ამერიკის შეერთებულ შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დათვლილია. ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ტრამპს საარჩევნო კოლეგიაში ამ დროისთვის 211 ხმა აქვს, ხოლო დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, კამალა ჰარისს – 165.
წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა მოიპოვა.
არსებული მონაცემებით, რესპუბლიკელებს 100-წევრიან სენატში, სულ მცირე, 51 ადგილი აქვთ.
რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატის არჩევნებს, აქ ლიდერობენ რესპუბლიკელები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადანაწილდება 100-მდე ადგილი.
აქამდე სენატში უმრავლესობას დემოკრატები ფლობდნენ, 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში კი – რესპუბლიკელები.
„სიენენის“ მონაცემებით, კამალა ჰარისს საარჩევნო კოლეგიის 153 ხმა აქვს, ტრამპს კი – 227.
რაც შეეხება „ფოქსს ნიუსს“, როგორც მედია წერს, ტრამპს კოლეგიის – 216, ჰარისს კი 193 ხმა აქვს.
ცნობისთვის, ხმის მიცემის პროცესი ორ შტატში ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ხმები დასათვლელია რამდენიმე შტატში, მათ შორის შვიდ ე.წ. მერყევ შტატში, რომელიც, სავარაუდოდ, არჩევნების ბედს გადაწყვეტს.
„ბიბისის“ მონაცემებით, შვიდი მერყევი შტატიდან ექვსში დონალდ ტრამპი ლიდერობს. კამალა ჰარისს, ამავე მონაცემებით, მერყევი შტატებიდან უპირატესობა მხოლოდ მიჩიგანში აქვს.
კანდიდატმა გამარჯვების მოსაპოვებლად საარჩევნო კოლეგიის 538 ხმიდან 270 ხმა უნდა მოიპოვოს. ვარაუდობენ, რომ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას რამდენიმე დღე დასჭირდება.
ნერვული სისტემის პრობლემები მთელ ორგანიზმს ვნებს. ყველასთვის ცნობილია გამოთქმა, რომ ნებისმიერი დაავადება ნერვების ბრალია. ნერვული აშლილობები, დეპრესიები, ნევროზები მთლიან ორგანიზმს ასუსტებენ, რაც მთელ რიგ დაავადებებს „უხსნის კარს“. მედიკოსებმა ნერვების განსამტკიცებელი ხუთი ძირითადი პროდუქტი დაასახელეს.
1. პროდუქტები, რომელიც ნერვებისთვის შეუცვლელ ვიტამინ „ბე-1“-ს შეიცავენ: წიწიბურასა და შვრიის ფაფები, ღორის ხორცი, ჭვავის პური.
2. ხშირად, ნერვულ სისტემას გონებრივი სამუშაოთი გადავტვირთავთ ხოლმე, რომლის დროსაც აუცილებელია ვიტამინი „ბე-2“. ამ დროს, დახმარების ხელს „გამოგვიწვდიან“ პარკოსნები: ისპანახი, ლუდის საფუარი, გარგარი, კვერცხი. ამ პროდუქტების გარშე, უარესდება განწყობა, იწყება თავის ტკივილი, სისუტე.
3. თანამედროვე ცხოვრება სტრესის წყაროა. ემოციური დატვირთვებისას, ირღვევა ტვინის ინტელექტუალური მუშაობა, ზიანდება მეხსიერება, თავს იჩენს ხასიათის მკვეთრი ცვლილებები. ამის თავიდან ასაცილებლად, მიიღეთ ვიტამინ „ბე12“-ით გაჯერებული პროდუქტები: ზღვის პროდქტები, გულ-ღვიძლი, კვერცხის ცილა. თუ თავს იზღუდავთ მათი მირთმევით, საკუთარ თავს ალცჰაიმერის სინდრომით დაავადების რისკს უზრდით.
