ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების წარმართვის დროს.
„ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, ჩვენთანაც ძალადობის პრევენციისთვის ასეთი კანონის მიღება. ჩვენ ტექნიკურად მოვახერხებთ ისე ყველაფრის ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნეს შესაბამისი კანონი, ისე, რომ ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, ხანძრის შემდეგ აღდგენილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნას დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტი, ელისეის სასახლეში შეხვედა ამერიკის შეერთებული შტატები ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და სხვა მსოფლიო ლიდერებს.
"სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი ასევე შეხვდა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონს.
"შესანიშნავი საუაბრი მქონდა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან. ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები. მადლობა გადავუხადე მას ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, იტალიის მიერ მხარდაჭერილი, ევროკავშირის ძლიერი და გადამწყვეტი ქმედებისთვის. მადლობა იტალია", - წერს ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი პარიზში შეხვდა SpaceX-ის დამფუძნებელს და დონალდ ტრამპის გუნდის მნიშვნელოვან წევრს, ილონ მასკსსაც.
"შესანიშნავი საუბარი მქონდა ილონ მასკთან საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე. მოუთმენლად ველი მას ჩვენს ქვეყანაში“, - წერს პრეზიდენტი.
პარიზში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს.
ხანძრის შედეგად დაზიანებული უნიკალური ტაძრის აღდგენაზე 700 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. რესტავრირებული ტაძრის გახსნას მსიფლიოს ყველა წამყვანი ქვეყნის ლიდერი და პრეზიდენტია მიწვეული. მათ შორის, საქართველის პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი.
“დეილი მეილის” ცნობით, არაა გამორიცხული, სწორედ პარიზში შედგეს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა.
ამ წუთებში პარიზში საზეიმო წირვა მინდინარეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.
დიპლომატმა მთავრობის მეთაურს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება კიდევ ერთხელ მიულოცა.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რასაც ადასტურებს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას. ხაზი გაესვა ჩინელი პარტნიორების ჩართულობას ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში.
პრემიერმა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჩინეთის ელჩს მადლობა გადაუხადა.
სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, რომ როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს მანდატებზე, ამით უარყოფს დემოკრატიის პრინციპს და საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს და ახლა თავად მოუწოდებს იმავე ოპოზიციას, რომ არ ისარგებლონ მანდატებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს იმის მანიშნებელია, როგორ ხელყოფენ აგენტების ღირსებას პატრონები.
„მას აიძულებენ, ილაპარაკონ ისეთი რამ, რისი სრულიად საპირისპიროც აქვს ნათქვამი ოთხი წლით ადრე. ის არის ჩვეულებრივად უცხოური აგენტი, რასაც ჩასძახებენ, ის უნდა ამოსძახოს. რასაც დაავალებენ, ის უნდა გააკეთოს. პირდაპირ ხელყოფენ მის ღირსებას. როცა უწევს საკუთარი პოზიციის კარდინალურად შეცვლა, ეს არის მისი ღირსებისთვის დამამცირებელი, თუმცა მას სხვა გზა უბრალოდ არ აქვს. რამდენიმე წლის წინ ხელი მოაწერა შეთანხმებას, გახდა უცხოური აგენტი, რასაც ავალებენ, იმას აკეთებს
აქტუალური აღარ არის ეს ქალბატონი, დღევანდელ დღეს რომ გამოვაკლებთ, 3 პარასკევი აქვს უკვე დარჩენილი, უფლებამოსილების ვადა ამოეწურება ძალიან მალე, თუმცა მაინც ვიტყვი ერთ რამეს, სალომე ზურაბიშვილიც არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რას უშვება ლიბერალური ფაშიზმი ადამიანებს. ამ ადამიანს პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ჩამოუშალეს ღირსება, პირდაპირ ჩართეს დეზინფორმაციულ კამპანიაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ლიბერალურ ფაშიზმში და სკოლებთან დაკავშირებულ კამპანიაში. როგორც არ უნდა უარყოს მან ამ კამპანიაში ჩართულობა, საჯარო სივრცეში დევს მისი პოსტი, სადაც ის აცხადებდა, რომ სტუდენტები იყვნენ ჩართული აქციებში და ახლა იყო სკოლების ჯერი, თან ის საუბრობდა ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც იმართებოდა თბილისის ქუჩებში. მან პირდაპირ მოუწოდა სკოლის ბავშვებს, ჩართულიყვნენ ძალადობრივ აქციებში, რაც არის უბრალოდ წარმოუდგენელი მოვლენა. თუმცა, როდესაც ღირსებას აგყრიან, იქ შენგან არავითარი ასეთი ნაბიჯი აღარ არის გასაკვირი, რაც დამართეს სალომე ზურაბიშვილს. მას მთლიანად აყარეს ღირსება, როგორც კი მან დათმო საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ კი გახდა უცხოელი აგენტი, მაშინვე ბოლომდე აყარეს ღირსება და ჩართეს სრულიად ამორალურ კამპანიებში. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია თანავუგრძნოთ მას ამ თვალსაზრისით, რაღაც მომენტში მან ხელი მოაწერა და ხელმოწერის შემდეგ უკან გზა უკვე აღარ არსებობს. როცა ხდები უცხოელი აგენტი, რა თქმა უნდა, იძულებული ხარ, ნებისმიერი დავალება შეასრულო თვალდახუჭულმა. ასე მოხდა სკოლების მიმართ კამპანიის შემთხვევაშიც, ის პირდაპირ ჩართეს სრულიად ამორალურ კამპანიაში. რაც შეეხება მისი მხრიდან ამ ძალადობის რომანტიულად შეფასებას, ესეც არის იგივეს გაგრძელება. მას არ აქვს დამოუკიდებლობა, ის არის უცხოელი აგენტი, რასაც დაავალებენ, იმას ამბობს. ნებისმიერი ტყუილი შეიძლება იკადროს. მას კი არ უხარია ასეთი რამ, უბრალოდ, როცა ხარ უცხოელი აგენტი, რასაც დაგავალებენ, ის უნდა გააკეთო, გეტყვიან, რომ უნდა თქვა ტყუილი, უნდა თქვა ტყუილი, გეტყვიან, რომ უნდა ჩართო სკოლის ბავშვები ძალადობაში, უნდა ჩართო სკოლის ბავშვები ძალადობაში. ეს არის უცხოელი აგენტის ხვედრი. ეს არის მოწოდება, მათ შორის, ყველას მიმართ, ვინც კი შეიძლება გაიფიქროს ასეთი რამ, რომ მომავალში ხელი მოაწეროს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, აგენტის სტატუსს შეეგუოს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და პირველ რიგში, ასეთი რამ, ვისი აგენტიც არ უნდა იყოს, პირდაპირ უკარგავს ადამიანს ღირსებას, რაც ძალიან კარგად არის წარმოჩენილი სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში“, - განაცხადა პრემიერმა.
პირადად მზად ვარ, რომ ნებისმიერ ფორმატში დავუჯდე ათ, თორმეტ ახალგაზრდას და გულწრფელად, გახსნილად ვისაუბროთ ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება აწუხებდეთ, იქნება ეს ევროინტეგრაციის თემა თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ის გულწრფელ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა, სთავაზობს საჯარო დისკუსიაში ჩართვას, ნებისმიერ ფორმატში.
„მე კიდევ ერთხელ მინდა გავხსნა საჯარო სივრცე დისკუსიისთვის. თქვენ ხედავთ, რომ ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსების რესურსი, რომ რაიმე ტიპის დისკუსიაში ჩაერთონ, არის სრულიად შეზღუდული. მათ თავიდან სცადეს კონკრეტულმა ყოფილმა პოლიტიკოსებმა დისკუსიაში ჩართვა, თუმცა, მათაც მოუწიათ უარი ამ საჯარო დისკუსიაზე, აქედან გამომდინარე, მე პირველ რიგში, გულწრფელ ახალგაზრდებს მინდა შევთავაზო საჯარო დისკუსიაში ჩართვა, რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა, ჩაერთონ საჯარო დისკუსიაში, ნებისმიერ ფორმატში. მოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიაში. ამისათვის ჩვენ ვართ ყოველთვის ღია და გახსნილი. აქაც რა თქმა უნდა, საქმეში ჩაერთვება ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც მაქსიმალურად ეცდება. რომ არავითარი საჯარო დისკუსია არ დაუშვას მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენი კარი არის აბსოლუტურად ღია ასეთი საჯარო დისკუსიებისთვის. პირადად მზად ვარ, რომ ნებისმიერ ფორმატში დავუჯდე ათ, თორმეტ ახალგაზრდას და გულწრფელად, გახსნილად ვისაუბროთ ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება აწუხებდეთ, იქნება ეს ევროინტეგრაციის თემა თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნების განვითარებას.
ასევე, აბსოლუტურად ღია ვარ საერთაშორისო მედიისთვის. უცხოურ მედიაშიც არის დეზინფორმაციის მთელი ნიაღვარი საქართველოს და ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მზად ვარ, რომ ნებისმიერ უცხოურ მედიას პირდაპირი ეთერის ფორმატში ჩავერთო და აქაც ვართ მზად ღია დისკუსიისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ოფისებში შემალული პოლიტიკოსები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო. ყველამ დაინახა, რომ რეალურად ძალადობის მთავარი კერა იყო სწორედ პარტიული ოფისები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა, ეს არის არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სჭირდება სათანადო რეაგირება.
„ოფისებში შემალული პოლიტიკოსები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო. ყველამ დაინახა, რომ რეალურად ძალადობის მთავარი კერა იყო სწორედ პარტიული ოფისები. როგორც კი ჩვენ შევედით ოფისებში, როგორც კი გავანეიტრალეთ ძალადობის კერა, ძალადობის წყარო, მაშინვე დასრულდა ძალადობაც. ამ პოლიტიკოსებს და შესაბამის პარტიებს, საუბარია რადიკალურ ოპოზიციაზე, რომელიც არის არსებითად ოთხი პარტიის წარმომადგენელი, მათ ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა, რაც არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უკანონო, არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სჭირდება სატანადო რეაგირება. “, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის კერა, როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში, - ამის შესახებ პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლებამ 5 დღეში გაანეიტრალა მომიტინგეების ძალადობის რესურსი, ხოლო რაც შეეხება სამინისტროს რეაგირების რესურსს რევოლუციის მცდელობებზე, ეს რესურსი არის ამოუწურავი.
„როდესაც არ იყო ძალადობა, არ იყო არც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია. ჩვენ 5 დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი. რაც შეეხება შსს-ს რესურსს, სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. შსს-ს რეაგირების რესურსი არის სრულიად ამოუწურავი. ჩვენ შარშანდელი წლის შემდეგ სერიოზულად გავაძლიერეთ მათ შორის ამ მიმართულებით შსს-ს რესურსები და ვერავინ, ვერავითარი შანტაჟით, ვერავითარი პროვოკაციებით ვერავინ შეძლებს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცის შერყევას,“- განაცხადა პრემიერმა.