პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 1940 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული გ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,"- აღნიშნულია განცხადებაში.
ავსტრიაში საქართველოს 35 წლის მოქალაქე არალეგალური კოსმეტიკური ოპერაციის გამო დააკავეს. მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ საქართველოში პრაქტიკოსი ქირურგი იყო, სავარაუდოდ, ნიკაპის აწევისა ან ნაოჭების გადაჭიმვის ოპერაციას 58 წლის ქალს ვენის ცენტრალურ უბანში, ნაქირავებ ბინაში უკეთებდა. ოპერაციისას პლასტიკურმა ქირურგმა ქალს კანი კისრის, ყურებისა და ნიკაპის არეში გაუჭრა თუმცა ოპერაციის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ქალს ძლიერი სისხლდენა და სუნთქვის გაძნელება დაეწყო, მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ ქალის თანმხლებმა პირმა სასწრაფო გამოიძახა. ადგილზე მისულმა მედიკოსებმა 58 წლის ქალს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ადგილზე გამოძახებული იყო პოლიციაც.
ავსტრიელმა სამართალდამცავებმა შენობის ჩხრეკისას არა მხოლოდ ქირურგიული ინსტრუმენტები, სამედიცინო აღჭურვილობა, და პროფესიონალური სადეზინფექციო და სტერილიზაციის მოწყობილობები აღმოაჩინეს, არამედ ფასების სია და საინფორმაციო მასალა პროცედურების შესახებ.
ავსტრიული მედიის ცნობით, მოყვარული ქირურგი ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. 35 წლის მამაკაცი სხეულის მძიმე დაზიანების ბრალდებით არის დაკავებული. პოლიციის განცხადებით მას ავსტრიაში სამედიცინო პრაქტიკის ლიცენზია არ აღმოაჩნდა, ავსტრიელი სამართალდამცავები ამოწმებენ მის განცხადებებს საქართველოში ქირურგიულ საქმიანობასთან დაკავშირებით
ბინა, სადაც კოსმეტიკური ოპერაციები ტარდებოდა, ეჭვმიტანილს ახლობელმა, ასევე ქართველმა ონლაინპლატფორმაზე უქირავა, რომელიც მას საქართველოში სამედიცინო სფეროდან იცნობს. პოლიციის ცნობით, მისი როლი ჯერჯერობით გაურკვეველია.
საქართველოს 35 წლის მოქალაქე ამ დროისთვის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.
საბერძნეთში, მელისიაში, დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც ქურდობაშია ბრალდებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 39 წლის ქალს იმ ბინის გაქურდვას ედავებიან, რომელშიც ის დამხმარედ მუშაობდა. გამოძიების თანახმად მან წყვილის სახლიდან 8000 ევროს ღირებულების სამკაულები და ვერცხლის ჭურჭელი გაიტანა.
მედიის ინფორმაციითვე, აღნიშნული ქალი 2020 წელსაც დააკავეს. ათენის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის როგორც ბანდის წევრი, მასობრივ ქურდობებში მონაწილეობდა და ფულსა და ძვირფასეულობას იპარავდა იმ სახლებიდან, რომლებშიც მუშაობდა.
ამის შემდეგ ის ციხიდან გარკვეული პირობებით გაათავისუფლეს და ქვეყანა დატოვა. თუმცა, 2025 წლის 24 იანვარს საბერძნეთში, უნგრეთის გავლით შეცვლილი სახელითა და გვარით შევიდა.
დანაშაულში თანამონაწილეობისთვის დააკავეს ქალის ქმარიც. საქმეზე გამოძიება გრძელდება - "ქართველი კრიმინალური წყვილის საკუთრებაში აღმოჩნდა და ჩამოართვეს ძვირადღირებული საათები, მათ შორის ROLEX და BVLGARI"- წერს ბერძნული მედია სტატიაში სათაურით- "ქართველი დამხმარე ძვირადღირებული მოპარული ROLEX-ით" .
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ხ. მეტსახელად „ხოშტო“ და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1981 წელს დაბადებული ე.ბ. მეტსახელად „ედო“.
„„ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე დაკავებულია – წარსულში ნასამართლევი 2000 წელს დაბადებული ლ.რ.
„ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული არიან – 1977 წელს დაბადებული კ.ბ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ვ.ჩ.
რაც შეეხება 1984 წელს დაბადებულ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ მ.ხ-ს, მას „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.
დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში, უკავშირდებოდნენ ე.წ. კანონიერ ქურდებს და ასრულებდნენ მათ დავალებებს.
კერძოდ, „ქურდული გარჩევებით“, დაშინებით, მუქარით, საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებითა და უკანონო ქმედებებით ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვების, ასევე პირადი და სხვისი სარგებლის მიღების მიზნით გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში და სოფელ წყალწმინდაში ახორციელებდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.