური ინფორმაციის გადაცემა, პრაქტიკულად, აკრძალული იყო. არსებობდა წიგნი - დიქტორების სახელმძღვანელო და იქ ისიც კი ეწერა, ცუდი ამინდის პროგნოზი როგორ დამაიმედებლად და პოზიტიურად უნდა გამოეცხადებინათ, თუმცა ყველაფერი ეს უკვე მოშლილი იყო და იმის მიუხედავად, რომ დიქტორები ძველები იყვნენ,  ნეგატივს ვეღარ გაურბოდნენ.

დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა - საინფორმაციო გამოშვებები ნეგატივით იწყება და მისი ყურების შემდეგ ჩნდება განცდა, რომ არასდროს არაფერი გვეშველება. ადრე კი, საინფორმაციოს მოსმენის შემდეგ, მოსახლეობა იმედიანად იძინებდა, მომავალი დღის იმედი ჰქონდა.

... ბინა ჩვეულებრივი, ერთოთახიანი იყო, ძველი ავეჯით გაწყობილი და გვარიანად არეულ-დარეული. ისე ჩანდა, ვიღაცა რაღაცას ეძებდა. იატაკზე სითხე ესხა, ექსპერტმა მასაც დასუნა და თქვა, არაყია, ოღონდ რაღაც სპეციფიკური სუნი დაჰყვებაო და ნიმუში აიღო. ამ დროს, გარდაცვლილის მეგობარიც დაბრუნდა და როცა მომხდარის შესახებ გაიგო, გული წაუვიდა. ამას ვერ ითამაშებდა, რადგან გულის წასვლა მიზანმიმართულად თითქმის შეუძლებელია, რაც სამართალდამცავებს საფუძველს აძლევდა, ეფიქრათ, რომ გოგონამ ან საერთოდ არაფერი იცოდა, ან ყველაფერს ხვდებოდა. აზრზე მოყვანის შემდეგ, ძლივს თქვა, ვერ ვხვდები, ჩემი მეგობრის სიკვდილი ვის რაში დასჭირდა, ყველამ იცოდა, რომ უღარიბესად ვცხოვრობთ, ობლები ვართ და თავს სხვისი სახლების დალაგებით ვირჩენთო. ბედის ირონიით, ისინი აფხაზეთში ერთად სწავლობდნენ, დედა არცერთს ჰყავდა, ომის დროს, მამები საქართველოსთვის დაიღუპნენ, ძმები სამეგრელოში დარჩნენ და იქ ცდილობდნენ მოწყობას, გოგონებმა კი ერთად გადაწყვიტეს ცხოვრება და შრომა. მეზობლების გამოკითხვამ აჩვენა, რომ გოგოებთან არც ღრეობა იმართებოდა, მათთან სტუმრადაც არავინ დადიოდა და რაც მთავარია, გამორიცხული იყო, ალკოჰოლი მიეღოთ, რადგან არყის ფული კი არა, პურსაც ხშირად ნისიაზე იღებდნენ უბნის მაღაზიაში. გოგონას საფუძვლიანი დაკითხვა მეორე დღისთვის გადაწყდა.

„არც კი ვიცი, რა მოვყვე. ამ ბინაში ნახევარი წელია, ვცხოვრობთ და ორი თვის ქირა გადასახდელი გაქვს. საქმე ისაა, რომ სამუშაო ძალიან ჭირს და სახლების დალაგებაშიც არ გვიხდიდნენ იმდენს, ყველაფრისთვის გვყოფნოდა. ზაფხულში ზამთრის ფეხსაცმელებით დავდიოდით, იმით, რითაც აფხაზეთიდან წამოვედით. მე ერთ-ერთ ოჯახში მოსამსახურედაც ვარ, თუმცა მათაც გაუჭირდათ და ხელფასს ვეღარ მიხდიან. მაინც დავდივარ, ვეხმარები, საჭმელს მაჭმევენ და ესეც შეღავათია“, - თქვა გოგონამ.

