თბილისში მედპერსონალი მოწამლეს - ვინ არის ბოროტმოქმედი და რატომ იძია შური ექიმებზე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იმის მიუხედავად, რომ ადამიანების ორგანოებით უკანონო ვაჭრობა აკრძალულია და მკაცრად ისჯება, დღემდე არსებობენ ისინი, რომლებიც ამ საქმეს მისდევენ. სამწუხაროდ, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, პატარა ბავშვებსაც კი იპარავენ, რათა ნაწილ-ნაწილ გაყიდონ და ამით დიდი ფული იშოვონ. სამედიცინო სფეროს წინსვლამ, ბევრ სიკეთესთან ერთად, ისიც მოიტანა, რომ ადამიანების ორგანოებით ვაჭრობა სერიოზულ კრიმინალურ სინდიკატად იქცა და ამ სფეროში ჩართული დამნაშავეები უკან არაფერზე იხევენ.

 საქართველოში, ორგანოებით შესაძლო ვაჭრობასთან დაკავშირებით, პირველი ჭორები 80-იანი წლების მიწურულს გავრცელდა. ხალხში ხმა დადიოდა, თითქოს, გარდაცვლილებს ორგანოებს აჭრიდნენ და საზღვარგარეთ ანუ იქ ჰყიდდნენ, სადაც მედიცინა უფრო წინ იყო და ორგანოების გადანერგვა ხდებოდა. ამიტომაც, ჭირისუფალი მაქსიმალურად  ცდილობდა, რომ გარდაცვლილი ახლობელი მორგში არ გაეკვეთათ...  

„ჩემს კოლეგას ყელში მავთული გადასცდა და ლამის დაიხრჩო. მაშინვე საავადმყოფოში გავაქანეთ, მეც წავედი და გამიხარდა, როცა მითხრეს, მორიგე ქირურგი ვინც იყო. იმ ახალგაზრდას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ გაგებული მქონდა, ოქროს ხელები აქვს და საქართველოში კი არა, საბჭოთა კავშირის მასშტაბით გაითქვამს სახელსო. ჩემი კოლეგა საოპერაციოდ გაამზადეს, მაგრამ ექიმი კაბინეტიდან არ გამოდიოდა. ბოლოს, კაკუნზეც რომ არ უპასუხა ექთანს და კარიც შიგნიდან დაკეტილი აღმოჩნდა, ვეღარ მოვითმინე და შევამტვრიე. ვიფიქრე, ჩაეძინა-მეთქი, თუმცა ძილი კი არა, ჩემს წინ, ახალგაზრდა ქირურგი გარდაცვლილი ეგდო. სხვა ექიმებმა როგორც კი დახედეს, მაშინვე დაასკვნეს, მოწამლულიაო და გადარჩენა სცადეს, თუმცა მკვდარს ვინ გააცოცხლებდა?! მაგიდაზე წაქცეული ყავის ჭიქა იდო და იმდენი კი მოვახერხე, შემთხვევის ადგილი დავიცავი და ექსპერტებს იქაურობა, პრაქტიკულად, ხელუხლებელი დავახვედრე. მათი დასკვნაც მარტივი გახლდათ - ექიმი მოწამლეს, საწამლავი ყავაში შეურიეს, თუმცა ექსპერტებს შემადგენლობის გარკვევა უჭირდათ, რაღაც „ბუკეტია“, გამოცდილი ფარმაცევტის ან ქიმიკოსის ნამუშევარს ჰგავსო“, - იხსენებს დედაქალაქში მომხდარ გახმაურებულ საქმეს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

მკვლელი მედპერსონალს შორის უნდა ეძებნათ, რადგან ყავის ჭიქა ჯერ კიდევ თბილი იყო ანუ ახალი მოდუღებული გახლდათ. კოლეგებმა თქვეს, ყავას ყოველთვის თავად იდუღებდა, სხვებს არ გამოსდით ისეთი, მე რომ მიყვარსო. სამედიცინო პერსონალი ორ საათში გამოიკითხა და რამდენიმემ ახსენა, ეს ჩვენი ექიმი, ექთანზე იყო შეყვარებული, ღამეც ერთად მორიგეობდნენ, საყვარლები იყვნენო. ექთანი ქვრივი გახლდათ, ექიმი - ცოლ-შვილიანი და გაჩნდა ვერსია, რომ ქმარზე შური ცოლმა იძია. სანამ ცოლამდე მივიდოდნენ, გამომძიებლებმა ექთნის დაკითხვა გადაწყვიტეს, თუმცა ის კლინიკაში ვერ იპოვეს.

