ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი, შესაბამისად, როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, - ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ოპოზიციის ნაბიჯები, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი.
„საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეიცავს საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს. ჩვენ ეს მექანიზმები გამოვიყენეთ 4 წლის წინაც და გამოვიყენებთ რა თქმა უნდა, ახლაც. აქედან გამომდინარე, ასეთი ნაბიჯები, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი. ბუნებრივია, მეტი დატვირთვა ამას ვერ ექნება. ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი, შესაბამისად, როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. ამის შემდეგ თუ ვინმეს სურს, მიმართოს საქართველოს პარლამენტს ან ცესკოს სიების ჩახსნასთან, მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, კი ბატონო, შეუძლიათ გააკეთონ, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჭიროა სიღრმისეული დისკუსიები.
„გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ჩვენ თუ დაგვიმტკიცებენ, რომ NGO-ების ბუნდოვანება არის უკეთესი, ვიდრე მათი გამჭვირვალობა, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამ თემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანონს პროპაგანდის წინააღმდეგ, აქაც თუ დაგვიმტკიცებენ, რომელიმე პუნქტთან მიმართებით რომ აქ რაიმე ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს, ან ზოგად ღირებულებებს, კი ბატონო, მაგრამ აქაც საჭიროა სიღრმისეული მსჯელობა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად სიღრმისეული, საჯარო დისკუსიისთვის. სასურველია, საზოგადოების თვალწინ წარიმართოს ეს დისკუსია, თუ იქნება ასეთი დისკუსია, ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად, მაგრამ მთავარია, წარიმართოს არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია ერთ და მეორე საკითხთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის აქტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს საქართველოს კონსტიტუციას და თუ ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს მას აქვს პრობლემა კვალიფიკაციასთან, ან კეთილსინდისიერებასთან, ან ორივესთან ერთად.
„პრეზიდენტის აქტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს საქართველოს კონსტიტუციას. ვინც ერკვევა ელემენტარულ იურისპუდენციაში, რა თქმა უნდა, დაადასტურებს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუცია გადაფარავს პრეზიდენტის აქტს. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს მას აქვს პრობლემა ან კვალიფიკაციასთან, ან კეთილსინდისიერებასთან, ან ორივესთან ერთად,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი თავიანთ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას.
„პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, ეს შემიძლია გითხრათ ძალიან მკაფიოდ. პარლამენტს სჭირდება ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია. რაც შეეხება ოპოზიციას, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მას მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი მათ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას, თუმცა ეს მათი საქმეა. თქვენ ხედავთ, რომ დღითიდღე ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად იფუჭებს საკუთარ რეპუტაციას და მდგომარეობას. ამას აკეთებენ ისინი საკუთარი ხელით. რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა, იმას აკეთებენ საკუთარი ხელით ოპოზიციის წარმომადგენლები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, ოპოზიცია არის მძიმე მდგომარეობაში, ისინი ვერ თანამშრომლობენ ვერც პროკურატურასთან, მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებისა.
„თქვენ იცით, რომ ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, იყო უპრეცედენტოდ მშვიდი გარემო და რაიმე არსებითი დარღვევა არ დაფიქსირებულა წინა საარჩევნო პერიოდში. რაც შეეხება არჩევნების დღეს, პროცედურები წარიმართა არსებითად ელექტრონული წესით. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა ხმა მისცა ელექტრონული წესით, მანამდე რეგისტრაცია გაიარა ელექტრონული წესით და მათი ხმებიც დაითვალა ელექტრონული წესით. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია შეეჯახა ელექტრონულ აპარატებს და ვერას გახდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი წარიმართა აბსოლუტური სიზუსტით და ძალიან სწრაფი ტემპით დაითვალა არჩევნების შედეგები, შესაბამისად, შესადავებელი საერთოდ არაფერია. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია ბუნებრივია, არის მძიმე მდგომარეობაში ამიტომ ვერ თანამშრომლობენ ვერც პროკურატურასთან, მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებისა. ისინი თავის ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდ ხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით და რეალურად აქეთკენ მიჰყავთ საკუთარი ხელით პროცესები“, - განაცხადა პრემიერმა.
კლიმატის ცვლილება ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად ყალიბდება, რაც საჭიროებს გლობალურ, გადაუდებელ ქმედებას და თანამშრომლობას, მისი მრავალმხრივი შედეგების დასაძლევად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP29-ის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კლიმატის ცვლილება სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს.
“ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ საქართველოს სახელით. თავდაპირველად, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს, ასევე კონფერენციის პრეზიდენტს, ბატონ მუხტარ ბაბაევს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, გულითადი მასპინძლობისა და ბაქოში კონფერენციის გამორჩეულად წარმატებული ორგანიზებისთვის.
ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა, რადგან სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყანა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მონაწილეთა კონფერენციას პირველად მასპინძლობს. მსურს, წარმატებები ვუსურვო აზერბაიჯანს ამ მიმართულებით ნაყოფიერი და ამბიციური შედეგების მიღწევაში, მოლაპარაკებების პროცესში თანამშრომლობის სულისკვეთებისა და კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობაში.
ეს კონფერენცია კრიტიკულ დროს ტარდება, რადგან კლიმატის ცვლილება ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად ყალიბდება, რაც საჭიროებს გლობალურ, გადაუდებელ ქმედებას და თანამშრომლობას, მისი მრავალმხრივი შედეგების დასაძლევად. სამწუხაროდ, ამ გზაზე შეიარაღებული კონფლიქტები არა მხოლოდ სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისებს იწვევს, არამედ ხელს უშლის და ანელებს მსოფლიო ძალისხმევას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.
კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედება, მათ შორის მყინვარების სწრაფი დნობა და ზღვის დონის აწევა, სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს. სამწუხაროდ, საქართველოც არ წარმოადგენს გამონაკლისს და დგას კლიმატის ცვლილების მკაცრი შედეგების წინაშე. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ამაღლდა ცნობიერება ადამიანის უფლებებსა და ეკოლოგიას შორის არსებული კავშირების შესახებ“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მტკიცე ერთგულება გლობალური სათბური აირების ემისიის განახევრების ვალდებულებისადმი, რაც 2030 წლისთვის არის ნავარაუდევი.
„2019-2020 წლებში, როდესაც ევროსაბჭოს საქართველო თავმჯდომარეობდა, ოთხი პრიორიტეტიდან ორი მთავარი იყო - ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის დასკვნით დეკლარაციაში ხაზი გაესვა ევროსაბჭოს როლს, როგორც ჩვენი საერთო ევროპული სამართლებრივი ჩარჩოს გარანტს, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების ინიციატივებში გარემოს განზომილების ინტეგრირებაზე, ხოლო გარემოს დაცვის სფეროში ადამიანის უფლებების ასპექტების პოპულარიზაციაზე. ეს დეკლარაცია საფუძვლად დაედო გარემოს დაცვის მიმართულებით ევროსაბჭოს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრესს. საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად; ასეთი მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.
ამ გადაუდებელი გამოწვევების საპასუხოდ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მტკიცედ ერთგული დავრჩეთ გლობალური სათბური აირების ემისიის განახევრების ვალდებულებისადმი, რაც 2030 წლისთვის არის ნავარაუდევი. ამ მიზნის მიღწევა აუცილებელია, თუ გვსურს, შევზღუდოთ გლობალური დათბობა 1.5 გრადუსამდე, რაც პარიზის შეთანხმებით არის განსაზღვრული,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აქტიურად აგრძელებს კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების ინტეგრირებას ეროვნულ ბიუჯეტში წლიური შეფასებების საშუალებით, რაც იძლევა შესაძლებლობას, გაიზომოს კლიმატის ცვლილების ზემოქმედება ხარჯებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე
„ეს განსაზღვრავს შერბილების და ადაპტაციის ხარჯებს, ხელს უწყობს პარტნიორებთან თანამშრომლობას და საფუძველს ქმნის დაფინანსების კოორდინაციისათვის, რათა გავაძლიეროთ გამძლეობა და მივაღწიოთ ეროვნული სამოქმედო გეგმის მიზნებს. კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების პოლიტიკის ეფექტური განვითარება, ტრანსფორმაციული პროგრამები და ეკონომიკური ზრდის ინიციატივები განვითარებად ქვეყნებში დიდწილად არის დამოკიდებული პარიზის შეთანხმების მიზნებთან გლობალური ფინანსური ნაკადების წარმატებულ თანხვედრაზე. არსებითი ფინანსური მხარდაჭერა, ტექნიკური დახმარება და ტექნოლოგიურ სფეროში ცოდნის გადაცემის პროცესი მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისთვის, კლიმატის ცვლილებებთან მათი გამკლავების ამბიციური მიზნების ეფექტური განხორციელების თვალსაზრისით. დასასრულს, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოსთვის პატივია მონაწილეობა კლიმატის ცვლილების შესახებ კონფერენციაში, რომელიც ჩვენს რეგიონში ტარდება. მოდით, მივყვეთ გზას, რომლითაც ჩვენი კოლექტიური მიზნები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან შედეგებად გარდაიქმნება. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანის მხარდასაჭერად, რათა ეს კონფერენცია წარმატებული შედეგებით დასრულდეს. ჩვენ ერთად ვაქცევთ სამხრეთ კავკასიის რეგიონს შესაძლებლობებისა და წარმატებების რეგიონად, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნით, საქართველო მზადაა, 2025 წლისთვის წარადგინოს ახალი - მესამე თაობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შენარჩუნებას 1.5 ზღვრული გრადუსის ფარგლებში და ხედვის განხორციელების ხელშეწყობას, რომლის თანახმად ევროპა იქნება პირველი კონტინენტი, რომელიც ნულოვან ემისიას მიაღწევს.
