მთავარი ხარჯები დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, თუმცა ვფიქრობთ, რომ გადათამაშებით შეიძლება, რეალურად გავიდეთ საკმაოდ დაბალ ხარჯზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის შენობები, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ შეიძლება, აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა.
„თბილისში არის საინტერესო ადგილმდებარეობებზე არაერთი შენობა, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხსაც, რომ ამ შენობების რეალიზაციის სანაცვლოდ, ავაშენოთ სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა. არ შევეხებით ისეთ შენობებს, რომლებიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, რაც ჩვენი კულტურის და ისტორიის ნაწილია. არ შევეხებით მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსს, მეორე კორპუსს, სამედიცინო უნივერსიტეტს, ასეთ შენობებს, მაგრამ არის შენობები, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ შეიძლება, აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ბირთვი იქნება მთავარი ინსტრუმენტი იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში გახდება შესაძლებელი სახელმძღვანელოების მომზადება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი ჩამოყალიბდება სწორი საკადრო პოლიტიკა და სწორი სისტემა, მაშინვე პროფესორ-მასწავლებლებს განესაზღვრებათ ძალიან კონკრეტული ამოცანები, მათ შორის სახელმძღვანელოების მომზადების მიმართულებით.
„როგორც კი ჩამოყალიბდება სწორი საკადრო პოლიტიკა და სწორი სისტემა, მაშინვე პროფესორ-მასწავლებლებს განესაზღვრებათ ძალიან კონკრეტული ამოცანები, მათ შორის სახელმძღვანელოების მომზადების მიმართულებით. კვლევის, მეცნიერების მიმართულებით და ასევე სახელმძღვანელოების განვითარების მიმართულებით. სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ბირთვი იქნება მთავარი ინსტრუმენტი იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში გახდება შესაძლებელი სახელმძღვანელოების მომზადება
პირობითად, თუ არის თსუ-ში 2-3 ათასი A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი იმისათვის, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი მიუძღვნას ბოლომდე სწავლებას და ასევე -კვლევას. ამას დაემატება საათობრივი პრინციპით დასაქმებული პედაგოგებიც, თუმცა მათ ექნებათ განსხვავებული დატვირთვა და სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებს ექნებათ განსხვავებული დატვირთვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროფესორ-მასწავლებლების უმრავლესობა დასაქმებულია არასრულ განაკვეთზე, არასრული დატვირთვით და ეს იწვევს პრობლემებს ხარისხის კუთხითაც, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.
მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში გაიცემა დიპლომი, ეს დიპლომი გაიცემა სახელმწიფოს პასუხისმგებლობით და შესაბამისად, რადგან სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მას აქვს ამოცანა, ყველა უნივერსიტეტში უზრუნველყოს დიპლომის ხარისხი.
„როდესაც ქვეყანაში გაიცემა დიპლომი, ეს დიპლომი გაიცემა სახელმწიფოს პასუხისმგებლობით, მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფო უნივერსიტეტი გასცემს დიპლომს, თუ კერძო უნივერსიტეტი. შესაბამისად, რადგან სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მას აქვს ამოცანა, ყველა უნივერსიტეტში უზრუნველყოს დიპლომის ხარისხი. დღეს, მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროფესორ-მასწავლებლების უმრავლესობა დასაქმებულია არასრულ განაკვეთზე, არასრული დატვირთვით და ეს იწვევს პრობლემებს ხარისხის კუთხითაც,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, იმ მწირი რესურსების პირობებში, რაც ქვეყანას აქვს ინფრასტრუქტურული და საკადრო კუთხით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური ოპტიმიზაცია.
„უნივერსიტეტებს ჩვენს ქვეყანაში ჰქონდა თავისი ტრადიციული პროფილი, მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰქონდა თავისი ტექნიკური პროფილი, თსუ იყო უფრო მეტად მრავალფუნქციური, ილიას უნივერსიტეტს - პედაგოგიური მიმართულება და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მწირი რესურსების პირობებში, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას ინფრასტრუქტურული და საკადრო კუთხით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური ოპტიმიზაცია,“ - განაცხადა პრემიერმა.
