სიძე-სიდედრის სასიყვარულო ურთიერთობა და ქმრის სისხლიანი შურისძიება

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 შესაძლოა, ბევრმა მამაკაცმა არ აღიაროს, მაგრამ გულის სიღრმეში ყველას „უტყდება“, თუ ცოლი მასზე მეტს გამოიმუშავებს. ამიტომ, ისინი ჯიუტად ცდილობენ, რომ ოჯახში მთავარი შემომტანები თავად იყვნენ და ზოგს გამოსდის, ზოგს - არა. რეალურად კი, ნელ-ნელა იქითკენ მივდივართ, რომ ცოლი და ქმარი ერთად ფიქრობენ ოჯახის კეთილდღეობაზე, ერთად გეგმავენ, როგორც ოჯახის ბიუჯეტს, ისე იმას, თუ სად, რაში დახარჯონ ან დააბანდონ და ეს არ არის ცუდი. მით უმეტეს, დღეს უკვე აღარავისთვისაა უცხო წარმატებული ბიზნესმენი ქალები, რომლებიც არცთუ მცირე კაპიტალს ფლობენ და ამა თუ იმ სფეროში მოღვაწე მამაკაცებს სერიოზულ კონკურენციას უწევენ.

 

ჰოდა, ერთ-ერთი ასეთი წარმატებული ქალი ნახეს გარდაცვლილი, თავისივე ავტოსახელოსნოში და რაღა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. საინტერესო ის იყო, რომ ქალი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მანქანის ქვეშ, ცუდად დამაგრებული ჰიდრავლიკური ამწე (დანგრატი) წაიქცა და ქალს ავტომობილი მკერდზე დაეცა.

„არც კი ვიცი, რა ვთქვა. მთელი ცხოვრება ავტომანქანებზე აბოდებდა, მამამისი და მისი ორივე ძმა ხელოსნები იყვნენ და რაღა თქმა უნდა, მანქანის რაღაცები მასაც ესმოდა. თუმცა, ერთია, როცა რაღაც გესმის და მეორე, როცა მანქანის გასაკთებლად მიძვრები. ავტოსახელოსნოც სწორედ ამიტომ გახსნა, აიჩემა, მინდა, რომ ქალაქში ყველაზე მაგარი „პროფილაქტიკა“ მქონდესო და მართლაც ჰქონდა. მამაკაცებისთვის თავიდან უცხო იყო, რომ ქალი „ამორტიზატორებს“, ხუნდებს ცვლიდა, მანქანას უსმენდა,ზუსტ მიზეზს პოულობდა. მერე და მერე, პოპულარობა მოიპოვა, ძალიან ბევრი კლიენტი გვყავდა, იმდენი, რომ რამდენიმე დამხმარე ავიყვანეთ, თუმცა ყველას მაინც ის სურდა, რომ ჩემი მეუღლე მომსახურებოდა, რადგან მართლაც განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა და უზუსტესად ხვდებოდა, რა იყო გასაკეთებელი. მეც აქ ვმუშაობდი, მეც არ ვარ ცუდი ხელოსანი, მაგრამ ის ყველაზე მაგარი იყო. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ავტომობილს, ეს მისია, სამი დღის წინ იყიდა, დღეს დილით კი თქვა, რომ ხმა არ მოეწონა და სახელოსნოში პირადად ნახავდა. დღეს უქმე დღეა, ვისვენებთ, ამიტომ როცა დილით ადგა და წავიდა, მე ძილი გავაგრძელე, მერე კი, სახელოსნოში წავედი და ეს სურათი დამხვდა. დანგრატის დაყენება არასოდეს უყვარდა, მუდმივად ჩქარობდა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მანქანა დანგრატიდან ჩამოვარდა. სხვა ხელოსნებიც დამეთანხმებიან, რომ ამ სიჩქარეს გადააყოლა სიცოცხლე“, - ეს ჩვენება სამართალდამცავებს გარდაცვლილის ქმარმა მისცა.

მალე სახელოსნოში გარდაცვლილის ერთადერთი ქალიშვილი და სიძე მივიდნენ, გოგონამ ნამდვილი ისტერიკა მოაწყო, დაჩოქილი კოცნიდა იმ ადგილს, სადაც მანამდე, დედამისის ცხედარი უძრავად იდო, სისხლის ლაქებს ეფერებოდა. სიძე კი უძრავად, გამეხებული სახით იდგა და მერე შეეცადა, როგორმე, ცოლი წამოეყენებინა, როგორმე, აზრზე მოეყვანა, მაგრამ ქალი მაინც ბოლო ხმაზე კიოდა. დედის გარდაცვალება უბედური შემთხვევა რომ იყო, ეჭვი არც შვილს შეჰპარვია, იგივე გაიმეორა, რაც მამამ, მუდმივად თავად ცდილობდა, ავტომობილი გაეკეთებინა და მით უმეტეს ეს მისი ოცნების მანქანა იყო და არავის დაანებებდაო. ჰო, თურმე, ქალი მთელი ცხოვრება სწორედ ასეთ მანქანაზე ოცნებობდა, იყიდა და აგერ, ყველაფერი თავზე დაენგრა. იგივე თქვა სიძემაც, ისიც სახელოსნოში მუშაობდა, სწორედ იქ გაიცნო მფლობელების ქალიშვილი, ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს კიდეც, თუმცა ბიჭს არც სამუშაო მიუტოვებია და ზუსტად იგივეს აკეთებდა, რასაც მანამდე ანუ სიძის პრივილეგიებით არ სარგებლობდა.

„აქ პრივილეგიებით ვერ ისარგებლებდი, საქმე საქმე იყო და ყველა ბოლომდე უნდა დახარჯულიყო. მეც ასე ვიხარჯებოდი და მეც ზუსტად ისე ვიღებდი ხელფასს, როგორც დანარჩენები ანუ დამსახურების მიხედვით. ამას ყველა დაადასტურებს. უფროსი მკაცრი იყო, მაგრამ სამართლიანი და რაც მთავარია, თუ თავად გადაწყვეტდა მანქანის გაკეთებას, გამორიცხული იყო, ვინმე მასთან ახლოს მიეშვა, თავიდან ბოლომდე თვითონ აკეთებდა და ეს საქმე ძალიან კარგად იცოდა“, - ეს კი სიძემ თქვა.

რეალურად, სამართალდამცავებს მოტივი არ ჰქონდათ, ოჯახის წევრების სიტყვებში ეჭვი შეეტანათ. მეტიც, გამორიცხული იყო, შვილს, ქმარს და სიძეს ერთი ქალის მოშორება გადაეწყვიტათ და ასეთი მეთოდით მოეშორებინათ თავიდან. შესაბამისად, საქმე უბედურ შემთხვევად უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ აუცილებელი გახლდათ, ფორმალური მხარის დაცვისთვის და დოკუმენტის არსებობისთვის, სახელოსნოს კიდევ ორ თანამშრომელს მაინც დაედასტურებინა ის, რომ მეპატრონე მართლაც თავადაც აკეთებდა მანქანებს და რაც მთავარია, დანგრატს ყოველთვის უგულოდ ამაგრებდა. ამიტომ, გამომძიებლები მშვიდად წავიდნენ სახლში და მეორე დღეს დაელოდნენ.

„ჰო, ჩვენი უფროსი ნამდვილი პროფესორი იყო, ისეთ რაღაცებს პოულობდა, ყველას გვიკვირდა. მკაცრი იყო, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე, ვინმეს უსამართლოდ მოექცა“, - განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა და ისიც თქვა, დანგრატი ერთხელ ადრეც ჩამოუვარდაო. ახლა კიდევ ერთი იყო საჭირო და...

„კარგი ხელოსანი ნამდვილად იყო, მართლა იცოდა მანქანების ავ-კარგი, მაგრამ მე პატივს არ ვცემდი, უბრალოდ, ვმუშაობდი და ვცდილობდი, ურთიერთობა არ მქონოდა. პატივს კი იმიტომ არ ვცემდი, რომ სანამ მისი სიძე გახდებოდა, ის ბიჭი მისი საყვარელი იყო. ამის მიუხედავად, მან უფლება მისცა ბიჭს, მის შვილზე ექორწინა და მგონია, რომ ურთიერთობა არც ამის შემდეგ გაუწყვეტია. აბა, სიძე-სიდედრზე ამას ვინ იფიქრებდა, მაგრამ თვეში ორჯერ მიანც ხდებოდახოლმე, როცა მხოლოდ მას ტოვებდა, სხვებს სახლში გვიშვებდა, ხვალ გააგრძელეთო და აქ ოფისიც გვაქვს, დივანიც... მისი მეუღლე კი, ძირითადად, ნაწილების მომარაგება-მოტანით იყო დაკავებული და ამიტომ, როცა ნაწილებზე მიდიოდა, ზუსტად ვიცოდით, რომ ყველაზე ცოტა, სამი საათი აღარ გამოჩნდებოდა. ეს იცოდა ცოლმაც და ამიტომ ვამბობ, მას სიძესთან ურთიერთობა ისევ ჰქონდა-თქო, რადგან სწორედ მაშინ ტოვებდა სიძეს მარტო, როცა ქმარი ნაწილებზე იყო წასული და იცოდა, დიდხანს არ დაბრუნდებოდა“, - ეს კი მეორე ხელოსანმა თქვა.

