115 ახალი სტატია

მკვლელობა რუსთავში - ახალგაზრდა ქალს თავის ქალა ქვით ჩაუმტვრიეს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა ჩვენება მისცა მოკლულის არასრულწლოვანმა შვილმა გამოძიებას

 ძალადობა, ქალის ჩაგვრა - ეს ის ტერმინებია, რომლებიც ბოლო დროს დამკვირდა. უფრო ზუსტად კი, ადრეც იყო, მაგრამ ნაკლებად ისმოდა, რადგან ოჯახური ძალადობის გახმაურებას, ასევე, ქალების ჩაგვრისა თუ ფიზიკური ზეწოლის აღნიშვნას ერიდებოდნენ. ბულინგი კი ახალი ტერმინია. ამის გამო, ადრე ბევრი დანაშაული იჩქმალებოდა და რაც მთავარია, ბევრი მოძალადე დაუსჯელი რჩებოდა.

 

80-იანი წლების დასაწყისში, ზაფხულის ერთ საღამოს, რუსთავში, გამვლელებმა, კორპუსის გვერდით, გარდაცვლილი ქალი იპოვეს. ქალს თავის ქალა ბლაგვი საგნით ჰქონდა ჩამტვრეული და მთელი სახე ისე ჰქონდა სისხლით მოსვრილი, ვერავინ იცნობდა. კრიმინალისტები და სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე დროულად მივიდა, თუმცა ექიმს პულსი არც კი გაუსინჯავს - თავის ქალიდან გადმოსული რუხი მასა აშკარად მიანიშნებდა, რომ ქალს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. იქვე ეგდო მკვლელობის იარაღიც - მოზრდილი ქვა, რომელსაც ბოლოსკენ, თითქოს, წვეტი ჰქონდა და, სავარაუდოდ, სწორედ ეს წვეტი მოხვდა გარდაცვლილს.

ახლო-მახლო კორპუსების მაცხოვრებლები მოგროვდნენ, თუმცა სახეზე სისხლის გამო, ვერავინ ამბობდა, გარდაცვლილი ვინ იყო. გამომძიებლის მითითებით, ექიმმა ქალს სახე სპირტიანი ბინტით მოსწმინდა და ერთბაშად რამდენიმე ადამიანს გაოცების ამოძახილი აღმოხდა. გარდაცვლილში მეზობელი ქალი იცნეს, მაგრამ ყველამ ლამის ერთდროულად თქვა - ის ეტლში იჯდა.

სამართალდამცველთათვის ეს ინფორმაცია მოულოდნელი იყო. როგორ? - ეტლში მჯდომი ქალი, თავისი ფეხით გამოვიდა ვიღაცასთან შესახვედრად და მოკლეს? თუმცა ეტლიც რომ არსად იყო? ქალს კი ფეხსაცმელი ეცვა, მართალია, ნაკლებად გაცვეთილი, მაგრამ აშკარა გახლდათ, რომ აღნიშნული ფეხსაცმლით ის მოძრაობდა, რადგან სახლის გვერდით, მიწიანი ადგილი იყო და ფეხსაცმელზე მიწა ჰქონდა მიკრული.

„ვადასტურებ, რომ ჩემი ცოლი, ოთხი წლის წინ, უბედური შემთხვევის შედეგად, ეტლში ჩაჯდა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. არ ვიცი, როგორ მოხვდა ეზოში ისე, რომ ეტლი სახლში დარჩა, ვინ ჩაიყვანა და როგორ“, - ეს არის ამონარიდი ქმრის ჩვენებიდან.

ოჯახის მესამე წევრი, 7 წლის გოგონა კი დედის სიკვდილის გამო შოკში იყო და ხმას ვერ იღებდა. ექიმები მაქსიმუმს აკეთებდნენ პატარას მდგომარეობიდან გამოსაყვანად, თუმცა ის ჯიუტად უყურებდა ერთ ადგილს და კრინტს ვერ ძრავდა.

იმის მიუხედავად, რომ ზაფხულის საღამოს, წესით, გარეთ ბევრი ხალხი უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, მაინც არავის დაუნახავს, როგორ ჩაარტყეს ქალს თავში ქვა. მეზობლები ამბობდნენ, რომ საეჭვო და უცხო არავინ შეუნიშნავთ. იმავე მეზობლების მტკიცებით, ქმარს ცოლი სიგიჟემდე უყვარდა და ინვალიდობის მიუხედავად, ხელის გულზე ატარებდა, ეჭვიანობის საბაბი არასოდეს მიუცია.