ოჯახი, სადაც ის მოსამსახურედ იყო, აფხაზეთის ომის ვეტერანისა გახლდათ, თურმე, ოჯახის უფროსმა, რომელმაც აფხაზეთში ფეხი დაკარგა, მტირალი გოგო სკვერში ნახა, ამბავი გამოჰკითხა და უთხრა, ჩემთან წამოდი, ოჯახში, დამხმარე იქნები, შვილივით მოგივლიო. მართლაც, ორი თვე ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, შემდეგ ის კაცი მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა, დიასახლისმა კი, რომელსაც „უპატრონო“ გოგო გულზე არც მანამდე ეხატებოდა, მისი გაგდება მოისურვა, თუმცა შვილმა არ დაანება, იყოს, მადლიაო. სამაგიეროდ, ხელფასი შეუწყვიტეს და გოგოც კვირაში ორჯერ მიდიოდა, ალაგებდა, საჭმელს აჭმევდნენ და ცოტას შინაც ატანდნენ. აბსურდი იყო იმაზე ფიქრი, რომ ვინმეს შეეძლო გოგონებისთვის მხოლოდ იმიტომ ემტრო, რომ მაგალითად, სახლი ვერ დაულაგეს. ყველაფერი ეს, შემთხვევით მკვლელობას ჰგავდა ანუ ვიღაცებმა ბინის გასუფთავება გადაწყვიტეს, შევიდნენ, იქ გოგო დახვდათ და მოკლეს, თუმცა გამომძიებელს არაყი მოსვენებას უკარგავდა, ვერ ხვდებოდა, რატომ ჰქონდა გოგოს მიღებული ალკოჰოლი და რაც მთავარია, სახლში არყის ცარიელი ბოთლიც კი ვერ იპოვეს.

ექსპერტის დასკვნაც მალე გახდა ცნობილი: გოგოს ხელებსა და ტანზე სილურჯეები ეტყობოდა ანუ ის იბრძოდა და დაზიანებები ჰქონდა ლოყების, როგორც გარე, ისე შიდა მიდამოებში. ექსპერტის აზრით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მას მოწამლული არყის დალევა აიძულეს. სწორედ რომ მოწამლულის, რადგან სასმელში შხამის სასიკვდილო დოზა იყო გარეული. ძალიან დიდი ალბათობით, მკვლელები ფიქრობდნენ, რომ საფუძვლიან ექსპერტიზას იმ დროს, უბრალოდ, არავინ ჩაატარებდა.

„ეს, მინიმუმ, იმას ნიშნავდა, რომ ვიღაცამ გოგო მიზანმიმართლად მოკლა. მისი მეგობრისგან ვიცოდით, რომ სახლში ძვირფასეულობა არ იყო და ბოლო ვერცხლის ბეჭედი ერთი თვის წინ, 8 ლარად გაყიდეს. რეალურადაც, მათი ჩაცმულობის შემხედვარე ადამიანს გაქურდვის სურვილი არ გაუჩნდებოდა და შემთხვევითობასაც აღარ ჰგავდა  ყველაფერი ეს. სად გვეძებნა და ვინ გვეძებნა, არ ვიცოდი“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ყოველი შემთხვევისთვის, გამომძიებლები იმ ოჯახშიც მივიდნენ, სადაც გოგონა დამხმარედ მუშაობდა. ფიქრობდნენ, ეგებ, მათ ეთქვათ რამე ისეთი, რაც თუნდაც გოგონამ დამალა ან გამორჩა. დიასახლისის დაკითხვამ ახალი არაფერი მისცა, მისმა შვილმა კი ჩაილაპარაკა, მალე მოვიყვან ცოლად და იმ ბინიდან სამუდამოდ წამოვა, მარტო აღარ იქნებაო. ეს რაღაც ახალი იყო - გამოდიოდა, ბიჭს გოგოს ცოლად მოყვანა სურდა, თუმცა ამავდროულად, დედამისი მის შინიდან გაშვებას აპირებდა. გოგო კიდევ ერთხელ დაკითხეს და დაადასტურა, იმ ვეტერანის შვილი უყვარდა და ერთად ყოფნას ხელს მხოლოდ სადედამთილო უშლიდათ. იყო თუ არა ეს მოტივი?  

