საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზის ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოსახდელად 21 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს. ამის შესახებ მას პროკურატურაში განუცხადეს. ფრანგული მედიის ცნობით, სარკოზი სასჯელს საფრანგეთის დედაქალაქში, ლა სანტეს ციხეში მოიხდის.
სარკოზის განაჩენი გასაჩივრებული აქვს და სასამართლო პროცესი მოსალოდნელია მომდევნო თვეებში. სარკოზი ციხეში დარჩება, თუ სააპელაციო სასამართლოს მისი გათავისუფლების გადაწვეტილებას არ მიიღებს.
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა 25 სექტემბერს მიუსაჯა. ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. ამასთან, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საფრანგეთში საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე, გაამართლა.
სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა. ის საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ციხეში სასჯელს მოიხდის.
„ჰამასმა“ 20-ვე გადარჩენილი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ეს ორ ეტაპად მოხდა. თავიდან „ჰამასმა“ წითელ ჯვარს 7 მძევალი გადასცა, შემდეგ კი დარჩენილი 13. ისრაელის მხარისთვის გადაცემის შემდეგ მძევლები სამედიცინო შემოწმებას გადიან, მერე კი ახლობლებს ხვდებიან.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე გათავისუფლებულის ფოტოც გამოაქვეყნეს.
შემდეგ ეტაპზე ისრაელში ტყვეობაში დაღუპული 27 მძევლის ცხედარს მიიღებენ. ისრაელს ასევე გადაეცემა 2014 წელს მოკლული ჯარისკაცის ნეშტი.
შეთანხმების მომდევნო ეტაპი ისრაელში მყოფი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ციხეებიდან 2 ათასამდე პალესტინელს გაუშვებენ.
აშშ ჩინეთს 100-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა:
"2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან ან უფრო ადრე, ჩინეთის მიერ განხორციელებული შემდგომი ქმედებების ან ცვლილებების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს 100-პროცენტიან ტარიფს დაუწესებს, რომელიც დაემატება ჩინეთის მიერ ამჟამად გადახდილ ნებისმიერ ტარიფს. ახლახან გახდა ცნობილი, რომ ჩინეთმა ვაჭრობის საკითხში უკიდურესად აგრესიული პოზიცია დაიკავა მსოფლიოსთან მიმართებით და ისინი 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან მასშტაბური ექსპორტის კონტროლის დაწესებას აპირებენ პრაქტიკულად ყველა მათ მიერ წარმოებულ პროდუქტზე.
ეს გამონაკლისის გარეშე ყველა ქვეყანას ეხება და, ცხადია, მათ მიერ წლების წინ შემუშავებული გეგმა იყო. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია საერთაშორისო ვაჭრობაში და მორალური სირცხვილია სხვა ერებთან ურთიერთობისას. ასევე, 1-ელ ნოემბერს ჩვენ დავაწესებთ ექსპორტის კონტროლს ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვან პროგრამულ უზრუნველყოფაზე. შეუძლებელია, დაიჯერო, რომ ჩინეთი ასეთ ზომებს მიიღებდა, მაგრამ მათ ეს გააკეთეს და დანარჩენი უკვე ისტორიაა“
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთ ლიდერის, მაქსიმიალიან კრას თანაშემწე ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ჯიენ გოუ ბრიუსელში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრისა და ევროდეპუტატის, ბუნდესტაგის წევრ მაქსიმიალიან კრას თანაშემწედ ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა,
დრეზდენში გამართულ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 2019-2024 წლებში ჯიენ გოუ აგროვებდა კონფიდენციალურ ინფორმაციას და ჩინეთის ხელისუფლებას უგზავნიდა.
თავად ბრალდებული დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ ჩინეთის დაზვერვასთან არ თანამშრომლობდა. ევროდეპუტატმა მაქსიმიალიან კრამ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი თანაშემწის მიმართ წაყენებული ბრალდების შესახებ მედიიდან შეიტყო.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
დათვლილია ხმების 62.62 პროცენტი.
მოლდოვის ცესკო-ს ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუსპროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ 43.45 პროცენტით პირველ ადგილზეა.
მეორე ადგილს ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს 28.89 პროცენტით.
საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“ მესამე ადგილზეა 8.68 პროცენტით. „ჩვენი პარტია“ 6.54 პროცენტით მეოთხე ადგილს იკავებს. მეხუთე ადგილზეა „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტია 6.02 პროცენტით.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთი უარს ამბობს როგორც უკრაინასთან ორმხრივ შეხვედრებზე, ისე სამმხრივ მოლაპარაკებებზე ამერიკელების მონაწილეობით.
„ჩვენ კვლავ მშვიდობის ერთგული ვრჩებით, მაგრამ ამისთვის საჭიროა ორივე მხარის სურვილი. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, რომ რუსები უარს ამბობენ ნებისმიერ ორმხრივ შეხვედრაში მონაწილეობაზე უკრაინელებთან. ისინი უარს ამბობენ ნებისმიერ სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობაზე, სადაც პრეზიდენტი ან ადმინისტრაციის სხვა წევრები შეიძლებოდა დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან რუსებთან და უკრაინელებთან ერთად“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, „გამოიღვიძონ და მიიღონ რეალობა“, რომელშიც ისინი ბევრ ადამიანს კარგავენ.
„კიდევ რამდენი ადამიანის მოკვლას აპირებენ ისინი ძალიან მცირე, ან საერთოდ რაიმე სამხედრო უპირატესობის სანაცვლოდ? ვიმედოვნებ, რომ პასუხი არც ისე ბევრია, მაგრამ, უდავოდ, ჩვენი პოზიცია ისაა, რომ განვაგრძობთ მუშაობას მშვიდობისთვის და ვიმედოვნებთ, რუსები საბოლოოდ გამოფხიზლდებიან, დაინახავენ ადგილზე არსებულ რეალობას“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.