შს მინისტრის ცოლმა თავი მოიკლა - ძალიან სკანდალური კრიმინალური „ქეისი“, რომლის ფიგურანტებიც ცნობილი მსახიობები და თანამდებობის პირის ოჯახის წევრები არიან

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

80-იანი წლების დასაწყისში, მართალია, არაოფიციალურად, მაგრამ საქართველო, 15 რესპუბლიკას შორის, ყველაზე მდიდრად ითვლებოდა. ასევე, არაოფიციალური გათვლითა და დათვლით, ყველაზე მეტი „ცეხავიკი“ და შესაბამისად, მილიონერიც, სწორედ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობდა. ლოგიკურად, ყველაზე მეტი „კანონიერი ქურდი“, ასევე, საქართველოში იყო. აბა, „ცეხავიკები“ ვინმეს ხომ უნდა „გაეპარსა“ და ოფიციალური სტრუქტურების გარდა, „დალაქებს“ შორის, „კანონიერი ქურდებიც“ იყვნენ, თუმცა ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, უნიკალური ფინალი აქვს და ის საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციით დასრულდა...

 

შორიდან დავიწყოთ: საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XV-მ, მეუღლისთვის, იუველირებს ბრილიანტის საყურეები და ყელსაბამი შეუკვეთა. მე-18 საუკუნის ნაკეთობა საოცრად თვალისმომჭრელი გახლდათ და საფრანგეთის ერთგვარ რელიქვიადაც ითვლებოდა, თუმცა მეორე სამამულო ომის დროს, დაიკარგა. ომის მიწურულს, საფრანგეთში მყოფმა ცნობილმა რუსმა მწერალმა, ალექსეი ტოლსტოიმ „შემთხვევით“, გადამყიდველებისგან, პრაქტიკულად, კაპიკებში შეიძინა და ცოლს, ლუდმილას უსახსოვრა. 1945 წლის 23 თებერვალს, ცნობილი მწერალი გარდაიცვალა, თუმცა მთელმა რუსეთმა იცოდა, რომ ტოლსტოის სახლში, ეს იშვითი რელიქვია ინახებოდა. ცოდნა ერთია, მაგრამ ქურდობას ვინ გაბედავდა?! ცნობილი მწერალი იმ სახლში ცხოვრობდა, სადაც მეზობლად პროკურორები, უმაღლესი პრეზიდიუმის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები ჰყავდა. სახლის შესასვლელში მამაკაცი იჯდა, რომელიც ყველა შემსვლელსა თუ გამსვლელს ამოწმებდა, ეკითხებოდა, სად მიდიოდა, ვისთან და რატომ. რაც მთავარია, ეს კაცი პენსიაზე გასული უშიშროების თანამშრომელი იყო, რომელსაც წესით, არაფერი უნდა გამოჰპარვოდა.

ჰოდა, 1980 წელს, ამ სახლის ფოიეში, სამი ახალგაზრდა გამოჩნდა, რომლებსაც ხელში ნაძვის ხე, შამპანური და შოკოლადის ფილები ეჭირათ. პორტიეს ღიმილით უთხრეს, ტოლსტოის ქვრივთან, ქალბატონ ლუდმილასთან მივდივართ, მისი ნათესავები ვართო და... უპრობლემოდ გაატარეს.

74 წლის ქალი, თავში ძლიერი დარტყმით გათიშეს და სახლი გაქურდეს, თუმცა წაიღეს მხოლოდ... ბრილიანტის საყურეები და გულსამაგრი. მაშინ მითითება იყო, რომ კერძო პირის მიერ დაკარგული ქონების შეფასებისას, სამართალდამცავებს დიდი თანხა არ უნდა დაესახელებინათ, რადგან არ შეიძლებოდა, საბჭოთა მოქალაქეს უზარმაზარი თანხა ჰქონოდა. ამის მიუხედავად, დაკარგული ბრილიანტები დაშვებული თანხის მაქსიმუმით შეფასდა - მილიონ მანეთად. 1 დოლარი მაშინ, 60 კაპიკი ღირდა. საბჭოთა კავშირის მთელი ძალოვანი სტრუქტურა ფეხზე დადგა. ტოლსტოის მუზეუმი გაუხსნეს, მისი წიგნები დიდი ტირაჟით იყიდებოდა, მწერლის ანდერძით, ლუდმილას სიკვდილის შემდეგ, მთელი ქონება სახელმწიფოს რჩებოდა და უცებ, ასეთი შემთხვევა.

გაირკვა, რომ სანამ ძარცვა მოხდებოდა, წინა დღეს, ტოლსტოის ქვრივი, რუმინეთის საელჩოში გახლდათ მიღებაზე და ბრილიანტები სწორედ იქ ეკეთა. ჩახედეს სიას და ერთი გვარი მოინიშნეს - ბორის ბურიაცე (მეტსახელად, ბორია ბრილიანტი, ბორია ციგანი). ამ ადამიანს, ბრილიანტების ხსენებაზე აკანკალებდა. ის მოსკოვის დიდი ოპერის მომღერალი იყო, უდიდესი გავლენით სარგებლობდა და რაც მთავარია, ბრეჟნევის შვილის, გალინა ბერეჟნევას საყვარლად ითვლებოდა. ბურიაცეს დაკითხვაზე მიყვანა რთული რომ იქნებოდა, უშიშროებაში კი იცოდნენ, მაგრამ მაშინდელი „კა-გე-ბე“-ს შეფი, იური ანდროპოვი მაინც შეეცადა, ბურიაცე დაკითხვაზე მიეყვანა. ბორიამ გალინას უთხრა, გალინამ - მამამისს და უკვე ასაკში მყოფმა ლეონიდ ილიჩმა, ანდროპოვი დატუქსა, ტოლსტოი დიდი მწერალია, მაგრამ ქურდობას ბურიაცის დონის მომღერალს ნუ დააბრალებთო. ანდროპოვმა სიტუაცია აღარ დაძაბა. გალინას და, შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, ნიკოლაი შჩოლოკოვის ცოლი, სვეტლანა, ბრილიანტების დიდი მოყვარული გახლდათ, შავ ბაზარზე აქტიურად ყიდულობდა და ყიდდა კიდეც ბრილიანტებს და როცა ფული არ ჰქონდა, ხელწერილს ტოვებდა, რითაც გადახდის ვალდებულებას იღებდა. ეს წერილები, საბოლოო ჯამში, სწორედ ანდროპოვის ხელში ხვდებოდა და როგორც ამბობენ, „კა-გე-ბე“-ს მაშინდელ შეფს ყველაზე ჰქონდა კომპრომატი, რის გამოც, ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ, კითხვა არ დასმულა, ვინ უნდა ყოფილიყო მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის პირველი პირი. მანამდე კი...

ალექსეი ტოლსტოის მეტსახელი „წითელი გრაფი“ გახლდათ. ლუდმილა მისი მეოთხე ცოლი იყო, წინა სამი ცოლიდან, სამი შვილი ჰყავდა, თუმცა ანდერძით, მათ არაფერს უტოვებდა და „კა-გე-ბე“-მ ეს ვერსიაც დაამუშავა, თუმცა ამაოდ - შვილები არაფერ შუაში იყვნენ. მომხდარიდან მალევე, ცნობილი მსახიობის, ზოია ფიოდოროვას სახლი გაქურდეს და თავად მსახიობი, რომელიც 30-ზე მეტ ფილმში იყო გადაღებული, მოკლეს.

სამართალდამცავებს ეჭვმიტანილი ჰყავდათ - ანატოლი ბეცი, კანონიერი ქურდი, რომელიც შემთხვევითმა მოწმემ ამოიცნო. მისი სურათი ტოლსტოის ქვრივს აჩვენეს და მანაც თავი დააქნია - ამ კაცმა გამძარცვაო. ბეცზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. მას ორსული ცოლი ჰყავდა და როგორც კრიმინალებმა თქვეს, როგორი დაუნდობელიც იყო საქმეში, ისეთივე გულჩვილი ქმარი და მამა გახლდათ. მან დაიფიცა, რადაც უნდა დამიჯდეს, თუ ბიჭი შემეძინება, აუცილებლად მოვინახულებო. ქალმა გოგონა გააჩინა, მაგრამ „კა-გე-ბე“ აქაც ჩაერია და ყველას, მათ შორის, ქურდის ცოლსაც უთხრეს, რომ ბიჭი შეეძინა. ბეცი არ გამოჩენილა და სამართალდამცავები მიხვდნენ - მას ინფორმატორი, უშუალოდ, „კა-გე-ბე“-ში ჰყავდა. იმ დონის ქურდი, როგორიც ბეცი იყო, უშიშროებასთან კავშირზე აუცილებლად იქნებოდა.