„ამ პროცესში საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან, რაც მთელი საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს. სამწუხაროდ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციის გამო, მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა, აღნიშნულ რეგიონებში, რაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს, განახორციელოს ღონისძიებები, რომელთა მიზანია კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედების შემცირება და მისი შედეგების შემსუბუქება.
კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების ზომების დაფინანსება ახალი კოლექტიური ინიციატივის ფარგლებში განსაზღვრავს, ჩაითვლება თუ არა ეს კონფერენცია წარმატებულად. ახალი მიზანი უნდა იყოს ამჟამინდელი 100 მილიარდი დოლარის ნიშნულის მნიშვნელოვანი ზრდა და გლობალური ფინანსური ნაკადების უზრუნველყოფა პარიზის შეთანხმების მიზნებთან თანხვედრის მიზნით. ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ, რომ წინა კონფერენციაზე აღიარებულ იქნა, რომ განვითარებად ქვეყნებს მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე დაახლოებით 6 ტრილიონი დოლარი დასჭირდებათ კლიმატის ცვლილების ეფექტური დაძლევის მიზნით. წლევანდელი კონფერენციის შედეგად განვითარებადი ქვეყნების წვდომაც უნდა გაუმჯობესდეს კლიმატის ცვლილების გამკლავების ზომების დაფინანსებაზე და შეიქმნას აუცილებელი უნარები, რათა ამ ქვეყნებმა გაზრდილი დაფინანსების ეფექტური გამოყენება შეძლონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში, პრემიერმა ისაუბრა როგორც გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე, ასევე, საშუალება ჰქონდა პარტნიორებთან ერთად განეხილა სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
„მთავარ თემებზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდება გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს, მაგრამ ამასთან ერთად ასეთ ფორმატებში ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა ქვეყნიდან გავესაუბროთ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. აქაც გვქონდა არაერთ ლიდერთან საუბარი იმ თემებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის გარშემო პოლიტიკურ პროცესებს და ეს ფორმატი მაქსიმალურად გამოვიყენეთ ამისათვის,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს, ქვეყნის კონსტიტუციაში უმაღლეს დონეზე გარანტირებულია შესაბამისი ძირითადი უფლება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ შესაბამისი მიზნები იქნას მიღწეული.
„კონფერენცია იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული, რაც მინდა მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში ტარდება ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება. რაც შეეხება ჩვენს გზავნილებს, საქართველო ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს. ჩვენს კონსტიტუციაში უმაღლეს დონეზე გარანტირებულია შესაბამისი ძირითადი უფლება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ შესაბამისი მიზნები იქნას მიღწეული. ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ გაეროსთან და ევროკავშირთან. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ჩვენი კანონმდებლობის და სტანდარტების დაახლოება ევროპულ კანონმდებლობასა დსა სტანდარტებთან. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველო ერთგული რჩება კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი და განაგრძობს ეფექტური ზომების მიღებას პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.
„ჩემთვის პატივია მონაწილეობა ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ კლიმატის ცვლილებიდან მომდინარე გამოწვევები და მათი ეფექტური გადაწყვეტის გზები მდგრადი მომავლისთვის. საქართველო ერთგული რჩება კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი და განაგრძობს ეფექტური ზომების მიღებას პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად“, - აღნიშნავს პრემიერი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მონაწილეობს.
კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მასპინძლობენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერების კლიმატის ქმედებათა სამიტის გახსნის სესიას და სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა მაღალი დონის შეხვედრის გახსნას დაესწრო.
სამიტის მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებმა, ტრადიციულად, ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა COP29-ის ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.
COP29-ში საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ავტომაგისტრალის უკანონო გადაკეტვით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით,ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "უშიშროების საბჭოს" საგანგებო სხდომა გამართა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, "უშიშროების ძალების ხელმძღვანელებმა უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს".
შეგახსენებთ, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობრივი მეთოდებით დაკავებულია სულ მცირე ექვსი ოპოზიციური ფიგურა. როგორც ირკვევა, ოპოზიციის წევრები, გუდაუთის მცხოვრებლებთან შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც "უსაფრთხოების სამსახურის" თანამშრომლებმა ისინი დააკავეს.
გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ოპოზიციონერები მანქანიდან ძალით გადმოიყვანეს და ბორკილები მიწაზე დაწოლილებს დაადეს. ისინი აფხაზეთის მიწების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვას აპროტესტებენ.
დაკავებულები, ამ დროისთვის, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ჰყავთ. ოპოზიციის მხარდამჭერებმა მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდეს და გუმისთას და კოდორის ხიდები გადაკეტეს.
ტელეგრამ-არხით გავრცელდა ე.წ. გენერალური პროკურორის, ადგურ აგრბას ვიდეომიმართვა, რომელშიც ის ამბობს, რომ დაკავებულია არა ხუთი, არამედ ოთხი პირი: გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, ომარ ხმირი და რამაზ ჯოპუა.
აგრბას თქმით, ამ პირებმა 11 ნოემბერს, „პარლამენტის“ სხდომაზე „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების" "კანონპროექტის" განხილვის შემდეგ, „პარლამენტის“ ეზოში ერთ-ერთი "დეპუტატის" მიმართ ჩაიდინეს „მართლსაწინააღმდეგო ქმედებები“, რასაც თან ახლდა „უცენზურო ლანძღვა“. აგრბას ინფორმაციით, დაკავებულები ადგილობრივი "შსს-ს" დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და მათ მიმართ მიმდინარეობს „პროცესუალური შემოწმება“.
ერთ-ერთი ტელეგრამ არხის ცნობით, ამ დროისათვის კოდორის ხიდი გახსნილია. წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეებთან ე.წ. დეპუტატი ბესლან ემურხბა და ოჩამჩირის რაიონის "გამგებელი" ბესლან ბიგვავა მივიდნენ და ახლობლებს დაპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში დაკავებულებს გაათავისუფლებდნენ, რადგან არ არსებობს მათი პატიმრობაში დატოვების არანაირი მტკიცებულება. მათ ამ დაპირებაზე პასუხისმგებლობა აიღეს და სანაცვლოდ , აქციის მონაწილეებს გზის გახსნა სთხოვეს.
ამავე თემაზე, აფხაზეთში ვითარება დაიძაბა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა!
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც მედია წერს, მოულოდნელად, სულ მცირე ექვსი ოპოზიციური ფიგურა ძალადობრივი მეთოდებით დააკავეს.
როგორც ირკვევა, დაკავებულებს შორის არიან ომარ სმირ, ჰარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია. ოპოზიციის წევრები, გუდაუთის მაცხოვრებლებთან შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ისინი დააკავეს.
გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ოპოზიციონერები მანქანიდან ძალით გადმოათრიეს და ბორკილები მიწაზე დაწოლილებს დაადეს.
დაკავებულები, ამ დროისთვის, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ჰყავთ, სადაც უამრავი მოქალაქეა შეკრებილი და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება.
ოფიციალურ პირებს ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
პარალელურად, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა და ინფორმაცია, რომ სამხედრო ტექნიკა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ოფისთან მიიყვანეს.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ გადაკეტილია გუმისთას ხიდი. ოპოზიციონერები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
მანამდე, ცნობილი გახდა ისიც, რომ ოპოზიცია 15 ნოემბერს საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს. ამ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას გეგმავს.