რჩეული სტატიები

Grid List

აშშ-ის ვეტოს გამო, გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო რეზოლუცია გაეროში პალესტინის სახელმწიფოს სრულუფლებიან წევრად მიღების შესახებ.

უშიშროების საბჭოს 15 მუდმივი და დროებითი წევრიდან რეზოლუციას მხარი დაუჭირა 12-მა სახელმწიფომ. თავი შეიკავეს შვეიცარიამ და ბრიტანეთმა.

რეზოლუციის პროექტი გაეროს გენერალურ ასამბლეას რეკომენდაციას აძლევდა, ეღიარებინა პალესტინის სახელმწიფო გაეროს 194-ე წევრად. ამისთვის საჭირო იყო უშიშროების საბჭოს თანხმობა.

გაეროს 139 წევრი ქვეყანა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.

აშშ-ის პოზიციით, პალესტინის სახელმწიფოს გაეროში წევრობა შეიძლება მოჰყვეს ორი სახელმწიფოს შესახებ ისრაელთან შეთანხმებას.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 17 აპრილს განაცხადა, რომ შაბათს უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტს კენჭისყრაზე გაიტანს.

$95-მილიარდიანი პაკეტი უკრაინის დასახმარებლად $60.84 მილიარდს, ისრაელისთვის $26.38 მილიარდს, ხოლო ჩინეთთან გასამკლავებლად $8.12 მილიარდს მოიცავს.

"მე 80-იანების შვილი ვარ. თავს რეიგანის რესპუბლიკელად მივიჩნევ. მე მესმის ის ცნება, რომ მშვიდობა სიძლიერით უნდა შეინარჩუნო". - განაცხადა CNN-თან ინტერვიუში რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა.

ჯონსონის წარდგენილი პაკეტის მიხედვით, უკრაინისთვის გამოყოფილი დაფინანსება "დახმარებისთვის სესხის სტრუქტურას, გაუმჯობესებულ სტრატეგიასა და ანგარიშვალდებულებას" შეიცავს.

მაიკ ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ დახმარების პაკეტის პარალელურად იგი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის რუსული გაყინული აქტივების გამოყენების კანონპროექტს წარადგენს.

ჯონსონის მიერ წარდგენილ დახმარების პაკეტს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა: "მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ამ პაკეტს, რათა გადამწყვეტი მნიშვნელობის დახმარება უკრაინასა და ისრაელში ჩავიდეს, საჭირო ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში პალესტინელებს მიეწოდოს და ინდო-წყნარ ოკეანეში უსაფრთხოება და სტაბილურობა გავაძლიეროთ". - თქვა ბაიდენმა განცხადებაში.

ბაიდენის თქმით, "წარმომადგენელთა პალატამ პაკეტი ამ კვირაში აუცილებლად უნდა მიიღოს და სენატიც მალევე უნდა მიჰყვეს. მე ამას მყისიერად მოვაწერ ხელს, რათა მსოფლიოს ვაცნობოთ: ჩვენ ჩვენს მეგობრებთან ერთად ვდგავართ, და ირანს ან ჩინეთს წარმატების საშუალებას არ მივცემთ".

აქამდე, მაიკ ჯონსონი ამბობდა, რომ კონგრესის ქვედა პალატას ვერ აიძულებენ, მიიღოს სენატის მიერ დამტკიცებული კანონი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს.

იგი ამ პოზიციას იმით ხსნიდა, რომ კანონპროექტი აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხს არ მოიცავდა, რაც რესპუბლიკელებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

თუმცა 16 აპრილს ჯონსონმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში ისრაელისა და უკრაინის დახმარების კანონპროექტებს ამ კვირაში ერთმანეთისგან განცალკევებით განიხილავენ. ხოლო $95-მილიარდიან კანონპროექტში აშშ-მექსიკის საზღვრის უსაფრთხოების საკითხი განხილული არ იქნება.

ჯონსონის თქმით, წარმომადგენელთა პალატაში ერთდროულად განიხილავენ ერთმანეთისგან განცალკევებულ 4 კანონპროექტს, რომლებიც ისრაელი-უკრაინის გარდა ტაივანისა და აშშ-ს ინდო-წყნარი ოკეანეთის მოკავშირეების დახმარებას, ასევე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებსაც მოიცავს.

ნისლიან ალბიონზე, ლონდონში, ფიტნეს-კლუბების ქსელმა - David Lloyd Clubs, კაფე გახსნა, სადაც მირთმეული კერძების საფასურის გადახდა ფიზიკური ვარჯიშების შესრულებით არის შესაძლებელი. როგორც ადგილობრივი მედია წერს, უფასო ლანჩის მისაღებად 6-წუთიანი, ინტენსიური პროგრამის შესრულებაა საჭირო - ჩაჯდომები, პრესის ვარჯიშები, აზიდვები, სარბენი ბილიკი და ველოტრენაჟორი. დასაშვებია 30-წამიანი დასვენება სხვადასხვა სახის ვარჯიშებს შორის. ცხოვრების ჯანსაღი წესის მომხრეები ამგვარი თავდადებისთვის შესანიშნავ საკვებს იღებენ - პიტა ბოსტნეულით, შებოლილი ორაგული ან შემწვარი ყველი „ჰალუმი“, სასარგებლო წახემსებისთვის ნიგოზი და ხილიც ეძლევათ. კაფეს ფინანსურად მხარს უჭერს საქველმოქმედო ორგანიზაცია British Heart Foundation.

უახლესი The Global Destination Sustainability Index-ის მიხედვით, გამოვლინდა მსოფლიოს ქალაქები, რომლებიც უკვე დღეს ისწრაფვიან მდგრადი მომავლისკენ, როცა ატმოსფეროში ნაკლები დაბალი ნახშირბადი გამოიფრქვევა. რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინეს ისეთი მაჩვენებლები, როგორებიცაა ნარჩენების გადამუშავების, ჰაერის დაბინძურების დონე, ველობილიკების რაოდენობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეკოლოგიურობა და სასტუმროებში ნომრების პროცენტიც კი, რომელთაც „ეკოლოგიურად სუფთა“-ს სერტიფიკატები აქვთ.

სიას სათავეში შვედეთის ქალაქი გიოტებორგი უდგას, რომელიც 2016-2021 წლებში უკვე აღიარებული იყო ყველაზე ეკოლოგიურ ქალაქად. იქ საუკეთესო პირობებია ელექტროტრანსპორტის მფლობელებისთვის, პრაქტიკულად, მთელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი განახლებადი ენერგიის წყაროებზე მუშაობს. ასევე, ქალაქში აქტიურად ებრძვიან ერთჯერადი ჭურჭლისა და პლასტიკის გამოყენებას. მეორე ადგილზე ნორვეგიის დედაქალაქი ოსლოა, დანიური კოპენჰაგენი სტაბილურად ინარჩუნებს მესამე ადგილს, ფინეთის დედაქალაქმა - ჰელსინკი კი მე-12 საფეხურიდან მე-4-ზე გადაინაცვლა. საკუკეთესო ეკოლოგიური ქალაქების სიის ათეულში მოხვდნენ ნორვეგიული ბერგენი, დანიური ორჰუსი, ბრიტანული გლაზგო, ფრანგული ბორდო და შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი. როგორც ხედავთ, ყველაზე მეტად ეკოლოგიაზე სკანდინავიური და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ზრუნავენ.

 

Amazon-ის დამაარსებელმა და პლანეტის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა, 90 მილიონ დოლარად, მესამე სახლი იყოდა ექსკლუზიურ კუნძულზე ინდიან-კრიკზე, რომელიც მაიამის ახლოს მდებარეობს. გასულ წელს, მილიარდერმა ორი ვილა შეიძინა: ივნისში - 68 მილიონ დოლარად, ოქტომბერში კი - 79 მილიონად. ბეზოსის მესამე სახლი მათგან კუნძულის საპირისპირო მხარესაა. ბეზოსის მეზობლები არიან დეველოპერი ჯეფ სოფერი და ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ლეგენდა, ტომ ბრედი. კუნძული ინდიან-კრიკი, რომელიც სამხრეთ ფლორიდასთან, ბისკეინის ყურეში მდებარეობს, „მილიარდერების ბუნკერის“ სახელით არის ცნობილი. იქ უმდიდრესი და ცნობილი ადამიანების, ასევე, ბიზნეს-მაგნატების სახლები მდებარეობს. დიდ მიწასთან კუნძულს ერთადერთი ხიდი აკავშირებს, რომელსაც პოლიცია 24 საათის განმავლობაში იცავს. იქ მდებარე ვილების საშუალო ფასი 30 მილიონი დოლარია, სულ კი კუნძულზე 40 ადამიანი ცხოვრობს. ინდიან-კრიკს „მსოფლიოში ყველაზე ექსკლუზიურ მუნიციპალიტეტს“ უწოდებენ. კუნძულის რეზიდენტები არიან: ბიონსე, კარლ კუშნერი და მისი მეუღლე, ივანკა ტრამპი. ფეხბურთის ვარსკვლავი ბრედი და მისი ყოფილი მეუღლე, ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდშენი კი რაიონში „ეკო-ვილას“ აშენებდნენ, ვიდრე გაეყრებოდნენ.

ბეზოსისთვის ეს ერთადერთი ძვირადღირებული უძრავი ქონება არ არის. 2022 წელს, მილიარდერმა 78 მილიონ დოლარად ჰავაიზე, კუნძულ მაუიზე მამული შეიძინა.მას აქვს სახლები მანჰეტენზე, ელიტურ მეხუთე ავენიუზე, 2016 წელს, 23 მილიონად ვაშინგტონში ტექსტილის ყოფილი მუზეუმი შეიძინა, მერე კი მის საპირისპიროდ მდგარი შენობა გამოისყიდა, რადგან იქიდან ღია ხედი იშლებოდა მუზეუმის ქონებაზე. მილიარდერებს ხომ კონფიდენციალურობა უყვართ...

 

იტალიის ქალაქ ვერონაში მდებარე ერთ-ერთი რესტორანი ბოთლ ღვინოს ჩუქნის ყველა სტუმარს, ვინც ჭამის დროს ტელეფონით არ ისარგებლებს. ამ გზით, რესტორატორებს სურთ შექმნან პირობა, რომ დაწესებულების სტუმრები ერთმანეთთან ურთიერთობდნენ და რესტორანში ყოფნით სიამოვნებას იღებდნენ. საჩუქრად ღვინის მისაღებად კლიენტმა საკუთარი „სმარტფონი“ ჩასაკეტ ყუთში უნდა დატოვოს. დაწესებულების მფლობელის თქმით, ინიციატივას უკვე მოჰყვა დადებითი გამოხმაურება, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. აღსანიშნავია, რომ ვერონას რესტორანი ერთადერთი არ არის ამ ბიზნესში, რომელიც მობილური ტელეფონების შეზღუდვას ცდილობს. საფრანგეთის ქალაქ ალბიშიც დაიწყეს უფასო სასმელების დარიგება სტუმრებისთვის, რომლებიც ტრაპეზის დროს უარს ამბობენ ტელეფონების მოხმარებაზე.