ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, – რჩეული თერთმეტეული უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.
მიუხედავად იმისა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვარსკვლავი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/8-ფინალის პირველ მატჩში მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ამ შეხვედრაში.
კვარაცხელიას მოედანზე შესვლის დროს ანგარიში 2:2 იყო. 74-ე წუთზე მისი გადაცემით ვიტინიამ პარიზელები წინ გაიყვანა, ხოლო 86-ე და 90+3-ე წუთებზე ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელია გუნდში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია – მის ანგარიშზე 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა - „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „ჩელსი“ 5:2 დაამარცხა.
პარიზელები ორჯერ დაწინაურდნენ ბარკოლას (10 წუთზე) და დემბელეს (40) გოლებით, მაგრამ ინგლისელებმა ორივეჯერ გაათანაბრეს. ლონდონელებიდან თავი გუსტომ (28) და ფერნანდესმა (57) გამოიჩინეს.
კვარაცხელია მოედანზე 62-ე წუთზე გამოვიდა და თამაში შეცვალა. 74-ე წუთზე ქართველი ვარსკვლავის გადაცემით ვიტინიამ პარიზელები ისევ წინ გაიყვანა, ხოლო 86-ე და 90+3-ე წუთებზე ხვიჩამ დუბლი შეასრულა და მატჩის გმირი გახდა. მას ლიგაზე 6 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა.
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის ლონდონში 17 მარტს გაიმართება.
2029 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის სამი ქვეყანა იბრძოლებს. ბრაზილიისა და მაროკოს შემდეგ, კანდიდატთა სიას მექსიკაც შეუერთდა. ფიფა საბოლოო გადაწყვეტილებას 2026 წლის დეკემბრიდან 2027 წლის მარტამდე პერიოდში მიიღებს.
ბრაზილია განაცხადს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზების გამოცდილებასა და უკვე არსებულ ინფრასტრუქტურაზე ამყარებს. ქვეყანას თანამედროვე სტადიონები და ძლიერი საფეხბურთო ტრადიცია აქვს. ამავე დროს, მაროკო საკუთარ ამბიციურ პროექტს წარადგენს – სახელმწიფომ სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა და რადგან 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია, საკლუბო მუნდიალს გენერალურ რეპეტიციად მიიჩნევს.
კანდიდატებს შორის მექსიკაც სერიოზულ არგუმენტებს წარმოადგენს. ქვეყანა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ისეთ ისტორიულ არენებზე უმასპინძლებს, როგორიცაა „აცტეკა“ და „აკრონი“. ლიგა MX-ის პრეზიდენტის განცხადებით, მექსიკას აქვს საჭირო ინფრასტრუქტურა და საკომუნიკაციო შესაძლებლობები ასეთი მასშტაბის ტურნირის ორგანიზებისთვის. არჩევანის გაკეთებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ისიც, თუ რა დონეზე ჩატარდება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი.
ტატო გრიგალაშვილმა ზემო ავსტრიის გრანპრის ოქრო მოიპოვა, - ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის ფინალში, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები - ტატო გრიგალაშვილი და ლუკა ჯავახიშვილი შეხვდნენ.
ოქროს მედლის მფლობელი გრიგალაშვილი გახდა, რომელმაც 20 წლის ჯავახიშვილი იპონით დაამარცხა.
დღეს ფინალურ ბლოკში ასევე იასპარეზებს მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი - ის ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ჯამალ გამზადხანოვს შეხვდება.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებსა და რუმინეთის ნაკრებს შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი ავჭალის სტადიონზე ჩატარდა. „ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის ნაკრები 53:30 დაამარცხეს და ესპანეთში გამგზავრების საგზური მოიპოვეს.
მატჩში საუკეთესო მორაგბედ თორნიკე ჯალაღონია დასახელდა.
ამ თამაშით „ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი კიდევ ერთხელ შეინარჩუნეს.
ეროვნული ნაკრების თამაშს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო.