Artemis II-ის ეკიპაჟი მთვარის გარშემო ისტორიული მოგზაურობის შემდეგ დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა, რაც NASA-სთვის Artemis-ის პროგრამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპად იქცა. მისია ტექნოლოგიური გარღვევის დემონსტრირებასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კოსმოსური პროექტის ნაწილია. მისი სრული ფინანსური მასშტაბი ოფიციალურად არ არის გამოქვეყნებული, თუმცა არსებული შეფასებებით ის უკვე ათობით მილიარდ დოლარს აჭარბებს.
NBC News-ის ინფორმაციით, პროგრამის მთავარი კომპონენტი, Space Launch System (SLS) რაკეტა თავდაპირველად 2016 წელს უნდა გაშვებულიყო და მისი ღირებულება დაახლოებით 5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა დაგვიანებებისა და ტექნიკური სირთულეების გამო, დღეს მისი ფასი დაახლოებით 20 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
NASA-ს მონაცემებისა და დამოუკიდებელი შეფასებების მიხედვით, Space Launch System-ის (SLS) რაკეტასა და Orion-ის კოსმოსურ ხომალდზე ჯამში უკვე 44 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა. განსაკუთრებით მაღალი ხარჯები Orion-ის კაფსულას უკავშირდება, რომლის განვითარებაც 2006–2022 წლებში დაახლოებით 20 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. NASA-ს გენერალური ინსპექტორის ოფისის 2021 წლის აუდიტის მიხედვით კი, Artemis-ის პროგრამის საერთო ღირებულება 2025 ფისკალურ წლამდე დაახლოებით 93 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ხოლო SLS-ისა და Orion-ის გამოყენებით ერთი გაშვების ღირებულება დაახლოებით 4.1 მილიარდ დოლარს აღწევს.
პროგრამის ფინანსურ დატვირთვას კიდევ უფრო ზრდის მომავალი გეგმები. NASA განიხილავს მთვარის ზედაპირზე გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის შექმნას, რისთვისაც დამატებით დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული. პარალელურად, Artemis III და შემდგომი მისიები მოიცავს კომერციული პარტნიორების, მათ შორის SpaceX-ისა და Blue Origin-ის, სადესანტო სისტემების გამოყენებას, რომელთა განვითარება ასევე დამატებით ხარჯებთან და შეფერხებებთან არის დაკავშირებული.
მიუხედავად კრიტიკისა, რომელიც პროგრამის მზარდ ღირებულებასა და დაგვიანებებს ეხება, NASA ხაზს უსვამს, რომ Artemis-ის მიზანი მხოლოდ მთვარეზე დაბრუნება არ არის. სააგენტოს ხედვით, პროგრამა უნდა გახდეს საფუძველი მთვარეზე ხანგრძლივი ყოფნისთვის და მომავალი მისიებისთვის მარსზე, რაც Artemis-ს თანამედროვე კოსმოსური კვლევის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ და გრძელვადიან ინიციატივად აქცევს.
bm.ge
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ზემო ვინდის“ ქარის ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.
ქარის ელექტროსადგური მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში. სადგურის დადგმული სიმძლავრეა 18.75 მგვტ, ხოლო საპროექტო წლიური გამომუშავება 67.20 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს.
შპს “ზემო ვინდის” საკუთრებაში არსებული ქარის ელექტროსადგური 3 აგრეგატისგან შედგება. თითოეული აგრეგატის დადგმული სიმძლავრეა 6.25 მგვტ.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს კომუნალური მომსახურების კომპანიების სახელით გაურკეველი პირების მიერ მოქალაქეებთან განხორციელებულ ზარებს.
გაურკვეველი პირები მოქალაქეებს სთხოვენ პირადი მონაცემებისა და საბანკო ინფორმაციის გაზიარებას, რიგ შემთხვევებში სთავაზობენ ადგილზე მისვლას ან/და სხვადასხვა ფინანსურ ოპერაციის შესრულებას ტელეფონით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) აფრთხილებს მოსახლეობას: აღნიშნული სატელეფონო ზარები არ ხორციელდება კომუნალური კომპანიების მიერ.
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი ტიპის სატელეფონო ზარების შემთხვევაში არ გააზიარონ პერსონალური მონაცემები. საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ იმ კომუნალურ კომპანიას, რომლის სახელითაც ხორციელდება ზარი ან დაუკავშირდნენ სემეკს ქოლცენტრის ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან).
საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ახალი - C5 კატეგორიის ვიზის შემოღებას ითვალისწინებს. პროექტი მაღალი მსყიდველუნარიანობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ინვესტორების მოზიდვას ისახავს მიზნად.
ახალი კანონპროექტით, C5 კატეგორიის ვიზა იქნება მრავალჯერადი, 5 წლის მოქმედების ვადით, რაც მფლობელს უფლებას მისცემს საქართველოში ჯამურად 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდეს. აღნიშნული ვიზა ასევე გავრცელდება პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ კატეგორიის ვიზის მფლობელებს შეეძლებათ დისტანციური საქმიანობის განხორციელება არარეზიდენტი პირების სასარგებლოდ.
ფინანსური თვალსაზრისით, C5 ვიზის (მათ შორის ელექტრონული ფორმით) გაცემისთვის დაწესებული მოსაკრებელი და ბაჟი 20-დან 500 აშშ დოლარამდე განისაზღვრება.
ინიციატორების განმარტებით, ცვლილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას, ტურიზმის სექტორისა და მომსახურების სფეროს განვითარებას. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შეზღუდვას. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით იგეგმება.
"C5 კატეგორიის გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის ტურისტული მიზნით და რომელსაც ასევე აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ თუ ის “უკავშირდება არარეზდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას. ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე.
C5 კატეგორიის ვიზის შემოღება წარმოადგენს მიზნობრივ და თანამედროვე ეკონომიკურ ინსტრუმენტს, რომელიც მიმართულია მაღალი გადახდისუნარიანობის მქონე უცხოელი ვიზიტორების მოზიდვისკენ. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ შეძლებული ტურისტები გამოირჩევიან მაღალი მსყიდველუნარიანობით და ქმნიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს მასპინძელი ქვეყნისთვის. მათი ვიზიტები ზრდის ტურიზმის სექტორში შემოსავლებს აძლიერებს მომსახურების სფეროს და უზრუნველყოფს უცხოური ვალუტის სტაბილურ შემოდინებას. C5 ვიზა ქმნის ინვესტიციების მოზიდვის დამატებით შესაძლებლობას. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაღალი ქონებრივი სტატუსის მქონე ვიზიტორები ხშირად ინტერესდებიან ბიზნესის დაწყებით, რაც ეკონომიკაში დამატებითი კაპიტალის შემოდინებას იწვევს. შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა შეიშლება იქცეს ინვესტიციების სტიმულირების ეფექტურ მექანიზმად,"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორები არიან - ლევან მახაშვილი, ვახტანგი თურნავა, ლიკა შარტავა, დავით დოლიმე, ირაკლი შატაკიშვილი, ვიქტორ სანიკიმე, გიორგი ჩაკვეტაძე.