საოპერო მომღერლები პლანეტის ყველაზე ნიჭიერი ვოკალისტები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში ამუშავებენ მუსიკასა და თეატრთან დაკავშირებულ ათობით ტექნიკას, რათა წარმოდგენის შინაარსი სრულად მიიტანონ მაყურებლამდე.
საოპერო მომღერლის საქმიანობა, ნიჭთან ერთად, ემოციურ ინტელექტსა და ანალიტიკურ უნარებსაც მოითხოვს. მათი დროის ძირითადი ნაწილი ისეთი ტექსტების სწავლასა და გარჩევას ეთმობა, რომლებიც მათ მშობლიურ ენაზე დაწერილი არ არის. საოპერო წარმოდგენათა ძირითადი ნაწილი იტალიურ, გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე სრულდება.
სოლო მომღერლებისა და გუნდის წევრების რეპეტიციები, ორკესტრთან ერთად, ყოველდღიური ხასიათისაა და ხშირად 10 საათს გრძელდება. გარდა ამისა, შემსრულებლები კიდევ უფრო მეტს ვარჯიშობენ იმისთვის, რომ სცენაზე მათი თითოეული ნაბიჯი გუნდთან კოორდინირებული და ზუსტად შესრულებული იყოს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არც თუ ისე ბევრი პროფესია მოიძებნება, რომელიც საოპერო მომღერლის მსგავს სიღრმისეულ ცოდნას, გამოცდილებას, კონცენტრაციასა და ნიჭს მოითხოვს. თითოეული განსაცვიფრებელი საოპერო წარმოდგენა, რომელიც მაყურებლის თვალით შემსრულებელთა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ტარდება, რამდენიმეთვიანი თუ წლიანი ვოკალური ათლეტიზმის, თანამშრომლობისა და გამძლეობის შედეგია.
კითხვაზე, რამდენად სამართლიანად ითარგმნება საოპერო მომღერალთა შრომა მათ ანაზღაურებაში, პასუხები არაერთგვაროვანია. ამ სფეროში სახელფასო დიაპაზონი წლიურად $60 ათასი დოლარიდან $200 ათას დოლარამდე მერყეობს, პროფესიონალ შემსრულებელთა ძირითადი ნაწილი კი საშუალოდ $70 ათას დოლარს მაინც გამოიმუშავებს.
მუსიკალური თეატრის შემსრულებლების მსგავსად, საოპერო მომღერლების ანაზღაურებაც თითოეული დადგმის შესაბამისად განისაზღვრება. საოპერო სეზონი, როგორც წესი, სექტემბრიდან მაისამდე მიმდინარეობს, წლის წარმოდგენებზე მსახიობთა შესარჩევი ეტაპი კი ერთი წლით ადრე, ოქტომბრის თვეში ინიშნება. სწორედ ამ პერიოდში ცდილობენ ოპერის მომღერლები, რაც შეიძლება მეტი როლი მიიღონ და ამისთვის არც უცხო ქალაქებსა და ქვეყნებში გამგზავრებას ერიდებიან. საერთაშორისო ტალანტები, როგორც წესი, ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში ჩადიან ახალი როლის საძიებლად, ამერიკელი შემსრულებლები კი ევროპულ ქალაქებს, რომს, ბერლინსა და პარიზს ანიჭებენ უპირატესობას.
კარიერის დასაწყისში ოპერის მომღერალთა ანაზღაურება, შესაძლოა, 15 ათას დოლარს არ აღემატებოდეს. გამოცდილი და აღიარებული ვოკალისტებისთვის კი ანაზღაურება 250 ათას დოლარსაც აღწევს. ყველაზე მაღალი ეშელონის შემსრულებლები ამ საქმიანობით მილიონობით დოლარსაც გამოიმუშავებენ.
მაგალითად, ლირიკული სოპრანო ანა ნეტრებკო ერთ-ერთია რუსი წარმოშობის საოპერო მომღერალთა იმ მცირე ჩამონათვალში, ვინც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. ნეტრებკო, რომელსაც არაერთი წარმოდგენა გაუმართავს ვენის, მილანის, ლონდონისა და ნიუ-იორკის საოპერო სახლებსა და ლა სკალაში, 30 მილიონ დოლარად შეფასებულ ქონებას ფლობს.
80 მილიონ დოლარადაა შეფასებული ხოსე კარერასის, ესპანელი ტენორის ქონებაც. ბარსელონაში დაბადებული ვოკალისტის დებიუტი სცენაზე 11 წლის ასაკში შედგა და მას შემდეგ კარერასმა 60-მდე როლი მოირგო, მათ შორის, ვერდისა და პუჩინის წარმოდგენებში.
იტალიელი ტენორი, ანდრეა ბოჩელი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საოპერო მომღერალია, რომლის ქონებაც 130 მილიონ დოლარადაა შეფასებული. 1994 წლის შემდეგ ბოჩელის ანგარიშზეა 15 სტუდიური სოლო ალბომი, კლასიკური მუსიკისა და პოპის სინთეზით. ტენორს კარიერის განმავლობაში 90-მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული და არაერთი რეკორდი აქვს მოხსნილი.
პლასიდო დომინგომ, იტალიელმა დირიჟორმა და ტენორმა, საქმიანობა 1975 წელს დაიწყო და დღეს მისი ქონება 250 მილიონ დოლარადაა შეფასებული. დომინგოს კარიერა ოპერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მრავალფეროვნებით გამორჩეულია. ტენორი რეგულარულად ირგებს სხვადასხვა როლს იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, ინგლისურ თუ რუსულ ენებზე, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საოპერო სახლებში.
ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი შემსრულებელი თანამედროვე საოპერო ისტორიაში ლუჩიანო პავაროტია, პლანეტის სამ უდიდეს ტენორთაგან ერთ-ერთი, დომინგოსა და კარერასთან ერთად. ნიჭთან და ქარიზმასთან ერთად, პავაროტი ცნობილია იმითაც, რომ სწორედ ის გახდა ერთ-ერთი პირველი შემსრულებელი, ვინც საოპერო წარმოდგენები ფართო აუდიტორიამდე, სატელევიზიო კონცერტების სახით მიიტანა. “მაღალი დო-ს მეფედ” ცნობილი ტენორის ქონება 275 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.
წყარო: bm.ge
საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში მხატვრის, ილუსტრატორისა და კალიგრაფის, ოთარ მეგრელიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ბოლო პერიოდში შესრულებული ნახატები და კალიგრაფიის ნიმუშები. ნამუშევრების შექმნისას გამოყენებულია ქსოვილი, აპლიკაცია, ზეთისა და გუაშის საღებავები.
ოთარ მეგრელიძეს ილუსტრირებული აქვს საბავშვო ლიტერატურა როგორც ქართული, ისე უცხოური გამოცემებებისთვის.
2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში,
მისი კალიგრაფიული ნამუშევრები გამოფენილი იყო ოფენბახის შრიფტის მუზეუმში.
ოთარ მეგრელიძის კალიგრაფიით გადაწერილი ,,ცხოვრება მეფეთ მეფის დავითისი” დაცულია ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ერთ-ერთი ფერწერული ნამუშევარი დაცულია ცნობილი იაპონელი კოლექციონერის, ვან გოგის „მზესუმზირების“ მფლობელის, ამიძაკის პირად კოლექციაში.
გამოცემული აქვს კალიგრაფიულად გადაწერილი და მხატვრულად გაფორმებული ხელნაწერი წიგნები: ,,ფსალმუნნი” და ,,ძველი პატერიკი”.
მხატვარს დიდი წვლილი აქვს შეტანილი არა მხოლოდ ქართული კულტურის განვითარებაში, არამედ საქართველოს ისტორიის, ქართული დამწერლობის, ქართული ტრადიციების პოპულარიზაციაში.
გამოფენა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ დაათვალიერა.
ხელოვნების სასახლე გამოფენას ათი დღის მანძილზე უმასპინძლებს.
საქართველოს კულტურის სამინისტროს და ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით, 4-18 ივნისს, თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი -Toradze International Music Festival ჩატარდება.
ფესტივალი ეძღვნება ქართველ კომპოზიტორ დავით თორაძეს და მის შვილს, ცნობილ პიანისტსა და პედაგოგს ალექსანდრე (ლექსო) თორაძეს.
წლევანდელი ფესტივალის პროგრამა, მონაწილეები და შემოქმედებითი კონცეფცია საზოგადოებას თორაძის ფონდის დამფუძნებელმა ნინო თორაძემ, ფესტივალის დირექტორმა ნინა ყიფიანმა, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ედიშერ სავიცკიმ და ფონდის “ქართული გალობა” დამფუძნებელმა ნანა გოთუამ გააცნეს, შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა.
„ეს ფესტივალი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნებამ გააერთიანოს საზოგადოება და გააძლიეროს ჩვენი კულტურული იდენტობა“ - განაცხადა გიორგი მირცხულავამ.
ფესტივალი მოიცავს მრავალფეროვან კონცერტებს თბილისსა და რეგიონებში. მასტერკლასებსა და საგანმანათლებლო, ასევე, ახალგაზრდა შემსრულებლების მხარდაჭერის სპეციალურ პროგრამებს.
ფესტივალის დღეებში მუსიკის მოყვარულებს კვლავ მიეცემათ შესაძლებლობა დაესწრონ განსხვავებულ საღამოებს და მოუსმინონ საუკეთესო მუსიკოსებს.
7 ივნისი -19:30 - კონსერვატორიის დიდი დარბაზი
პრემიერა: „კალეიდოსკოპი“ — გოგი ჩლაიძე (ვარიაციები ძველ ქართულ მოტივებზე)
თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, დირიჟორი: მირიან ხუხუნაიშვილი
სოლისტი: ვახტანგ კოდანაშვილი
10 ივნისი, 19:30 - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
საოპერო გალა კონცერტი
შემსრულებლები: ლუდოვიკ ტეზიერი(ბარიტონი), რეიჩელ უილის სორენსენი(სოპრანო), ანალიზა სტროპა (მეცო სოპრანო), ფრანჩესკო დემურო (ტენორი), გიორგი ანდღულაძე (ბანი)
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, დირიჟორი: კარლო მონტანარო
13 ივნისი, 20:00 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი
კამერული და ფოლკლორული მუსიკის საღამო
შემსრულებლები: ედიშერ სავიცკი(ფორტეპიანო), ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო), გიორგი ლონდარიძე (კონტრაბასი), ნოდარ ჟვანია (ალტი), გიორგი ჯორჯაძე (ჩელო), ანსამბლი „ბასიანი“
18 ივნისი, 20:00 | მარჯანიშვილის თეატრი
საიუბილეო საღამო: „მსუსხავი სილამაზე - ლიანა 100“
ღონისძიება ეძღვნება კინოვარსკვლავ ლიანა ასათიანის 100 წლის იუბილეს.
ავტორი და წამყვანი: ნიკოლოზ წულუკიძე (თეატრმცოდნე)
ორკესტრი და გუნდი - მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.
რეგიონული კონცერტები - თორაძის ფონდის სტიპენდიანტები
14 ივნისი - ამბროლაური - დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლა
15 ივნისი - ქუთაისი - მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი
16 ივნისი - საჩხერე - დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლა
ახალგაზრდა მუსიკოსების მონაწილეობით, რეგიონული კონცერტების მიზანია ახალი თაობის მხარდაჭერა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
მონაწილეები: ავთანდილ ვართაგავა, ანა გოგოლაძე, ანდრია ბოლქვაძე, ბექა სიხარულიძე, გიორგი გურგენაძე, გიორგი შიოლაშვილი, დავით ვალიშვილი, ეკატერინე ნიკოლაძე, ილია ლომთათიძე, ირაკლი გოგიბერიძე, ნინო კასრელიშვილი, სოფიო აფხაზავა.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.