რეცეპტების გამქრალი წიგნისა და 50-ათასიანი მარკის საიდუმლო

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 უცნაური კრიმინალი, რომელსაც დამნაშავე არ ჰყავდა

 ისე ხდება ხოლმე, რომ შვილები მშობლების გარდაცვალების შემდეგ ვხვდებით, რაოდენ ძვირფას ადამიანებს ვკარგავთ და მერე ვიწყებთ მათი ნაქონი ნივთების შენახვას, მოვლას, ტირილსა და გოდებას. მერე ვხვდებით, რომ მოხუცი დედ-მამა უზარმაზარი იმედია, იმის მიუხედავად, შეუძლიათ თუ არა მათ შრომა და შვილების დახმარება. სწორედ მერე ვიაზრებთ ხოლმე, რომ ჩვენს ცხოვრებაში ისინი თუ არ იყვნენ მთავარი ადამიანები, ჩვენ ნამდვილად ვიყავით მათთვის მთავარი და თუ რამეს აკეთებდნენ და შექმნეს, მხოლოდ ჩვენთვის...

 

პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდა კაცი მივიდა და მეტად უცნაური განცხადება გააკეთა. ის სამართალდამცავებს სამზარეულოს რეცეპტების წიგნის პოვნას სთხოვდა.

„ცოტა გრძელი ისტორიაა, მაგრამ უნდა მოგიყვეთ. ორი თვის ვიყავი, როცა ავტოავარიის შედეგად, მამა გარდამეცვალა. ასე, სამი წლის ვიქნებოდი, როცა დედა მეორედ გათხოვდა და ის, რომ ჩემი გამზრდელი კაცი ნამდვილი მამა არ იყო, დაახლოებით, ათი წლის ასაკში გავიგე, მეზობელმა წამომაძახა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. მერე და მერე აღვიქვი ყველაფერი და სიმართლე გითხრათ, არც მაგაზე ვინერვიულე იმიტომ, რომ ის კაცი ზუსტად ისე მექცეოდა და მზრდიდა, როგორც ნამდვილი მამა. ჩემს მშობლებს მეტი შვილი არ ჰყოლიათ და ამიტომ, თუ რამე სიკეთე შეიძლება მისცე ბავშვს, ყველაფერი მომცეს. საუკეთესო განათლება, ტანსაცმელი, დასვენება, მოკლედ, ყველაფერი. მერე, სასწავლებლად საზღვარგარეთ წავედი და სამსახურიც იქ ვიშოვე, კარგი სამსახური. მშობლების წაყვანა მინდოდა, მაგრამ უარი მითხრეს, არ წამოვიდნენ. ფინანსურად არასდროს გვიჭირდა, ჩემს მამობილს ფული ბიზნესში ჰქონდა ჩადებული, მერე, ასაკი რომ მოემატა, უარი თქვა, ფული აიღო და ალბათ, სახლში შეინახა. ალბათ იმიტომ, რომ ბანკს არ ენდობოდა. რამდენიმე წლის წინ, დედა სიმსივნით გარდაიცვალა, რა თქმა უნდა, გასვენებაზე ჩამოვედი და მამინაცვალს, რომელსაც მამას ვეძახდი, კვლავ შევთავაზე, ჩემთან ერთად წამოსულიყო, მაგრამ ისევ უარი მითხრა. მე ევროპაში დავბრუნდი, თუმცა ერთმანეთთან, პრაქტიკულად, ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა, ვურეკავდი, მირეკავდა. ასე, ერთი წლის წინ მითხრა, რომ ვიღაც ქალთან ერთად ცხოვრობდა და დედის ხსოვნისთვის შეურაცხყოფა რომ არ მიეყენებინა, საცხოვრებლად თავის სახლში გადავიდა. მისი კარგად მესმოდა, მოვლა სჭირდებოდა, სხვა თუ არაფერი. ახლა კი, ისიც დაიღუპა და ჩამოვედი. დავასაფლავე, მაგრამ ის, რაც მინდოდა, ვერსად ვიპოვე. დედა კარგი მზარეული იყო, ძველი წიგნი ჰქონდა, სამზარეულოს რეცეპტების წიგნი, სადაც საკუთარი ხელით ჰქონდა ჩაწერილი სხვა რეცეპტებიც და შენიშვნებიც. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი რელიქვიაა, მაგრამ გაქრა, ვერ ვნახე. მე ერთადერთი მემკვიდრე ვარ, ორივე ბინა ჩემია და ერთ ბინას მივცემ მას, ვინც წიგნს იპოვის“, - განაცხადა მოსულმა.

