ერთხელ, ჩემს ბავშვობაში, მამაჩემის თანაკლასელი გვყავდა სტუმრად. სამართალდამცავ ორგანოში მუშაობდა და საუბარი პენსიებზე ჩამოვარდა, 25 წელიწადში მოგვიწევსო, ამბობდნენ. ჰოდა, მამაჩემის თანაკლასელმა თქვა, მთელი ცხოვრება ტყვიის ქვეშ ვარ და ჩვენ, ძალოვნებს, განსხვავებული პენსია უნდა გვქონდესო. მაშინ პრეზიდენტი ედუარდ ამბროსიჩი იყო და პენსია... 7 ლარი. მას შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ რაც მახსოვს, ის იყო, რომ გამიკვირდა, რა ტყვიის ქვეშ არის ეს კაცი, ლამის ყოველ დღე ვხედავ, ფორმა აცვია, იარაღი ჰკიდია და ქუჩაში დადის-მეთქი. მერე იყო, ამ ამბიდან დაახლოებით, ერთ წელიწადში, ჩვენს მახლობლად სპეცოპერაცია ჩატარდა, სამი თანამშრომელი დაიჭრა მაშინ, კრიმინალებიდან ერთი მოკლეს, ორი დაიჭრა, ერთმა გაქცევა მოახერხა (გაქცეული 8 წლის შემდეგ დააკავეს და 15 წელი მიუსაჯეს). ჰოდა, დაჭრილებიდან ერთ-ერთი სწორედ მამაჩემის თანაკლასელი იყო, გადარჩა საბედნიეროდ, თუმცა მაშინ მივხვდი, რას გულისხმობდა, როცა ამბობდა, ტყვიის ქვეშ ვარო.
სამართალდამცავებს, შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში არ ჰქონდეთ სახიფათო შემთხვევა, მაგრამ შემდეგ იყოს ერთი და... ამიტომ, როცა ვამბობთ ან ვწერთ, რომ პოლიციელი გმირია... ის მართლაც გმირია, ნამდვილი გმირი!
„არ ვიცი, რა ვთქვა და როგორ ვთქვა, მაგრამ... ჩემი ცოლის მოკვლა სცადეს“, -მილიციის განყოფილებაში 40 წლამდე მამაკაცი მივიდა და მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ, ძალოვნებმა ერთმანეთს გადახედეს. ამ კაცს ყველა კარგად იცნობდა, რადგან მისი მეუღლე... იმავე განყოფილების გამომძიებელი იყო და თან ძალიან კარგი გამომძიებელი.
„ჰო, თქვენი კოლეგის მოკვლა სცადეს, მან კი აქ მოსვლა ამიკრძალა, აქაოდა, ისედაც ბევრი საქმე აქვთ, ახლა ჩემს ამბავზე თავი რომ არ იმტვრიონ, თავადაც გავერკვევიო. მე კიდევ მგონია, რომ ყველა ერთად უნდა გავერკვეთ. მას არაერთი კრიმინალი ჰყავს ციხეში ჩასმული და მგონია, რომ სწორედ ისინი აპირებენ შურისძიებას“, - ამბობდა მამაკაცი და ძალოვნებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის მართალი იყო.
უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ქალს სამმართველოს უფროსმა დაურეკა და სამსახურში მისვლა სთხოვა. როცა გამომძიებელმა გაიგო, რისთვის დაიბარეს, გაბრაზდა, მაგრამ რაღას იზამდა, ყველაფერი დაწვრილებით მოჰყვა.
„ჩემი აფეთქება უნდოდათ. ჩვევა მაქვს, საღამოს აუცილებლად ვაღებ საფოსტო ყუთს და ეს იმდენად მსიამოვნებს, რომ ჩემს ქმარს აკრძალული აქვს ამის გაკეთება. იმ დღესაც, ჩვეულებრივ მივედი საფოსტო ყუთთან და დავინახე, რომ რაღაც იდო, მაგრამ იმდენად უცნაურად მეჩვენა, მაშინვე არ გამოვაღე. ჯერ დავაკვირდი კარგად, რა იყო, მერე ოდნავ გადმოვწიე და დავინახე, რომ გადმოსაწევზე რაღაც თოკი იყო მიმაგრებული. სახლში არ ავსულვარ, ქმარს დავუძახე, მაკრატელი ჩამომიტანე-მეთქი და ის თოკი გადავჭერი. როგორც მერე აღმოვაჩნე, თოკზე ასაფეთქებელი იყო მიმაგრებული, დაახლოებით, „ლიმონკას“ მექანიზმის მსგავსი, მაგრამ ეს არ იყო ხელყუმბარა. პროფესიონალის აწყობილი გახლდათ და სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ არ მინდოდა განყოფილება შემეწუხებინა. თავადაც ვიპოვიდი, ვინ მყავდა ისეთი „გასროკილი“, ვინც ასეთ ამბებში ერკვეოდა და მარტივად გავშიფრავდი, თუმცა ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, რომ აქ მოსულიყო და სხვა რა გზაა, ერთად გამოვიძიოთ. ისე, ეჭვმიტანილი უკვე მყავს - ერთ-ერთი პირი, რომელიც ციხიდან ახლა გამოვიდა, სწორედ ხელნაკეთი ასაფეთქებლების ოსტატია და მგონია, რომ მას უნდა ვეწვიოთ“, - განაცხადა დაზარალებულმა.
დანარჩენები უსიტყვოდ დაეთანხმნენ და ეჭვმიტანილის სახლისკენ წავიდნენ. მამაკაცი შინ იყო, ძალოვნების გამოჩენამ გააკვირვა და იკითხა, რა ხდებაო? როცა ბრალი გააცნეს, გაეღიმა, თუ საქმის შეტენვა გინდათ, კი ბატონო, მაგრამ თუ ნამდვილი დამნაშავის პოვნას აპირებთ, სხვაგან უნდა ეძებოთო. სამართალდამცავებმა ავტოფარეხის გახსნა სთხოვეს და ისიც მშვიდად დათანხმდა. „გარაჟის“ გაჩხრეკის შემდეგ, კუთხეში, ყუთში ჩაწყობილი ნივთები ნახეს, რომლითაც ასაფეთქებლის დამზადება იყო შესაძლებელი და რაც მთავარია, თოკი ზუსტად ის იყო, რომელიც გამომძიებლის საფოსტო ყუთში იყო დამონტაჟებული. ამ აღმოჩენამ სამართალდამცავები კი გაახარა, მაგრამ ავტოფარეხის მეპატრონემ გაოცებისგან პირი დააღო, ენა ჩაუვარდა, ხელები უმწეოდ გაშალა და ჩაილაპარაკა - „შეუძლებელია!“ რა თქმა უნდა, ის განყოფილებაში წაიყვანეს.
„ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დარწმუნებული ვარ, თქვენ არაფერი ჩაგიდიათ ანუ რაც იპოვეთ, იქ იყო, ჩემთან, მაგრამ ზუსტად ასე ვარ დარწმუნებული, რომ მე არ მიმიტანია და ვიღაცამ სპეციალურად დამიდო, მაგრამ ვინ? აი, ამას ვერ ვხვდები და თუ მართლა დამნაშავის დაჭერა გსურთ, მე არ ვარ, თუ გნებავთ, ნუ დამიჯერებთ“, -განაცხადა მან.
თითქოს ძალოვნებს ყველაფერი ხელთ ჰქონდათ, მაგრამ ინტუიცია კარნახობდათ, რომ დამნაშავე არ ჰყავდათ დაკავებული და ამიტომ, ძებნას აგრძელებდნენ, მაგრამ სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავდათ და გამომძიებელი ქალიც ამბობდა, რომ სხვაზე ეჭვი ვერ მიჰქონდა. ასე გავიდა სამი დღე და... გამომძიებელი მწვავე მოწამვლით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებს დიდი ბრძოლა დასჭირდათ მის გადასარჩენად, თუმცა მთავარი წარმოდგენა მაშინ დაიწყო, როცა ექიმმა პალატასთან მომლოდინე ქმარს ამცნო, ნუ ნერვიულობთ, ქალიც გადარჩა და ნაყოფიცო. ქმარმა პირი დააღო, რა ნაყოფიო და ექიმმა გაუღიმა, თქვენი მეუღლე ექვსი კვირის ფეხმძიმეა, ნუთუ, არ იცოდითო?
„თქვენი თანამშრომელი ბოზია. ახლა, ეგებ, ვნანობ კიდეც, რომ არ ააფეთქეს, ან რომ არ მოწამლეს. როგორ შეიძლებოდა, ჩემთვის ეღალატა, მე ხომ მასზე მზე და მთვარე ამომდიოდა?“ - ყვიროდა კაცი და დაბნეულ სამართალდამცავებს ცხვირთან თითს უტრიალებდა.
„დიახ, ჩვენ შვილი არ გვყავდა და ექიმმა მითხრა, რომ მე უნდა მემკურნალა, ექვსი თვე უნდა მესვა წამლები და მეკეთებინა ნემსები. ოთხი თვეა ვიკეთებ და ამ ხნის განმავლობაში, ცოლთან ურთიერთობა აკრძალული მქონდა, ცალ-ცალკე ვიწექით და ვისმენდი, როგორ იტანჯებოდა უჩემობით. ახლა კი, ვიგებ, რომ ორსულადაა და ეს მაშინ, როცა მასთან რამდენიმე თვეა არ ვწოლილვარ“, - დეტალები ახსნა კაცმა. სამართალდამცავებმა, როგორც შეეძლოთ, მამაკაცი დაამშვიდეს, შინ გაუშვეს, თავად კი, კოლეგასთან წავიდნენ.
„არ ვიცოდი, მისთვის როგორ მეთქვა. დაშორებას ვაპირებ, ვიპოვე კაცი, რომელიც მართლა მიყვარს და რომელთანაც მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარება მსურს. კარგია, რომ ყველაფერი ასე დალაგდა, კარგია, რომ მე აღარ მომიწევს შესაფერისი სიტყვების მოძებნა“, - განაცხადა ქალმა.
რაც შეეხება მოწამვლას, გამომძიებელი ამტკიცებდა, რომ იმ დღეს საეჭვო არსად არაფერი მიუღია. შუადღეს, ძმამ გამოუარა, უმნიშვნელო საქმე ჰქონდა და ძმას ხელში, ნახევრად დაცლილი ანანასის წვენის ქილა ეკავა. გამომძიებელმა ქილა გამოართვა, თავადაც მოსვა და დაუბრუნა, მაგრამ ის თუ მოწამლული იქნებოდა, მაშინ, მისი ძმაც ხომ მოიწამლებოდა? იყო ამაში ლოგიკა და ის, რომ ძმას არაფერი სჭირდა, ძალოვნებმა უკვე იცოდნენ, რადგან ძმა ფოიეში იდგა და დას გულშემატკივრობდა. გამოდიოდა, გამომძიებელი სხვაგან მოიწამლა, მაგრამ სად? მას არაფერი ჰქონდა მიღებული და ექიმების დასკვნითაც, მოწამვლა სითხის მიღებამ გამოიწვია.
„ახლა გონება დაძაბე და მითხარი - როცა ძმას ანანასის ქილა ეჭირა, როგორც შენ ამბობ, ნახევრად ცარიელი, დაინახე, ან გახსოვს, რომ ქილიდან სითხე მანაც მოსვა?“ -გამოცდილი გამომძიებელი კოლეგას გამომცდელად მიაჩერდა და როცა ქალმა უარყოფის ნიშნად თავი გადააქნია, მისი ძმის დაკავების ბრძანება გასცა. მან უკვე იცოდა, რომ ძმის ცოლი სამხედრო იყო და კონკრეტულად ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების სპეციალისტი გახლდათ.
„არ ვიცი, საიდან, მაგრამ ჩემმა ცოლმა გაიგო, რომ ჩემს დას და სიძეს ხელი არ ჰქონდათ მოწერილი. არც ბავშვი ჰყავდათ და მითხრა, შენი და თუ მოკვდება, მაგის ბინაც და აგარაკიც ჩვენ დაგვრჩებაო. ჩემს დას ოთხოთახიანი ბინა აქვს, მე კი, ცოლთან და ორ შვილთან ერთად, ოთახნახევრიანში ვცხოვრობ. თავიდან, კატეგორიული უარი ვუთხარი, მაგრამ თავად მივხედავო, შემპირდა და მგონი, აფეთქებას უპირებდა. მერე კი... მერე ეს მომწამვლელი ქილა მომცა, იცოდა, ჩემი და თავს ვერ შეიკავებდა და... მიხარია, რომ გადარჩა“, - განაცხადა დაკავებულმა, მაგრამ მისი სიხარული ხანგრძლივი არ გამოდგა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ცოლ-ქმარი დააკავეს, ორივე არცთუ მცირე ხნით გაუშვეს ციხეში და ეს იმის მიუხედავად, რომ გამომძიებელი ქალი ყოველნაირად ცდილობდა, ძმა და რძალი გისოსებს მიღმა არ მოხვედრილიყვნენ.
ბათო ჯაფარიძე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცესკოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა“, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.