Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

განხეთქილების... ლიფი

თანამედროვე მედიცინა, პრაქტიკულად, არ ცდება. უფრო ზუსტად, შანსი, რომ მაღალტექნოლოგიურ საავადმყოფოში არასწორი დიაგნოზი დაისვას, ძალიან მცირეა. ამიტომაცაა, რომ განსაკუთრებით მძიმე დიაგნოზის შემთხვევაში, პაციენტები უკანასკნელ შანსს ებღაუჭებიან და კვლევას სხვა კლინიკებში გადიან. მერე ისე ხდება, რომ დიაგნოზი ხან დასტურდება, ხან - არა. ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, ერთი შეხედვით, მაღალ ტექნოლოგიეებთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ეს, ერთი შეხედვით...

50 წელს გადაცილებული კაცი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა. მეტიც, მან თქვა, თუ გნებავთ, საქმეს ოფიციალურად ნუ აღძრავთ, ისე გამოიძიეთ და დაკარგულ დროსა და ენერგიას სრულად ავანაზღაურებ, არც 10 ათასი დოლარის გადახდა გამიჭირდება და არც - ორი ამდენისო. სამართალდამცავებმა ერთმანეთს გადახედეს, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რეალურად რა სურდა კაცს, მაგრამ პრემიალური თანხა ძალიან მომხიბვლელად ჩანდა. ამიტომ, ყურადღებით მოუსმინეს.
„ჩემი მეუღლე მშობიარობას გადაჰყვა. გოგონა მარტომ გავზარდე, ის ახლა 23 წლისაა, ინსტიტუტი დაამთავრა, მუშაობს, საყვარელ საქმეს აკეთებს. მე კი ბიზნესი მაქვს და მაქვს ყველაფერი, რაც შეიძლება, ადამიანმა ინატროს - კარგი სახლი, აგარაკი, მანქანა... ვისვენებ, სადაც მინდა და როცა მინდა, ნებისმიერ ქვეყანაში მივდივარ, ნებისმიერ დროს. მოკლედ, არაფერი მიჭირს, მაგრამ... ჩემი შვილი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად და სახლში გამოვყრუვდი. ქალები როგორ არ მყოლია, მაგრამ წელიწადნახევრის წინ შევხვდი ქალს, რომელიც შემიყვარდა. თანაც, ჩემი შვილიც უკვე დიდია, მას დედინაცვალი არ მივუყვანე და მორალურად მის წინაშე მართალი ვარ. ჰოდა, ამ ქალის ცოლად მოყვანა მსურდა, რამდენიმე დღის წინ, რესტორანში დავპატიჟე, ხელი უნდა მეთხოვა, ბეჭედი მეჩუქებინა... მანქანაში მითხრა, სველი ხელსახოცი ხომ არ გაქვს, ხელების გაწმენდა მინდაო და მეც ვუთხარი, „ბარდაჩოკშია“, აიღე-მეთქი. იმანაც გამოაღო და იქიდან ლიფი გადმოვარდა. ისეთი ზომა იყო, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ქალს შეიძლება ასეთი დიდი მკერდი ჰქონოდა. ცხვირწინ ამიფრიალა, ეს რა არისო, მანქანა გამაჩერებინა, გადმოვიდა და წავიდა. დამიჯერეთ, დამნაშავე რომ ვიყო, აქ არ მოვიდოდი, წარმოდგენა არ მაქვს, სადან მოხვდა ის ლიფი მანქანაში და ვერც იმას ვხვდები, ვის შეიძლებოდა დაედო. ვცადე რამდენჯერმე მისვლა, ახსნა, დალაპარაკება, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. კატეგორიულ უარზეა, ასე მეუბნება, შენი აღარ მჯერაო. კარგი, გავიგე, რომ აღარ სჯერა, მაგრამ მე ხომ ზუსტად ვიცი, რომ არაფერ შუაში ვარ. მიშველეთ, დამეხმარეთ... ისეთ ასაკში ვარ, კიდევ ქალის დევნა რომ დავიწყო, არც ნერვები მაქვს და არც - სურვილი. ეს ის ქალია, რომელთან ერთადაც ცხოვრების გატარება მინდა. ყველაფრისთვის მზად ვარ“, - განაცხადა კაცმა.
