104 ახალი სტატია

მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმარი #0578

 

სანამ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე გახდებოდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, ოთხი ათეული ეკლესია-მონასტერი ფუნქციონირებდა. მას შემდეგ კი, რაც სათავეში ეკლესიის დღევანდელი საჭეთმპყრობელი მოვიდა, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა და ეკლესია იქამდე მივიდა, სადაც დღეს ვართ - პრაქტიკულად, არ არსებობს სოფელი, ეკლესია რომ არ ფუნქციონირებდეს და თითქმის ყველა მონასტერში სამონასტრო ცხოვრება არ ჩქეფდეს. ადრე ასე არ იყო - საუკეთესო შემთხვევაში, მონასტრის კარი უბრალოდ გამოხურული გახლდათ. უარეს შემთხვევაში კი, ის გარეული თუ შინაური ცხოველების სადგომი იყო. უფრო მეტიც, იყო რამდენიმე მონასტერი, სადაც კელიები ჩვეულებრივ, საცხოვრებელ ფართებად ჩამოარიგეს, სადაც ადამიანები (ძირითადად მარტოხელები) ცხოვრობდნენ და ყოველგვარი ლოცვისა თუ საეკლესიო რიტუალების გარეშე არსებობდნენ, ჰქონდათ საკუთარი მეურნეობა, კელიებში იდგა შეშის ღუმელი, მაგიდა, მცირე სამზარეულო...

 

იყო შემთხვევები, როცა საცხოვრებლად გაცემულ კელიებში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც ფარულად საეკლესიო ცხოვრებას ეწეოდნენ, მარხულობდნენ, ლოცულობდნენ... სწორედ ერთ-ერთი ასეთი მლოცველი, 92 წლის ქალი იპოვეს გარდაცვლილი „მეზობლებმა“ და მილიციაში დარეკეს.

1979 წლის გაზაფხული იდგა.

„რომ არა მონასტრის ტერიტორია, სამინისტრო ამ საქმეს პირად კონტროლზე არ აიყვანდა, მაგრამ იმის გამო, რომ ხალხში მითქმა-მოთქმა არ დაწყებულიყო, საქმის უმოკლეს ვადებში გამოძიება დაგვავალეს, თანაც უშიშროების კომიტეტიდან ცნობა მოვიდა, გარდაცვლილზე ამბობდნენ, სამონასტრო განძს მიაგნო და მისი მცველი იყოო. სამონასტრო განძი, პრაქტიკულად, ყველა მონასტრის ლეგენდა იყო. ყველგან საუბრობდნენ, რომ კომუნისტების მოსვლის შემდეგ, ეკლესიის ქონება, ძირითადად, მოოქროვილი ხატები გადამალეს და მათ ძებნაში არაერთი ეკლესიისა თუ მონასტრის ეზო იყო გადათხრილი. რეალურად კი, განძი ვერავინ იპოვა. ამიტომ, ჩვენს წარმოდგენაში, ეს მხოლოდ მითი იყო და განძი არ არსებობდა. თუ არსებობდა, გატანილი ექნებოდათ ბოლშევიკებს, რადგან სწორედ მათ დროს გაიძარცვა ეკლესია-მონასტრები“, - გვიყვება საინტერესო ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

შეიძლება ითქვას, ქალი ძვლებში იყო დამტვრეული. სიფრიფანა, 40 კილოგრამიც ვერ იქნებოდა, ამიტომ გამოძიებას დარჩა შთაბეჭდილება, რომ გაგუდვის დროს, ქალს ტანზე დააწვნენ და ძვლებიც ამ დროს გაუტყდა. კელია საგულდაგულოდ იყო გაჩხრეკილი, თუმცა რისი წაღება შეეძლოთ ქურდებს, გამომძიებლებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ. სამეზობლომ უთხრა, ამ ქალს შვილიშვილი აკითხავდა, იმას ეცოდინებოდა ნივთების ჩამონათვალიო და სამართალდამცავებმაც შვილიშვილ გოგონას მალე მიაგნეს.

