შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1974 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხორცის და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „XXI+ ერისთავი“(მის: მოსკოვის გამზირი N12) გეგმურად შეამოწმეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემოწმებისას დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი სურსათის გადამუშავებასა და კონსერვირებას ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა.
„ამავდროულად, ჩატარებული მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ინდივიდუალური მეწარმის თ. მ. -ს კუთვნილი სამაცივრე მეურნეობა ქალაქ სენაკში (მისამართი: სენაკი, დადიანის ქ. N1), სადაც შპს „XXI+ ერისთავის“ მიერ წარმოებული პროდუქცია ინახებოდა. სამეგრელო - ზემო სვანეთის ინსპექტორებმა არაგეგმური შემოწმებისას დაადგინეს, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, – ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, სხვადასხვა, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურეობრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და მათთვის გადაცემას.
„დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა, როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისათვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან.
გარდა ამისა, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებით, დაკავებული პირი მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომლის მიზანი იყო მედია სფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და აღნიშნული ქსელის გამოყენებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის რეგიონის ქვეყნების მიმართულებით. აღნიშნულ საქმიანობას ბრალდებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებდა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს სუს-ში.