4. რძე და რძის პროდუქტები, მათ შორის, რძემჟავა პროდუქტები, რადგან კალციუმის გარეშე, მაგარი ნერვები ვერ გექნებათ. ამ მინერალის უკმარისობა იწვევს მუდმივ შფოთიანობასა და გაღიზიანებას.
5. ტვინის მუშაობისა და ჰორმონალური ბალანსისთვის აუცილებელია იოდი. ყველა ზღვის პროდუქტი, ზღვის კომბოსტო და ზღვის ნებისმიერი თევზი იოდის წყაროა. თუ არ გიყვართ, მაგალითად, ზღვის კომბოსტო, პრობლემა არ არის, იყიდეთ ის გამომშრალი, დაფქვით და საჭმელში საკმაზივით დაამატეთ.
სამხრეთ კორეელმა სწავლულებმა, ულსანის ტექნოლოგიების ინსტიტუტიდან, ნანოდრონები შექმნეს, რომელთაც შეუძლიათ, შერჩევით გაანადგურონ კიბოს უჯრედები. ნანოდრონები, სახელწოდებით - NKEND ზემოქმედებენ NK-უჯრედებზე, რომლებსაც ასევე უწოდებენ ბუნებრივ მკვლელ უჯრედებს. ეს ლიმფოციტების ჯგუფის იმუნური უჯრედებია, რომლებიც წმენდენ ორგანიზმს სიმსივნური უჯრედებისგან. კვლევებისას, ნანოდრონებმა საკვერცხის კიბოს უჯრედებთან შერჩევითად შეკავშირების უნარი გამოავლინეს. ადამიანის NK-უჯრედების ფიზიკური ურთიერთქმედება კიბოს სამიზნე უჯრედებთან, ნანოდრონების შუამავლობით, ააქტიურებს NK-ს, რაც მათ საშუალებას აძლევს, ეფექტურად შეებრძოლოს სიმსივნეს. შედეგად, კიბოს ზრდა მნიშვნელოვნად ითრგუნება, გვერდითი ეფექტებიც უმნიშვნელოდ არის გამოხატული. კვლევის ავტორების განცხადებით, ეს შედეგები ახალ შესაძლებლობებს ხსნის იმუნოთერაპიულ მკურნალობაში.
პოპულარულ სუპერმოდელს, ნაომი კემპბელს საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა აეკრძალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ „შავი პანტერას“ მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში ფინანსური გადაცდომები იყო. გაირკვა, რომ თანხები არამიზნობრივად იხაჯებოდა, მათ შორის, ძვირადღირებულ სასტუმროების ნომრებზე, ფრენებზე, ნაომის პირად დაცვაზე და სხვა. გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზაცია მიღებული მილიონობით გირვანქა სტერლინგიდან რეალური მიზნებისთვის ძალიან ცოტას ხარჯავდა. „მე ახლა შევიტყვე ამ ყველაფრის შესახებ და ძალიან შეშფოთებული ვარ“, - განაცხადა კემპბელმა. აღსანიშნავია, რომ მოდელს საქველმოქმედო საქმიანობაში მონაწილეობა ხუთი წლის ვადით აეკრძალა. ეს შეზღუდვა ეხება მასთან დაკავშირებულ ორ პირსაც - ბიანკა ჰელმიჩსა და ვერონიკა ჩოუს.
სამხრეთ კორეაში, 81 წლის ქალბატონი, ჩოი სუნ ჰვა სილამაზის კონკურსის უხუცესი მონაწილეა. ის სეულში გამართული „მის სამხრეთ კორეას“ ფინალში, მასზე გაცილებით ახალგაზრდა მოდელებს შეეჯიბრა. მოხუცმა ტიტული ვერ მოიგო, თუმცა „ყველაზე კარგად ჩაცმული კონკურსანტის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ჩოი, წლების განმავლობაში, საავადმყოფოში მუშაობდა, მოდელობა კი 72 წლისამ დაიწყო. „ამ ასაკში გამოვიჩინე გამბედაობა და გამოწვევაზე უარი არ ვთქვი. მინდა, ხალხმა ჩემს მაგალითზე გაიაზროს, რომ შესაძლებელია ჯანსაღად იცხოვრო და სიამოვნება მიიღო მაშინ, როცა პოულობ იმას, რისი კეთებაც გინდა და საკუთარ თავს, შენივე ოცნებების ასასრულებლად, ბრძოლაში იწვევ“, - ამბობს მოდელი. „მის სამხრეთ კორეა“ 22 წლის ჰან არიელი გახდა, რომელიც ნოემბერში, თავის ქვეყანას „მის სამყაროზე“ წარადგენს.
5 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის 47-ე პრეზიდენტს ირჩევს.
დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, 60 წლის კამალა ჰარისია. რესპუბლიკური პარტიიდან კენჭს იყრის აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, 78 წლის დონალდ ტრამპი.
არჩევნების ძირითად დღემდე, 5 ნოემბრამდე, კენჭისყრაში წინასწარ მონაწილეობის უფლებით ისარგებლა 25 მილიონზე მეტმა ამერიკელმა. ნაწილმა ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა, ნაწილმა კი ხმა მისცა წინასწარი კენჭისყრის უბნებზე.
ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია.
კანდიდატებს გამარჯვებისთვის სჭირდებათ სულ მცირე 270 ხმა.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი დიდწილად დამოკიდებულია ე.წ. მერყევ შტატებზე: არიზონაზე, ჯორჯიაზე, მიჩიგანზე, ნევადაზე, ჩრდილოეთ კაროლინაზე, პენსილვანიასა და ვისკონსინზე. თუ ამერიკის 50 შტატიდან უმრავლესობა ტრადიციულად დემოკრატების, ან რესპუბლიკელების მხარდამჭერია, ე.წ. მერყევ შტატებში გამარჯვების შანსი აქვთ ორივე პარტიის კანდიდატებს.
კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო შეხვედრები სწორედ ასეთ შტატებში გამართეს.
საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი გახდება მინესოტის შტატის გუბერნატორი ტიმ უოლზი.
თუ პრეზიდენტად რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აირჩევენ, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვანსი.
ჯო და ჯილ ბაიდენებმა ჰელოუინის დღესასწაული აღნიშნეს. თეთრ სახლში მიწვეულ სტუმრებს ისინი ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
პირველი ლედი ღონისძიებაზე პანდის ფორმაში იყო გამოწყობილი. 15 ოქტომბერს ვაშინგტონში ჩინეთიდან ორი გიგანტური პანდა ჩაიყვანეს, რომლებიც ამერიკის ეროვნულ ზოოპარკში იმყოფებიან. ჯილ ბაიდენმა პანდის კოსტიუმი „მისასალმებელი ჟესტის“ ნიშნად ჩაიცვა.
დღის განმავლობაში თეთრი სახლის კარი 8 000-მდე ადამიანისთვის გაიხსნა, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების შვილებისა და მოსწავლეებისთვის. პირველმა ლედიმ მათ წიგნები დაურიგა და ზღაპრები წაუკითხა.
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ France 24 ავრცელებს.
წყალდიდობა ესპანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 13 დაღუპულის შესახებ.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა, რომლებმაც უკრაინაში უნდა იომონ.
„დღევანდელი მტკიცებულებები გვეუბნება, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 10 ათასი სამხედრო გააგზავნა რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად. ჩრდილოკორეული საჯარისო შენაერთების ნაწილი უკრაინის საზღვარს მიუახლოვდა“, - თქვა ოსტინმა.
მისი თქმით, კორეელებს რუსული ფორმა აცვიათ და თან რუსული აღჭურვილობა აქვთ. როგორც ოსტინი აღნიშნავს, ის დარწმუნებულია, რომ კრემლის უპირველესი გეგმა ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების კურსკის ოლქში გაგზავნას წარმოადგენს.