ძველი მეგობრები - კრიშტიანუ რონალდუ და ჟოზე მაურინიო ერთმანეთს შეხვდნენ, დაახლოებით, ერთი საათი ისაუბრეს, ისადილეს და რაღა თქმა უნდა, ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჟურნალისტებმა ივარაუდეს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი, თანამემამულე ფეხბურთელს, „ფენერბაჰჩეში“ ეპატიჟება.
„რონალდუ ჩემი მეგობარი და უბრალოდ ვისაუბრე. ის 39 წლის გახლავთ და ახლა ორი მიზანი აქვს - როგორმე 1000-გოლიან ნიშნულამდე ავიდეს და კარიერის ბოლოს, რაც შეიძლება მეტი თანხა გამოიმუშაოს. საუდის არაბეთში ის წლიურად 200 მილიონს იღებს, „ფენერბაჰჩეში“ კი, ამის მეათედსაც ვერ შევთავაზებ. ის სტამბოლში მხოლოდ ამ ქალაქის სილამაზის გამო თუ ჩამოვა“, - განაცხადა ჟოზემ.
ქართველი მებრძლი ქალი სოფია ბაღიშვილი ბიშკეკში გამართულ ტურნირში საასპარეზოდ განსაკუთრებით ემზადებოდა. საქმე ის გახლავთ, რომ კარიერაში პირველად, სოფიას ზედიზედ სამი მარცხი დაუგროვდა და მისთვის ამ ორთაბრძოლის მოგება კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახლდათ. მისი მეტოქე გამოცდილი რუსი მებრძლი, მარინა შუტოვა იყო და ფავორიტადაც სწორედ ის მიიჩნეოდა, თუმცა სოფიამ მტკივნეული ილეთით მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
„ყველამ იცის, საქართველოში რა ხდება. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და დიდი პრობლემები გვაქვს. მინდა, ეს გამარჯვება ჩემს სამშობლოს, საქართველოს და აგრეთვე, ჩემს მეორე ქვეყანას, უკრაინას მივუძღვნა“, - განაცხადა გამარჯვების შემდეგ, ბაღიშვილმა.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში მეორელიგელი „სპაერისა“ და თბილისის „დინამოს“ დაპირისპირების უპირობო ფავორიტი, რაღა თქმა უნდა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი იყო. ის, რომ „სპაერი“ ფინალში გავიდა, უკვე უდიდეს სენსაციად შეირაცხა, რადგან მეორე ლიგის გუნდს, მანამდე ერთადერთხელ ჰქონდა თასი მოგებული (2011 წელს, ეს „გაგრამ“ მოახერხა).
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა და დაინიშნა საფეხბურთო ლატარეა ანუ პენალტების სერია, რომელშიც უფრო ზუსტი „სპაერის“ ფეხბურთელები აღმოჩდნენ და არსებობის არც თუ დიდხნიან ისტორიაში, პირველი ტიტული მოიპოვეს. რაც შეეხება „დინამოს“, მას ჩავარდნილი სეზონის გადარჩენის შანსი, სწორედ თასის მოგებით ჰქონდა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა, სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა და გაისად ვერც ევროთასებზე ითმაშებს. ისე კი, „სპაერი“ მე-13 კლუბია, რომელსაც საქართველოს თასი აქვს მოგებული. რაც შეეხება დანარჩენებს, ეს ტიტული თავის დროზე შემდეგმა კლუბებმა მოიგეს: „დინამო“ თბილისი - 13, „ტორპედო“ - 5, „ლოკომოტივი“ - 3, „იბერია 1999“ (ყოფილი „საბურთალო“) - 3, „ამერი“ - 2, „გაგრა“ - 2, „დინამო“ (ბათუმი) - 1, „ზესტაფონი“ - 1, „ჩიხურა“ - 1, „გურია“ - 1, „ვიტ ჯორჯია“ - 1, „დილა“ - 1, „სპაერი“ - 1.