ფიოდოროვას მკვლელობა საინტერესო სხვა კუთხითაც იყო. წინა დღეს, ის მიღებაზე იმყოფებოდა და სტუმრებს შორის... კვლავ იყო ბურიაცეს გვარი. ანდროპოვმა ამჯერად აღარ მოუსმინა ბრეჟნევს, ბურიაცე დაკითხვაზე დაიბარეს და დააპატიმრეს. საოპერო მომღერალმა აღიარა - ბეცს „ნაკოლი“, სწორედ მან მისცა. უშიშროება ისეთ დონეზე ეძებდა დამნაშავეს, რომ ადვილი მისახვედრი იყო - ის რუსეთს დატოვებდა და ცოტა ხნით, სხვა რესპუბლიკაში წავიდოდა. მისი კვალი ჯერ კიშინიოვში გამოჩნდა, თუმცა უშიშროების მაძებრების ჩასვლის შემდეგ, კვლავ დაიკარგა და აი, შეტყობინება აზერბაიჯანიდან მივიდა - ბეცი ბაქოშია.

„კა-გე-ბე“-ს მაძებრები მაშინვე ბაქოში ჩაფრინდნენ და ბეცის ორი თანამზრახველი დააკავეს. მათ აღიარეს, რომ ბრილიანტი, ერთ-ერთ აზერბაიჯანელ „ცეხავიკს“, ნახევარ მილიონ მანეთად მიჰყიდეს. უშიშროებამ ბრილიანტები ამოიღო, თუმცა ბეცზე ძებნა არ შეწყვეტილა. მისი კვალი თბილისში გამოჩნდა.

„აგენტურული ქსელის ცნობით, თბილისში გამოჩნდა საკავშირო ძებნაში მყოფი, „კანონიერი ქურდი“, ანატოლი ბეცი. ის ადგილობრივ ქურდებს დაემუქრა სტატუსის შეჩერებით, რადგან არ მოეწონა, თუ როგორ მდიდრულად ცხოვრობენ. ბეცმა თბილისში, „კანონიერი ქურდების“ საკავშირო „სხადნიაკი“ დააანონსა და ორ თვეში, საქართველოს დედაქალაქში, ორასამდე ქურდი უნდა შეიკრიბოს. განხილვის მთავარი საკითხი, ქართველი ქურდების უმრავლესობისთვის სტატუსის შეჩერება იქნება“, - ეს დეპეშა ჩვენი დედაქალაქიდან მოსკოვში გაიგზავნა.

სანამ „კა-გე-ბე“ მოსკოვიდან თბილისში დელეგაციას გამოუშვებდა, რუსეთის დედაქალაქში, მორიგი თავხედური ძარცვა მოხდა - ლომების პირველი ქალი მომთვინიერებელი, ლეგენდარული ირინა ბუგრიმოვას სახლი გაქურდეს და ბრილიანტები წაიღეს. ბუგრიმოვამ პირდაპირ თქვა, მის ბრილიანტებს თვალი გალინა ბრეჟნევამ დაადგა და სთხოვა კიდეც, მომყიდეო, შჩოლოკოვის ცოლიც კი მიუგზავნა, მაგრამ ირინამ უარი თქვა. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ეს ქურდობაც ბეცს დაბრალდა და რაც მთავარია, ქართველმა სამართალდამცავებმა ვერ დაადასტურეს, რომ ქურდობის დღეს, ბეცი საქართველოში იმყოფებოდა.

გაჩნდა ვერსია, რომ ის მოსკოვში წავიდა, იქურდა და... კვლავ თბილისში დაბრუნდა. თბილისს რუსული „კა-გე-ბე“-ს კოჰორტა ეწვია, რომელსაც სათავეში, ლეგენდარული გამომძიებელი, ალექსეი სუხარევი ედგა. ქართული მხრიდან, „კა-გე-ბე“-სთან კოორდინაცია, ქართული მილიციის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ კადრს, რომან გვენცაძეს დაევალა. გვენცაძეს ყველაზე კარგად ჰქონდა აწყობილი აგენტურული ქსელი და, პრაქტიკულად, იცოდა ყველაფერი, რაც კრიმინალურ სამყაროში ხვდებოდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, მას ქართველმა „კანონიერმა ქურდებმა“ უთხრეს, ბეცს თუ მოგვაცილებ, მის ადგილსამყოფელსა და მარშრუტს დეტალებში გეტყვითო. სწორედ აგენტურის მეშვეობით გაირკვა, რომ ბეცი ზესტაფონში აპირებდა წასვლას, სადაც ცნობილ ძმებს - ამირან და ოთარ კვანტრიშვილებს უნდა შეხვედროდა. ბეცი მათთან მეგობრობდა და სავარაუდოდ, მათთან რამდენიმე კვირის გატარება სურდა. კვანტრიშვილები ბეცს თავშესაფარს აუცილებლად მისცემდნენ და რაც მთავარია, ეს თავშესაფარი უსაფრთხო იქნებოდა.

