აშშ-ს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის ყოველი ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 20 იანვრის შუადღიდან იწყება. ასევე 20 იანვარს, იმართება პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია. ბოლო წლებში პრეზიდენტებმა ფიცი დადეს უზარმაზარი დროებით პლატფორმაზე, რომელიც კაპიტოლიუმის თვალწარმტაც მდელოზე განთავსდა და ეროვნულ სავაჭრო ცენტრს გაჰყურებს. ყველაზე ხშირად, ფიცს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იბარებს. ორშაბათსაც ჯონ რობერტსი მეორედ მიიღებს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპისგან ფიცს. ტრადიციის მიხედვით ახალი პრეზიდენტი ასევე გამოდის საინაუგურაციო სიტყვით, რომელშიც ის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავის გეგმებზე საუბრობს. 2017 წელს ტრამპმა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადა მეტად მძიმე გამოსვლით დაიწყო, რომელშიც „ამერიკულ ხოცვა-ჟლეტაზე“ გამახვილდა ყურადღება. 20 იანვარს ფიცს ახალი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც დადებს.
წელს ტრამპის ინაუგურაცია უამინდობის გამო კონგრესის შენობაში გაიმართება. ხვალ ვაშინგტონში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.
სწორედ ამიტომ პრეზიდენტის მიმართვას ინაუგურაციის ცერემონიაზე მისული სტუმრები კონგრესის შენობაში მოისმენენ. საინაუგურაციო აღლუმი და საზეიმო მიღებაც ასევე კაპიტოლიუმის დახურულ სივრცეში გაიმართება.
ამერიკული მედიის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მილიარდერები ელონ მასკი, ჯეფ ბეზოსი და მარკ ცუკერბერგი, ასევე ჩინური სოციალური ქსელების გიგანტის, „ტიკტოკის“ ხელმძღვანელი, შოუ ზი ჩუ.
ასევე ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს ყველა ცოცხალი ყოფილი პრეზიდენტი და წარმავალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უცხო სახელმწიფოს მეთაურებს, როგორც წესი, არ იწვევენ, მაგრამ ტრამპმა ეს ტრადიცია დაარღვია და იტალიისა და უნგრეთის ულტრამემარჯვენე პრემიერ-მინისტრები, ჯორჯია მელონი და ვიქტორ ორბანი მიიპატიჟა. ჩამოთვლითაგან ამჟამად მხოლოდ მელონიმ დაადასტურა, რომ ინაუგურაციას დაესწრება.
ვაშინგტონში იმყოფება და ცერემონიას კონგრესმენი ჯო უილსონის მოწვევით დაესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ფიცის დადების ცერემონიაზე ცნობილი მომღერალი, ქერი ანდერვუდი შეასრულებს "America the Beautiful“-ს.
დონალ ტრამპი, სავარაუდოდ, ორშაბათს საღამოსთვის დაგეგმილ სამივე ოფიციალურ საინაუგურაციო გალა-კონცერტს დაესწრება. ასევე დაგეგმილია ათზე მეტი სხვა ღონისძიება. გალა-კონცერტების გარდა, ინაუგურაციის წინა ღამეს, ვაშინგტონის Capital One Arena-ზე, ტრამპი გამართავს აქციას სახელწოდებით, „კვლავ დიდებული გავხადოთ ამერიკა“.
აშშ-ში TikTok მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. 2025 წლის 19 იანვარს, ოფიციალურად ამოქმედდა კანონი, რომელიც კრძალავს პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ის გამოყენებას. პლატფორმა აკრძალვის ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე გაითიშა. აპლიკაციას აშშ-ში 170 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
მომხმარებლებს, რომლებიც აპლიკაციას ხსნიან, შემდეგი შეტყობინება ხვდებათ:
"ბოდიში, TikTok ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი. აშშ-ში ამოქმედდა კანონი, რომელიც კრძალავს TikTok-ს. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ვერ გამოიყენებთ TikTok-ს. ჩვენ გაგვიმართლა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ ის ჩვენთან ერთად იმუშავებს TikTok-ის აღდგენის გადაწყვეტაზე, როგორც კი ის თანამდებობას დაიკავებს. გთხოვთ დარჩით ხაზზე."
თეირანში, სასამართლოს შენობასთან სროლის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მოჰამად მოგისე და ალი რაზინი დაიღუპნენ, ერთი მოსამართლე კი დაიჭრა. ირანული მედიის ინფორმაციით, ალი რაზინი და მოჰამად მოგისე თავდასხმის მსხვერპლნი თავიანთ ოფისში გახდნენ, სადაც ასევე იმყოფებოდა უზენაესი სასამართლოს მრჩეველი, რომელიც მაგიდის ქვეშ დაიმალა.
სააგენტო IRNA ინფორმაციით, მოსამართლეებზე თავდამსხმელმა დაკავებამდე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ასევე წინასწარი ცნობით, თავდამსხმელი არ ყოფილა უზენაესი სასამართლოს ვიზიტორი და სასამართლოში არანაირი საქმე არ ჰქონია.
ირანის ხელისუფლება თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს.
ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ მოკლული მოსამართლე მოჰამა მოგისე პოლიტპატიმრების საქმეებს განიხილავდა. აშშ-სა და ევროკავშირს მის წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული. მას ირანში ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. მეორე დაღუპული მოსამართლე ალი რაზინი 1998 წელს თავდასხმას გადაურჩა, მაშინ მის ავტომობილში ბომბი დაამონტაჟეს.
მოკლული მოსამართლეები ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ჯაშუშობასა და ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე მუშაობდნენ.
პოპულარული ჯგუფის წევრები, როგორც ჩანს, სულ ოცნებობდნენ, რომ საკუთარი სუნამო ჰქონოდათ და რაღაც მიზეზის გამო იცდიდნენ, ვიდრე 80 წელი შეუსრულდებოდათ, ან (რაც ნაკლებსავარაუდოა), ცოტა უფრო მეტი ფულის შოვნა მოინდომეს. მათი განცხადებით:„RS No. 9 არის არომატი, რომელიც 1962 წლის ლონდონის სოჰოს ასოციაციას იწვევს: მფეთქავი მეგაპოლისი, როცა იბადებოდა ახალი კულტურული ერა; აღმოცენებისა და თავისუფლების დრო, როცა ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც“. თუმცა, ლონდონელები ჯგუფს ბევრ რამეში არ დაეთანხმებიან: იმდროინდელი სოჰო ყველაზე ბინძური რაიონი იყო ლონდონის ცენტრში და სინამდვილეში, ცხვირს წვავდა„ჭვარტლის, შემწვარი საკვებისა და შარდის“ მუდმივი სუნი. ამის მიუხედავად, ახალ სუნამოსთან დაკავშირებულ პრეს-რელიზში გვპირდებიან, რომ არომატის ცენტრში გამოდის ბურბონით გაჟღენთილი ხავერდის ნოტები, კანს კი ათბობს ელექტრული მუშკი. მუხის მიწიერი ელფერი კი სუნამოს იდუმალ, ინტიმურ ელფერს სძენს, რომელიც Rolling Stones-ის მიერ აუდიტორიის მოხიბვლის უნარს ასახავს.
ამსტერდამი, როტერდამი და მსოფლიოს სხვა ქალაქებიც, შესაძლოა, 2025 წლისთვის წყალქვეშ აღმოჩნდნენ. ამის თაობაზე კლიმატის კვლევის ცენტრი Climate Central ავრცელებს ინფორმაციას. ცენტრის გათვლებით, მეოთხედი საუკუნის შემდეგ, ზღვების დონეების აწევის გამო, წყალქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ნიდერლანდების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, დედაქალაქი ამსტერდამიც. ბელგიაში ნაწილობრივ დაიტბორება ანტვერპენი და ბრიუგე, საფრანგეთში - დიუნკერკი და კალე. პლანეტაზე წყლის დონის მატების გამო,საფრთხე შეექმნება აზიასაც. წყალქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ტაილანდის დედაქალაქი - ბანგკოკი, ასევე, შანხაი და იანგონი. Climate Central-ის რუკის მიხედვით, წყალმა შეიძლება დაფაროს აშშ-ის აღმოსავლეთი და დასავლეთი სანაპიროს დიდი ნაწილი, მათ შორის, ათობით დასახლებული პუნქტი მენის შტატიდან სამხრეთით, ფლორიდამდე და ფრორიდიდან ტეხასამდე. სრული განადგურების საფრთხის ქვეშ შეიძლებააღმოჩნდეს ევერგლეიდსის ეროვნული პარკი ფლორიდაში, რომელიც იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია.
კომპანია Thurath Al-Madina-მ, საუდის არაბეთიდან, მსოფლიოში პირველი უალკოჰოლო სასმელი წარადგინა, რომელიც რჩეული ფინიკისგან არის დამზადებული. ფინიკის პალმის ნაყოფი მდიდარია ნატურალური შაქრით, საკვები ბოჭკოებით და აუცილებელი მინერალებით. სასმელი არ შეიცავს ხელოვნურ დამატკბობლებს, სიმინდის სიროფს და ლერწმის შაქარს, რაც მას უფრო სასარგებლოს ხდის და გაზიანი სასმელების ალტერნატივად აქცევს. კომპანიის თქმით, „არაბული კოლა“ შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო სტანდარტთან და ეკოლოგიურად მდგრადია, რადგან ის ადგილობრივი წარმოების ფინიკისგან მზადდება. სასმელი ერ-რიადში, ფინიკის ფესტივალზე იყო წარდგენილი და მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.