„მისი სახლისკენ ვაპირებდით წასვლას, როცა საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ცენტრიდან დარეკეს, თქვენი ექთანი ავტობუსში ცუდად გახდა, მგზავრებმა სასწრაფო გამოიძახეს და მოწამვლის ნიშნებით წავიყვანეთო ანუ ისიც ვიღაცამ მოწამლა და სასწრაფოდ გარდაცვლილი ექიმის ცოლი მოვიკითხე. ქალი მასწავლებელი გახლდათ და იმ დღეს, სკოლიდან ფეხი არ გაუდგამს. შესაბამისად, მოწამვლასაც ვერ მოახერხებდა, თუმცა ყველაზე საინტერესო წინ მელოდა - სანამ ექიმის ცოლის ამბებს ვარკვევდი, საავადმყოფოს კიდევ ერთი ექიმი ჩავარდა კომაში. მიზეზი აქაც იგივე - მოწამვლა. საბედნიეროდ, ქალისა და მეორე ექიმის გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ რამე ხომ უნდა მეღონა? ლამის სამმაგი მკვლელობა მოხდა და მე კიდევ ეჭვმიტანილიც არ მყავდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

გამომძიებლებმა საავადმყოფოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შესწავლა დაიწყეს, მაგრამ საეჭვოს ვერაფერს მიაგნეს. შემდეგ უკვე იმ ოპერაციებს გადახედეს, როლმებზეც ორი ექიმი და ექთანი ერთად იყვნენ, მაგრამ ამჯერადაც საეჭვო ვერაფერი ნახეს. პაციენტები სრულიად ჯანმრთელები გახლდნენ ანუ სამეულს არავინ შემოჰკვდომია. გამოძიებას თითქოს ყველა ძაფი ხელიდან გაუსხლტა, მაგრამ ერთ დღესაც...

„სავადმყოფოში მივედი, თანამშრომლებს კიდევ გავესაუბრე, ახალი ვერაფერი გავარკვიე და წამოვედი. ეზოდან გამოსულს, სანდომიანი, ასაკოვანი კაცი მომიახლოვდა, ვიცი, ამ საქმეს იძიებ, მე წინა კორპუსში ვცხოვრობ, ყველაფერი იმის ბრალია, რომ ამ კლინიკაში ორგანოებით ვაჭრობენ, თუ არ გჯერა, საღამოს ჩემს კორპუსში მოდი და დეტალებს მოგიყვები, ახლა არ მცალიაო. გავოცდი, ჩავფიქრდი, სახელი ვკითხე, მერე გადავამოწმე, იქ ცხოვრობდა და საღამოს მივედი. ეზოში, სკამზე იჯდა, დამინახა თუ არა, წამოდგა, მერე ერთ ბავშვს დაუძახა, მაისური აუწია, მარჯვენა მხარეს, ზურგზე, იმ ადგილზე, სადაც თირკმელია, ბავშვს დიდი ნაიარევი ეტყობოდა. როგორც მოხუცმა თქვა, ეს ბავშვი მისი შვილიშვილი იყო, ორი წლის წინ დაიკარგა, მერე კი, დაკარგვიდან ორ კვირაში, მოულოდნელად გამოჩნდა, არაფერი ახსოვდა, თუმცა ნაოპერაციები ეტყობოდა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ ბავშვს თირკმელი აკლდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

მოხუცის მონაყოლი თავზარდამცემი იყო. გამომძიებელმა თავად ნახა ნაიარევი და რაც მთავარია, ჰყავდა მოწმე, რომელსაც, როგორც თავად ამბობდა, არავინ უსმენდა, რადგან ადამიანების ორგანოებით მოვაჭრეებს, თურმე, სერიოზული მფარველები ჰყავდათ. ბატონი თენგიზი პირდაპირ უშიშროების კომიტეტში წავიდა და მწარედაც ინანა. იქ აუხსნეს, რომ მოხუცი ყოფილი პროფესორი გახლდათ, რომელსაც ცოლის გარდაცვალების შემდეგ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ის ბავშვი მისი შვილიშვილი სულაც არ იყო, არც თირკმელი აკლდა, უბრალოდ, ორი წლის წინ, ხიდან ჩამოვარდა და ტოტზე გამოედო, ნაიარევიც ამიტომ დარჩა.

გამომძიებელმა ახლიდან გადაამოწმა ყველაფერი და დაუდასტურეს ის, რაც უშიშროებაში მოისმინა. ორგანოებით ვაჭრობის თემა კი გამოირიცხა, მაგრამ ის ხომ ფაქტი იყო, რომ ახალგაზრდა ექიმი მოწამლეს და საავადმყოფოს კიდევ ორი თანამშრომლის მოწამვლა სურდათ?

ერთ დღესაც, როცა გამომძიებელი ისევ საავადმყოფოში მივიდა, მორიგე ექიმმა უთხრა, იქნებ ჩვენი სანიტარი დაკითხო, გარდაცვლილი ექიმის თანაჯგუფელია, სამსახურში მან მოიყვანა, ეგებ, მის წარსულზე იცოდეს რამეო. გამომძიებელი გაოცდა - ექიმის თანაჯგუფელი სანიტრად მუშაობდა. რატომ? რისთვის? ეს უკანასკნელი იმედი იყო და სამართალდამცავებმა სანიტარი მოიკითხეს. იმ დღეს სამსახურში არ იყო, სახლში დაურეკეს, დაკითხვაზე ხარ დაბარებულიო, თუმცა იმ დღიდან, სანიტარი გაქრა. მილიციამ მისი გარემოცვის შესწავლა დაიწყო და უახლოეს მეგობარსაც მალე მიაგნო.

„ჩემი მეგობარი გულის მანკით დაიბადა, გადარჩენის იმედს არ იძლეოდნენ ექიმები, მაგრამ გადარჩა და სამედიცინოზეც ჩააბარა, იმდენს ვიზამ, საკუთარ თავს, თავად ვუმკურნალებო. გათხოვდა კიდეც, თუმცა მერე გაირკვა, შვილი არასდროს ეყოლებოდა. ექვსი წელი იცხოვრა ქმართან ერთად, მერე გაიგო, რომ სამშობიაროში ახალშობილი ბიჭი მიუტოვებია მშობელს, რადგან პატარას გულის მანკის დიაგნოზი დაუსვეს და გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. იმდენი მოახერხა, ავადმყოფი ბავშვი იშვილა, წინააღმდეგი ქალიც არ წასულა და მთელ ენერგიას მას ახმარდა. სამსახურიდან წამოვიდა, ფარმაცევტი გახდა - ასე უფრო ბევრი დრო ჰქონდა შვილისთვის. 5 წლის იყო ბავშვი, როცა აცრაზე, სწორედ იმ კლინიკაში მიიყვანა თანაჯგუფელთან, სადაც მუშაობს. თავად გარეთ გამოვიდა, ვერ შევხედავ ბავშვს როგორ ცრითო, ძალიან უყვარდა ბიჭი. ვერ გეტყვით, რა შეეშალათ ექიმებს, ამბობენ, ნემსი შემთხვევით ვენაში მოხვდა და წამალი ვენაში შეუშვეს, რამაც გულის გაჩერება გამოიწვიაო“, - ეს იყო მეგობრის მონაყოლი.

მისივე თქმით, გაქცეულის ძებნა საჭირო არ იყო, რადგან ხუთ დღეში, ბიჭის დაბადების დღე მოდიოდა და ქალი მის საფლავზე აუცილებლად მივიდოდა.

„მარტო წავედი სასაფლაოზე, კართან დავდექი. 12 საათისთვის, ის ქალიც მოვიდა, დამინახა, მიცნო, თვალით მანიშნა, მივალო, უხმოდ დავუქნიე თავი. მივიდა, იტირა, მერე წამოდგა და ხელები გამომიწოდა, ბორკილები დამადეო. მკვლელობა აღიარა, სანიტრადაც იმიტომ მოვეწყვე, მინდოდა, ჩემი შვილის მკვლელებთან ახლოს ვყოფილიყავი და შანსს დავლოდებოდიო. საწამლავის „ბუკეტიც“ თავად გააკეთა და სამივეს მოკვლა ერთ დღეს სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. არადა, გაუფრთხილებლობით ბავშვის სიკვდილი პათოლოგიას ანუ გულის მანკს დაბრალდა და არა - ექიმებს“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.

სასამართლომ ქალს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სამი წლის შემდეგ, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ტუბერკულოზით გარდაიცვალა.