სამართალდამცავებმა ერთმანეთს გადახედეს. საქმე თითქოს მარტივი ჩანდა, მაგრამ გაჯიუტებული ქალის ჭკუაზე მოყვანაც საკმაოდ დიდ ნებისყოფასა და ნერვებს მოითხოვდა. ახლა, მთავარი ის იყო, ლიფის ნამდვილი მეპატრონესთვის მიეგნოთ, მერე კი, ეგებ, ამოცანაც ამოეხსნათ. თანაც, პირველ რიგში, ეჭვი ბიზნესმენის შვილზე მიიტანეს. დიდი იყო იმის შანსი, რომ უკვე ზრდასრულ გოგოს არ სურდა, გარდაცვლილი დედის ადგილზე, სხვა ქალი ეხილა. მით უმტეს, რომ თურმე მან მამას რამდენჯერმე შესთავაზა, დამხმარე ქალი აიყვანე, სახლს დაალაგებს, სადილს გაგიკეეთებს ხოლმეო ანუ გოგონას არ სურდა, რომ მამას სახლში სხვა ქალი მიეყვანა და თანახმა მოსამსახურეზე იყო, თუმცა...
„გამორიცხულია, ეს ჩემს შვილს ექნა. საქმე ის გახლავთ, რომ ორი დღის წინ, რაღაც დოკუმენტს ვეძებდი, „ბარდაჩოკი“ ჩემი ხელით გადმოვალაგე, მერე უკან შევალაგე. რა ჯანდაბად შევდე სველი ხელსახოცი იქ, სულ სავარძელზე მიდევს ხოლმე. არადა, მანაც, სწორედ სველი ხელსახოცი მთხოვა... ჰოდა, მას შემდეგ, ჩემი ქალიშვილ არ მინახავს, მანქანაშიც არ მჯდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვერ შეინახავდა ლიფს. რაც შეეხება სხვებს... ამ ორ დღეში, მანქანაში რამდენიმე თანამშრომელი მეჯდა, მათგან მხოლოდ ორია ქალბატონი და ორივე უკან დასხდნენ, ხომ იცით, ეს თითქოს ერთგვარი ტრადიციაა, კაცთან თუ ზიხარ მანქანაში, უკან უნდა იუჯდე. ჰოდა, აბა რა გითხრათ, ვისზე მივიტანო ეჭვი“, - თავს აქნევდა ბიზნესმენი.
ამასობაში, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ აღმოჩენილი ნივთი სულ ახალი იყო ანუ ის არავის ეცვა. ეს კი უმარტივესი საფუძველი იყო იმისთვის, რომ ქალი მამაკაცს შერიგებოდა. ამიტომ, ძალოვნებმა ბიზნესმენს დაურეკეს, უთხრეს, ის ქალი როგორმე შენთან მოიყვანე, ისეთ რამეს ვანახებთ, დამშვიდდებაო. ბიზნესმენმაც პირობა დადო და საღამოს შინ საყვარელი ქალი სამართალდამცავებთან ერთად შეიპატიჟა. ქალი ყურადღებით გაეცნო ექსპერტიზის დასკვნას, გაეღიმა, კაცს სიყვარულით გახედა და... ამ დროს კარზე დააკაკუნეს. რაღა თქმა უნდა, კარი მასპინძელმა გააღო და მას კისერზე ახალგაზრდა გოგო ჩამოეკიდა, როგორ მომენატრე, რატომ არ დამირეკეო. მოსულმა კაცს ჯერ ყელში აკოცა, მერე კი, გახდა დაიწყო, თითქოს სხვებს ვერც ამჩნევსო, მაგრამ, მერე „შეამჩნია“, ნახევრად ახდილი მაისური ისევ ჩაიცვა და საძინებლისკენ გაცუნცულდა, იქ დაგელოდები, სტუმრები მალე გაუშვიო. ამ სცენას ყველა გაოცებული უყურებდა - მასპინძელიც, ქალიც და სამართალდამცავებიც.