ერთი ეგ იყო, დაახლოებით, სამი თვის წინ, კაცის თანამშრომელი ქალი ეწვიათ სტუმრად და ეს ამბავი მეზობლებმაც გაიგეს. იმ თანამშრომელმა ეტლში მჯდომს უთხრა, შენს ქმარს ტვირთად რომ არ აწვე, ცოლად მე მომიყვანდაო, თუმცა მეზობლები რისი მეზობლები იქნებოდნენ, ბოლომდე რომ არ გაერკვიათ - ქალი კაცს მოსვენებას არ აძლევდა, დატოვე ეგ შენი ხეიბარი ცოლი და მე შემირთეო, მაგრამ კაცი ცოლს არ ღალატობდა.

ახალი ვერსია გამოძიებისთვის ახალი ძაფი იყო. თანამშრომელი ქალი მალე მოძებნეს, მაგრამ ამაოდ - ის ორი კვირის გათხოვილი იყო, ქმართან ერთად, თავს გადასარევად გრძნობდა და ეტლს მიჯაჭვული მეტოქე საერთოდ არ ახსოვდა. კითხვა, ვის შეიძლებოდა მოეკლა ქალი, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მხოლოდ ქმრის დახმარებით ტოვებდა სახლს და რაც მთავარია, როგორ მოხვდა ის ეზოში, ეტლის გარეშე, პასუხგაუცემელი რჩებოდა. რაც მთავარია, სახლიდან დაკარგული არაფერი გახლდათ ანუ ვიღაცას ყველაფერი ეს, ქურდობისა და კვალის არევის მიზნით რომ განეხორციელებინა, რამე ხომ უნდა წაეღო? მილიციისთვის, სამწუხაროდ, მთავარ ეჭვმიტანილად ისევ ქმარი იქცა. მისი ალიბი მეათასედ გადაამოწმეს, თუმცა საეჭვო ვერაფერი ნახეს.

დაიწყეს იმის გარკვევა, როგორ დაინვალიდდა ქალი და საინტერესო დეტალიც გაარკვიეს.

როგორც მეზობლები ამბობდნეენ, ოთხი წლის წინ, გარდაცვლილს, ერთი სართულით ზემოთ მცხოვრებ მეზობლის ბიჭთან კამათი მოუვიდა. ბიჭმა ხელი ჰკრა, ქალი კიბეზე დაგორდა, ხერხემალი დაიზიანა და ეტლს მიეჯაჭვა, თუმცა შემდეგ, დაზარალებულმა გადათქვა და სამართალდამცავებს უთხრა, რომ ფეხი თავად დაუცდა. მეზობელი პასუხისმგებლობას გადარჩა და რადგან გამოძიებას მეტი არავინ ჰყავდა დასაკითხი, მეზობლის ბიჭს მიადგნენ.

„მკვლელობის შესახებ უბანში გავიგე, მეზობლებისგან. შემეცოდა, კარგი ქალი იყო. ადრე ისე მოხდა, თითქოს მე დამბრალდა მაგის ეტლში ჩაჯდომა, მაგრამ მერე თავად ქალმა აღიარა, რომ კიბეზე ფეხი დაუცდა და ამის გამო, პატივს ვცემდი, ტყუილად ციხეში რომ არ გამიშვა“, - მოკლედ მოჭრა მეზობლის ბიჭმა.

სამართალდამცავებს ყველა გზა მოეჭრათ. გარდაცვლილს არ ჰყავდა მტერი, მის ქმარს სამსახურში, ყველა დადებითად ახასიათებდა. ყველა ამბობდა, რომ ცოლის ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, კაცი არ ღალატობდა, უწესიერესი და უპატიოსნესი იყო, ცოლ-შვილს გადაყოლილი და მუდმივად იმას ამბობდა, შინაგანად მჯერა, რომ ჩემი ცოლი გაივლისო.

ერთადერთი იმედი, რაც გამოძიებას შერჩა, ბავშვი იყო. მართალია, ექიმები უიმედოდ იყვნენ და აცხადებდნენ, რომ ბავშვს, შესაძლოა, საერთოდ ვეღარ ამოეღო ხმა და ვერასდროს მოეხერხებინა ნორმალური აზროვნება, მაგრამ სამართალდამცავებს ეჭვი ჰქონდათ - ბავშვმა რაღაც დაინახა, დაინახა მკვლელი, ან საერთოდ, იცნო. ამიტომ, მოთმინებით ელოდნენ მის გამოჯანმრთელებას.

დაახლოებით, ორი თვის შემდეგ, უშიშროების კომიტეტმა ბავშვთა ფსიქოლოგების გადამზადებას სერიოზულად მოჰკიდა ხელი. გარდა იმისა, რომ ამ საქმისთვის, თითქმის, მხოლოდ ქალებს არჩევდნენ, შერჩეული ქალბატონი სანდომიანი სახის უნდა ყოფილიყო, რომელსაც ხმის თბილი ტემბრი ექნებოდა. ერთ-ერთი ასეთი ქალი „პრაქტიკაზე“, სწორედ იმ ბავშვთან გაუშვეს. უშიშროების თანამშრომელმა მეოთხე დღეს თქვა, რომ გოგონას აუცილებლად აალაპარაკებდა, ათი დღის შემდეგ, ისინი ტკბილად მუსაიფობდნენ, თუმცა ძალოვნები მაქსიმალურად ფრთხილობდნენ - ერთ არასწორ ფრაზას ან არასწორ კითხვას, შესაძლოა, ყველაფრისთვის ხაზი გადაესვა. უშიშროების ფსიქოლოგს იმდენი უნდა მოეხერხებინა, რომ ბავშვს რაღაც მინიშნებით მაინც ეთქვა და იმ საღამოს ნანახზე საუბარი თავად დაეწყო. დრო გადიოდა, ბავშვი საუბრობდა ყველაფერზე, მაგრამ არ ახსენებდა არც დედას და არც - მამას. სამართალდამცავებმა იეჭვეს, რომ საქმეში მამა იყო გარეული, მას თვალთვალიც დაუწყეს, მაგრამ არ ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილი გამოჯანმრთელების გზას ადგა. მამის მოულოდნელი ვიზიტის შედეგად კი, ყველაფერი გაირკვა.

ერთ დღეს, მამამ შვილს მიაკითხა და როგორც წესი, ჯერ ექიმთან შევიდა. ექიმი არ დახვდა, ამიტომ პირდაპირ პალატისკენ აიღო გეზი და ჩუმად შეიხედა. როგორც კი შვილმა მამას თვალი მოჰკრა, მაშინვე მისკენ გაქანდა, წელზე შემოეხვია, ატირდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა:

„მამა, მაპატიე, მამა, მაპატიე...“

ვერც ექიმები, ვერც ექთნები, ვერც უშიშროების ფსიქოლოგი და რაც მთავარია, ვერც მამა, ვერაფერს მიხვდნენ. კაცმა შვილი კალთაში ჩაისვა, მიიხუტა და მშვიდად ჰკითხა, პატიებას რისთვის მთხოვო?! ბავშვმაც დაიწყო:

„დაახლოებით, ორი თვის წინ, დედამ პირველად იგრძნო ფეხებში ძალა. მე სახლში ვიყავი, სიხარულისგან ვტიროდით, მაგრამ ამიკრძალა შენთვის მეთქვა, ჩვენი ქორწინების წლისთავზე უნდა ავდგე ფეხზე, მანამდე უნდა მოვძლიერდეო. როცა მარტონი ვიყავით, დედა ვარჯიშობდა, ოთახიდან ოთახში წვალებით გადაადგილდებოდა, ბოლოს კი, ნორმალურად სიარულიც დაიწყო. წლისთავი ძალიან მალე უნდა ყოფილიყო და ამიტომ არ იჩქარა. იმ საღამოს ფანჯრიდან გადაიხედა, დაინახა, რომ ჩვენი მეზობელი ბიჭი, ვიღაც გოგოს აგინებდა, მერე სახეში ხელი გაარტყა. დედამ მითხრა, მაშინ დავინდე, ამან მკრა ხელი, ამის გამო ჩავჯექი ეტლში, ახალგაზრდა კაცს ცხოვრება არ დავუნგრიე, თან მჯეროდა, ავდგებოდიო. მეგონა, გამოსწორდებოდა, ეგ კიდევ ისევ ქალებს ურტყამსო და სახლიდან გავარდა. მე ფანჯრიდან ვუყურებდი, დავინახე, როგორ მივიდა იმ ბიჭთან, როგორ გააწნა სილა, როგორ აიღო იმან ქვა და თავში ჩაარტყა. მერე, შენს დანახვამდე, აღარაფერი მახსოვს. მაპატიე მამა, ადრე რომ არ გითხარი, დედას სიარული რომ შეეძლო...“

ცოტა არეულ-დარეულად, ტირილით, მაგრამ ბავშვმა აზრი, დაახლოებით, ასე ჩამოაყალიბა. სამართალდამცავებმა მეზობლის ბიჭი დააკავეს, ძველი ამბავიც წვრილად მოაყოლეს, ის გოგოც იპოვეს, თურმე, საცოლე ყოფილა და კაბის სიგრძის გამო სჯიდა...

სასამართლომ ლამის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რადგან ბრალდების მხარეს მოწმედ მხოლოდ პატარა გოგონა ჰყავდა, მაგრამ უშიშროებას კარგი ფსიქოლოგების გარდა, კარგი „ბიჭებიც“ ჰყავდა და მათ იმდენი მოახერხეს, რომ ბოლოსწინა სხდომაზე, დაკავებულმა აღიარებითი ჩვენება მისცა. ყველას გასაოცრად, ის დახვრეტას გადარჩა და სასამართლომ მხოლოდ 15 წელი აკმარა.