პოლიციამ თელავში მომხდარი დაჭრის, ძალადობის და ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახში ძალადობის, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნაცნობ ქალს -1989 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათი კონფლიქტით გამოწვეული ხმაურის გამო, გ.გ.-ს შელაპარაკება მოუხდა მეზობლად მცხოვრებ ძმებთან - 1999 წელს დაბადებულ თ.რ.-სთან და 2004 წელს დაბადებულ ნ.რ.-სთან, რომლებსაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ორივე დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისის თვეში ქალაქ თელავში სასურსათო მაღაზიები გაქურდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ოჯახში ძალადობას და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.