მისმა განცხადებამ სამართალდამცავები ჩააფიქრა. ხომ შესაძლებელი იყო, ქმარს ყველაფერი ეს შეეტყო, ან მანამდეც სცოდნოდა და ყელში ამოუვიდა, მკვლელობა დაგეგმა და დაგეგმა იდეალურად. ახლა, მისი ალიბი იყო გადასამოწმებელი ანუ იმყოფებოდა თუ არა მართლა სახლში მაშინ, როცა მისი ცოლი სახელოსნოში იყო და მანქანას აკეთებდა. ის, რომ ქალი თავის ნებით იყო მანქანის ქვეშ შესული, არავინ უარყოფდა, მას ძალადობის კვალი არ ეტყობოდა და ასე უკვალოდ მანქანის ქვეშ ვერავინ შეტენიდა.

სანამ ქმარს დაჰკითხავდნენ, საინტერესო იყო, რას იტყოდა სიძე. ამიტომ, ის მარტო დაიბარეს, აქაოდა, ფორმალურად რაღაცაზეა ხელი მოსაწერი და არ გვინდა, დამწუხრებული ქმარი და შვილი შევაწუხოთო. სიძე იმედიანად მივიდა და როცა სიდედრის საყვარლობაზე ჩამოუგდეს სიტყვა, აშკარად დაიბნა, მაგრამ მერე დამშვიდდა.

„ჰო, ჩვენ საყვარლები ვიყავით. მას შემდეგ, რაც მისი გოგო შევირთე ცოლად, მეგონა, ყველაფერი დასრულდებოდა, მაგრამ არ დასრულებულა. იშვიათად, თუმცა მაინც მთხოვდა ხოლმე მასთან ყოფნას, მე კი... უარი რომ მეთქვა, სამსახურსა და ოჯახს ვკარგავდი, მომავალს ვკარგავდი. არ ვიცი, იმ დღეს რა მოხდა, მაგრამ ის ვიცი, რომ სიმამრი მთელი დილა შინ არ იყო, ის სახელოსნოსთან ახლოს დაინახეს სწორედ იმ დროს, როცა სავარაუდოდ, შემთხვევა მოხდა“, - განაცხადა სიძემ.

ქმარს სამართალდამცავების გამოჩენა ძალიან გაუკვირდა, მაგრამ, როცა ბრალი წაუყენეს, ცოლი შენ მოკალიო, სიცილი დაიწყო, გაგიჟებულხართ, მე ალიბი მაქვსო, თუმცა მისი ალიბი მალე დაიმსხვრა, რადგან ძალოვნებს მოწმე ჰყავდათ, რომელმაც დაადასტურა, რომ მამაკაცი სახელოსნოსთან დაინახა, ხოლო ერთ-ერთმა ხელოსანმა, როგორც იქნა, ამოთქვა, რომ მას შემდეგ, რაც გარდაცვლილს ერთხელ უკვე ჩამოუვარდა დანგრატი, მის საიმედოობას ყოველთვის ამოწმებდა და გამორიცხული იყო, ამჯერად არ შეემოწმებინა. თანაც, ავტომობილის დათვალიერებამ ისიც ანახა, რომ მანქანას არაფერი სჭირდა და ქმარმა ცოლი უბრალოდ მოატყუა, რომ ის ავტომობილის ქვეშ შემძვრალიყო.

„დიახ, მე მოვკალი ის ბოზი და მოვკალი იმიტომ, რომ თუნდაც ჩემი შვილი ყოფილიყო ბედნიერი და მისი ქმარი არ მოეპარა ხოლმე. თან, სულ მამადლიდა, მე რომ არა, შიმშილით მოკვდებოდიო და ეს იმის მიუხედავად, რომ მასზე ნაკლებს არ ვშრომობდი“, - განაცხადა დაკავებულმა და სასამართლომ მას განზრახ მკვლელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე