შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1986 წელს დაბადებული გ.ყ. და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1962 წელს დაბადებული ე.ვ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართვალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის სარგებლობაში არსებული სასაწყობე ფართის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები,
მათ შორის: „მეთადონი“ „გამომშრალი მარიხუანა“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი მასა და „მცენარე კანაფი“.
პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დათესვა-მოყვანისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეექვსე სხდომა გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე უძღვებოდა.
სხდომის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით არსებული ვითარება, ასევე, სახელმწიფო უწყებების მიერ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები.
მხარეებმა, საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფების აქტიური ჩართულობით შემუშავებულ დოკუმენტებს, კერძოდ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების ეროვნულ სტრატეგიასა და 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმას მხარი დაუჭირეს, რომელიც საქართველოს მთავრობას უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად წარედგინება.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ: საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები.