„ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას. ფიცი დავდეთ სცენაზე, რომ ეს კაცი ამ თეატრში ვეღარ იქნება,“ – თქვა დღეს, 4 სექტემბერს, ბათუმის დრამატული თეატრის დასის შეკრების შემდეგ მსახიობმა მაია ცეცხლაძემ.
ბათუმის დრამატული თეატრის დასი თეატრის დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას ითხოვს. მსახიობთა თქმით, ამის მიზეზი ის უპატივცემულობაა, რაც თეატრის დირექტორმა მათი გარდაცვლილი კოლეგის, ოთარ ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ გამოიჩინა.
დღეს, 4 სექტემბერს, ბათუმის დრამატული თეატრის დასი თეატრის დირექტორს ნუკრი ქანთარიას შეხვდა. თუმცა შეხვედრა დაგეგმილზე ადრე დასრულდა. მსახიობების თქმით, ნუკრი ქანთარიამ სამძიმრის თქმის ნაცვლად შეხვედრა გასტროლებზე საუბრით დაიწყო, რასაც დასის მხრიდან შეკითხვები მოჰყვა. ნუკრი ქანთარიამ პასუხად შეხვედრა დატოვა.
„შეხვედრა დაიწყო გასტროლებზე საუბრით. რომ გეგმავს გასტროლს. არც კი უხსენებია ოთო ქათამაძე, ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა, რომელიც ერთი კვირაა რაც დავკრძალეთ. მინიმუმ მეგონა, რომ წუთიერი დუმილით დაიწყებდა ამ შეხვედრას. ახლა მის ბოდიშსაც აზრი აღარ აქვს. ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ბოდიშს აზრი აღარ აქვს და ახლაა ეს მომენტი,“ – ამბობს მსახიობი თათია თათარაშვილი.
შეხვედრის დეტალებზე „ბათუმელებთან“ ისაუბრა მსახიობმა ავთო ქარჩავამ.
„მეგონა წუთიერი დუმილით დაიწყებდა შეხვედრას, მაგრამ დაიწყო გასტროლებზე საუბრით. ავდექი, სიტყვა ვითხოვე და მივმართე დასს. „რაც ჩაიდინა, ოთო ქათამაძის პანაშვიდზე არ ჩამოსვლით, რომელიმე გაამართლებთ ამის საქციელს მეთქი?“ დასი გაჩუმდა.
მე მოვუბრუნდი და ვუთხარი – ეს არის ვერდიქტი, რომ თქვენ დატოვოთ აქაურობა და წახვიდეთ-მეთქი. დასიდან არავინ მას მხარი არ დაუჭირა. და მე ვუთხარი – წადი თეატრიდან.
ნუკრი ქანთარიამ მითხრა – მე თქვენ გაგაგდებთო. ვნახოთ ვინ ვის გააგდებს,“ – ჰყვება „ბათუმელებთან“ შეხვედრის დეტალებზე მსახიობი ავთო ქარჩავა.
რას ითხოვენ მსახიობები? – ბათუმის დრამატული თეატრის დასის წევრები ამბობენ, რომ ნუკრი ქანთარიამ სამძიმარიც კი არ გამოხატა ოთო ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ.
ეს ფაქტი ნუკრი ქანთარიამ დღეს ჟურნალისტებთან შემდეგნაირად ახსნა: „არ ვიყავი არც ბათუმში და ისეთ ადგილას ვიყავი, რომ ვერ მოვახერხებდი ჩამოსვლას. თუმცა რაც ჩვენს გვერდზე დაიწერა, ყველა ჩემი სახელით იყო.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ დატოვა შეხვედრა, ნუკრი ქანთარიამ თქვა: „იმიტომ, რომ აღელვებულები არიან და შემდეგში გავმართავთ. პროვოკაციებზე არის ზოგიერთი“.
ბათუმის დრამატული თეატრის დასი ითხოვს აჭარის კულტურის მინისტრთან შეხვედრას და მისგან ნუკრი ქანთარიას გათავისუფლებას. მსახიობთა თქმით, თუ ნუკრი ქანთარიას არ გაუშვებენ, მაშინ ისინი სულხან თამაზაშვილთან მივლენ ანალოგიური მოთხოვნით.
პარლამენტის ყოფილი წევრი, დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კონკურსის გარეშე დანიშნეს 2022 წელს. მისი დირექტორობის პერიოდში არაერთხელ იყო დაპირისპირება მსახიობებსა და მას შორის.
მაგალითად: 2024 წელს ნუკრი ქანთარიამ საყვედური გამოუცხადა მსახიობებს, პროევროპული პროტესტისას დაგეგმილ გაფიცვისკენ მოწოდებაში – ამ მსახიობებს შორის იყო ოთარ ქათამაძეც.
ასევე, 2025 წლის გაზაფხულზე ნუკრი ქანთარიამ 6 თვით შეუჩერა ხელფასი დრამატული თეატრის მსახიობს, მეგი კობალაძეს. ასევე, ნუკრი ქანთარიამ 2025 წლის მარტში სამსახურიდან გაათავისუფლა მსახიობი თორნიკე ბარამიძე, რომელიც პროევროპული აქციების მონაწილე იყო.
წყარო: "ბათუმელები"
საოპერო მომღერლები პლანეტის ყველაზე ნიჭიერი ვოკალისტები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში ამუშავებენ მუსიკასა და თეატრთან დაკავშირებულ ათობით ტექნიკას, რათა წარმოდგენის შინაარსი სრულად მიიტანონ მაყურებლამდე.
საოპერო მომღერლის საქმიანობა, ნიჭთან ერთად, ემოციურ ინტელექტსა და ანალიტიკურ უნარებსაც მოითხოვს. მათი დროის ძირითადი ნაწილი ისეთი ტექსტების სწავლასა და გარჩევას ეთმობა, რომლებიც მათ მშობლიურ ენაზე დაწერილი არ არის. საოპერო წარმოდგენათა ძირითადი ნაწილი იტალიურ, გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე სრულდება.
სოლო მომღერლებისა და გუნდის წევრების რეპეტიციები, ორკესტრთან ერთად, ყოველდღიური ხასიათისაა და ხშირად 10 საათს გრძელდება. გარდა ამისა, შემსრულებლები კიდევ უფრო მეტს ვარჯიშობენ იმისთვის, რომ სცენაზე მათი თითოეული ნაბიჯი გუნდთან კოორდინირებული და ზუსტად შესრულებული იყოს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არც თუ ისე ბევრი პროფესია მოიძებნება, რომელიც საოპერო მომღერლის მსგავს სიღრმისეულ ცოდნას, გამოცდილებას, კონცენტრაციასა და ნიჭს მოითხოვს. თითოეული განსაცვიფრებელი საოპერო წარმოდგენა, რომელიც მაყურებლის თვალით შემსრულებელთა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ტარდება, რამდენიმეთვიანი თუ წლიანი ვოკალური ათლეტიზმის, თანამშრომლობისა და გამძლეობის შედეგია.
კითხვაზე, რამდენად სამართლიანად ითარგმნება საოპერო მომღერალთა შრომა მათ ანაზღაურებაში, პასუხები არაერთგვაროვანია. ამ სფეროში სახელფასო დიაპაზონი წლიურად $60 ათასი დოლარიდან $200 ათას დოლარამდე მერყეობს, პროფესიონალ შემსრულებელთა ძირითადი ნაწილი კი საშუალოდ $70 ათას დოლარს მაინც გამოიმუშავებს.
მუსიკალური თეატრის შემსრულებლების მსგავსად, საოპერო მომღერლების ანაზღაურებაც თითოეული დადგმის შესაბამისად განისაზღვრება. საოპერო სეზონი, როგორც წესი, სექტემბრიდან მაისამდე მიმდინარეობს, წლის წარმოდგენებზე მსახიობთა შესარჩევი ეტაპი კი ერთი წლით ადრე, ოქტომბრის თვეში ინიშნება. სწორედ ამ პერიოდში ცდილობენ ოპერის მომღერლები, რაც შეიძლება მეტი როლი მიიღონ და ამისთვის არც უცხო ქალაქებსა და ქვეყნებში გამგზავრებას ერიდებიან. საერთაშორისო ტალანტები, როგორც წესი, ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში ჩადიან ახალი როლის საძიებლად, ამერიკელი შემსრულებლები კი ევროპულ ქალაქებს, რომს, ბერლინსა და პარიზს ანიჭებენ უპირატესობას.
კარიერის დასაწყისში ოპერის მომღერალთა ანაზღაურება, შესაძლოა, 15 ათას დოლარს არ აღემატებოდეს. გამოცდილი და აღიარებული ვოკალისტებისთვის კი ანაზღაურება 250 ათას დოლარსაც აღწევს. ყველაზე მაღალი ეშელონის შემსრულებლები ამ საქმიანობით მილიონობით დოლარსაც გამოიმუშავებენ.
მაგალითად, ლირიკული სოპრანო ანა ნეტრებკო ერთ-ერთია რუსი წარმოშობის საოპერო მომღერალთა იმ მცირე ჩამონათვალში, ვინც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. ნეტრებკო, რომელსაც არაერთი წარმოდგენა გაუმართავს ვენის, მილანის, ლონდონისა და ნიუ-იორკის საოპერო სახლებსა და ლა სკალაში, 30 მილიონ დოლარად შეფასებულ ქონებას ფლობს.
80 მილიონ დოლარადაა შეფასებული ხოსე კარერასის, ესპანელი ტენორის ქონებაც. ბარსელონაში დაბადებული ვოკალისტის დებიუტი სცენაზე 11 წლის ასაკში შედგა და მას შემდეგ კარერასმა 60-მდე როლი მოირგო, მათ შორის, ვერდისა და პუჩინის წარმოდგენებში.
იტალიელი ტენორი, ანდრეა ბოჩელი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საოპერო მომღერალია, რომლის ქონებაც 130 მილიონ დოლარადაა შეფასებული. 1994 წლის შემდეგ ბოჩელის ანგარიშზეა 15 სტუდიური სოლო ალბომი, კლასიკური მუსიკისა და პოპის სინთეზით. ტენორს კარიერის განმავლობაში 90-მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული და არაერთი რეკორდი აქვს მოხსნილი.
პლასიდო დომინგომ, იტალიელმა დირიჟორმა და ტენორმა, საქმიანობა 1975 წელს დაიწყო და დღეს მისი ქონება 250 მილიონ დოლარადაა შეფასებული. დომინგოს კარიერა ოპერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მრავალფეროვნებით გამორჩეულია. ტენორი რეგულარულად ირგებს სხვადასხვა როლს იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, ინგლისურ თუ რუსულ ენებზე, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საოპერო სახლებში.
ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი შემსრულებელი თანამედროვე საოპერო ისტორიაში ლუჩიანო პავაროტია, პლანეტის სამ უდიდეს ტენორთაგან ერთ-ერთი, დომინგოსა და კარერასთან ერთად. ნიჭთან და ქარიზმასთან ერთად, პავაროტი ცნობილია იმითაც, რომ სწორედ ის გახდა ერთ-ერთი პირველი შემსრულებელი, ვინც საოპერო წარმოდგენები ფართო აუდიტორიამდე, სატელევიზიო კონცერტების სახით მიიტანა. “მაღალი დო-ს მეფედ” ცნობილი ტენორის ქონება 275 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.
წყარო: bm.ge
საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში მხატვრის, ილუსტრატორისა და კალიგრაფის, ოთარ მეგრელიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ბოლო პერიოდში შესრულებული ნახატები და კალიგრაფიის ნიმუშები. ნამუშევრების შექმნისას გამოყენებულია ქსოვილი, აპლიკაცია, ზეთისა და გუაშის საღებავები.
ოთარ მეგრელიძეს ილუსტრირებული აქვს საბავშვო ლიტერატურა როგორც ქართული, ისე უცხოური გამოცემებებისთვის.
2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში,
მისი კალიგრაფიული ნამუშევრები გამოფენილი იყო ოფენბახის შრიფტის მუზეუმში.
ოთარ მეგრელიძის კალიგრაფიით გადაწერილი ,,ცხოვრება მეფეთ მეფის დავითისი” დაცულია ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ერთ-ერთი ფერწერული ნამუშევარი დაცულია ცნობილი იაპონელი კოლექციონერის, ვან გოგის „მზესუმზირების“ მფლობელის, ამიძაკის პირად კოლექციაში.
გამოცემული აქვს კალიგრაფიულად გადაწერილი და მხატვრულად გაფორმებული ხელნაწერი წიგნები: ,,ფსალმუნნი” და ,,ძველი პატერიკი”.
მხატვარს დიდი წვლილი აქვს შეტანილი არა მხოლოდ ქართული კულტურის განვითარებაში, არამედ საქართველოს ისტორიის, ქართული დამწერლობის, ქართული ტრადიციების პოპულარიზაციაში.
გამოფენა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ დაათვალიერა.
ხელოვნების სასახლე გამოფენას ათი დღის მანძილზე უმასპინძლებს.