საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო 2022 წლის 1 თებერვლიდან 2025 წლის 1 ივლისამდე საქართველოში შემოსულ და საქართველოში უწყვეტად მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფს, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
„დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები 2025 წლის პირველ ივლისამდე ისარგებლებენ შემდეგი სამედიცინო სერვისებით: იმუნიზაცია; ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა;რეფერალური მომსახურება - გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. სახსრის ნაწილობრივი ან სრული ჩანაცვლებისთვის, მათ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე, ერთჯერადად, უარის თქმა აღარ მოუწევთ. პაციენტი მხოლოდ სასურველი იმპლანტირებადი მოწყობილობის თანხას გადაიხდის, ოპერაციის სხვა ხარჯებს კი, პაკეტის შესაბამისად, კვლავ სახელმწიფო აუნაზღაურებს.
ცვლილება სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი, აქტიური მუშაობის შედეგად ამოქმედდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სიახლე პაციენტების ინტერესებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით ამოქმედდა.
შეხვედრაზე განიმარტა, რომ პაციენტებს თავისუფალი არჩევანის საშუალება რჩებათ. თუ ბენეფიციარს თანაგადახდით სარგებლობა არ სურს, ოპერაციის ხარჯებთან ერთად, პროგრამით გათვალისწინებული იმპლანტირებადი მოწყობილობის ხარჯსაც სახელმწიფო დაფარავს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი რეგულაციის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების - FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალებს იყენებს.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები - ირაკლი სასანია და ირინე წაქაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე. ასევე - ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში თანაგადახდის სისტემა ცოტა ხნის წინ ამოქმედდა - პირველ ეტაპზე, სიახლე არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობას შეეხო. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად, სხვა სერვისებზეც გავრცელდება.
აზერბაიჯანში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" წერს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 11 იანვრამდე საზღვარგარეთ ტურისტულ მოგზაურობაში იმყოფებოდა. დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ის ბაქოს კლინიკაში მივიდა სისუსტის, სიცხის, გენიტალიებთან გამონაყარის, გადიდებული ლიმფური კვანძების და კუნთების ტკივილის ჩივილით.
"ინფექციონისტმა, რომელიც ეჭვობდა, რომ პაციენტი დაინფიცირდა მაიმუნის ვირუსით, ანამნეზის დროს აღმოაჩინა, რომ მოგზაურობის დროს პაციენტს ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც გამონაყარი ჰქონდა. სიმპტომების არსებობა ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საფუძველი გახდა. PCR ტესტის შედეგებმა დაადასტურა მაიმუნის ვირუსის არსებობა," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პაციენტი ჰოსპიტალიზებულია და სტაციონარულ მკურნალობას გადის. ოჯახის წევრებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ პაციენტთან, არ აღენიშნებათ დაავადების ნიშნები. ისინი ტერიტორიული ამბულატორიული სამედიცინო სამსახურისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის ორგანიზებით შინ დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
"მათ ჩაუტარდათ პროფილაქტიკური მკურნალობა და გადაეცათ საჭირო მედიკამენტები," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პაციენტისა და მასთან კონტაქტში მყოფთა სამკურნალო და პროფილაქტიკური ღონისძიებები გაგრძელდება ინკუბაციური პერიოდის დასრულებამდე.
"მთავარი არხი"