სამართალდამცავებს გაეცინათ მის სიტყვებზე, რადგან საქმის გახსნის სანაცვლოდ ბინის შეთავაზება, ცოტა არ იყოს, აბსურდულად და ბრიყვულადაც კი ჩანდა, მაგრამ ახალგაზრდა კაცმა განცხადება ოფიციალურად დაწერა და მეტი სიმძაფრისთვის, ისიც მიუთითა, რომ წიგნის გარდა, დაკარგული იყო საკმაოდ სოლიდური თანხა, რომელიც წესითა და რიგით, მამინაცვლას უნდა ჰქონოდა. აბა, რა ძნელი მისახვედრია, რომ პირველი ეჭვმიტანილი სწორედ ის მეგობარი ქალი იყო, რომელზეც მომჩივანიც საუბრობდა და რომლის არსებობის შესახებ მეზობლებმაც იცოდნენ.

„შემთხვევით გავიგე, რომ ის კაცი გარდაიცვალა. ნახევარ წელზე მეტია, მასთან ურთიერთობა აღარ მაქვს, შესაბამისად, არც ფულის არსებობის შესახებ ვიცი რამე, არც ძველი წიგნები მომიპარავს და ზოგადად, საკმარისი ცოდნა მაქვს იმისთვის, რომ საჭმელი გავაკეთო და სხვისი რეცეპტების წიგნი არაფერში მჭირდება“, - განაცხადა ქალმა, თუმცა საქმე არცთუ მარტივად იყო - ერთ-ერთი მეზობელი ამტკიცებდა, ეგ ქალი ექვსი თვის წინ კი არა, ორი თვის წინ ვნახე და ვნახე არა კაცის, არამედ, ქალის ბინაშიო. ჰო, მომჩივანის დედის მეზობელი ამტკიცებდა, ეგ ქალი მოსული იყო, კარი გასაღებით გააღო, რაც არ გამკვირვებია, რადგან ადრეც ყოფილა მოსულიო. გამომძიებლებმა პროკურორისგან ქალის ბინის ჩხრეკის ორდერი მოიპოვეს და შინ მოულოდნელად დაადგნენ. თან ახალგაზრდა კაციც წაიყვანეს, ეგებ, ისეთი რამ იდოს ბინაში, რასაც შენ იცნობ და ან ადვილად ამოიცნობო.

ბინაში შესვლისთანავე, ახალგაზრდა მამაკაცმა იქვე მდგარ ლარნაკს დაადო ხელი, ეს ნამდვილად ჩვენია, მეტიც, ბავშვი რომ ვიყავი, შიგნით წებო ჩავასხი და გაწმენდა შეუძლებელი იყო, ამიტომ შიგნით გამხმარი წებო იქნებაო და მართალიც აღმოჩნდა. ბინაშივე იპოვეს რეცეპტების ძველი წიგნი და ბიჭი სიხარულისგან ხტოდა. ამას გარდა, კიდევ ორი ძველი წიგნი მონახეს.

„იმ ბინაში ღირებული მხოლოდ ესენი მეგულებოდა. რეცეპტების წიგნი ერთადერთი რამის - სიძველის გამო მინდოდა, ეგებ, ნორმალური თანხა მოეცათ, მაგრამ ყველამ უარი თქვა, ხელით ძალიან ბევრი ჩანაწერია გაკეთებულიო. ეს ლარნაკიც არავინ იყიდა, შიგნით წებო ასხიაო, გადაყრა მინდოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თქვენ დამკითხეთ, მაგრამ ვერ მოვასწარი“, - თავს იმართლებდა ქალი.

ახალგაზრდა კაცმა გამომძიებლებს ლამის დაუჩოქა, გემუდარებით, არ დააკავოთ, მიპატიებია, მთავარია, რასაც ვეძებდი, ვიპოვეო, მაგრამ სამართალდამცავებს ქალთან სხვა კითხვებიც ჰქონდათ და ის „სხვა“ ფულს ეხებოდა.

„მუდმივად იმეორებდა, რომ უზარმაზარი ქონების პატრონი იყო, მაგრამ იმასაც ამბობდა, შენნაირი შტერი ქალი ვერასდროს მიხვდება, რა მაქვს სახლში ღირებულიო. რეალურად, ამის ნიადაგზე ვიჩხუბეთ, სულ შტერს მეძახდა და ამიტომაც დავშორდით. დამიჯერეთ, ის სახლი არაერთხელ მაქვს თავიდან ბოლომდე გაჩხრეკილი და არაფერი მინახავს ისეთი, რაც ღირებული იქნებოდა. ბანკში ანგარიში არ ჰქონია, ბარათიც კი არ ჰქონდა ბანკის და არ ვიცი, ფული სად და რაში დააბანდა“, - ამბობდა ქალი.

ახალგაზრდა კაცი კი ამბობდა, ფული არ მაინტერესებს, რაც მინდოდა, ვიპოვე და ახლა ის მითხარით, ბინა რომელს გადაგიფორმოთო, მაგრამ სამართალდამცავებს მისი სიტყვები სასაცილოდ არ ეყოთ და შესთავაზეს, ეგებ, სახლი ერთად დავათვალიეროთ და იმას მივხვდეთ, რასაც ეს „შტერი“ ქალი ვერ მიხვდაო. სხვათა შორის, გამომძიებლებსაც სერიოზული ეჭვი ჰქონდათ, რომ ბინაში მარტივად ვერაფერს მიაგნებდნენ. ახალგაზრდა ისე იყო სიხარულით თავბრუდახვეული, რომ ყველაფერზე თანახმა გახლდათ და სამართალდამცავებს შინისკენ წაუძღვა. ძალოვნები ოთახებში გადანაწილდნენ და ფრთხილად დაიწყეს ბინის თვალიერება. როგორც გარდაცვლილის გერი ამბობდა, მათ უნდა მოენახათ რამე ნივთი, რომელიც, ყველაზე ცოტა, 50 ათასი დოლარი ეღირებოდა ანუ მისი აზრით, ეს იყო ის მინიმუმი, რომელიც მამინაცვალმა ბიზნესის წილის დათმობის შედეგად მიიღო და იქვე დააყოლა, არ გამიკვირდება, თუ ასი ათასი და უფრო მეტი იქნებაო.

დაახლოებით, ორსაათიანმა ჩხრეკამ შედეგი არ მოიტანა, თანაც სამართალდამცავებს გამოცდილი ხელი და თვალი ჰქონდათ, ამიტომ რამე ფასეულისთვის მარტივად უნდა მიეგნოთ. ორი საათის შემდეგ, უკვე კედლებს ჩამოუარეს კაკუნით, ეგებ, სამალავი კედელშიაო, კარადაც დაშალეს სამალავის ძებნაში, მაგრამ არსად არაფერი იყო. გამომძიებლები იმედგაცრუებულები გაბრუნდნენ და თან ბიჭს უთხრეს, ეგებ, განცხადება გაიტანო, რადგან იქ ფულის პოვნაც გიწერია და გაუხსნელ საქმედ დაგვეკიდებაო, რაზეც ახალგაზრდა კაცი მარტივად დათანხმდა.

ეს ამბავი დავიწყებას მიეცემოდა, რომ არა ერთი უცნაური შემთხვევა. ახალგაზრდა კაცი ისევ ევროპაში დაბრუნდა და თან წაიღო ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა და რაც მშობლებს გაახსენებდა. მათ შორის იყო წერილებიც, რომელიც ექვსი თვის შემდეგ, შეყვარებულს ანახა და უთხრა, სატელეფონო საუბრების გარდა, ერთმანეთს წერილებსაც ვწერდით და ასე მგონია, ამ წერილებს მშობლების სუნი აქვსო. მისი შეყვარებული კი, ფილატელისტი გახლდათ და როცა ერთ-ერთ წერილზე დამაგრებულ მარკას შეხედა, თვალები შუბლზე აუვიდა.

„ჩემო მეგობრებო, ამ წერილს იმიტომ გიგზავნით, რომ ჩემი მამობილის ფულის საიდუმლო ამოუხსნელ გამოცანად არ დარჩეს თქვენთვის. გავარკვიეთ, რომ ბიზნესიდან აღებული თანხით, მან ძვირადღირებული მარკა შეიძინა და ერთ-ერთ წერილზე სიმბოლურად მიამაგრა. მისი რეალური ფასი ჩემმა შეყვარებულმა იცოდა და მარკა აქვე, აუქციონზე, 80 ათას დოლარად გავყიდეთ“, - დაახლოებით, ამ შინაარსის წერილი გამოუგზავნა ბიჭმა სამართალდამცავებს.

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე