საუკუნის ქურდობა - როგორ მოიპარეს სახელმწიფო ბანკიდან მილიონნახევარი

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საპატარძლოს სახლში დამალული ფული და სიკვდილით დასჯილი ბიძაშვილები

საბჭოთა კავშირის 70-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ხდებოდა დანაშაულები, რომლებიც არა მარტო საბჭოთა კრიმინალისტიკაშია შეტანილი, არამედ, მსოფლიოს მასშტაბით ისწავლება. ადვილი მისახვედრია, მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებსაც კრიმინალი ხელოვნების დონეზე ჰყავდათ აყვანილი, მათზე ფილმებს იღებდნენ და წიგნებს წერდნენ...

 

„საუკუნის ქურდობა“ - ასე შევიდა ისტორიაში სომხეთის დედაქალაქში მომხდარი თავხედური ქურდობა. თავხედური იმიტომ, რომ ქურდებმა სახელმწიფო ბანკის ცენტრალური შენობა გაქურდეს, თან დღისით, მზისით და რაც მთავარია, წაიღეს 1.5 მილიონი მანეთი - იმ დროისთვის წარმოუდგენლად დიდი თანხა. ყველაფერი კი ძალიან უცნაურად დაიწყო.

1977 წლის, 8 იანვარი, მოსკოვის ერთ მეტროსადგურში აფეთქება მოხდა. დაახლოებით, ათწუთიანი ინტერვალით, კიდევ ორი აფეთქება მოხდა - ორივე, სასურსათო მაღაზიების გვერდით. იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობაში ხმა დადიოდა, ასობით ადამიანი დაიღუპაო, რეალურად, დაიღუპა 7 და დაიჭრა 37 პირი. იმავე წლის 25 თებერვალს, მოსკოვში, სასტუმრო „როსიაში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, 42 ადამიანი დაიწვა. ექსპერტიზამ დაადგინა - ხანძარი შეგნებულად გაჩნდა. უშიშროების თანამშრომლებმა ძალიან მოინდომეს და სომხეთის სამი მოქალაქე დააკავეს. ვინმე ზატიკიანი, სტეპანიანი და ბაღდასარიანი. მათ აღიარეს, რომ სომხეთის იატაკქვეშეთში მოქმედი პარტიის წევრები იყვნენ და სომხეთის დამოუკიდებლობისთვის იბროდნენ. მათ, ასევე, აღიარეს აფეთქებაში მონაწილეობა და 25 თებერვლის ხანძარიც. სამართალდამცავები დამშვიდდნენ და ამ დროს, ერევნიდან შეტყობინება მოვიდა, სომხეთის დედაქალაქში, სახელმწიფო ბანკი გაქურდეს, საიდანაც 1.5 მილიონი მანეთი წაიღესო. უშიშროების კომიტეტის თანამშრომელთა თათბირზე გაჟღერდა ვერსია, რომ ძარცვა, მოსკოვში განხორციელებულ აფეთქებებთან იყო კავშირში და ეს თავხედური აქტი იატაკქვეშეთის სხვა წევრებმა ჩაიდინეს.

სამართალდამცავებმა სწორედ ამ მიმართულებით დაიწყეს მუშაობა და ძვირფასი დროც დაკარგეს. ერევანში მოსკოვიდან სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ჩავიდა, რომელმაც მდგომარეობა ადგილზე შეისწავლა.

„ქურდობა პროფესიონლების მიერ არის განხორციელებული. ისინი საცავში ჭერიდან ჩავიდნენ, მაგრამ ჭერში გახვრეტილი ბეტონის დიამეტრი 34 სანტიმეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ პატარა ტანის ადამიანი ან ბავშვი თუ გაეტეოდა. რაც მთავარია, სახურავზე მოხვედრა გამორიცხული იყო, უდიდესი ალბათობით, ქურდი გვერდითა სახლის სახურავიდან გადმოხტა და შეხტა ბანკის სახურავზე დატანებულ სარკმელში, რაც ასევე, წარმოუდგენელ ოსტატობას მოითხოვს. ადგილზე, ჩაქუჩთან და ქვის სატეხთან ერთად, ვიპოვეთ ქოლგა, რომელიც ყველა ვარიანტში, ქურდმა მოიტანა, თუმცა მის დანიშნულებას ჯერ ვერ მივხვდით. ვეძებთ პატარა ტანის აკრობატს“, - დაახლოებით ასეთი შინაარსის წერილი გაიგზავნა სომხეთიდან მოსკოვში, თუმცა უშიშროება მთავარს მალავდა - საცავის ქვემოთ, მილიციის ოთახი იყო განთავსებული ანუ წესითა და რიგით, უქმე დღეებში, მილიციის მორიგეებს ხმაური უნდა გაეგოთ, მაგრამ როგორც ამტკიცებდნენ, არაფერი გაუგიათ. ჰოდა, არსებობდა მთავარი ეჭვი - ქურდობაში მილიციის თანამშრომლებიც იყვნენ გარეულნი, თუმცა ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა, რათა დამნაშავეები არ დაეფრთხოთ.

იმჟამინდელი კანონების მიხედვით, 10 ათასი მანეთის მოპარვა სიკვდილით ისჯებოდა. ამიტომ, ყველამ იცოდა - ქურდებს თუ დააკავებდნენ, დახვრეტა არ ასცდებოდათ და ეს იმის მიუხედავად, რომ ქურდობის დროს, სახელმწიფოს გარდა, არავინ დაშავებულა.

გაირკვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - წაღებულ 1.5 მილიონ მანეთში, მილიონზე მეტი, ასმანეთიანები გახლდათ და ყველა ერთი - AE სერიით იწყებოდა. ბანკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ამ სერიით, დაახლოებით, ასი ათასი მანეთი უკვე განაწილებული ჰქონდათ სხვადასხვა საამქროში ხელფასებზე, გაიცა ბრძანება, ხელფასების დარიგება შეეჩერებინათ და მაქსიმალურად ამოეღოთ კუპიურები აღნიშნული სერიით. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მოპარულის გარდა, მოსახლეობაში, დაახლოებით, 400-მდე ბანკნოტი დარჩა და მათ ყოველ გამოჩენაზე მფლობელს აქტიურად ამუშავებდნენ, თუმცა ქურდს ერთიც არ ჰგავდა.

„დამნაშავეები, მაქსიმუმ, ორ თვეს შეიკავებენ თავს ფულის ხარჯვისგან, შემდეგ კი აუცილებლად გაუჩნდებათ სურვილი, თანხა გამოიყენონ და საამისოდ არა სომხეთს, არამედ, დიდ ქალაქს, ან პირიქით - ყველაზე მიყურებულ მხარეს აირჩევენ“, - ასეთი იყო უშიშროების ვარაუდი და გამართლდა კიდეც. შეტყობინება ტაშკენტიდან მოვიდა. იქ, ერთ-ერთ სოფელში, ვიღაცამ ცხვრის ფარა იყიდა, შემდეგ იაფად გაყიდა და მართალია, დაახლოებით, ათასი მანეთი იზარალა, მაგრამ საერთო ჯამში, ბრუნვაში, ხუთასი ცალი ასმანეთიანი ანუ 50 ათასი გაუშვა. ადგილობრივებმა აღნიშნული თანხა შემნახველ სალაროში წაიღეს და საქმეც ამის შემდეგ „გასკდა“.

მწყემსებმა ფულის მეპატრონეები ზერელედ აღწერეს, მაგრამ დაბეჯითებით თქვეს, კავკასიელები არიანო.

სამწუხაროდ, სამართალდამცავებმა ფოტორობოტები ვერ შეადგინეს, რადგან მათ ყველა განსხვავებულად აღწერდა. ბოლოს, გაირკვა - ამდენი ასმანეთიანის დანახვამ, ისინი ისე დააბინა, საერთოდ არ ახსოვდათ, რა სახის ადამიანები ელაპარაკებოდნენ... როგორც უშიშროებამ ივარაუდა, ახლა ფულის ხრდჯვის დრო იყო და საამისოდ, მოსკოვი იდეალური ვარიანტი გახლდათ. ამიტომ, ისინი მოსკოვში დაბრუნდნენ და გააფრთხილეს ყველა დიდი რესტორნის მეპატრონე - რაიმე უცნაურობას თუ დაინახავდნენ, აუცილებლად მათთვის ეცნობებინათ. უცნაურობაში კი ფულის ზღვარგადასული ხარჯვა იგულისხმებოდა. დაახლოებით, ერთ კვირაში, ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონემ განაცხადა, რომ საქეიფოდ სომეხი ეროვნების ორი მოქალაქე შევიდა, გოგონებთან ერთად. ერთ-ერთ გოგოს, მაგიდის ქვეშ, ხელიდან მომძვრალი სამაჯური შეუვარდა. ჰოდა, მისმა თანმხლებმა კავალერმა, ასმანეთიანს ცეცხლი მოუკიდა და მაგიდის ქვეშ შეანათა, რათა იაფფასიანი სამაჯური ეპოვა. ეს ლამის მთელმა რესტორანმა დაინახა და ყველა გაოგნდა. გამომძიებლები მიხვდნენ - ეს მათი კლიენტები გახლდნენ, მაგრამ აღწერილობა ვერც რესტორნის მეპატრონემ მისცა. ჩვეულებრივი, ულვაშიანი და გრძელცხვირა სომეხი იყო ერთი, მეორე კი ისეთი ლამაზი, მსახიობს ჰგავდაო.

სხვა რესტორანში, ორი კვირის შემდეგ, იგივე განმეორდა, თუმცა ამჯერად, ეროვნებით სომეხმა მოქალაქემ, თავად დააგდო „შემთხვევით“ რაღაც მაგიდის ქვეშ და ასმანეთიანს მოუკიდა. როგორც ჩანს, პირველი ეფექტი იმდენად მოეწონა, გაიმეორა. სამართალდამცავები მოსკოვს ყირაზე ატრიალებდნენ, თუმცა დამნაშავეებს ვერსად პოულოდნენ. ქურდებს ეძებდნენ ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტებიც, თუმცა ამაოდ. შედეგი არ მოიტანა რესტორნებში ოპერმუშაკების დატოვებამაც - ამას ადგილობრივმა კადრებმა ვერ გაუძლეს. თითო რესტორანში, მინიმუმ, ორი კაცი უნდა დაეტოვებინათ, რაც არარეალური გახლდათ. ძებნაში ათ თვეზე მეტი გავიდა და კვანძი იმდენად მოულოდნელად გაიხსნა, თავად სამართალდამცავებიც გაოცდნენ: ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, ასაკოვანი ქალი მივიდა და პროდუქტები შეიძინა. იმის მიუხედავად, რომ პროდუქტი, სულ რაღაც 4 მანეთის იყო, ქალმა ასმანეთიანით გადაიხადა, კუპიურა კი სწორედ იმ სერიიდან იყო, რომელიც ერევანში მოიპარეს. მყიდველს მაღაზიის გამყიდველი კარგად იცნობდა, ჩვენს უბანში ცხოვრობსო და ნახევარ საათში, „კა-გე-ბე“ უკვე მის ბინაში იყო.

„რამდენიმე თვეა, ჩემთან ორი მოქალაქე ცხოვრობს, მათ ორი ოთახი იქირავეს, კარგად მიხდიდნენ და დღეს დილით გაემგზავრნენ, ბინა დამიცალესო. ქალმა ისიც გაიხსენა, ტელეფონით ყოველ საღამოს რეკავდნენ და ნომერი, სადაც რეკავდნენ, კედელზე ჰქონდათ მიწერილიო.

