ცა და დედამიწაა არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ჩვენთან და მოლდოვაში, კონკურენტულობის, თავისუფალი არჩევნების, მანიპულაციებისგან თავისუფლების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, საქართველოსა და მოლდოვას შედარებისას სახეზეა მ კაფიო უსამართლობა, ისევე, როგორც ეს იყო მაშინ, როდესაც მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს - არა.
„მოლდოვაში იყვნენ საკმაოდ გავლენიანი კანდიდატები, რომლებსაც ხელოვნური საბაბით უარი უთხრეს საარჩევნო რეგისტრაციაზე. იყო სერიოზული ხარვეზები კონკურენტულობის კუთხითაც, სხვა საკითხებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ყველა ქვეყანამ თვითონ უნდა მიხედოს საკუთარ არჩევნებს, მაგრამ უსამართლობაა აშკარად. იგივე უსამართლობა იყო გამოხატული, როდესაც მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს -არა. მოგვიანებით მოლდოვასთან გაიხსნა მოლაპარაკებები, საქართველოსთან - არა. აქაც არის ორმაგი სტანდარტი და სრული უსამართლობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველო მნიშვნელოვნად წინ უსწრებს მოლდოვას მრავალი პარამეტრით, იქნება ეს ინსტიტუტების სიძლიერე, კორუფციის სიმცირე, ეკონომიკის განვითარება, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, პოლიტიკური პლურალიზმი, მედია პლურალიზმი.
„დახურეს პრაქტიკულად ყველა მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ტელევიზია და არსებითად დატოვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხი. ეუთო/ოდირს აქვს ნათქვამი თავის ანგარიშში, რომ ისინი მთლიანად ემსახურებოდნენ მმართველი ძალის პოლიტიკურ ხაზს. არ არის მედიაპლურალიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი, პირდაპირ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტია. პრაქტიკულად, რასაც ჰქვია ოპოზიციონერი დეპუტატი, არ დატოვეს პარლამენტში. ამ პირობებში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. ასეთ დროს, როცა გვესმის განსხვავებული შეფასებები საქართველოს და მოლდოვის არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის ცალსახა უსამართლობა“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს იგივეა, როდესაც დსთ-ს წევრ მოლდოვას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს - არა, ისევე, როგორც არ ყოფილა მოწოდებები მოლდოვასთვის, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რაზეც საქართველოს ესაუბრებიან.
„დღემდე არ გვეშვებიან, გვესაუბრებიან რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. ბოლოს ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც გარისკეს და ასეთი ჩანაწერი ჩადეს. მოლდოვას დღემდე არ დაუწესებია რუსეთისთვის სანქციები. თუ მაჩვენებთ არათუ ევროპარლამენტის რეზოლუციას, კუბილიუსების და მსგავსი ტიპის პოლიტიკოსების ერთ მოწოდებას მაინც მოლდოვასთან დაკავშირებით, რომ დააწესოს რუსეთისთვის სანქციები, მაშინ შეიძლება სხვანაირად ვისაუბროთ, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ არის ერთი და იგივე მოცემულობა, არც ჩვენ დავაწესეთ სანქციები, არც მოლდოვამ, იქ საერთოდ ხმას არავინ იღებს, საქართველოსთან დაკავშირებით მთელი კამპანია არის გაშლილი. თან მოლდოვა დსთ-ს წევრია, აძლევენ კანდიდატის სტატუსს, უხსნიან მოლაპარაკებებს. არის აშკარა უსამართლობა. რატომ ხდება ეს უსამართლობა, ამაზე ყველაზე კარგი პასუხი ჟურნალისტებს ალბათ გასცეს ბატონმა ორბანმა და ბატონმა სიიარტომ, უნგრეთის პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა - არის აშკარა მიკერძოება. ყველაზე სამწუხარო ის არის, თუ რა უდევს საფუძვლად ამ მიკერძოებას და ეს არის ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ეროვნული იდენტობის და ფასეულობების მიმართ. ვიღაცებს, სამწუხაროდ, ეს არ მოსწონთ, არიან გავლენიანი ძალები და საბოლოო ჯამში, ეს გავლენიანი ძალები იმგვარ ზეგავლენას ახდენენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აჩენს უსამართლობის განცდას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს კანონის კონტექსტისა და შინაარსის საწინააღმდეგო არც ერთი არგუმენტი არ მოუსმენია.
„არგუმენტების გარეშე საუბარი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. დავიწყოთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით - წარმოადგინონ განსხვავებული მოსაზრება, თუ აქვთ კონტექსტთან დაკავშირებით. უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, ვიდრე დავაინიცირებდით „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“. 2020-2021 წლებში მათ ჰქონდათ ხელისუფლების ცვლილების, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების სურვილი. სწორედ მათ მოუმზადეს საფუძველი არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების კამპანიას, რაც, საბედნიეროდ, ვერ შეძლეს. მათ მოუმზადეს საფუძველი მოლაპარაკებებს, მიშელის შეთანხმების ხელმოწერას. ამ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის მიყვანა, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ მცდელობა დარჩა ფაქტად. მეორე - როდესაც 2024 წელს უსამართლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი გვეთქვა კანდიდატის სტატუსზე, ისინი პირდაპირ ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, რაც ვერანაირად ვერ იქნება განხილული ენჯეოს საქმედ და მოითხოვეს საკუთარი მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირება. ეს არის კონტექსტი. თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა, როდესაც უცხოური ფულით შენ ცდილობ მთავრობის შეცვლას, ღიად და გამოხატულად, მაშინ კი ბატონო, ავწევთ ორივე ხელს, მაგრამ ჯერ იმაზე ვიმსჯელოთ, არის თუ არა ეს ჯანსაღი მოვლენა, როდესაც უცხოური ფულით კონკრეტული ადამიანები ითხოვენ მთავრობის შეცვლას და საკუთარი მონაწილეობით მთავრობის ფორმირებას. რაც შეეხება კანონის შინაარსს, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონი, არის გამჭვირვალობა, ისიც მინიმალური სტანდარტით. წელიწადში ერთხელ, ენჯეოებმა უნდა წარადგინონ საკუთარი ყოველწლიური დეკლარაცია იუსტიციის სამინისტროში. თუ არ წარადგენენ, თუ უხეშად მოეპყრობიან კანონმდებლობას, იქაც მინიმალური სანქციები, ჯარიმებია მხოლოდ გათვალისწინებული. არავითარი ჭარბი კონტროლის მექანიზმები, არავითარი ჩარევის შესაძლებლობა, არავითარი შეზღუდვა, რაც შეიძლება მოქმედებდეს არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ, ამ კანონით არ არის გათვალისწინებული. ანუ, სამართლებრივ ნაწილთან დაკავშირებით ობიექტურად არანაირი არგუმენტი არ არსებობს. ჩვენ არავითარი ღირებული არგუმენტი არ მოგვისმენია. მე პირადად შევთავაზე, მათ შორის, ჩვენს ოპონენტებს, დიპლომატებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში გამოდიოდნენ, დავმსხდარიყავით, გვემსჯელა ამ კანონთან დაკავშირებით. ყველამ უარი თქვა, ან ყველას ათქმევინეს უარი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა „არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ“ კანონზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს პაკეტი ადამიანის უფლებების შეზღუდვას არ ითვალისწინებს.
„ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არის თვისებრივად გაუმჯობესებული 2012 წლის შემდეგ. ხელისუფლების საქმე არ არის არავის პირადი ცხოვრება, ჩვენ ვერ შევიჭრებით ვერავის პირად ცხოვრებაში, არც ჩვენი საქმე არ არის, განვსაჯოთ ვინმეს ცხოვრების წესი. ეს არ არის არც ამ კანონის რეგულირების სფერო. ერთადერთი, რასაც უპირისპირდება ეს კანონი, არის პროპაგანდა, რომელიც უპირისპირდება ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ დოგმებს. ამ პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი რა არის - როდესაც ეხები რელიგიურ დოგმებს, საბოლოო ჯამში, საფუძველს აცლი ნებისმიერ რელიგიას. ამ პროპაგანდის ერთადერთი მთავარი სამიზნე არის ქრისტიანობა, როგორც ასეთი. როგორც კი ქრისტიანულ დოგმებს მოერევი, მაშინვე რელიგიას აღარ აქვს თავისი დატვირთვა და ამას ემსახურება ასეთი პროპაგანდა. ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ გვინდა, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ტრადიციული რელიგია და ამას ემსახურება რეალურად ის კანონი, რომელსაც ვიღებთ. თუ ვინმე რაიმე საპირისპიროში დაგვარწმუნებს, კი ბატონო, მაგრამ აქ ელემენტარულ საკითხებზეა საუბარი. ჩვენი ოპონენტები უარყოფენ, რომ თითქოს ეჭვქვეშ არავინ აყენებს იმას, რომ კაცი კაცია, ქალი ქალია, მამა მამაა, დედა დედაა, თუმცა ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი გავრცელებული ტენდენციაა, რომ როდესაც გინდა, შეცვალო სქესის შესახებ ჩანაწერი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, არ მოგეთხოვება არაფერი, მოითხოვ და უნდა შეგიცვალონ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილში უკვე ეს კანონმდებლობა არის მიღებული. სასამართლო პრაქტიკაა იმასთან დაკავშირებით, რომ კაცი კაცი აღარ არის, ქალი ქალი აღარ არის. შენ თუ ხარ კაცი, მაგრამ მოგინდება ჩაეწერო ქალად, უნდა მოგცენ ამის ნებართვა და თუ ხარ ქალი და გინდა ჩაეწერო კაცად, ამის ნებართვაც უნდა მოგცენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის სწორი ტენდენციები, რბილად რომ ვთქვათ და ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა, რომ რაც არის ობიექტური სინამდვილე, იმის ასახვა ოფიციალურ დოკუმენტებში იყოს უზრუნველყოფილი კანონმდებლობით“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოფიციალურ დოკუმენტებში ასახული უნდა იყოს ობიექტური რეალობა.
„გეუბნებიან, რომ არსებობს ობიექტური რეალობა, მაგრამ შენ როგორც აღიქვამ საკუთარ თავს, ისე უნდა იყო მითითებული პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში. 10 წლის წინაც კი, ალბათ გიჟად ჩაგთვლიდნენ, რომ გეთქვა, შეიძლება სერიოზულად განიხილოს ვინმემ ეს ყველაფერი. დღეს ეს არის ფაქტი, რეალობა და ამ რეალობას უპირისპირდება მხოლოდ და მხოლოდ ის პაკეტი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ადამიანის ქცევის წესი არის მისი გადაწყვეტილება, ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს, არ მოსწონდეს, შეიძლება საზოგადოებას ჰქონდეს ესა თუ ის დამოკიდებულება, მაგრამ ამაში ხელისუფლება არც ერევა და ვერც ჩაერევა, მით უმეტეს ვერავითარი შეზღუდვა ვერ დაწესდება და ვერავინ გაკიცხავს ადამიანს ამის გამო, მით უმეტეს ვერ დასჯის, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, იმდენად საშიში სახე მიიღო ამ პროპაგანდამ, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავთვალეთ, ამისთვის დაგვეპირისპირებინა კანონმდებლობა. ელემენტარულ, მინიმალურ, რაციონალურ ნორმებზეა საუბარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში, ურთიერთობების გადატვირთვა უზრუნველყოფილი იქნება.
„ჩვენი საქმე ვერ იქნება სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც აქტიურად ერევიან ჩვენს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს არ შეიძლება, იყოს ჩვენი ხელწერა. ბუნებრივია, ამერიკელი ხალხი თავად გააკეთებს არჩევანს. რა თქმა უნდა, გარკვეული განსხვავებებიც იქნება ორი სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში და ჩვენ პირდაპირ ვუკავშირებთ ამ საპრეზიდენტო არჩევნებს იმას, თუ როდის დასრულდება ომი უკრაინაში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა კუთხით - ერთი, რომ იღუპებიან ადამიანები და რაც მალე დასრულდება ომი, მით უკეთესი და მეორე, ჩვენზე ზეწოლაც შემცირდება, როგორც კი ეს ომი დასრულდება. ჩვენ ბევრად უკეთესი ვითარება გვქონდა ურთიერთობების კუთხით ომის დაწყებამდე. ყველაფერი არია ომის დაწყებამ, გაჩნდა განსხვავებული ინტერესები. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ვფიქრობთ, რომ მაშინვე თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც აშშ-თან, ასევე ევროკავშირთან. რაც შეეხება ტრამპის და ჰარისის შესაძლო გამარჯვებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომი დასრულდება უფრო ადრე, ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში, დამატებით რამდენიმე თვეს კიდევ გასტანს. თუმცა ვფიქრობ, რომ ასეც და ისეც, ორივე შემთხვევაში, მომავალ წელს ომი აუცილებლად დასრულდება. ყველა შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა მთავარია, ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ. როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, ვფიქრობთ, თვისებრივად, არსებითად გადაიტვირთება ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში. გადატვირთვის დაწყების ვადაზე და თარიღზე უფრო მეტად არჩევნების შედეგებს ექნება გავლენა, მაგრამ რაც შეეხება გადატვირთვას, ვფიქრობ, მომავალი წლიდან ურთიერთობების გადატვირთვა ასეც და ისეც დაიწყება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილს გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ფაქტები და თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას.
„იყო ცარიელი ბრალდებები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. როდესაც მიდიხარ პროკურატურაში, გიწევს ფაქტებით საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ მას არაფერი აქვს სასაუბრო ფაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას. ეს ადამიანი და ზოგადად, რადიკალური ოპოზიცია აცხადებდა, რომ, რასაც იტყვის ვაშინგტონი ან ბრიუსელი, ყველაფერი არის ბიბლია და უნდა აღიარო, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება. მას მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, მიეცა ჩვენება, თუმცა ამაზეც უარის თქმა მოუწია, იმიტომ, რომ შერცხვებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოუწევდა პროკურატურაში მისვლა სრული სიცარიელით, ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე. ამიტომ, მისთვის ეს იძულებაა, რომ ვერ თანამშრომლობს პროკურატურასთან. არ უნდა, შეიქმნას რეპუტაციული პრობლემა თანამშრომლობით“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ქვეყანაში შედგეს სრულფასოვანი და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, თუ ეს 4 პოლიტიკური პარტია, ოპოზიციის რანგში, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით ჩანაცვლდება.
„ჩვენ ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავთ ამ ოთხ პოლიტიკურ პარტიას შორის. მე ვფიქრობ, რომ რეალურად იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც გარედან ხელმძღვანელობენ ამ 4 პოლიტიკურ პარტიას, იყო სწორედ ის, რომ მომხდარიყო ე.წ. „რებრენდინგი“, ანუ 5 ნომრის მაგივრად წინ წამოწეულიყო სხვა ნომრიანი და სხვა დასახელების მქონე პარტია და, საბოლოო ჯამში, ეს მიზანი მიღწეულ იქნა. დღეს ნომერ მეორე პარტია საქართველოში ეწოდება არა „ნაცმოძრაობას“, არამედ პარტია „ახალს“, რომელიც გამოდიოდა არა 5 ნომრით, არამედ მომიჯნავე 4 ნომრით. თუმცა შინაარსით ეს არის ზუსტად იგივე პოლიტიკური პარტია, ისევე, როგორც „ლელო“ და გახარიას პარტია. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა და ამას აქვს ერთი ყველაზე მარტივი ახსნა, ისინი ერთი ცენტრიდან იმართებიან. არავითარი განსხვავება არ არის სინამდვილეში ამ პოლიტიკურ ძალებს შორის, ისინი ზუსტად ერთნაირად უპირისპირდებიან ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს დავალება ჩვენი ქვეყნის ბედისთვის. ისინი ნებისმიერ ნაბიჯზე არიან წამსვლელები და, საბოლოო ჯამში, როგორც კი ეტყვიან, რომ უნდა გაერთიანდნენ, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მარტივად გაერთიანდებიან“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, არანაირად არ აწყობდა გახარიას „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მაგრამ როგორც კი უთხრეს, შექმნეს კოალიცია რამდენიმე მუნიციპალიტეტში.
„წინასაარჩევნო პერიოდში რეალურად მაინცდამაინც არ აწყობდათ ერთი ქარტიის ქვეშ გამოსვლა, პრაქტიკულად, წინასწარ დააანონსეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, „ნაცმოძრაობა“, გახარია, „ლელო“ და „ახალი“ ერთად ქმნიდნენ სამთავრობო კოალიციას და მთავრობას. ესეც არ აწყობდათ, ამით, საბოლოო ჯამში, მათ მიიღეს რეპუტაციული ზიანი მთლიანობაში და ამის გამო დააკლდათ წინა არჩევნებთან შედარებით, ჯამში, 60 000 ხმა, მაგრამ დაავალეს, ასე იყო საჭირო და გააკეთებინეს. თვითონ უფლებაც კი არ აქვთ, რომ იკითხონ, რამდენად ღირს ამა თუ იმ დავალების შესრულება. ამიტომ, ჩემთვის განსხვავება არ არის ამ ოთხ პოლიტიკურ ძალას შორის. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ ქვეყანას სჭირდება არა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, არამედ ჯანსაღი ოპოზიცია, ჩვენ ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ვგულისხმობთ ოთხივე პოლიტიკურ პარტიას. შესაბამისად, ამოცანა რჩება ამოცანად. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს ჩვენს ქვეყანაში სრულფასოვანი, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, თუ ეს 4 პოლიტიკური პარტია ოპოზიციის რანგში ჩანაცვლდება ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით. ეს ამოცანა რჩება ძალაში. შემდეგი 4 წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად დასუსტდნენ ეს პოლიტიკური პარტიები, აბსოლუტურად არაჯანსაღი და გარედან მართული პარტიები. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ქმნიან მუდმივ რისკს, არიან მუდმივი რისკ-ფაქტორები ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ამ ამოცანის გადაჭრის გარეშე ჩვენ სიმყარის თვალსაზრისით შეიძლება გამოწვევები დაგვრჩეს. ამიტომ, შემდეგი 4 წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური პარტიები დავასუსტოთ,“- განაცხადა პრემიერმა.
ეს არჩევნები თავისი მნიშვნელობით და დატვირთვით იყო რეფერენდუმის და 2012 წლის არჩევნების ტოლფასი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ არჩევნებმა პრინციპულად განსაზღვრა ქვეყნის განვითარების ბედი.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს იმისათვის, რომ გამოგვიცხადა ძალიან მყარი ნდობა. ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა ამ არჩევნებში, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე წინა არჩევნებზე, დაახლოებით 200 000 ხმით გავზარდეთ ჩვენი მაჩვენებელი, რაც არის იმის გამოხატულება, რომ ქართველმა ხალხმა ზუსტად მიიღო ის გზავნილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წინასაარჩევნო პერიოდში. ეს იყო გადამწყვეტი არჩევნები, სადაც წყდებოდა, მათ შორის, ომისა და მშვიდობის ბედი. რა თქმა უნდა, ყველას მადლობა, ვინც მხარს გვიჭერდა ამ ბრძოლაში. ეს იყო ნამდვილი ბრძოლა, მეტი, ვიდრე არჩევნები და თქვენს ტელევიზიას მინდა მადლობა გადავუხადო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამო და სამოქალაქო პოზიციის გამო, რომელიც იგრძნობოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას არ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და ვერც ქუჩაში მიაღწევს წარმატებას.
„ქუჩას და არჩევნების მოგებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი და ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა. ამ არჩევნებზე გამოჩნდა, რომ მათ არ აქვთ არავითარი სამოქალაქო მხარდაჭერა, პირიქით, მათი მხარდაჭერა შემცირდა 4 წლის წინანდელ არჩევნებთან შედარებით, აქედან გამომდინარე, მათი რესურსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქუჩაში, ნულის ტოლია. თუმცა მათ თავი აქვთ გასამართლებელი საკუთარ მხარდამჭერებთან, ისინი საკუთარ მხარდამჭერებსაც კი ატყუებდნენ, რომ იგებდნენ არჩევნებს. ახლა ცდილობენ, სხვას გადააბრალონ ეს ტყუილი. სინამდვილეში, მათ უწევთ ამ ტყუილისთვის თავის მართლება. 2020 წელს მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, ეს იყო მოლაპარაკებები, რომელიც იძულების წესით წარიმართა ჩვენი მონაწილეობით და შემდეგ იყო აპრილის შეთანხმება, რაც ნიშნავდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის დროებით გასვლას, ეს იყო წნეხის ქვეშ ხელმოწერილი პოლიტიკური შეთანხმება. ახლა არც იმის რესურსი აქვთ, რომ ხელისუფლება აიძულონ, შევიდეს ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში და მით უმეტეს გაფორმდეს რაიმე ტიპის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ქვეყანას კიდევ ერთხელ გაიყვანს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ამიტომ, წელს ოპოზიციას იმის რესურსიც არ აქვს, რაც ჰქონდა თუნდაც 4 წლის წინ. ჩვენ ვართ ყველანაირად მომზადებული იმისთვის, რომ დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის ხმა, 1 120 000 ადამიანის ხმა. არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, იყო სამართლიანი, კონკურენტული და, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ამ პოლიტიკურ ძალებს ჩვენ ვერ მივცემთ რაიმე სხვა პროცესების წარმართვის საშუალებას,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ოპოზიციის პრეტენზიებს არანაირი საფუძველი არ აქვს.
„ხარვეზები ყოველთვის არის საარჩევნო პროცესში. გამოძიებაც დაიწყო. თუ რაიმე არის შესასწავლი, ყველაფერს გამოიძიებს პროკურატურა. ჩვენ ვაჩვენეთ სრული ღიაობა ასეთი პროცესების მიმართ. ცესკო-მ მიმართა პროკურატურას, პროკურატურამ მაშინვე გაიზიარა ცესკო-ს ეს მოწოდება, დაიწყო გამოძიება. ყველას შეუძლია, ჩაიხედოს ყველაფერში. ჩვენ ვართ აბსოლუტურად პირნათელი. არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში. რეალურად, რაიმე საბაბიც კი არ აქვთ მათ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, არაფერია სადავო წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებითაც, რაც პირდაპირ იკითხება, მათ შორის ცნობილი ენჯეოების დასკვნებიდან.
„მათივე ენჯეოების დასკვნებიდან პირდაპირ იკითხება, რომ მაგალითად წინასაარჩევნო გარემო იყო აბსოლუტურად კონკურენტული, ჯანსაღი. უპრეცედენტოდ მშვიდი იყო ეს წინასაარჩევნო პერიოდი წინა არჩევნებთან შედარებით. რომ გავიხსენოთ 2021, 2020, 2018, 2016 წლები, ეს გარემო იყო უპრეცედენტოდ მშვიდი. რაც შეეხება არჩევნების დღეს, აქ ისინი შეეჯახნენ პირდაპირ ელექტრონულ აპარატებს. მანამდე იყო გარკვეული ადამიანური შეცდომები, ხარვეზები, რაც დაკავშირებული იყო სწორედ ადამიანურ შეცდომებთან, იყო დაუბალანსებელი ოქმები და ასეთი ტიპის ხარვეზები. ახლა არჩევნები ჩატარდა ელექტრონული წესით, ამომრჩევლებმა რეგისტრაცია გაიარეს ელექტრონული წესით, ხმა მისცეს ელექტრონული წესით და ხმების დათვლა მოხდა წამებში, ღილაკზე თითის დაჭერით, ელექტრონული წესით. ასეთ პირობებში, რეალურად საერთოდ არაფერი არ არის მოსადავებელი, საერთოდ ვერაფერს ამბობენ. კარდაკარი არის ამომრჩევლის მობილიზაციის ჩვეულებრივი მექანიზმი, რასაც ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციები გვასწავლიდნენ. IRI-ის ტრენინგი ჩაუტარდათ საარჩევნო მიმართულების პარტიის თანამშრომლებს, კარდაკართან, ამომრჩევლის მობილიზებასთან დაკავშირებით პირდაპირ ასწავლიდნენ, რომ შვიდი კარდაკარი უნდა ჩაგვეტარებინა არჩევნების დღეს. ერთხელ, მეორედ, მესამედ დარეკვა, დარეკვით თუ ვერ მოდიოდა ამომრჩეველი, სახლში უნდა მიგეკითხა, საჭიროების შემთხვევაში შენ თვითონ უნდა უზრუნველგეყო, წაგეყვანა საარჩევნო უბნებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის შეფასებით, არჩევნების დღეს ამომრჩევლის მობილიზაციაზე აქცენტის გაკეთება და მისი წარმოჩენა არჩევნების არალეგიტიმურად მიჩნევის საფუძვლად, იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას სინამდვილეში სათქმელი არაფერი აქვს.
„ყველა ხედავს, რომ იყო უპრეცედენტო აქტივობა არჩევნებზე, თან ამას აღიარებენ და თან ამბობენ, რომ გაყალბდა. ჯერ დაიწყეს 300-ით, მერე 200-ზე ჩამოვიდნენ. მერე რომ ნახეს, 300 000 ხმაც არ ჰყოფნიდათ, ჩვენ 335 000 ხმით ნაკლებიც რომ აგვეღო, მაინც ვიგებდით ამ არჩევნებს, ეს რომ ნახეს, მერე თქვეს 400 000. საერთოდ საიდან მოაქვთ ასეთი ციფრები და რიცხვები. საერთოდ არ აქვთ არავითარი საფუძველი. ჩვენმა კოლეგებმა არაერთი ბრიფინგიც მიუძღვნეს ამ თემას, სადაც ბოლომდე გააბათილეს მათი აბსოლუტურად ყველა განცხადება, სიუჟეტი, შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ, რაც უნდათ ის ნახონ, გამოძიების ფარგლებში იქნება, თუ რა ფორმატშიც იქნება, ყველაფერში შეუძლიათ, ჩაიხედონ გამომდინარე იქიდან, რომ დასამალი არავის არაფერი აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა სამთავრობო გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
„მარტო ინფრასტრუქტურა რომ ავიღოთ, წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი დაიგო და იყო ერთი გვირაბი, ერთი ხიდი. გვირაბის ჯამური სიგრძე, თუ არ ვცდები, 3,5 კილომეტრი იყო და ხიდის - დაახლოებით 2,5 კილომეტრი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 299 კილომეტრი ახალი მაგისტრალური გზა არის დაგებული. რაც შეეხება გვირაბებს, 40 კილომეტრზე მეტი სიგრძის მარტო გვირაბია აშენებული. ხიდები არის აშენებული ჯამში 20 კილომეტრზე მეტი სიგრძის. მხოლოდ 68 კილომეტრი მაგისტრალი დააგეს წინა ხელისუფლების დროს, თან ეს იყო ამ მაგისტრალის ყველაზე მარტივი მონაკვეთი. ადამიანის უფლებების კუთხით იყო უმძიმესი მდგომარეობა ციხეებში, ადამიანების წამება, 2,5-ჯერ მეტი ადამიანი ჰყავდათ დაპატიმრებული, მათ შორის ძალიან დიდი ნაწილი სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი რეალური ბრალდების გარეშე. ტელევიზიების მიტაცება, ბიზნესის რეკეტი, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგეს. ერთადერთი, რასაც გვაყვედრიდნენ, იყო გზების მშენებლობა და აქაც აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 5-ჯერ უფრო ეფექტიანია ჩვენი მუშაობა, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების პირობებში. როდესაც ასეთი პოლიტიკური ძალები ჯერ კიდევ იღებენ ჯამში ხმების დაახლოებით 30-35 პროცენტს, ეს ტრაგიკულია, თუმცა მთავარია, ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ 4 წლის თავზე მათი მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდეს, არა 60 ათასით, როგორც ეს მოხდა წინა არჩევნებთან შედარებით, არამედ კიდევ უფრო მეტად. მთავარია, საკუთარი დღის წესრიგით ვიმუშაოთ და ეს დღის წესრიგი არის ქვეყნის განვითარება. ამ 4 წლის განმავლობაში ძირითადად ვიქნებით გადართული სწორედ ამ საქმეების კეთებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის ნაწილში დასახულია ძალიან მკაფიო მიზნები და ეს არის ეკონომიკის ზრდა 130 მილიარდ ლარამდე.
„90 მილიარდიდან ეკონომიკა 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, ბიუჯეტი 28 მილიარდიდან გადასცდება 40 მილიარდ ლარს. 200 000 ახალი სამუშაო ადგილიც არის აბსოლუტურად რეალური დაპირება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, ჩვენ შევქმენით 170 000 სამუშაო ადგილი. ჩვენს დაპირებებს ზურგს უმაგრებს უკვე გაკეთებული საქმე. ამ 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდით გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა, შესაბამისად, დაპირება, რომ კიდევ 40 მილიარდით გაიზრდება ეკონომიკა, ძალიან მყარ ნიადაგზეა დაფუძნებული. იგივე ეხება სიღარიბის შემცირებას. ჩვენ მოვახერხეთ სიღარიბის შემცირება 2012 წლის შემდეგ 30 პროცენტიდან 11,8 პროცენტამდე, ანუ საქართველოში მილიონ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს. ეს მაჩვენებელი უკვე შემცირებულია 680 ათასით და 440 ათასამდე არის ჩამოსული. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში, სულ მცირე დამატებით 300 ათასი ადამიანი დაძლევს სიღარიბეს და სიღარიბის მაჩვენებელი ჩამოსცდება 150 ათასს, ეს არის ის პროგნოზი და მიზანი, რომელიც გვაქვს დასახული. თვისებრივად სხვა დონეზე გადავიყვანთ ჩვენს ქვეყანას 4 წლის თავზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალ წელს უკვე გაიზრდება პენსიები, 350 ლარი იქნება მინიმალური პენსია, შესაბამისად, გაიზრდება პენსია 70 წელს გადაცილებული და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონრებისთვის.
„ჯანდაცვის სფეროში გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები. განათლების მიმართულებით გვაქვს ამბიციური პროექტი, რაც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს საუნივერსიტეტო განათლებას ჩვენს ქვეყანაში. ახალი სტადიონი და ა.შ. არის ძალიან კონკრეტული ამბიციური პროექტები, რაც გათვალისწინებულია ამ პროგრამით. ჩვენ არჩევნების მეორე დღესვე განვაახლეთ აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ყველა დაპირება შესრულდეს. აბსოლუტურად ყველა დაპირება არის შესრულებადი. ამბიციურთან ერთად, ჩვენ მიერ წარდგენილი პროგრამა არის რეალისტური. 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა გადავა განვითარების თვისებრივად ახალ დონეზე და ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა, რისთვისაც მთელი სამთავრობო გუნდი არის მზად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 7 ნოემბერს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა
ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები მიგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაკავშირებადობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის შესახებ.
დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
„ვერსია“ აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისიმ ანგარიშების შეხსენებას, რომლებიც უწყებამ გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. ამჯერად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტს გთავაზობთ. როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფო მაკონტროლებლებმა მთელი რიგი ფინანსური დარღვევები გამოავლინეს და მათ გამოსასწორებლად, რეკომენდაციებიც შეიმუშავეს, თუმცა ვიდრე დარღვევებს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რა პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია განხორციელებული საქმიანობის მოქმედი კანონმდებლობით და სხვა მარეგულირებელი ნორმებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ასევე, აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისრულესა და სისწორეზე. ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა მოიცავს შიდა კონტროლის სისტემის შემუშავებას, დანერგვასა და შენარჩუნებას, რაც საჭიროა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის პროცესის იმგვარი წარმართვისთვის, რომელიც არშეიცავს შეცდომით ან განზრახ არამართლზომიერი ქმედებით (თაღლითობით) გამოწვეულ არსებით კანონშეუსაბამობებს. ახლა, დეტალურად გავეცნოთ, რა დარღვევები გამოვლინდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
ხარვეზები ფინანსური რესურსების მართვაში
სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 2021-2022 წლების შემოსულობებმა 70.452.6 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა 63.452.1 ათასი ლარი შეადგინა.
„ორივე საბიუჯეტო წლისთვის, მუნიციპალიტეტმა არასათანადოდ შეასრულა ბიუჯეტის, როგორც შემოსულობების, ასევე, გადასახდელების მუხლები. კერძოდ, 2021-2022 წლებში, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გადაჭარბებამ ჯამში 5.399.8 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა კონკრეტულ საბიუჯეტო წლებში არ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი ფულადი რესურსის ხარჯვა.გარდა ამისა, გურჯაანის მერიამ წლის ბოლომდე ვერ აითვისა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველოს მთავრობისთანხები და ვერ უზრუნველჰყო ბიუჯეტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერმიიღო პროგრამებით გათვალისწინებული შედეგები: ძირითადად, ვერდასრულდა და დაგვიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემის, სპორტული მოედნების, სკვერებისა და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები, შეუსაბამოდ დაიგეგმა ან/და არ ჩატარდა კულტურული და სპორტული ღონისძიებები და სხვა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ საბიუჯეტო პარამეტრების არასათანადო დაგეგმვისა და შესრულების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტი ფლობდა მნიშვნელოვანიმოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს. კერძოდ, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე, ნაშთის სახით, 764.1 ათასი ლარი ერიცხებოდა.
„2021 წლისათვის დაიგეგმა 555.9 ათასი ლარის ათვისება, თუმცა ფულადი სახსრების დაგროვებამ 5.627.6 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა 6.391.7 ათასი ლარის ნაშთი, საიდანაც 3.608.4 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია. 2022 წელს, მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 5.478.2 ათასი ლარის ათვისება, თუმცა დააგროვა 1.373.3 ათასი ლარი. საბოლოოდ, წლის ბოლოსთვის, საბიუჯეტო ნაშთმა 7.765.0 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც 6.307.1 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია“.
ამ დარღვევებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტმა, 2021-2022 წლებში, ვერ უზრუნველჰყო ბიუჯეტითდაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების/პროგრამების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი, მათშორის, თავისუფალი ნაშთი. ეს მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე!
ხარვეზები ინფრასტრუქტურულ პროექტებში
სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2021-2022 წლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა 249 ხელშეკრულებით, რომელთა საერთო ღირებულება 29.734.0 ათასი ლარი იყო. მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებასა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოს მიმღები ჯგუფი. ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო სამუშაოების მიღება-ჩაბარება საექსპერტო ან/და ტექნიკური ზედამხედველის მიერ გაცემული დასკვნების გათვალისწინებით, რითაც დასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და შესრულების ვადები. სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ობიექტები ჩაიბარა დადებითი საექსპერტოდასკვნების საფუძველზე.
ამის შემდეგ, აუდიტის ჯგუფმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რის შედეგადაც გამოვლინდა დაზიანებული ობიექტები. მაგალითად, მუნიციპალიტეტმა 2022 წელს შეისყიდა ქალაქ გურჯაანში, კოტეხის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით - 183.3 ათასი ლარი. თუმცა, გზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია.
„გარდა ამისა, ხარვეზები გამოვლინდა 11 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 1.020.1 ათასი ლარია. კერძოდ, დაზიანებულია საგზაო, განათლების, სპორტისა და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები. როგორც გამოვლინდა, მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველჰყოფდა სათანადორწმუნებას სამუშაოების ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. შედეგად, ობიექტები დაზიანებულია და დამატებითირეაბილიტაციაც სჭირდება. სამწუხაროდ, გურჯაანის მერიას არ დაუდგენია ხარვეზების გამომწვევი მიზეზები, შესაბამისი პასუხისმგებელი პირები/ორგანიზაციები და არგაუტარებია სათანადო ღონისძიებები“.
გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ დათვალიერებისას გამოვლენილი დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების საგარანტიო ვადები არ იყო გასული. მიუხედავად ამისა, მერიის შესაბამის სამსახურს ყველა ობიექტის მონიტორინგი არ განუხორციელებია, რაცმუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემდა გამოეკვლია დაზიანების მიზეზები და მიმწოდებლებისთვის მოეთხოვა დაზიანებების გამოსწორება. შესაბამისად, გურჯაანის მერიამ არ გამოიყენა ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლება და არუზრუნველჰყო არსებული წუნის მიმწოდებელი ორგანიზაციების სახსრებითდროული აღმოფხვრა.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის შესაფერისი პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ მიეღო სათანადო ხარისხის ინფრასტრუქტურული პროექტები. შედეგად, მერიამ ჩაიბარა 1.203.4 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლოატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და დამატებითირეაბილიტაცია სჭირდება. მუნიციპალიტეტმა არ დაადგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები და ზარალის ანაზღაურების მიზნით არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები.
ხარვეზები შესყიდვებში
სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2021 წელს,გურჯაანის მუნიციპალიტეტმა, სოფელგურჯაანში, ქვემო წითელ უბანში შეისყიდა შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით - 428.4 ათასი ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელთან - ამხანაგობა „გზამშენი 15“.
„მუნიციპალიტეტმა სრულად აანაზღაურა ხელშეკრულების ღირებულება. ხელშეკრულების შესრულების პროცესში გამოვლინდა შემდეგი ხარვეზები: სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, მხარეები შეთანხმდნენ ხარჯთაღრიცხვის ცვლილებაზე. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი შეიცვალა ისეთი სამუშაოებით, რომელთა ღირებულებაც ტენდერის შედეგად არ იყო დადგენილი. კერძოდ, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მოწყობის სამუშაოები შეიცვალა ანაკრებით.
ხელშეკრულების კორექტირების შედეგად, გაიზარდა კონკრეტული სამუშაოების ერთეულის ფასები და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სამუშაოების სრული ღირებულება. კერძოდ, ხარჯთაღრიცხვის მიხედვით უნდა მოწყობილიყო 42.3 ათასი ლარის ღირებულების რკინა-ბეტონის ღარი და კიუვეტი, თანმდევი სამუშაოებით. ცვლილების შესაბამისად, სამუშაოების ღირებულება გაიზარდა 33.3 ათასი ლარით“.
გარდა ამისა, საგზაო სამუშაოების მოწყობის მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებაში,გურჯაანის მერიამ შესაბამისი დასაბუთების გარეშე შეცვალა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სახეობა და გაზარდა ერთეულის ღირებულებები, რამაცსამუშაოების მოცულობა შეამცირა. შედეგად, ხელშეკრულების პირობები გაუარესდა და მუნიციპალიტეტმა მიიღო დაგეგმილზე ნაკლები პროდუქტი.
ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2021-2022 წლებში, მუნიციპალიტეტი წინასწარ ანგარიშსწორებას ახორციელებდა მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი იდენტური თანხის გარანტიის საფუძველზე. საავანსო თანხა გამოიქვითებოდა შესრულებული სამუშაოების შესაბამისად.
„პროცესის შესწავლით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც გურჯაანის მერიამ არგამოიყენა შესაძლო ზარალის დამცავი მექანიზმი და გარანტორისაგან საგარანტიო თანხები დროულად არ მოითხოვა, რითაც მუნიციპალიტეტი ფინანსურად დაზარალდა. კერძოდ, 2022 წელს, მუნიციპალიტეტმა შეისყიდა მინი-მოედნის, სატრენაჟორო სივრცისა და საბავშვო მოედნის მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით - 180.0 ათასი ლარი.28 მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს გადაუხადა სულ 87.5 ათასი ლარი, მათ შორის, 30.0 ათასი ლარი - ავანსის სახით და 57.5 ათასი ლარი - შესრულებული სამუშაოს ღირებულების (73.4 ათასი ლარი) პროპორციულად, ავანსის ნაწილის დაკავებით.
მიმწოდებელმა - შპს „დიომინემ“ სამუშაოები ვერ დაასრულა, რის გამოცმერიამ ხელშეკრულება შეწყვიტა. შედეგად, გადახდილმა თანხამ 14.1 ათასი ლარით გადააჭარბა შესრულებული სამუშაოს ღირებულებას. მიუხედავად იმისა, რომ შემსყიდველის ინტერესების დასაცავად იდგა სადაზღვევო გარანტიის გამოყენების შემთხვევა, მერიამ შესაბამისი თანხა გარანტორისაგან დროულად არ მოითხოვა და ხელშეკრულება შეწყვიტა გარანტიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ“.
ანალოგიურად, 2022 წელს, ქალაქ გურჯაანში, ინფრასტრუქტურული ობიექტების შესყიდვისას, მერიამ შპს „ლისა ჯგუფთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა მიმწოდებლის მხრიდან პირობების შეუსრულებლობის გამო. სხვაობამ გადახდილ თანხასა და შესრულებული სამუშაოს ღირებულებას შორის, 7.2 ათასი ლარი შეადგინა. მერიამ არც ამ შემთხვევაში მოითხოვა დროულადშესაბამისი საგარანტიო თანხის ანაზღაურება. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ხელშეკრულებების არასათანადო ადმინისტრირების გამო, გურაჯაანის მერიამ არ გამოიყენა ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ქმედითი მექანიზმი, რითაც მუნიციპალიტეტმა დაკარგა გარანტორისაგან 21.3 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა.
ხარვეზები საწვავის ხარჯვაში
საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტი - „ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის შესახებ“, თვითმმართველობებისთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი შესრულება. გურჯაანის მუნიციპალიტეტს ამ საკითხზე ნორმატიული აქტი არ მიუღია - სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა რეგულირდებოდა მერის ბრძანებების საფუძველზე.
„2021-2022 წლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტი ფაქტობრივად, მერის ბრძანებით, დადგენილზე ორი ერთეულით მეტ სამორიგეო ავტომანქანას იყენებდა. მუნიციპალიტეტი საწვავს გასცემდა მოხელეების კერძო საკუთრებაში არსებულ 31-38 ერთეულ ავტომანქანაზე. კერძოდ, 2021-2022 წლებში, კერძო ტრანსპორტზე გამოყენებულია 44.6 ათასი ლიტრი საწვავი“.
სახელმწიფო აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის, აგაი სისტემის მონაცემები. გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულიაავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, 2021-2022 წლებში,ხუთ სატრანსპორტო საშუალებაზე, ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის რვა შემთხვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, მივლინების ან/და სხვა სახის დასაბუთების გარეშე, გურჯაანის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე, საწვავით გამართვის 129 ფაქტიც გამოიკვეთა. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ამ შემთხვევებში, დახარჯულია 24.8 ათასი ლარის ღირებულების 9.9 ათასი ლიტრი საწვავი.
„შვებულების პერიოდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილნი, ისარგებლონ მათთვის გამოყოფილი საწვავით. მიუხედავად ამისა, 2021-2022 წლებში,შვებულების პერიოდში კერძო ავტომობილების საწვავით გამართვის 30 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, გაიხარჯა 2.0 ათასი ლარის ღირებულების 730.0 ლიტრი საწვავი“.
სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიდგომა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ არარაციონალურია. კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე; საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველჰყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. შედეგად, საწვავი გამოყენებულია არაავტორიზებულ ავტომანქანებზე, ასევე, მოხელეების შვებულებაში ყოფნის დროს და კონკრეტული მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.
ავტორი-მაკა რუხაძე
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ სამი ოპოიზიციური პარტიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებთან ერთად დემონსტრანტებმა სადგურის მოედნიდან რუსაველის გამზირამდე მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტები პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს პირველმა სიტყვით მიმართა „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან ცუცქირიძემ. მან მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა გააცნო. „ჩემი აზრით, ჩვენს სტრატეგიას, ჩვენს გეგმას აქვს სამი ძირითადი მიმართულება, - თქვა ცუცქირიძემ და დემონსტრანტებს სამი პუნქტისგან შემდგარი გეგმა წარუდგინა:
1. „ჯერ კიდევ თუ ვინმე დარჩა ამ ქვეყანაში, ვისაც არ სჯერა იმის, რაც მოხდა, ვინც ფიქრობს ჯერ კიდევ რომ სადმე სამართლიანად გაიმარჯვა „ოცნებამ“, ყველასთან უნდა მივიტანოთ, ვაჩვენოთ და გავაგებინოთ ის მანიპულაცია, გაყალბება, მაქინაცია, ის რუსული ომის გეგმა, რომელიც შეარულა ამ მთავრობამ. ეს არის ერთი მიმართულება.
2. მეორე არის ის, რომ მსოფლიო დემოკრატიულმა, ცივილურმა სამყარომ არ უნდა აღიაროს არჩევნების ის შედეგები, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან წარმატებულად მუშაობს პოლიტიკური ოპოზიცია, ასევე, სამოქალაქო სექტორი. ჯერ არ ყოფილა არც ერთი დემოკრატი ლიდერი, რომელიც მიულოცავდა ამ მთავრობას გამარჯვებას და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა.
3. მესამე არის ყველაზე მთავარი: მესამე ჩვენი ხმების, ჩვენი გზის მთავარი ღერძია - ეს არის წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივობა, გარეთ ყოფნა, არა მხოლოდ რუსთაველზე, არამედ ყველგან სადაც შეიძლება შევიკრიბოთ და ერთმანეთს გავაგებინოთ ჩვენი ხმა. ეს არის ბრძოლა აუდიტორიებში, ეს არის ბრძოლა ხელოვნებით, ეს არის ბრძოლა ყველგან, სადაც ადამიანებს შეგვიძლია, ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ: პარკებში, ავტობუსებში, გაჩერებებზე, წინააღმდეგობა.
სამოქალაქო დემოკრატიული წინააღმდეგობა არის ღერძი ამ ბრძოლის. თუ ჩვენ ვიქნებით ათასი, ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ ჩვენ ვიქნებით ათი ათასი, ვერაფერს ვერ მივაღწევთ, მაგრამ თუ ვიქნებით ასი ათასი, მეტი და მეტი, მაშინ ყველაფერი გამოგვივა, მეგობრებო.
მე მინდა შეგპირდეთ ჩვენი გუნდის და ჩვენი თანამებრძოლების სახელით, ჩვენ თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე. არა მხოლოდ სცენაზე, არამედ ბრძოლის წინა ხაზზე“.
„ყოველდღიური აქციები ივანიშვილის დამარცხებამდე“
შემდეგი სიტყვით გამომსვლელი იყო, ნიკა მელია, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი. მან დაასახელა დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა - ახალი არჩევნების გამართვა.
„კითხვების დასმა ერთამანეთისთვის, როდემდე უნდა ვიყოთ ქუჩაში, რა თქმა უნდა, არის დღის წესრიგიდან მოხსნილი. იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ამ ქვეყანაში ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა და არ დამარცხდება. იქამდე უნდა ვიყოთ თბილისის მოედნებსა და გამზირებზე, სანამ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარდება“, - მიმართა შეკრებილებს მელიამ.
პოლიტიკოსის თქმით, ახალი არჩევნები ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას სჭირდება. როგორც მელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამარცხებამდე თავმოყვარე და პატრიოტი ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„ამ ქვეყანაში ჩვენი გამარჯვების გარეშე არჩვენები აღარ ჩატარდება, - თქვა ნიკა მელიამ და განაგრძო, - არცერთი თავმოყვარე და პატრიოტი ადამიანი ამ რეჟიმის პირობებში არჩევნებზე ბუნებრივია, არ წავა და თავზე ლაფს არ დაისხამს. მაშასადამე, ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები აღარ ვართ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაეცემა“.
ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციის არც ერთი პოლიტიკოსი პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
„ამ პარლამენტში ვერცერთი და არც ერთი ოპოზიციონერი არ შევა. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია... თქვენ ხართ საქართველოს დეპუტატები“, - მიმართა მელიამ დემონსტრანტებს.
მელიას განცხადებით, აქციები ყოველდღიურად გაიმართება.
„ადეკვატული იქნება ჩვენი რეაქცია. ქარიშხვლოვანი იქნება ჩვენი რეაქცია. ეს პროტესტი იქნება ყოველდღიური. ერთი რიგითი დღე არ ჩაივლის ქუჩებში პროტესტის გარეშე. საბოლოო ჯამში უახლოეს პერიოდში ეს უნდა გადაიზარდოს მზარდ საპროტესტო მოძრაობად, რომელიც წააქცევს რეჟიმს, რუსული ინსტრუქციებით და ოპერაციებით“, - თქვა მან.
ნიკა მელია მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით თბილისელებმა უნდა იაქტიურონ. „თუ ვინმე უნდა ვიყოთ ქუჩებში, უნდა ვიყოთ თბილისელები და არა მხოლდოდ თბილისელები“, - აღნიშნა მან.
მელიას თქმით, პარლამენტის შეკრების დღეს საჭირო იქნება მასშტაბური აქციის გამართვა.
„ერთ კალენდარულ დღეს, უახლოეს პერიოდში იმდენი უნდა ვიყოთ, რომ აქ [პარლამენტში] ვერავინ შევიდეს, მაგრამ რუსთაველის გამზირზე დგომა არ იქნება საკმარისი. ყველა გამზირზე უნდა ვიდგეთ, ყველა მოედანსა და ხიდზე უნდა ვიდგეთ რომ თვბილისი იყოს სავსე ხალხით“, - თქვა მან.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მომდევნო აქციის დრო და თარიღი გამოაცხადა.
5 ნოემბერს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
„ასე უნდა გავაკეთოთ ყოველდღე. გავმართოთ ყოველდღიური, დღეში რამდენიმე საპროტესტო აქცია, სანამ ჩვენ არ დავიქუხებთ ისე, როგორც ქართველ ამაყ და მართალ ადამიანს ეკადრება“, - თქვა ნიკა მელიამ.
ამ ბოლო 5 დღის განმავლობაში მე ვერ ვნახე ვერც ერთი მტკიცებულება იმის, რომ არჩევნები გაყალბდა. ვერც ერთი მატერიალური მტკიცებულება ვერ იყო წარმოდგენილი. თუ ამდენი დღის განმავლობაში ეს მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი, ე.ი. ეს მტკიცებულებები არ არსებობს. ამიტომ ჩემი შეფასებით, არჩევნები არ გაყალბდა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გლობალური საკონსულტაციო ფირმის, „მაკინზი და კომპანიის“ წარმომადგენელმა გიორგი ქობულიამ „დღის ქრონიკასთან“.
მისივე თქმით, არსებობს ორი ტიპის გაყალბება. ეს არის ზეწოლა, მოსყიდვა, დაშინება ამომრჩევლის, რომ აიძულო, ხმა მისცეს. ქობულიამ აღნიშნა, რომ მეორე გაყალბება, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის გაყალბება თვითონ ხმის მიცემის პროცესში.
„მოდით ორივე განვიხილოთ ძალიან მოკლედ. ზეწოლა, მოსყიდვა, დაშინება ამომრჩევლის, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული, თუ ასეთი ფაქტები იყო. ეს ზეწოლა, მოსყიდვა, დაშინების ფაქტები ჯერჯერობით ვერ ვნახე. არ იყო წარმოდგენილი.
რა თქმა უნდა, დარღვევები იყო და ჩვენ რომ ვთქვათ, რომ დარღვევები არ იყო, არასერიოზული იქნება. ეს დარღვევები ყველა ქვეყანაშია. ეს უნდა იყოს გამოძიებული. მაგრამ იქონია თუ არა რაიმე გავლენა ამ დარღვევებმა არჩევნების შედეგებზე, მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება“, - აღნიშნა ქობულიამ.
გიორგი ქობულია ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა ცნობილ გლობალურ საკონსულტაციო ფირმაში „მაკინზი და კომპანია“. ბოლო 10 წელი ის იყო მაკინზის უფროსი პარტნიორი - გლობალური ტოპ მენეჯერი. იგი ასევე არის საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი.
რადიკალური ოპოზიცია, არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.
„არანაირ თანამშრომლობას ივანიშვილს ჯიბის პროკურატურასთან“, რომელიც თანამონაწილეა რუსულ სპეცოპერაციაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სადაც ქართველ ხალხს მოჰპარეს არჩევნები და ამით ევროპული მომავალი, მე არ ვაპირებ“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.
საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ანა დოლიძე და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ მოხდეს საერთაშორისო გამოძიება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
პროკურატურაში გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ორგანიზაცია მის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არ აყენებს, სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათ „მათ არჩევნები მოჰპარეს“ და ეუთო/ოდირის დასკვნა ვერ იქნება მათთვის ბიბლია.