შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, სამინისტროს სხვა დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ეფექტურად უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. კერძოდ, გასული თვის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის 97 მოქალაქის ქვეყნიდან გაძევება განხორციელდა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოდან გაძევებულ იქნა - ინდოეთის, ბელორუსის, ჩინეთის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბანგლადეშის, ამერიკის შეერთებული შტატების, ერაყის, ირანის, ნიგერიის, თურქმენეთის, თურქეთის, ეგვიპტის, პაკისტანის, კამერუნის, იორდანიის, ყირგიზეთის - ჯამში 97 მოქალაქე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ბრალდებით, წარსულში მსგავსი დანაშაულისთვის არაერთხელ ნასამართლევი 1985 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 438 აბი „სუბუტექსი“ და 10 აბი „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - 1995 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სახე სპეციალური ნიღბით ჰქონდა დაფარული, მიმდინარე წლის 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინეს და იგი თბილისში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული დ.დ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული ა.კ. და 1988 წელს დაბადებული ვ.ჯ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.