თბილისის მერიამ ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გადადო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ადგილზე უკვე ჰქონდა ადგილი პროვოკაცია, რის გამოც მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
"ამ ფონზე ლოგიკურია ჩვენ გვინდა, მოვუწოდოთ თანამოქალაქეებს იმ ადამიანებს, ვინც მოდიოდა აღნიშნულ ღონისძიებაზე, დაშლისკენ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საზეიმო ღონისძიება" - აღნიშნა კალაძემ.
"ნაძვის ხე დედაქალაქში, რა თქმა უნდა, დაიდგმება, ქალაქი იქნება მორთული და პატარებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილები ჩაიფიქრონ", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას დედაქალაქში საახალწლო ნაძვის ხის დადგმასთან დაკავშირებით ჰკითხეს:
"საახალწლო თემას რაც შეეხება, რამდენიმე დღეში მოგაწვდით უკვე ზუსტ ინფორმაციას, როდის იქნება ნაძვის ხის ანთება. მას ძალიან ბევრი პატარა ელოდება. მე, ასევე, ვისმენ კონკრეტულ განცხადებებს საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმ რადიკალების მხრიდან, რომ ისინი აპირებენ სხვადასხვა ქმედებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. თქვენ წარმოიდგინეთ, ომის დროსაც კი იდგმება საახალწლო ნაძვის ხე იმისთვის, რომ ადამიანებს, პატარებს მაქსიმალურად შეუმსუბუქონ მდგომარეობა. ასეთი რამ უკრაინაშიც ბევრჯერ გვინახავს"
თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებისთვის, დამატებით გამოყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართებიც, რომელიც მერიას, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან აქვს გადაცემული. აღნიშნული სიახლის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.
„როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის არჩევნებზე, ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა უსახლკაროს სტატუსის მქონე პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. მაშინ ასეთი სტატუსის მქონე, დაახლოებით, 400-მდე ოჯახი გვყავდა აღრიცხული და მათი უსახლკარობის პრობლემის მოგვარებაზე არჩევნების დასრულებისთანავე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალური თავშესაფრისთვის გადასაცემად მერიამ კერძო მესაკუთრეებისგან უკვე შეისყიდა 125 საცხოვრებელი ბინა, რომლის ძირითადი ნაწილი დღეს უკვე უსახლკარო ოჯახებისთვისაა გადაცემული. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებისთვის, დამატებით გამოვყოთ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართებიც, რომელიც მუნიციპალიტეტს, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან აქვს გადმოცემული. უსახლკარო ოჯახების საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინებით, ჩვენ მოვახდინეთ გადმოცემული ბინების სისტემატიზაცია, ინვენტარიზაცია და პირველ ეტაპზე, განვიხილავთ მუნიციპალური თავშესაფრისთვის 151 ბინის გადაცემის საკითხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სამშენებლო კომპანიებს ვალდებულება აქვთ, რომ ბინები მოიყვანონ თეთრი კარკასის მდგომარეობაში, რის შემდეგაც სარემონტო სამუშაოებს მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
მერის ინფორმაციით, მომავალი წლის ბოლომდე უსახლკაროს სტატუსის მქონე 400-ვე ოჯახი ბინით დაკმაყოფილებული იქნება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩამდე. ასევე, კეკელიძის ქუჩაზე, კეკელიძის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისა და ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით, - განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„ავტომანქანები ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრას შეძლებენ ავალიშვილისა და თამარაშვილის ქუჩების გავლით. მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება აბაშიძის, ფალიაშვილის, მელიქიშვილისა და ვასილ ბარნოვის ქუჩების გავლით, ხოლო მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტი მოძრაობას შეძლებს ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების გამოყენებით.
დროებით შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც. შესაბამის მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ვაკის პარკიდან გადაინაცვლებენ ყაზბეგის გამზირზე, დაუკავშირდებიან პეკინის გამზირსა და გმირთა მოედანს, გააგრძელებენ მოძრაობას მარჯვენა სანაპიროზე და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს. შემდეგ კი მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი მარშრუტების შესაბამისად. იგივე მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით სვლისას. რაც შეეხება N385, N387 და N397 ავტობუსებს, ისინი მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურებიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
სპორტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის.
„სპორტის სასახლე უკვე ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტია. იგი ისტორიულად იყო სპორტული, კულტურული და სოციალური ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი არენა. სპორტის სასახლის შენობა წარმოადგენს მუნიციპალური საწარმოს საკუთრებას, რომელიც 2007 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, მართვის უფლებით გადაცემულია კომპანია „ლოჯიკ გრუპისთვის“. სპორტის სასახლის ახლანდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, მას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ხარვეზები. შესაბამისად, საჭიროებს განახლება-რეაბილიტაციას. აღნიშნული ხელშეკრულების პირობები ვეღარ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. ჩვენ ვიმუშავეთ შესაბამის კომპანიასთან და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. შევთანხმდით, რომ სპორტის სასახლე საჭიროებს რეაბილიტაციას და აღნიშნული სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება.
მოწესრიგდება ყველა ძირითადი სივრცე, რაც გულისხმობს იატაკის საფარის, სავარძლების, კედლების, ვიზიტორების საცირკულაციო სივრცეების, გასახდელების, VIP-შემოსასვლელის, ავეჯისა და სხვა სივრცეების მოწესრიგებას.
იქიდან გამომდინარე, რომ სპორტის სასახლე წარმოადგენს ისტორიულ შენობას, მაქსიმალურად შენარჩუნდება ისტორიული მასალები, განსაკუთრებით ბუნებრივი ქვის მოპირკეთება. სპორტის სასახლე აღიჭურვება მისი მრავალფუნქციური დანიშნულებისთვის საჭირო მოწყობილობებითა და სისტემებით, რაც მოიცავს განათების, ხმის, ვიდეო, ეკრანის, სცენის, იატაკის საფარის, რიგირების, ტრანსლაციის, გამყოფ, სპეციალური ეფექტებისა და სხვა ტიპის სისტემებსა და მოწყობილობებს
დღეს რაც ხდება სპორტის სასახლის ირგვლივ არსებულ ტერიტორიაზე, კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან მძიმე ვითარებაა, შესაბამისად, ეს ყველაფერი საჭიროებს განახლებას. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა უნიკალური სარეკრეაციო სივრცე; კეთილმოეწყობა მეტროში ჩასასვლელი კიბეები და მიმდებარე სივრცეები; ამავე ტერიტორიაზე მმართველი კომპანია გეგმავს პადელის ღია კორტების მოწყობას; მოწესრიგდება საპარკინგე ზონა და დარეგულირდება სატრანსპორტო გეგმა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სპორტის სასახლის სტუმრებისთვის
ეს პროექტი სპორტის სასახლეს შესძენს ახალ სიცოცხლეს და მოსახლეობისთვის ქალაქის ცენტრალურ, მჭიდროდ დასახლებულ უბანში ხელმისაწვდომი გახდება უნიკალური სარეკრეაციო და სპორტული სივრცე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.