„ერთი კვირის შემდეგ, ნარკომანიიის განყოფილებიდან კოლეგებმა დამირეკეს. მითხრეს, სასწრაფოდ მოდი, შენთვის სიურპრიზიაო. მივედი და ვიღაც ნარკომანი მანახეს, რომელსაც ისეთი „ლომკა“ ჰქონდა, შემეცოდა, საუბარიც კი უჭირდა. ძლივს გამაგებინა, წამალს თუ გამიკეთებენ, იმ მკვლელობას გავხსნი, ამას წინათ რომ მოხდა, სადარბაზოში გარდაცვლილი გოგო რომ ნახესო. ათ წუთში შევათანხმე უფროსობასთან ყველაფერი და ადგილობრივმა ექიმმა ვენაში ზუსტად იმდენი ნარკოტიკი შეუშვა, „ლომკის“ მოხსნას რომ ეყოფოდა. მან კი მოყოლა დაიწყო“,-ამბობს ბატონი თენგიზი.

„მე არ მომიკლავს, ყველაფერი ჩემმა „პადელნიკმა“ გააკეთა, მე, უბრალოდ, პირს ვუკავებდი. მოწამლული არაყი ერთმა ქალმა მოგვცა, მისამართიც მან მოგვცა, მიდით ამ სახლში, გოგო დაგხვდებათ, ეს არაყი დაალევინეთ და მერე სადმე, სადარბაზოში დააგდეთო. 500 დოლარი გაგვიმაზა, აბა, რა ვიცოდით, თუ არაყი მოწამლული იქნებოდა? მივედით, დავალევინეთ, ჩამოვათრიეთ და რომ მივხვდით, მოკვდა, იქვე, მეორე სადარბაზოში მივაგდეთ, მაგრამ მე არ მომიკლავს, პრინციპში, არც ჩემს „პადელნიკს“, არ ვიცოდით, არაყი მოწამლული თუ იყო“, - ეს არის ამონარიდი ნარკომანის ჩვენებიდან.

რაღა თქმა უნდა, „პადელნიკი“ მალე აიყვანეს და აიყვანეს ქალიც... იმ აფხაზეთის ომის ვეტერანის ცოლი, რომელიც ფიქრობდა, რომ მის შვილს ბევრად მეტი ეკუთვნოდა, ვიდრე არაფრის მქონებელი, დევნილი გოგო. მან ზუსტად შეისწავლა გოგონების გრაფიკი, შემდეგ ერთ-ერთ დაქალს სთხოვა, გარდაცვლილი ბინის დასალაგებლად გამოეძახებინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ არასასურველი სარძლო სახლში მარტო იქნებოდა, თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი - გოგონა, რომელიც შეცდომით მოკლეს, შეუძლოდ გახდა და ვერსად წავიდა, დაქალმა კი მკვლელობის შემკვეთს არ უთხრა, ის გოგო არ მოსულაო, აღარ ჩათვალა საჭიროდ. ასე დარჩა სახლში გოგო, რომელიც ბედისწერამ არ დაინდო. მკვლელებმა კი შეასრულეს ის, რაც დაავალეს - მივიდნენ ბინაში და ვინც დახვდათ, არაყიც იმას დაალევინეს.

„სასამართლომ ქალი საერთოდ გაამართლა, რადგან ნარკომანების მონაყოლი მტკიცებულებად არ მიიღო, თავად ის ნარკომანები კი მხოლოდ მოხმარებისთვის ჩასვეს, აქაოდა, ეს ისტორია შეთხზეს იმისთვის, რომ დოზა მიეღოთო. სამწუხაროდ, გამოძიებას პირდაპირი მტკიცებულებები არ ჰქონდა, თან... მაშინ მართლა სხვა დრო იყო“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.