კომუნისტების დროს ასეთი კანონი იყო - თუ განძს იპოვიდი, ვალდებული იყავი, მილიციაში მიგეტანა და გეთქვა, სად და რა ვითარებაში იპოვე. შემდეგ, სახელმწიფო განძს შეაფასებდა და იქიდან 10-დან 25%-მდე ღირებულებას მპოვნელს მისცემდა. გაგიკვირდებათ და, მოქალაქეთა არც თუ მცირე რაოდენობა თვლიდა, რომ სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო და თუ სადმე რამეს წააწყდებოდა, აუცილებლად სახელმწიფოს აბარებდა. ეს ყველაფერი ფილმ „12 სკამში“ ძალიან კარგად არის აღწერილი, როცა დარაჯი ამბობს, სკამიდან გადმოვვარდი, სკამი გატყდა, ბრილიანტები გადმოიყარა, სახელმწიფოს ჩავაბარე და პრემიით აგერ, ახალი კოსტუმი ვიყიდეო. რეალურად კი, იმ ბრილიანტების ფასი, რამდენიმე მილიონი იყო, კარგი კოსტუმი კი, დაახლოებით 60 მანეთი ღირდა.
მილიციის განყოფილებაში ახალგაზრდა ბიჭი მივიდა, თან გამსკდარი ტუჩიდან სისხლს იწმენდდა, თან ცრემლებს ძლივს იკავებდა და როცა ცოტა დამშვიდდა, ჩუმად თქვა, განცხადების დაწერა მინდაო.
„მამა რომ მომიკვდა, ძალიან პატარა ვიყავი. დედა ორი წლის წინ გათხოვდა, მე სკოლას წელს ვამთავრებ. არ ვიცი, რა მოეწონა დედას ჩემი მამინაცვლის, მაგრამ აუტანელი კაცია, სულ შენიშვნას გვაძლევს, ყველა ლუკმას გვითვლის, როცა ხორცს იყიდის, ამბობს, რომ მარტო თავად უნდა ჭამოს, რადგან ტრაქტორზე მუშაობს და ენერგია სჭირდება. თუ რამე ნივთს ვერ პოულობს, მაშინვე იწყებს ყვირილს, რომ ის ნივთი ალბათ მე მოვიპარე და არც თავში წამორტყმაზე იხევს უკან. გუშინ ძალიან დათვრა, დღეს დილით კი, რომ გაიღვიძა, რაღაცას ეძებდა, ვერ იპოვა და მე მეცა, აქაოდა, გუშინ სახლში დედაჩემის ძვირფასეულობა მოვიტანე და შენს მეტი არავინ აიღებდაო. სახლში მისვლის მეშინია და ძალიან გთხოვთ, იპოვოთ ის ძვირფასეულობა, ასეთი გააფთრებული არასდროს მინახავს, მომკლავს რომ ვერ იპოვოს, მე კი, მართლა არაფერ შუაში ვარ“,-ტირილით ამბობდა ბიჭი.
ძალოვნებმა განცხადება დაიტოვეს, საღამომდე მოიცადეს, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ძვირფასეულობის დაკარგვაზე განცხადებას მამინაცვალიც შეიტანდა, მაგრამ რომ არ გამოჩნდა, შინ მიაკითხეს. სამართალდამცავების დანახვა კაცს აშკარად არ ესიამოვნა, მაგრამ, როცა მათი მისვლის მიზეზი გაიგო, გაუხარდა კიდეც, კარგი იქნება, თუ ჩემს დანაკარგს იპოვითო.
„ძვირფასეულობა დედისგან დამრჩა, აქამდე სოფელში ვინახავდი, ახლა ჩამოვიტანე და ერთი დღეც კი ვერ გავაჩერე სახლში, ისე გამიქრო ამ ლაწირაკმა. დარწმუნებული ვარ, რომ ამან მოიპარა, რადგან სხვა ჩვენთან არ ყოფილა და დედამისი კიდევ, ამას არ იკადრებდა“,-განაცხადა მამინაცვალმა. მან ძალოვნებს ძვირფასეულობის ჩამონათვალი გადასცა და გამომძიებელს თვალები შუბლზე აუვიდა - ჩამონათვალში იმდენად ძვირფასი სამკაულები ეწერა, მაათი ღირებულება ბევრად მეტი იქნებოდა იმ ბინაზე, სადაც კაცი ცხოვრობდა და სავარაუდოდ იმ სოფლის სახლზეც, სადაც დედამისი გარდაიცვალა. კითხვაზე, სად მუშაობდა დედა გარდაცვალებამდე, მამაკაცმა მშვიდად მიუგო, ბოლო 20 წელი პენსიონერი იყო, მანამდე კი, ადგილობრივ კოლმეეურნეეობაში მწველავი გახლდათო. საინტერესოც ეს იყო, საიდან უნდა ჰქონოდა უბრალო მწველავს ისეთი ძვირფასი ნივთები, რომლებიც ბევრ შეძლებულ ოჯახს მოენატრებოდა.
დაჰკითხეს ოჯახის დიასახლისიც და როცა ნივთების ჩამონათვალი ანახეს, ქალმა გაოცებისგან პირი დააღო - „რას ამბობთ, ჩემს დედამთილზე ბრილიანტები და ოქრო კი არა, ვერხლიც არ დამინახავს, ძაფზე შებმული ხის ჯვარი ეკეთა და მეტი არაფერი“. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ გერი ალალად აღიარებდა, იმ დღეს, როცა ჩემი მამინაცვალი სვამდა, ეს ძვირფასეულობა წინ ედო და თვალს ვერ აშორებდა, მეც ცალი თვალით დავხედეო. ანუ, ძვირფასეულობა მართლაც არსებობდა და ის გაქრა, მაგრამ საიდან ჰქონდა რიგით ტრაქტორისტს ამხელა ქონება და რაც მთავარია, ვინ მოიპარა ის?! პირველ რიგში, სამართალდამცავები სოფელში წავიდნენ და სამეზობლოში მოიკითხეს, რამდენად შესაძლებელი იყო გარდაცვლილ ქალს შვილისთვის ამხელა ქონება დაეტოვებინა. ყველამ კატეგორიულად თქვა, გამორიცხულია, რა ქონება, ბოლოს სამადლოდ ჩვენ ვაჭმევდით, შვილი არც აკითხავდაო. როცა გარდაიცვალა, გასვენებაც სოფელმა გაუკეთა, შვილმა კი, გასვენებდან ერთ საათში თბილისს მიაშურა და უკან აღარ გამოუხედავს. ძალოვნებმა ტრაქტორისტის წარსულიც გადაამოწმეს, ის ნაასამართლევი არ ყოფილაა, არც კრიმინალთან ჰქონია შეხება, მაგრამ... ძვირფასეულობა საიდანღაც ჰქონდა და არავინ იცოდა საიდან. დედას უკვე ვეღარავინ ჰკითხავდა.
როცა აღნიშნული თემა საგამოძიებოს თათბირზე განიხილეს, ერთ-ერთმა გამომძიებელმა ყურები ცქვიტა, ეგებ ძვირფასეულობის ჩამონათვალი მანახოთო და როცა ანახეს, შუბლზე ოფლი მოიწმინდა, მერე კოლეგებს ღიმილიანი სახით ახედა და...
„ზუსტად ეს ჩამონათვალი მაქვს მეც, ოღონდ ეს ნივთები ცნობილი მსახიობის ბინიდან მოიპარეს დაახლოებით ერთი თვის წინ. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ჩაუვარდა ტრაქტორისტს ეს ძვირფასეულობა ხელში, მაგრამ ჩამონათვალში ორი ნივთი აკლია და ისინი ან გაყიდა, ან უბრალოდ დაავიწყდა...“
ორივე გამომძიებელი ტრაქტორისტთან წავიდა. ისინი ძალიან ფრთხილობდნენ, ამიტომ, თითქოს სხვათაშორის ჰკითხეს, ჩამონაათვალს საყურე და სამაჯური ხომ არ აკლიაო და მასაც თვალები გაუბრწყინდა, კი ეგენი გამომრჩა, მაგრამ რადგან თქვენ იცით, გამოდის, იპოვეთო. ძალოვნებმა ერთმანეთს გადახედეს და ხმაში სიმკაცრე გაურიეს: „ეგ ძვირფასეულობა მსახიობს ეკუთვნის, რომელიც ამას წინათ გაქურდეს და თუ არ გინდა, ქურდობა შეგტენოთ, უნდა თქვა, საიდან გაქვს ძვირფასეულობა, ვინ მოგცა და რა ვითარებაში?!“
„მე არავისთვის არაფერი მომიპარავს. ტრაქტორით მიწას ვთხრიდი ჩემი ავტოფარეხის უკან და იქ ამოყვა ეს ძვირფასეულობა. რადგან ვიპოვე, გამოდის, რომ ჩემია და მის დათმობას არ ვაპირებ“,-განაცხადა ტრაქტორისტმა და გამომძიებლებს ის ადგილი უჩვენა. ადგილის დათვალიერებამ სამართალდამცავებს არაფერი მისცა, იქ ნებისმიერს შეეძლო ძვირფასეულობის დამალვა, მაგრამ ახლა საინტერესო ის იყო, სად გაქრა ეს ყველაფერი. რეალურად, სახლიდან მისი გატანა მხოლოდ დედას, ან შვილს შეეძლო და სწორედ ამ დროს, ერთ-ერთმა აგენტმა, ინფორმაცია მოიტანა, რომ ტრაქტორისტის გერმა შეყვარებულს ოქროს ყელსაბამი აჩუქა. ეს უკვე საინტერესო იყო და ამიტომ, ბიჭი დაკითხვაზე წაიყვანეს.
„შეყვარებული მყავს, მაგრამ მისთვის საღეჭი რეზინის გარდა არასდროს არაფერი მიჩუქებია, იმიტომ, რომ ფული არ მაქვს. ოქროს ყელსაბამი თვალით არ მინახავს და იმედია, ისიც დაადასტურებს, რომ მისთვის არაფერი მიჩუქებია“,-თქვა ბიჭმა. ამ ყველაფერს ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა და ამჯერად, დაკითხვაზე, ყელსაბამთან ერთად, გოგონა დაიბარეს. მან ცრემლები გადმოყარა.
„დაქალები დამცინიან, რომ ჩემი შეყვარებული არაფერს მჩუქნის. ამიტომ, ბებიის ყელსაბამი მოვიპარე, ვანახე და ვუთხარი, რომ მან მაჩუქა. ბებიას ჰკითხეთ, ეს მისია და მხოლოდ ერთი დღით ავიღე, ისევ დავაბრუნე თავის ადგილზე“,-ტიროდა გოგო და გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ის სიმართლეს ამბობდა.
გამოძიების პარალლეურად, ცოლმა გამოაცხადა, რომ შივლთან ერთად ქმარს შორდება, რადგან აღარ შეუძლია, მუდმივი დამცირება აიტანოს, არ შეუძლია ის, რომ ქმარი ლუკმებს უთვლის, ის, რომ ქმრის მიერ გადანახულ ფულის კუპიურებს ხან სად პოულობს და ხან სად, აქაოდა, ქმარს ეშინია, რომ დედა-შვილი ფულს თუ მიაგნებს, მააშინვე მოპარავს. ძალოვნები ამ ამბავმა ჩააფიქრა, რადგან ხომ შეიძლებოდა, ძვირფასეულობა ქალს ჰქონოდა და წასვლა ამიტომაც მოესურვებინა. ამიტომ, ქირით გადასული ქალის ბინა მეორე დღეს გაჩხრიკეს მაგრამ ვერაფერი იპოვეს.
„ხომ შეიძლება, სიმთვრალეში, იმ კაცს თავად შეენახა ფული და ისეთ ადგილზე დაედო, რომ მეორე დღეს უბრალოდ ვერ გაიხსენა. ტრაქტორისტის სახლი უნდა გავჩხრიკოთ და ვნახოთ, ეგებ ძვირფასეულობა არც არავის წაუღია“,-თქვა ერთ-ერთმა გამომძიებელმა და საღამოს, ტრაქტორისტს ექსპერტთა ჯგუფი მიადგა.
ჩხრეკა დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. სამართალდამცავებმა იპოვეს 11 სამალავი, სადაც კაცს ფულის თითო კუპიურა ჰქონდა გადამალული (საშაქრე, რვეული, წიგნი, მაცივარიც კი) და... ძვირფასეულბასაც მიაგნეს, რომელიც სამზარეულოში, კარადის უკან იყო მიმაგრებული. კაცს ძვირფასეულობის დანახვაზე სახე გაუბრწყინდა, მაგრამ მისი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა - მსახიობმა არამარტო ამოიცნო საკუთარი ძვირფასეულობა, არამედ ფოტოებიც წარადგინა, სადაც ისინი ეკეთა. ამიტომ, ყველაფერი მას დაუბრუნეს, ტრაქტორისტს კი უმკაცრესი გაფრთხილება მისცეს, თუ მომავალში რამეს იპოვნი, პირველ რიგშ, ოფიციალურ სტრუქტურებში უნდა განაცხადოო.
პატიმარი #0578
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ლ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო. შემდეგ კი, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.