რა თქმა უნდა, „შემორიგებული“ ქალი მაშინვე კარში გავარდა, ცოტა ხანში, საძინებლიდან გამოვიდა და კიბეს დაუყვა ახალგაზრდა გოგოც, რომელმაც თვალების ფახულით თქვა, მგონი, კარი შემეშალაო, ბიზნესმენს კი კვლავ შოკი ჰქონდა, წარმოდგენა არ მაქვს, ეს გოგო ვინ იყო, შვილს გეფიცებით, პირველად ვხედავო. ამის გარკვევა რთული არ იყო, ძალოვნები გოგონას დაედევნენ და სადარბაზოსთან ახლოს დააკავეს, იქვე უთხრეს, თუ არ იტყვი, რა ხდება, პირობას გაძლევთ, ციხეს გახეხინებთო (არადა, მუხლს ვერ მიუყენებდნენ). მანაც ტირილი დაიწყო, დაქალმა მთხოვა, მამაჩემს ვიღაც ქალის მოყვანა უნდა, ეგებ, დამეხმაროო და მეც დავეხმარეო. რაღა თქმა უნდა, დაქალი ბიზნესმენის ქალიშვილი იყო და დაკთხვაზე ამჯერად ის დაიბარეს, თუმცა...
„ვაღიარებ, ეს სცენა მე დავადგმევინე, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, ლიფი ვინ ჩაუგდო მანქანაში. ამასთან მართლა არ მაქვს შეხება და თუ გინდათ, ნუ დამიჯერებთ, არც კი მაინტერესებს, დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ მიხარია, რომ ვიღაც მე დამეხმარა“, - განაცხადა გოგონამ. ბიზნესმენი საერთოდ დაიბნა, თურმე მას ეჭვი ჰქონდა, რომ ლიფის ჩადებაში, შესაძლოა, მისი გოგონა როგორღაც ყოფილიყო გარეული, რომელიმე თანამშრომლისთვის ეთხოვა, მაგრამ... ახლა მას მიახლოებითაც კი არ ჰქონდა წარმოდგენა, ვის შეიძლებოდა გაეკეთებინა ის, რაც გააკეთეს.
„ერთი თანამშრომელიც ვერ იტყვის, რომ ოდესმე რომელიმეს გავეარშიყე. ჩემი პრინციპია, სამსახურში არანაირი რომანი და არც მქონია არასდროს. ახლა ვფიქრობ და წარმოდგენაც არ მაქვს, ვინ შეიძლება იყოს ისეთი, ვისაც ამ ქალთან ჩემი დაშორება აწყობდეს. შვილი გავიგე, მაგრამ მჯერა, ლიფი მას არ დაუდია“, - განაცხადა ბიზნესმენმა და ისიც დააყოლა, ახლა გავიხსენე და იმ დილით, როცა მანქანაში ჩავჯექი, „ბარდაჩოკი“ გადმოვხსენი, სუნამო ავიღე, დავისხი, უკან დავდე და იქ ლიფი არ ყოფილა, მერე კი, საყვარელ ქალს გავუარე და მის გარდა, მანქანაში არავინ მჯდარაო. სამართალდამცავებმა ერთმანეთს გადახედეს და არაფერი თქვეს. ნახევარ საათში, ისინი ბიზნესმენის რჩეულს დაადგნენ და მშვიდად ჰკითხეს, თუ კაცთან დაშორება გინდა, პირდაპირ უთხარი, ასეთი საქციელი რაში გჭირდებაო?
„პირველ მეუღლეს იმიტომ დავშორდი, რომ ექიმებმა მითხრეს, შვილი არასდროს მეყოლებოდა. ახლა კი, სამი თვის ფეხმძიმე ვარ და საქმროს, რომელიც ძალიან კარგი კაცია, ვკითხე, შვილი რომ გვეყოლოს, რას იტყვი-მეეთქი და გადაირია, რა დროს ჩვენი შვილია, ახლა მისი გაზრდის არც თავი მაქვს, არც - ნერვებიო. ეს კი, ჩემი ერთადერთი შანსია, დედა მერქვას. წასვლის მიზეზად რა უნდა მეთქვა? არც კი იცის, რომ ორსულად ვარ და რაც მთავარია, ექიმებმა მითხრეს, რომ ბავშვი 98.5%-ით „დაუნის სინდრომის“ მატარებელი იქნება. მე მზად ვარ ამისთვის, მე ეს ბავშვი მინდა“, - თქვა ქალმა და ტირილი დაიწყო.
სამართალდამცავები ბიზნესმენთან წავიდნენ და ყველაფერი უამბეს. ერთი თვის შემდეგ, ბიზნესმენმა მცირე მასშტაბების, მაგრამ მაინც ქორწილი გადაიხადა და საყვარელი ქალი ცოლად შეირთო. კიდევ ხუთი თვის შემდეგ, ქალმა ბიჭი გააჩინა და... მედიცინა შეცდა, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე