უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით მილოცვისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თითოეული გზავნილი, რომელიც იყო წარმოდგენილი განცხადებაში, არის ძალიან ყურადსაღები.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. თითოეული გზავნილი, რომელიც იყო წარმოდგენილი განცხადებაში, ჩვენთვის არის ძალიან ყურადსაღები და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს საპატრიარქომ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „დასრულდა ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს „აჭარა ბეთ არენაზე“ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გულშემატკივრობდა, - პრემიერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
საქართველო - უკრაინის მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.
ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია სახელწოდებით, "დაიბრუნე ხმა" გაიმართება.გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, ხოლო ორგანიზატორები ისაუბრებენ ხედვაზე, როგორ უნდა მივიდეთ ხელახალ და სამართლიან არჩევნებამდე.
"2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, რეალურად კი ხელისუფლებამ ამომრჩეველი მასიურად დააშინა, მოისყიდა, გააკონტროლა მათი არჩევანი და სხვების პერსონალური მონაცემების გამოყენებით მიითვისა ხმები. ეს არჩევნები არ არის!
უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, რადგან არჩევნები არ იყო ფარული და თავისუფალი. ქართულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, ათასობით საქართველოს მოქალაქესთან და თავისუფალ მედიასთან ერთად გამოააშკარავეს არჩევნების გაყალბების სქემები და შეაგროვეს მტკიცებულებები. შედეგად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო პარტნიორებმა არ ცნეს სამართლიან და თავისუფლად არჩევნებად. რუსმა ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ არჩევნებს გამოაცალოს შინაარსი – ფარულობა, თავისუფლება და სამართლიანობა, რაც საფუძველს აცლის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს. ცხადია, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ცხადია, ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ დავიბრუნოთ ის, რაც კონსტიტუციურად გვეკუთვნის – ჩვენი ხმა და არჩევანის თავისუფლება!", - ნათქვამია განცხადებაში.
“შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით ფაქტობრივად საარჩევნო პერიოდი დასრულდა”, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ოქმს ხელი მოაწერა ასევე ცესკოს მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა. საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ 53.93% მიიღო. მანდატების რაოდენობა 89, კოალიცია ცვლილებისთვის 11.03 %, მანდატების რაოდენობა 19, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა 10.17%, მანდატების რაოდენობა 16, კოალიცია ძლიერი საქართველო 8.81% მანდატების რაოდენობა 14, გახარია საქართველოსთვის 7.78 %. მანდატების რაოდენობა 12.
ცესკოში სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა.
კომისიის წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხა, რის შემდეგაც სხდომა მცირე ხნით შეწყდა. კალანდარიშვილი სხდომაზე თვალახვეული დაბრუნდა. მან ტანსაცმელიც გამოიცვალა - სხდომაზე დაბრუნებულს ჰალსტუხი აღარ ეკეთა. შესვენებისას საჭირო გახდა ცესკოს სხდომის დარბაზის გაწმენდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 35 წლის იუბილე მიულოცა.
მთავრობის მეთაური, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას და წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ოლიმპიური ჩემპიონები - ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ბექაური დააჯილდოვეს.
ლერი ხაბელოვმა ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედლები გადასცა.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ 2024 წელი სპორტის არაერთ სახეობაში მიღწეული შედეგებით გამორჩეულად წარმატებული იყო.
ცერემონიას ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ქართული სპორტის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წინასაარჩევნო პერიოდში ყველაფერი ჩატარდა სუფთად, იყო უპრეცენდენტოდ მშვიდი გარემო და ეს შეგიძლიათ ნახოთ მათივე NGO-ების დასკვნებში, ვერაფერი დაწერეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "აქტუალური თემა" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში იმიტომ, რომ მანქანებს შეეჯახნენ და ელექტრონულ აპარატებს ებრძვიან.
„დაფიქსირდა უპრეცენდენტო აქტივობა, რასაც ყველა აღიარებს. ისინი წერენ კიდეც facebook-ზე, მათ შორის, საჯაროდ ამბობენ, რომ 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი გამოვიდა. საბოლოო ჯამში დაფიქსირდა დაახლოებით 2 075 000 ამომრჩეველი და ყველა აღიარებს იმას, რომ ეს უპრეცენდენტო აქტივობა იყო სახეზე, რომ ამდენი ამომრჩეველი მივიდა ფიზიკურად საარჩევნო უბნებზე. ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს, რომ 2 075 000 ამომრჩეველი მივიდა, 2 100 000-მდე მივიდა, იყო ბათილი ბიულეტენების მცირე რაოდენობა, საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 2 075 000 ხმა, ანუ ყველა აღიარებს, რომ 2 მილიონზე მეტი. ის, რომ 2 075 000 ამომრჩევლის ხმა დაფიქსირდა, არის უტყუარი ჭეშმარიტება, რომელსაც არავინ უარყოფს. ამ ადამიანებმა ხმა მისცეს აპარატების მეშვეობით და საბოლოო ჯამში, ერთ წამში ღილაკზე თითის დაჭერით ამოიბეჭდა საარჩევნო ოქმები, სადაც ასახულია არჩევნების შედეგები. აქ ხომ მანიპულაცია გამორიცხულია. ყველა აღიარებს, რომ ეს 2 075 000 ადამიანი რეალურად მივიდა და ვიღაცას მისცა ხმა, ვის მისცა ხმა, ეს არის დაფიქსირებული საარჩევნო ოქმებში, რაც აპარატმა ამობეჭდა. ეს არ იყო ვიღაცის მიერ დათვლილი. გაყალბება თუ ხდება, შეიძლება მოხდეს მაგალითად იგივე ხმების დათვლის დროს, როცა იქ რაღაც მანიპულაციები მიმდინარეობს. არავითარი შანსიც კი არ არსებობდა მანიპულაციის. რეალურად, აპარატში შევიდა ოქმები, ეს ოქმები ამოიბეჭდა, მერე ხელითაც იქნა გადათვლილი ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, 2 075 000 ამომრჩეველი არის უტყუარი ფაქტი და ამ ადამიანებმა შემდეგ რომ კონკრეტული არჩევანი გააკეთეს, ესეც უტყუარად დასტურდება საბოლოო ჯამში იმ ოქმებით, რომლებიც ამოიბეჭდა.
„ერთადერთი რჩება ხმის ფარულობა, რასთან დაკავშირებითაც 3 დღის განმავლობაში არავითარი განსაკუთრებული განცხადებები არ გაკეთებულა. როცა ნახეს, რომ საბოლოო ჯამში, არაფერი აღარ იყო სათქმელი, გადაერთნენ ხმის ფარულობის თემაზე. ვინც სწორად აძლევდა ხმას, ყველა ამომრჩევლის შემთხვევაში დაცული იყო ხმის ფარულობა. თუ ვინმეს არასწორად შეჰყავდა საკუთარი ოქმი აპარატში, მაშინ შეიძლებოდა ხილული გამხდარიყო მიცემული ხმა. იგივე შეიძლება მოხდეს, რა თქმა უნდა, არაელექტრონული არჩევნების შემთხვევაშიც, მაგრამ აქ ერთი საინტერესო დეტალი რა არის, რომ ჩვენ ხომ გვქონდა ხმების ზრდა და ერთნაირი ზრდა დაფიქსირდა პლუს-მინუსით, როგორც ელექტრონულ, ასევე არაელექტრონულ უბნებზე. უფრო მეტიც, არაელექტრონულ უბნებზე, სადაც საერთოდ არ დგას დღის წესრიგში ხმის ფარულობის საკითხი, არავინ აპროტესტებს იმიტომ, რომ კონვერტში იდებოდა ბიულეტენები და ისე ვარდებოდა დახურულ ყუთში, იქ კიდევ უფრო მეტი ზრდა დაგვიფიქსირდა. იყო რეგიონებში უფრო მაღალი ზრდა, ვიდრე შესაბამის უბნებზე. ხმის ფარულობასა და არჩევნების შედეგებს შორის რომ არავითარი კავშირი არ იყო, ესეც უტყუარი ფაქტებით დასტურდება. სინამდვილეში საერთოდ მოსადავებელი არაფერი არ არსებობს. 400 000 ხმაზე ლაპარაკობენ. ჯერ დაიწყეს 300 000-ით, მერე რომ ნახეს, რაღაც ძალიან ჭარბ რიცხვებზე საუბრობდნენ, ჩამოვიდნენ 200 000-ზე, მერე დათვალეს, რომ ჩვენ გვყოფნიდა დაახლოებით 325 000 ხმით ნაკლები იმისათვის, რომ მოგვეგო არჩევნები და მერე დაიწყეს ლაპარაკი 400 000-ზე. ამ რიცხვებსაც ჰაერიდან აბრახუნებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონებს ასევე ჰქონდათ პროგრამა მაქსიმუმი, რაც ხელისუფლების შეცვლას და ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას გულისხმობდა.
„მათთვის არსებობდა პროგრამა მაქსიმუმი და პროგრამა მინიმუმი. პროგრამა მაქსიმუმი იყო ხელისუფლების შეცვლა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ არსებობდა ასევე პროგრამა მინიმუმი, ეს იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაწევრება, რათა იმაზე მეტი შედეგი მიეღოთ, მათ შორის 5-პროცენტიანი ბარიერის გათვალისწინებით, ვიდრე სხვა შემთხვევაში მიიღებდნენ. მაგალითად რომ ავიღოთ ჩვენ წინა არჩევნების შედეგები, მაშინ დაახლოებით 30 პროცენტი მიიღო „ნაცმოძრაობამ“, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ვგულისხმობ, თეორიულ 5-პროცენტიან ბარიერს ვერც ერთ სხვა პარტია ვერ ლახავდა. „ლელოს“ ჰქონდა 3 პროცენტი, „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა 4 პროცენტამდე და ა.შ. 5 პროცენტი არც ერთ პარტიას არ ჰქონდა, იგივე რომ გამეორებულიყო ახლა, „ნაცმოძრაობა“ აიღებდა 30 პროცენტზე ცოტა ნაკლებს, რადგან ჩვენი პროცენტი გაიზარდა. პირობითად ავიღოთ 25 პროცენტი „ნაცმოძრაობას“, მაგრამ მაღალი ალბათობით, ვერც ერთი სხვა ოპოზიციური პარტია ვერ გადალახავდა საარჩევნო ბარიერს. პროგრამა მინიმუმი რაც იყო, რასაც მიაღწიეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონებმა - მათ დაშალეს 4 ნაწილად ეს პოლიტიკური ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და საბოლოო ჯამში მოახერხეს ის, რომ 4 სუბიექტად შეიყვანეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში. მთლიანობაში ამ ოთხმა პარტიამ მიიღო 38 პროცენტი, ანუ ბარიერგადალახულმა პარტიებმა მთლიანობაში აიღეს 38 პროცენტი, როდესაც ერთი „ნაცმოძრაობის“ პირობებში 25 პროცენტით შევიდოდა ერთი პოლიტიკური პარტია პარლამენტში. ეს მათთვის არის შედეგი, მიღწევა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მგონია, რომ პატრონები დავალებას მისცემენ ამ ოთხივე პარტიას, რომ ისინი ბოლოს შევიდნენ პარლამენტში, რადგან ეს არ არის დასაკარგი შედეგი მათთვის. პროგრამა მინიმუმი არის შესრულებული და შესაბამისად, ისინი ამ შედეგს აუცილებლად გაუფრთხილდებიან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სუვერენიტეტის დაცვაზე გადის ეროვნული ინტერესების დაცვის ხაზი და ამ პოლიტიკის გატარება გაგრძელდება მომავალშიც.
„ჩვენი საარჩევნო სლოგანი იყო მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ. აქ ღირსება იყო ერთ-ერთი საკვანძო სიტყვა. თუ ღირსებით არ აწარმოებ შენს პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ვერ დაიცავ სათანადოდ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. მნიშვნელოვანია, ყველგან ვაჩვენოთ ჩვენი პრინციპები, სადაც ვიღაც ცდილობს, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში, იქ ჩვენ ღირსეულად უნდა დავიცვათ საკუთარი პოზიციები. ხშირად ცდილობენ უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები, რომ უხეშად ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში და გადაგვიწყვიტონ, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, მათ შორის ძალიან ხშირად გვთხოვენ ისეთ რამეს, რაც პირდაპირ ნიშნავს ქვეყნისთვის უმძიმესი პრობლემების მოტანას საკუთარი ხელით. მაგალითად, გვთხოვენ სანქციების დაწესებას, რაც ნიშნავს პირველივე წელს ჩვენი ეკონომიკის სულ მცირე 10 პროცენტით შემცირებას, რაც არის ეკონომიკური კატასტროფა. ქვეყნისთვის, ხალხისთვის, საზოგადოებისთვის ეს იქნება ძალიან დიდი კატასტროფა. ასეთი ჩარევები არის მიუღებელი. ჩვენ მომავალშიც თავს დავიცავთ ნებისმიერი ჭარბი ჩარევის მცდელობებისგან. მეგობრობა ერთია, მაგრამ მეორეა ის, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ამ პრინციპების დაცვის გარეშე, ვერავითარი სამართლიანი ურთიერთობები ვერ შედგება. ასეთი დამოკიდებულება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, შესაბამისად, სუვერენიტეტის დაცვაზე გადის ეროვნული ინტერესების დაცვის ხაზი და ამ პოლიტიკას გავატარებთ ჩვენ მომავალშიც. ერთია პარტნიორობა, მეგობრობა, მაგრამ მეორეა ის, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.