„ხშირად მქონდა გაგებული, რომ მონასტერში რაღაც საგანძური იყო, რომელიც ბებიამ შეინახა. რამდენჯერმე ვკითხე კიდეც, მაგრამ ყოველთვის ეღიმებოდა, არაფერი მაქვს შენახული და თუ ოდესმე რამე გამოჩნდება, მხოლოდ ღმერთის ნებითო. ამიტომ, ყველაფერი ეს ისეთივე მითი მეგონა, როგორც ბევრი სხვა მითი და სერიოზულად არასდროს აღვიქვამდი“, - ეს არის ამონარიდი შვილიშვილის ჩვენებიდან.

სამაგიეროდ, კელიის დეტალურმა ჩხრეკამ აჩვენა, რომ სკივრში არსებულ ქსოვილებზე ოქროს კვალი იყო და კუთხეში ბრილიანტის პატარა თვალიც იპოვეს. ეს აშკარად იმის ნიშანი იყო, რომ სკივრში ძვირფასეულობა ნამდვილად ინახებოდა, თუმცა იმავე შვილიშვილის ჩვენებით, სკივრში ბებია წვნიანის ამოსაღებ ჩამჩას ინახავდა და ამბობდა, ჩემთვის ძვირფასი რელიქვიააო. პატიოსან თვლებზე კი მას წარმოდგენაც არ ჰქონდა. გამოძიება მხოლოდ ძარცვის შესაძლებლობას განიხილავდა და ამ მიმართულებით მუშაობდა, თუმცა ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდა.

როცა მკვლელობა მოხდა, მონასტრის ტერიტორიაზე არავინ იმყოფებოდა ერთი, ასევე, ღრმად მოხუცი ქალის გარდა, რომელსაც დუმილის აღთქმა ჰქონდა დადებული - არაფერს ამბობდა და არავის არაფერზე პასუხობდა. იყო იმის შანსი, რომ მას მკვლელი დაენახა, თუმცა გამომძიებლების კითხვებზე მხოლოდ შორს, სივრცეში იყურებოდა და რეაქცია არ ჰქონდა.

„აღარ ვიცოდი, რა მექნა, ამიტომ დახმარებისთვის საპატრიარქოს მივმართე. საქმის არსი ავუხსენი და ვუთხარი, რომ იქნებ, რომელიმე ეპისკოპოსისთვის ეთქვა მოხუცს ისეთი რამ, რაც გამოძიებას წაადგებოდა. ეპისკოპოსები მოხუცმა იგივე პასუხით გამოისტუმრა, როგორითაც ჩვენ, თუმცა ისევ სასულიერო პირებმა მირჩიეს, მისი მოძღვარი ნახე, ეგებ, იმას უთხრას რამეო. მოძღვარი მალე ვიპოვე“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

მოძღვარმა გამომძიებელს ყურადღებით მოუსმინა და უთხრა, თუ თავად არ მოისურვებს, მე აღთქმის დარღვევას ვერ დავაძალებო და ისიც დააყოლა, სამი წელი დარჩა დუმილი და მერე, თუ რამე დაინახა, მოყვებაო. რა თქმა უნდა, სამი წელი გამოძიება ვერ დაიცდიდა და ამიტომ, იმ ადამიანების შესწავლა დაიწყო, ვინც ასე თუ ისე, მოხუცთან რაიმე ურთიერთობაში იყო. დიდი შედეგი არც ამან მოიტანა, ერთი ხელოსანი მიდიოდა, რომელიც შიდა საქმეებში ეხმარებოდა, ხან ლურსმანს მიუჭედებდა, ხან დანას გაულესავდა, თუმცა ამას უანგაროდ არ აკეთებდა, ხან სამ მანეთს ართმევდა, ხან - ხუთს. დაკითხვაზე ხელოსანმა უდარდელი პასუხები გასცა, იმ სოროში ტყუილად რატომ უნდა შევსულიყავი, კვირაში ერთხელ მივდიოდი, თუ რამე ჰქონდა გასაკეთებელი, ვაკეთებდი, თუ არადა, უკან მოვდიოდიო. იმ დღესაც უწევდა ვიზიტი, როცა ქალი მოკლეს, მაგრამ როცა მივიდა, ადგილზე უკვე სამართალდამცავები დახვდნენ და უკან გაბრუნდა.

ეს ძაფიც გაწყდა, თუმცა...

„არ ვიცი, ახლა როგორ არის, მაგრამ მაშინ შს სამინისტროში გენიოსები მუშაობდნენ. ისეთ რამეებს მოიფიქრებდნენ, რიგით მოკვდავებს რომ არ შეეძლოთ. სწორედ სამინისტროში დამიბარეს და ის გეგმა გამაცნეს, რომლითაც უნდა მემოქმედა. მეორე დღეს, ყველა აგენტი ყველა კუთხეში საუბრობდა, რომ მკვლელი იმ მოხუცმა დაინახა, რომელსაც დუმილის აღთქმა ჰქონდა დადებული და გამოძიება ახლა სწორედ მას ელოდა. ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დუმილის აღთქმის ვადა ექვს დღეში იწურებოდა. რატომ ექვს დღეში? - სამი დღე ბანალურად ჟღერდა, ერთი კვირა - არარეალურად, შეიძლებოდა ეჭვი გაჩენილიყო, აი, ექვსი დღე კი ექვსი დღე იყო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ამბის გახმაურებისთანავე, სამართალდამცავებმა ჩასაფრება მოაწყვეს და მშვიდად ელოდნენ, როდის გამოჩნდებოდა მკვლელი. ის, მართლაც, გამოჩნდა, ოღონდ მესამე დღეს და კინაღამ მორიგი მკვლელობა ჩაიდინა. საქმე ის გახლდათ, რომ ოპერმუშაკებმა მასზე ეჭვი ვერ მიიტანეს და მშვიდად მისცეს შესაძლებლობა იმ ოთახში შესულიყო, სადაც მოხუცი ცხოვრობდა.

„მესამე დღეს, ის ხელოსანი გამოჩნდა, ჰარიჰარად მიდიოდა და ოთახშიც ისე დააკაკუნა, თითქოს საკუთარ სახლში იყო. ჩვენ მეორე ოთახის ჭუჭრუტანიდან ვუყურებდით და მშვიდად ვიყავით. ქალმა კარი გააღო, ჭუჭრუტანას მოვცილდით და ამ დროს ხმაური გავიგონეთ, ისევ გავიხედე და ქალი სტუმარს ოთახში არ უშვებდა, ის კი ძალით ცდილობდა შესვლას. მაშინვე გამოვედით სამალავიდან, კაცს ხელები ამოვუგრიხეთ, ქალს ვკითხე - ეს არის-მეთქი და უხმოდ დამიქნია თავი. ახლა უკვე ჩვენი საქმე იყო, მას როგორ გამოვტეხავდით“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ხელოსნის სახლის ჩხრეკამ გამოძიებას ვერაფერი მისცა, თუმცა მისი სამსახურის ჩხრეკის შემდეგ, ის ჩამჩა იპოვეს, რომელიც მოკლულის ოთახიდან იყო გამქრალი. ექსპერტმა დასკვნა დადო - ჩამჩა ოქროსია.

„ვიცოდი, რომ ამ მოხუცს რაღაც ნივთები ჰქონდა ნაპოვნი. როცა მასთან მივდიოდი, მუდმივად ვცდილობდი, სახლი გამეჩხრიკა. ეს ჩამჩა როცა ვნახე, მივხვდი, ოქროსი იყო, ხელოსანი ვარ, მეტალს ვცნობ. დავრწმუნდი, რომ განძი მასთან ინახებოდა და იმ დღეს ცოტა ადრე მივედი. როცა ვგუდავდი, წაიქცა და ზედ დავეცი, მერე ყველაფერი გადავატრიალე, მაგრამ ჩამჩის გარდა, ვერაფერი ვიპოვე“, - განუცხადა გამოძიებას დაკავებულმა.

ამის შემდეგ, გარდაცვლილის კელია უშიშროების სამსახურმა აგურ-აგურ დაშალა, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს. ერთი ეგ იყო, იატაკის ქვემოთ, სატელეფონო ხაზები გადიოდა და პრაქტიკულად, მთელ მონასტერს მოიცავდა. ვინ და რისთვის გაიყვანა ეს ხაზები, დღემდე გაურკვეველია, ხელოსანს კი მკვლელობისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.