ჩვენი ამოცანაა, მეტი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა შევიტანოთ ქუთაისში და რუსთავში, რაც განტვირთავს დედაქალაქს და სწორი მიმართულებით დატვირთავს ქუთაისსა და რუსთავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორი ქალაქის ჩამოყალიბება საუნივერსიტეტო ქალაქებად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
„ჩვენი ამოცანაა, მეტი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა შევიტანოთ ქუთაისში და რუსთავში, რაც განტვირთავს დედაქალაქს და დატვირთავს სწორი მიმართულებით ქუთაისსა და რუსთავს. ვფიქრობთ, ამ ორი ქალაქის ჩამოყალიბება საუნივერსიტეტო ქალაქებად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არამხოლოდ ამ ქალაქებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის
ჩვენი მიზანია, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს იმავე ხარისხის უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, რასაც ისინი იღებენ დღეს სხვა ქვეყნებში.
შემდეგი სასწავლო წლისთვის უკვე მზად ვიქნებით იმისთვის, რომ გადავიდეთ მეორე ეტაპზე. რაც შეეხება კონცეფციის სრულ განხორციელებას, თავისი ინფრასტრუქტურის ნაწილით და სხვადასხვა კომპონენტით, ამას დასჭირდება დაახლოებით სამი-ოთხი წელიწადი“, – განაცხადა პრემიერმა.
ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს ამბიციური გეგმები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებს უმეტეს შემთხვევაში.
„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, შევქმნათ სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში, ქუთაისში შეიქმნება ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა და ვფიქრობთ, რომ დამატებით, დაახლოებით 20 000 სტუდენტის მიღება უნდა შეძლოს ქუთაისმა. ეს ქუთაისს შესძენს სწორედ საუნივერსიტეტო ქალაქის დატვირთვას და ფუნქციას. ასევე, ვფიქრობთ, რომ თბილისშიც უნდა შეიქმნას სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა რუსთავის მიმართულებით, ან ქალაქ რუსთავში, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა. ზუსტი ადგილმდებარეობა განისაზღვრება მომავალში. ეს ხელს შეუწყობს თბილისის განტვირთვას და ქალაქების დატვირთვას აკადემიური ინფრასტრუქტურით.
ასევე, გაფართოვდება სხვა რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურაც და იქაც, შესაბამისად გაიზრდება მიღებული სტუდენტები რაოდენობა.
კულტურული, სპორტული ინფრასტრუქტურა, სტუდენტების თვითრეალიზებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა - აქაც გვაქვს სერიოზული დეფიციტი და ამ მიმართულებითაც განვითარდება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა. იაფი და ხარისხიანი საერთო საცხოვრებლების მიმართულებითაც გვექნება რადიკალური, ფუნდამენტური ცვლილებები. ამ მიმართულებითაც განვითარდება ინფრასტრუქტურა. ეს არის ის 7 ძირითადი მიზანი, რომელიც დასახული გვაქვს კონცეფციის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბევრად უფრო ადვილია კონცეფციის შემუშავება, ვიდრე მისი აღსრულება, თუმცა მთელი სამთავრობო გუნდი არის სრულად მობილიზებული იმისათვის, რომ კონცეფციის თითოეული პუნქტი, თითოეული ამოცანა პირნათლად და სრულად შესრულდეს.
„ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რეალურია თითოეული მიზნის მიღწევა. მართალია ამბიციურია კონცეფცია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური, მიზნები არის აბსოლუტურად რეალისტური. მთლიანად ვიქნებით მობილიზებული ამ მიზნების მიღწევაზე. ამ კონცეფციის რეალიზაცია საჭიროებს კანონმდებლობაში ცვლილებებს, მათ შორის, განათლების სამინისტროს დაწყებული აქვს მუშაობა განათლების შესახებ კანონმდებლობის კოდიფიცირებაზე, სრულიად ახალი, გაერთიანებული კანონის მიღებაზე. მიზნები არის ამბიციური, თუმცა ყველაფერი გაკეთდება ამ მიზნების შესრულებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.