115 ახალი სტატია

გავლენიანი ძალოვანის შვილი უგზო-უკვლოდ გაქრა - რა მოხდა რესტორანში და რატომ ვერ მიაგნო გამოძიებამ დაკარგულს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 რომელი ხელისუფლება და როგორი წყობაც უნდა იყოს, ყოველთვის იქნებიან ისეთები, რომლებსაც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები უთქმელად, ან კონკრეტული ადამიანების მითითებით, გაითვალისწინებენ და შეეცდებიან, პასუხისმგებლობა შეუმსუბუქონ. ასე იყო კომუნუსტების დროს, ასე იყო კომუნისტების შემდგომ, ასე იყო „ნაციონალების“ ზეობის პერიოდში და ასეა ახლაც. ეჭვი მაქვს, ასე იქნება მომავალშიც და ძალიან ბევრი დრო დაგვჭირდება იქამდე, რომ კანონი ყველასთვის ერთნაირად კანონობდეს.

 

70-იანი წლების დასაწყისში, თბილისში, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამბავი მოხდა - 20 წლის ბიჭი ღამით, რესტორნიდან გავიდა და იმის მიუხედავად, რომ ნასვამი იყო და საგანგაშო არაფერი გახლდათ, რადგან მისი გაუჩინარებიდან სულ რაღაც ერთი საათი იყო გასული, რესტორანში სამართალდამცავების არმია მივიდა და დაკარგული მოიკითხა. ეგ კი არა და, ფეხზე საქართველოს დედაქალაქის მთელი უწყება დადგა.

„ბიჭი ადგილობრივი უშიშროების კომიტეტის ერთ-ერთი გავლენიანი ჩინოვნიკის შვილი იყო. სუფრაზეც „ოქროს თაობა“ იჯდა, გავლენიანი მამის შვილები, თუმცა ამ ბიჭის მამა მაინც გამორჩეული იყო. მილიციაში არაოფიციალურმა დაცვამ დარეკა. ჰო, დაცვამ, რომელიც მამამ, ყოველი შემთხვევისთვის, შვილს მიუჩინა და სწორედ დაცვას უნდა უზრუნველეყო ბიჭის შინ მშვიდობით მისვლა. არადა, სწორედ იმ დროს, როცა ბიჭი რესტორნიდან გავიდა, დაცვის ერთი წევრი საპირფარეშოში იყო გასული, მეორე - მანქანაში თვლემდა. განგაში ძალიან მალე ატყდა, მაგრამ რესტორანში, რომელიც ქალაქგარეთ მდებარებოდა, ბიჭი ვეღარ ნახეს. თანამდებობრივად, ვიღაც ლაწირაკის ძებნა, ნამდვილად არ შედიოდა ჩემს კომპეტენციაში, მაგრამ მე კი არა, მინისტრის მოადგილეებიც კი ლოგინებიდან წამოყარეს“, - იხსენებს გაუხმაურებელ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

პრინციპში, ეს ისტორია მერე და მერე გახმაურდა, რადგან ბიჭს არა მარტო უშიშროების კომიტეტი და მილიცია, არამედ, ეძებდა ყველა და ყველგან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

როცა დაკარგული დილამდე ვერ იპოვეს, მამამისს, ლამის ისტერიკა დაემართა. რესტორნის დირექტორი დააკავეს, აიყვანეს მთელი პერსონალი, დაკითხვაზე წაიყვანეს სუფრის ყველა წევრი და არაოფიციალური დაცვის ორივე თანამშრომელი. რაც მთავარია, ისინი ჯერ მილიციამ დაკითხა, შემდეგ კი უშიშროების იზოლატორებში გადაანაწილეს.

„ვერ გეტყვი, რა უქნეს და უთხრეს იქ ბავშვებს, რომლებიც სუფრაზე იყვნენ, მაგრამ ფაქტია - იქიდან გამოსულები, სახლებში ჩაიკეტნენ და გარეთ გამოსვლის ეშინოდათ. სუფრის შვიდი წევრიდან, თავის მოკვლა სამმა სცადა, ერთმა თავი მოიკლა, ორი გადაარჩინეს. გადარჩენილებიდან ერთ-ერთი, ბიჭის შეყვარებული იყო, მაგრამ დაკარგულის მამა ამტკიცებდა, რა შეყვარებული, ჩემი შვილი, უბრალოდ, ერთობოდა, თორემ როგორ შეიძლებოდა, უბრალო ექთნისა და ზეინკლის შვილი შეჰყვარებოდაო? გოგოს მამას ინფარქტი დაემართა, დედა, ლამის ფსიქიატრიულში მოხვდა. საშინელება ხდებოდა, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ბიჭი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო, ის, უბრალოდ, გაქრა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

დაკარგულის სურათი ყველა თანამრომელს ჯიბეში ედო და აჩვენებდა ნებისმიერ გამვლელს, გამყიდველს, კონდუქტორს, მოკლედ, ყველას, ვისაც კი საუბარი შეეძლო. გაუჩინარებიდან მეათე დღეს, ერთ-ერთმა მცხეთელმა ქალმა თქვა, ეს ბიჭი გუშინ ვნახე, ხელში პატარა ლეკვი ჰყავდა და ქუჩაში მისეირნობდა, ყურადღება კი იმიტომ მიიპყრო, ლეკვს ნაყინს აჭმევდაო. მამამ შვილის ძაღლებისადმი სიყვარული დაადასტურა და ეს საკმარისი გახდა, რომ მთელი მცხეთა წინდასავით ამოებრუნებინათ, საგულდაგულოდ დაეთვალიერებინათ ტყეები, საქმეში ვერტმფრენებიც კი ჩართეს, თუმცა ამაოდ. ქალი კი ჯიუტად იმეორებდა, ვნახე, ვნახეო, მაგრამ მისმა დაკითხვამ და სამძებრო სამუშაოებმა შედეგი ვერ მოიტანა.

გაუჩინარებიდან ერთი თვე გავიდა. დაკარგულის მამა უკონტროლო გახდა. მისი მოთხოვნითა და მითითებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს რესტორნის დირექტორი და მთელი პერსონალი, გათავისუფლებაცაა და გათავისუფლებაც - მისივე მითითებით, ვერცერთი მათგანი მუშაობას დარაჯად და დამლაგებლადაც კი ვერ იწყებდა. კომუნისტების დროს, უმუშევრად დარჩენა შიმშილს ნიშნავდა, მაგრამ ძლევამოსილი „კა-გე-ბე“-ს წინააღმდეგ, ვერავინ მიდიოდა. სამსახურებიდან გაუშვეს სუფრის წევრთა უმრავლესობის მშობლები, ვისაც დაკარგულის მამა მოერია და თანამდებობრივად „გაუქაჩა“. უსამსახუროდ დარჩა შეყვარებულის დედ-მამაც და ისინი სოფლად გადასახლდნენ, თუმცა ამას შვება არ მოუტანია - თვეში ერთხელ, მათთან გამომძიებელი მიდიოდა და ერთადერთ კითხვას სვამდა - ხომ არ გაიხსენა გოგონამ ისეთი რამ, რასაც შეეძლო ძიებისთვის გეზი ეჩვენებინა. ერთ-ერთი ასეთი დაკითხვის დროს, გოგონამ გაიხსენა, რომ სუფრის წევრმა სხვა ბიჭმა, სიგარეტი ხიზილალით სავსე თეფშზე ჩააქრო, რაც დაკარგულს არ მოეწონა და შენიშვნა მისცა, მან კი აგდებულად უპასუხა და დაძაბული სიტუაცია სხვების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალი იყო, არავის უხსენებია, მაგრამ უშიშროებისთვის სავსებით საკმარისი გამოდგა, რომ კონფლიქტის მონაწილე ბიჭი დაეკავებინათ და ორი კვირის განმავლობაში, „შესაბამისი წესით“ დაეკითხათ. მერე ამბობდნენ, დაკითხვიდან გამოსული ბიჭი ათი წლით დაბერებულს ჰგავდაო. ყოველი შემთხვევისთვის, ის და მისი ოჯახიც თბილისიდან აიყარა.

„ბიჭის გაუჩინარებიდან ორი წელი გავიდა, მაგრამ შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ძებნა ერთი დღითაც არ შეწყვეტილა. უშიშროების კომიტეტი ყოველდღიურ ანგარიშს ითხოვდა. გარდა იმისა, რომ დაკარგულის მამა იყო, უშიშროების ძალიან კარგი მუშაკიც გახლდათ და კიდევ უფრო დააწინაურეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა და ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ გვქონდა. ეს გასაგებიც იყო, კაცი ერთადერთ შვილს ეძებდა, ნებისმიერ ძაფსა და იმედს ებღაუჭებოდა, მაგრამ მისი დამნახავი მოწმე, უბრალოდ, არ გვყავდა და მხოლოდ იმ ქალის სიტყვების გადამოწმებამ არაფერი მოგვცა. პირადად მე, ხელი მქონდა ჩაქნეული, დარწმუნებული ვიყავი, რომ ბავშვს უბედურება შეემთხვა - ვიღაცამ მოკლა, ან შემოაკვდა, ან დამარხეს, ან სიმძიმე მოაბეს და წყალში გადააგდეს“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

მომხდარიდან 12 წელი გავიდა. რაღა თქმა უნდა, დაკარგულს აღარავინ ეძებდა, მხოლოდ სამსახურეობრივ პენსიაზე გასასვლელად გამზადებული მამა თუ მოიკითხავდა ხოლმე ნახევარ წელიწადში ერთხელ შვილის ამბავს, მაგრამ ახალს ვერაფერს ეუბნებოდნენ...

ერთ დღეს, მილიციაში შეტყობინება შევიდა. ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ქალის ცემით დასრულდა და თან ისე, რომ მას ცხვირი ჰქონდა გატეხილი და თვალიც გვარიანად შეშუპებული. ოჯახური კონფლიქტები, როგორც წესი, უბნის რწმუნებულის საქმე იყო, მაგრამ დაზარალებულის ქმარი, თბილისის ერთ-ერთი რაიონის სამძებრო განყოფილების უფროსი გახლდათ და ამიტომ, ადგილზე მაღალჩინოსნები გავიდნენ. მოულოდნელად, ქალმა უშიშროების თანამშრომელთან გასაუბრება მოითხოვა, მილიციას არ ვენდობი, ისეთი რამ უნდა ვთქვა, სხვას ვერ გავანდობო. თავიდან მისი თხოვნა ყურად არ იღეს, მაგრამ როცა ქალმა თქვა, საქმე 12 წლის წინ დაკარგულ ბიჭს ეხებაო, ლამის მთელი უშიშროება საავადმყოფოში მივიდა.

„ის ბიჭი ჩემმა ქმარმა მოკლა. ზუსტად ვიცი, მან მოკლა, ნასვამს წამოსცდა ერთხელ. მანქანა დააჯახა, შემდეგ სალონში შეათრია, პასპორტით მიხვდა, ვის დაეჯახა და იმის მიუხედავად, რომ ბიჭი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, სალონში, თავში ტყვია ესროლა და მერე სადღაც, გორისკენ დამარხა“, - დაახლოებით ეს იყო, რაც ქალმა თქვა და რა ძნელი მისახვედრია, მილიციის მაღალჩინოსანი დაკითხვაზე რომ წაიყვანეს.

„ათი დღე მიმდინარეობდა დაკითხვა, ათი დღე არაფერს ამბობდა და უარყოფდა მომხდარს, თუმცა შემდეგ ვერ გაუძლო და ის ადგილი დაასახელა, სადაც გვამი დამარხა. ბიჭის მამამ თქვა, ჩემს შვილს უკანა ორი კბილი ოქროსი ჰქონდა, მარტივად ამოვიცნობო. მითითებული საფლავი გათხარეს და ადამიანის ჩონჩხი ნახეს, თუმცა... მას თავი არ ჰქონდა. დაკავებულის დაკითხვამ ორ თვეს გასტანა, მაგრამ ამტკიცებდა, მე თავიანი დავმარხე, დანარჩენი არაფერი ვიციო. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გარდაცვლილის ძვლები 20-დან 25 წლამდე ახალგაზრდას ეკუთვნოდა და არ იყო მედიცინის სფერო იმ დონეზე, ასი პროცენტით ეთქვა, რომ ეს სწორედ ის ჩონჩხი იყო, ვისაც ვეძებდით. დაკავებული სამართალდამცავი ქრთამის აღების ბრალდებით გაასამართლეს, ბიჭის მკვლელობა, უბრალოდ, ვერ წაუყენეს ბრალად იმიტომ, რომ მისი ცოლის მონაყოლის გარდა, დამამტკიცებელი საბუთი არ იყო, ის ჩონჩხი კი... დაკარგულის მამამაც თქვა, არ მჯერა, რომ ჩემი შვილიაო. პენსიაზე ისე გავედი, ამ საქმეზე მეტი არაფერი გამიგია“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.