სახლის მეპატრონეს კედელზე მიწერილ ნომერზე დაარეკინეს და ათქმევინეს, ჩემთან რომ ორი სომეხი მამაკაცი ცხოვრობდა და დაახლოებით, ორი საათის წინ წავიდნენ, კარადაში ფულის მცირე შეკვრა დარჩათ, მე სხვისი არაფერი მინდა, მოვიდნენ და წაიღონო. სამართალდამცავებს იმედი ჰქონდათ, რომ ქურდები ფულს დახარბდებოდნენ და ჩასაფრება მოაწყვეს. საღამოსკენ, კარზე ახალგაზრდა კაცმა დააკაკუნა, ქალმა გაუღო და მშვიდად თქვა: ესაა.

უიშროების ოპერმუშაკებმა ვინმე ნიკოლაი კალაჩიანი დააკავეს. ორ საათში დააკავეს მისი ალალი ბიძაშვილი, ფელიქს კალაჩიანი და რუსეთის მოქალაქე, ვლადიმერ კუზნეცოვი, რომელიც ნიკოლაი კალაჩიანის საცოლის ძმა გახლდათ.

„ჩემი მეგობარი, ზავენ ბაღდასარიანი ბანკში მუშაობდა და მან მითხრა, იმდენი ფულია საცავში, არც კი დაგესიზმრებაო. შემდეგ საცავის მდებარეობა მითხრა და დავიწყე ბანკის გაქურდვაზე ფიქრი. ჩემი ბიძაშვილი, ფელიქს კალაჩიანი ბავშვობიდან ძალიან მოქნილი იყო. მას ძალიან უჭირდა და ქურდობაზე ადვილად დავითანხმე. სწორედ ის გადახტა მეზობელი სახლის სახურავიდან ბანკის სახურავის სარკმელში, გაეტია 34 სანტიმეტრის დიამეტრის ხვრელშიც, მაგრამ მეტი ფული, უბრალოდ, ვერ წამოიღო, რადგან მძიმე იყო“, - ეს არის ამონარიდი ნიკოლაი კალაჩიანის ჩვენებიდან.

რაღა თქმა უნდა, დააკავეს ბაღდასარიანიც. გაირკვა, რომ ქოლგას თავისი ფუნქცია ჰქონდა. ფელიქს კალაჩიანმა ჯერ მცირე ზომის ნახვრეტი გააკეთა სახურავში, შემდეგ ქოლგა ჩაუშვა და გაშალა, რათა ბეტონის ნამტვრევები მასზე დაცემულიყო და არა - იატაკზე, რადგან ასეთ შემთხვევაში, ხმას ქვედა სართულზე მყოფი მილიციის მუშაკები გაიგებდნენ. შემდეგ, ხვრელში გაძვრა და ფული წამოიღო. რაც ყველაზე საინტერესოა, ის ადგილიდან ტაქსით მიიმალა, უბრალოდ, გამვლელი ტაქსი გააჩერა და... ფულით სავსე ჩანთა ტაქსში დარჩა, მძღოლმა მანქანა დაძრა, ასი მეტრი გაიარა და უკან დაბრუნდა, ჩანთა დაგრჩაო და მიაწოდა. ბიძაშვილებმა 100-100 ათასი მანეთი შავი დღისთვის დამარხეს, დანარჩენით კი მოსკოვის დასაპყრობად წავიდნენ. 10 თვის განმავლობაში,  საერთო ჯამში, 120 ათასი მანეთი დახარჯეს, დანარჩენი ფული კალაჩიანის საცოლის სახლში იპოვეს.

სასამართლომ ბიძაშვილებს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა, ქონების კონფისკაციით. ვლადიმერ კუზნეცოვსა და მის დას 6-6 წელი ერგოთ,  ბაღდასარიანს 15 წელი აკმარეს.

აღნიშნული საქმე დღემდე რჩება საუკუნის ძარცვად საბჭოთა კავშირის კრიმინალისტიკის ისტორიაში და მას, როგორც პრეცენდენტულს, მომავალ ოპერმუშაკებს, სახელმძღვანელოებიდან ასწავლიან.