დაიგეგმა სპეცოპერაცია. სამართალდამცავებმა იცოდნენ, რომ ზესტაფონში, ბეცი „ვოლგით“ წავიდოდა, საჭესთან სხვას დასვამდა, თავად კი საბარგულში დაიმალებოდა, ოღონდ საბარგული ისე იყო მოწყობილი, რომ იქ მყოფ კაცს, მარტივად შეეძლო სალონში შესვლა. სპეცოპერაცია რიკოთის უღელტეხილზე დაიგეგმა ანუ იქ, სადაც ავტომობილი დიდ სიჩქარეს ვერანაირად განავითარებდა. ქართული სპეცდანიშნულების რაზმი და რუსული „კა-გე-ბე“-ს 7 გამომძიებელი უღელტეხილზე გამაგრდა. რუსულმა დელეგაციამ ქართულ მხარეს უთხრა, რომ საბარგულისთვის არ უნდა ესროლა და ბეცი აუცილებლად ცოცხლად აეყვანათ. ეს იყო ოფიციალური ბრძანება, რომელსაც ქართველები არ გადაუხვევდნენ.

მოკლედ, დათქმულ დროს, „ვოლგა“ გამოჩნდა. როგორც კი ავტომობილი ჩასაფრების ადგილს გაუსწორდა, სპეცდანიშნულების რაზმმა სროლა სწორედ საბარგულის მიმართულებით დაიწყო. მძღოლმა დამუხრუჭება და მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო, ის იქვე დააკავეს, თუმცა სროლა არ შეწყვეტილა - „ვოლგის“ საბარგული საცერს დაემსგავსა. როცა სპეცრაზმის წევრებმა ორ-ორი მჭიდი დაცალეს, საბარგულს ახადეს და რაღა თქმა უნდა, გარდაცვლილი ბეცი ნახეს.

ოფიციალური დასკვნით, ბეცს ავტომატის 21 და „მაკაროვის“ 2 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. „მაკაროვის“ ტყვიებიდან ერთი - თავში, მეორე კი გულში ჰქონდა ნასროლი ანუ ის ცოცხალი არავის სჭირდებოდა. იმ სპეცოპერაციის დროს, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი მხოლოდ გვენცაძესა და სუხარევს ჰქონდათ, მაგრამ გვენცაძე, „კა-გე-ბე“-ს გამომძიებლების თანდასწრებით, საკონტროლო გასროლას რომ არ გააკეთებდა, ცხადია.

გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპნენ ბეცის „პადელნიკებიც“. ოფიციალური ვერსიით, ისინი პატიმრებთან ჩხუბის დროს მოკლეს. გალინა ბრეჟნევამ იბრძოლა და იმის მიუხედავად, რომ ბურიაცეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მოახერხა და ციხიდან მიმაგრებაში გააშვებინა, თუმცა სულ ტყუილად - თავისუფლებაზე მყოფ ბურიაცეს, გათავისუფლებიდან მესამე დღეს, სახლთან ყელი გამოჭრეს. ბრეჟნევის გარდაცვალებისა და თანამდებობიდან შჩოლოკოვის წასვლის შემდეგ, უშიშროების კომიტეტში დასაკითხად, შს მინისტრის მეუღლე, სვეტლანა დაიბარეს. დაკითხვაზე მისვლას, მან თვითმკვლელობა არჩია. გალინა ბრეჟნევასთვის ხელი არ უხლიათ - მამის გარდაცვალების შემდეგ, ის, უბრალოდ, გალოთდა და საფრთხეს აღარ წარმოადგენდა.

ისე, როცა ალექსეი ტოლსტოის ქვრივი ლუდმილა გარდაიცვალა, მთელი მისი ქონება, ანდერძის შესაბამისად, სახელმწიფოს გადაეცა, მაგრამ... გადაცემულ ქონებაში ბრილიანტები ნახსენები არ იყო, ის, უბრალოდ, გაქრა და დღემდე, ოფიციალურად დაკარგულად ითვლება.